გერმანიამ და საფრანგეთმა ევროკავშირის თავდაცვითი პოლიტიკის სფეროში უფრო მჭიდრო თანამშრომლობის გეგმა შეიმუშავეს, რომელიც ახალი სამხედრო შტაბის შექმნასა და საზღვარგარეთ მისიების გაგზავნას ითვალისწინებს.
როგორც გამოცემა EU observer-ი იტყობინება, შესაბამისი 6-გვერდიანი დოკუმენტი გერმანიის თავდაცვის მინისტრმა ურსულა ფონ ლეიენმა და მისმა ფრანგმა კოლეგამ ჟან-ივ ლე დრიანმა ევროკავშირის საგარეო უწყებას გაუგზავნეს.
დოკუმენტში ნათქვამია, რომ უსაფრთხოების სფეროში სიტუაციის გაუარესების გამო დადგა დრო, ევროპამ გააძლიეროს სოლიდარობა და ევროპული თავდაცვითი პოტენციალი, რათა უფრო ეფექტურად დაიცვას ევროპის მოქალაქეები და საზღვრები.
გეგმის თანახმად, ევროკავშირის ყველა სამხედრო მისია მომავალში დაექვემდებარება ევროკავშირის ერთიან, სამხედრო შტაბს. გარდა ამისა, ევროკავშირის სახელმწიფოები შექმნიან ახალ სამეთაურო ცენტრს, რომელიც დაკავდება სამედიცინო დახმარების კოორდინირებით, ასევე, შექმნიან ლოჯისტიკურ ცენტრს, რომელიც მოახდენს სადაზვერვო ინფორმაციის გაცვლის კოორდინირებას.
დოკუმენტის თანახმად, სამხედრო კვლევების, ასევე, კიბერუსაფრთხოების უზრუნველყოფისთვის საჭირო აღჭურვილობის, თანამგზავრებისა და მზვერავი უპილოტო საფრენი აპარატების შესაძენად შეიქმნება ევროკავშირის ერთიანი ბიუჯეტი.
აღსანიშნავია, რომ გერმანიისა და საფრანგეთის თავდაცვითი გაერთიანების გეგმის შემუშავებას წინ უსწრებდა გერმანიის სურვილი მსგავსი კავშირის შექმნის თაობაზე. გერმანიის თავდაცვის მინისტრი ურსულა ფონ დერ ლეიენი იმთავითვე აცხადებდა, რომ ეს იგივე „თავდაცვის შენგენი“ იქნებოდა.
„ახლა დროა წინსვლისთვის ევროპის თავდაცვის კავშირისაკენ, რომელიც „თავდაცვის შენგენია“, - აცხადებდა გერმანიის თავდაცვის მინისტრი და განმარტავდა, რომ ეს არის ის, რასაც აშშ მათგან ელოდა. (ამჟამად მთლიანი ევროპის თავდაცვაზე დახარჯული ბიუჯეტი ამერიკის მიერ გაწეული ხარჯების ნახევარიც არ არის და მისი ეფექტურობა 10%-ს არ აღემატება).
ურსულა ფონ დერ ლეიენის განცხადება მერკელის, რენძისა (იტალიის პრემიერი) და ოლანდის ცოტა ხნის წინანდელი განცხადების გაგრძელებაა, რომლის თაობაზეც საუბარი ჯერ კიდევ 1950 წლიდან დაიწყო. კერძოდ, ნატოში გერმანიის წევრობის მაგივრად, საფრანგეთის მაშინდელმა პრემიერმა რენე პლევანმა ევროპის თავდაცვის გაერთიანების იდეა წამოსწია, რომელიც ათწლეულების განმავლობაში მუდმივად იბლოკებოდა ბრიტანეთის მიერ.
დღეს კი თავდაცვითი თანამშრომლობის საკითხი აქტუალური გახდა აგრესიული რუსეთისა და ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე კონფლიქტების ფონზე. მიუხედავად იმისა, რომ ტრადიციისამებრ, ე.წ. ევროპის „არმიის“ იდეის მოწინააღმდეგედ კვლავაც რჩებოდა დიდი ბრიტანეთის გაერთიანებული სამეფო, ეს პრობლემა მოიხსნა, რადგან ბრიტანეთმა ევროკავშირის დატოვების გადაწყვეტილება მიიღო.
არსებობდა კიდევ მეორე გასათვალისწინებელი ფაქტორიც. მართალია, ევროკავშირი კარგა ხანია, ფიქრობდა თავდაცვის სფეროში უფრო მჭიდრო კავშირების ჩამოყალიბებაზე, მაგრამ ამას ძირი არ უნდა გამოეთხარა ნატოსთვის, რომლის წევრიც ევროკავშირის ბევრი სახელმწიფო იყო. ანალიტიკოსთა აზრით, ევროპის თავდაცვის გაერთიანება ნატოსა და ამერიკისგან ევროპის ქვეყნების სამხედრო დისტანცირებას გულისხმობს.
რას ნიშნავს ევროინტეგრაციის ახალი ხედვა, გერმანიისა და საფრანგეთის მიერ ე.წ. ზესახელმწიფოს შექმნა და რატომ არ ჩანს ევროკავშირის სხვა სახელმწიფოების აქტიურობა ამ მიმართულებით?!
For.ge-სთან საუბარში პოლიტოლოგი ვახტანგ ძაბირაძე მაღალ შეფასებას აძლევს თავდაცვითი პოლიტიკის სფეროში გერმანია-საფრანგეთის მჭიდრო თანამშრომლობას. პოლიტოლოგი განმარტავს, რომ მომავალში ეს გაერთიანება შეიძლება უფრო მიმზიდველი გახდეს და უფრო იოლად მოხერხდეს მასში გაწევრიანება, ვიდრე ნატოში.
