რას მოიცავს საფრანგეთთან გაფორმებული თავდაცვითი შეიარაღების ხელშეკრულება?

რას მოიცავს საფრანგეთთან გაფორმებული თავდაცვითი შეიარაღების ხელშეკრულება?

ფრანგულ მხარესთან გაფორმებული საჰაერო თავდაცვითი შეიარაღების შესყიდვის ხელშეკრულება, მთავრობაში პირველი განხეთქილების მიზეზი იყო, რაც ირაკლი ალასანიას განცხადებით, მისი თავდაცვის მინისტრის თანამდებობიდან გათავისუფლების მიზეზი გახდა. ალასანიას შემცვლელები, მინდია ჯანელიძე და თინა ხიდაშელი ამტკიცებდნენ, რომ ფრანგულ მხარესთან გაფორმებული ხელშეკრულება არ წარმოადგენდა განსაკუთრებულ საიდუმლოებას.

მხარეების მტკიცების მიუხედავად, რომ  ხელშეკრულება არ წარმოადგენდა საიდუმლოებას, დოკუმენტის დეტალები ამ დრომდე არ გასაჯაროვებულა. თუმცა, საქართველოსა და საფრანგეთს შორის გაფორმებული თავდაცვითი შეიარაღების შესახებ ხელშეკრულების დეტალები საფრანგეთის თავდაცვის მინისტრმა განმარტა.

როგორც ჟან-ივ ლე დრიანი აცხადებს, ამ დოკუმენტში საიდუმლო არაფერია და თანამშრომლობა, ნატო-ს არსებითი პაკეტის ფარგლებში განხორციელდება.

„ცის და საჰაერო დაცვა, ქვეყნის სუვერენობის აუცილებელი შემადგენელი ნაწილია. როცა საუბარი ეხება დახმარებას, გეტყვით, რომ საქართველოს და ნატო-ს შორის არსებობს არსებითი პაკეტი, რაც ნიშნავს საჰაერო უსაფრთხოების სისტემების ადაპტირებას საქართველოსთვის. ამ საკითხში, საფრანგეთის როლი არის თანამშრომლობა საჰაერო თავდაცვის საკითხებში“, - განაცხადა ჟან-ივ ლე დრიანმა.

მინისტრის თქმით, საფრანგეთი მალე შესთავაზებს საქართველოს სამოქმედო გეგმას, რომ საქართველომ შეძლოს თავისი საჰაერო სუვერენობისთვის საჭირო აღჭურვილობის ქონა. მისივე განმარტებით, საფრანგეთს საქართველოში საჰაერო არმიის ოფიცერი ეყოლება, რომელსაც დაევალება, აამოქმედოს და განახორციელოს ყველა ის რეკომენდაცია, რაც საჭიროა თავდაცვის აღნიშნული საშუალების კონკრეტული გამოყენებისთვის.

„ჩემი ვიზიტის ერთ-ერთი მიზანია, კიდევ ერთხელ გავუსვა ხაზი საჰაერო თავდაცვის სფეროში საქართველოსთან ორმხრივი თანამშრომლობის მნიშვნელობას, თქვენი აღჭურვილობის ტრანსფორმაციასა და ადაპტირებას. ჩვენ შევადგინეთ დღის წესრიგი, რომლის მიხედვითაც ვიმოქმედებთ. საჰაერო თავდაცვა ის სფეროა, რომელიც მნიშვნელოვანია ქვეყნის სუვერენიტეტის დასაცავად.

არსებითი პაკეტის ფარგლებში საფრანგეთმა საქართველოსთან საჰაერო თავდაცვის მიმართულებით თანამშრომლობა იტვირთვა, რომელიც სუვერენულობის წამყვანი ელემენტია. ამ თვალსაზრისით, ჩვენ სწრაფად ვიმოქმედეთ, რათა საქართველოს, როგორც სუვერენულ სახელმწიფოს ეფექტური საშუალებები ჰქონოდა საჰაერო სუვერენულობის კუთხით“, - აცხადებს ჟან-ივ ლე დრიანი.

საჰაერო თავდაცვა, რომ ქვეყნის უსაფრთხოების მნიშვნელოვანი ელემენტია, ამაზე საუბრობს სამხედრო ექსპერტი ზურაბ აგლაძე და თვლის, რომ ეს „აქილევისის ქუსლია“ საქართველოსთვის, რაც კარგად დავინახეთ 2008 წელს. მისივე განცხადებით, საჰაერო სისტემა საკმაოდ ძვირადირებული პლატფორმაა, რომელიც გრძელვადიან განვითარებას მოითხოვს.