„ევროკავშირის თავდაცვითი პოლიტიკის გეგმის შემუშავება იმიტომაც გახდა აუცილებელი, რომ თავდაცვის მხრივ დასავლეთის ქვეყნებში საკმაოდ მძიმე მდგომარეობაა. აქ არ არის საუბარი მხოლოდ საზღვრების დაცვაზე, არამედ საუბარია ლტოლვილების მიღებაზე, რომელთა პრობლემაც ევროპას მძიმედ დაუდგა. გარდა ამისა, კონტინენტურ ევროპაში საფრანგეთი და გერმანია არც მტრები ყოფილან და არც მეგობრები. ისინი ომის შემდეგ დამეგობრდნენ და დღეს ლიდერი ქვეყნები არიან, ნატოშიც წამყვანი პოზიციები უჭირავთ. არავის შეურაცხყოფას არ ვაყენებ, მაგრამ სხვა ქვეყნების მიერ გამოცხადებული მსგავსი გადაწყვეტილება თავდაცვით სფეროში ურთიერთანამშრომლობის შესახებ, ღიმილის მომგვრელი იქნებოდა, რადგან მათ საამისო არც ადამიანური, არც საკადრო და არც ფინანსური რესურსები არ აქვთ. გერმანია-საფრანგეთის მხრიდან კი ეს საკმაოდ მასშტაბური განაცხადია, რადგან ევროკავშირის საზღვრების დაცვაზეა საუბარი. მხოლოდ ნატო ვერაფერს გახდებოდა. როგორც ჩანს, საკმაოდ დამუშავებული იდეაა და, როცა ამას გერმანია და საფრანგეთი იწყებს, ეს უკვე სერიოზულია. ალბათ, მათ ნელ-ნელა სხვა ქვეყნებიც შეუერთდებიან და ეს იქნება გაერთიანებული ევროპის ერთიანი სამხედრო ძალა“, - აღნიშნა ვახტანგ ძაბირაძემ.
თავდაცვით სფეროში გერმანია-საფრანგეთის დაახლოებამ ქართველ პოლიტოლოგს ის ფაქტიც გაახსენა, რომ თავის დროზე, როცა რეიგანმა წამოაყენა სტრატეგიული შეიარაღების შესახებ ინიციატივა, სწორედ საფრანგეთი და, კერძოდ, მიტერანი გამოვიდა ამის წინააღმდეგ. რასაკვირველია, მიტერანის პოზიციას მხარდაჭერა და ოვაციები მოჰყვა საბჭოთა კავშირში. ამ თემამ რამდენიმე ხანს კიდევ იმუშავა და მერე მიტერანმა განმარტა, მე ის კი არ მითქვამს, რომ საერთოდ უარი ვთქვათ სტრატეგიულ შეიარაღებაზე, არამედ მე უბრალოდ თქვი, რომ საფრანგეთმა თავად უნდა შექმნას ასეთი შეიარაღება და ამერიკის შექმნილი არ გვჭირდება-თქო.
„ხომ ხვდებით, ამას რა რეაქცია ექნებოდა მაშინდელ საბჭოთა კავშირში და მთელ მსოფლიოში? ეს მსუბუქი პარალელია, მაგრამ დაახლოებით ასე ვუყურებ ამ გაერთიანების იდეურ და პიარდატვირთვას, რასაც შეიძლება ის ეფექტიც ჰქონდეს, რომ უფრო მიმზიდველი გახდეს და უფრო იოლად მოხერხდეს მასში გაწევრიანება, ვიდრე ნატოში“.
ანალიტიკოსი არჩილ გამზარდია For.ge-სთან საუბარში აცხადებს, რომ გერმანიისა და საფრანგეთის ინტერესები სულ უფრო ხშირად იკვეთება. ამის მაგალითია ორი ქვეყნის პოზიციების თანხვედრა თუნდაც ჩვენს ქვეყანასთან მიმართებით.
„გერმანია და საფრანგეთი ბევრად უფრო ხშირად დგანან საერთო პოზიციაზე ევროკავშირთან ან კიდევ რუსეთთან მიმართებით. ეს შთაბეჭდილებას ტოვებს, ხომ არ ცდილობს ეს ორი ქვეყანა გარშემო ნელ-ნელა შემოიკრიბოს ევროპული ქვეყნები ისე, რომ დომინანტის ფუნქცია თავად გააჩნდეს. დღეს გერმანიასა და საფრანგეთს მნიშვნელოვანი როლი აქვთ, მაგრამ შესაძლოა, ისეთი დომინანტის ფუნქცია არ ჰქონდეთ ევროკავშირში, როგორც მათ სურთ. ამიტომ ცდილობენ, გააძლიერონ თავდაცვითი პოტენციალი. თუმცა პირიქითაც შეიძლება ვიფიქროთ. თუკი ჩვენ გავითვალისწინებთ გერმანიისა და საფრანგეთის დადებით დამოკიდებულებას რუსეთთან მიმართებით, შეიძლება მათი საერთო თავდაცვითი სივრცე ორიენტირებული იყოს იმაზე, რომ ამ ორ ქვეყანას სპეკულაციის შესაძლებლობა მიეცეს რუსეთსა და ევროკავშირს შორის და ამით შექმნან საკუთარი ლიდერობის წინაპირობა“, - აღნიშნა არჩილ გამზარდიამ.