„ეს არის ხელშეკრულება თანამშრომლობის შესახებ, თუ კონტრაქტი პლატფორმების მიწოდებასთან დაკავშირებით და პლატფორმებსაც რომ თავი დავანებოთ, რომელ პლატფორმებს მოიცავს, ამას აქვს მნიშვნელობა. ჰაერსაწინააღმდეგო სისტემები თავად 4 ნაწილად უნდა დავყოთ, პირველი - რადარის საშუალებები, მეორე - რაკეტები, ზემოქმედების საშუალებები, მესამე - ამ ტიპის შეიარაღებაზე პირადი შემადგენლობის წვრთნა და მეოთხე - სათარიგო ნაწილები და შემდგომ ექსპლუატაციის პერიოდში დამატებითი სათარიგო ნაწილებით მომარაგება. ამ ოთხი კომპონენტისგან შედგება ეს სისტემა და ჩვენ არ ვიცით რომელ პლატფორმებს მოიცავს ეს ხელშეკრულება“, - აცხადებს ზურაბ აგლაძე.

როგორც აგლაძე აცხადებს, ქვეყანა, რომელსაც აქვს ტერიტორიული პრობლემა და ჩრდილოეთით ჰყავს არაპროგნოზირებადი მეზობელი, მნიშვნელოვანია საჰაერო თავდაცითი სფეროს განვითარება. თუმცა, ექსპერტი არ გამორიცხავს, რომ ფრანგული მხარის ჩართულობით საქართველოში საჰაერო თავდაცვითი საშუალებების განვითარებამ, რუსეთიდან დამატებით პრობლემები გამოიწვიოს.

„ეს ერთ-ერთი კრიტიკული სფეროა ჩვენთვის, რაც უნდა განვავითაროთ, მით უმეტს იმ პირობებში, როგორშიც ჩვენ ვართ. რაც შეეხება ფრანგული მხარის ჩართულობას და რუსეთის გაღიზიანებას, დარწმუნებული ვარ, რომ რუსეთს რეაგირება ექნება, რადგან საქმე ეხება საქართველოს, მის თავდაცვისუნარიანობას და სუვერენიტეტს. ამიტომ ვფიქრობ, რომ რეაგირება ექნება, თუმცა არ ვარ დარწმუნებული, რომ ფრანგული მხარე ამისთვის მზად იქნება. ფრანგულმა მხარემ იცის როგორია რუსეთის რეაქცია საქართველოსთან დაკავშირებით“, - აცხადებს for.ge-სთან საუბრისას ზურაბ აგლაძე.

არსებითი პაკეტის ფარგლებში საფრანგეთთან საჰაერო თავდაცვის მიმართულებით თანამშრომლობას, რომ რუსეთის მხრიდან უარყოფითი რეაქცია ექნება, ამაზე საუბრობს სამხედრო ანალიტიკოსი ვახტანგ მაისაია, რომლის განცხადებით, რუსეთის სამხედრო დროქტრინაში პირდაპირ არის დაფიქსირებული, რომ მათი საზაღვრების გასწვრივ ნატოს ინფრასტრუქტურების განთავსება, ეს არის პირდაპირი სამხედრო საფრთხე რუსეთისთვის.

„რუსები ამას აღიქვამენ როგორც სამხედრო საფრთხეს და განსაკუთრებით ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვით სისტემას. 2008 წელს სრულად თავხედურად მოიქცნენ იმიტომაც, რომ საქართველოს არ ჰქონდა ჰაერსაწინააღმდეგო სისტემა და ამიტომაც იყო, რომ ჩვენ დავმარცხდით ამ ომში მოკლე პერიოდში.

თუ რუსულ სამხედრო დოქტრინას გადავხედავთ, რა თქმა უნდა, რუსეთს აქვს ფარული გეგმები, რომ საქართველოში კიდევ ერთი სამხედრო ინტერვენცია განახორციელოს. როგორც ისრაელს ჰქონდა მეზობელი სახელმწიფოების მიმართ, იგივე მოდელი გააჩნია რუსეთს კავკასიის მიმართულებით. მით უმეტეს, რომ საქართველო და რუსეთი საომარ მდგომარეობაში არიან, ომის თემა ამოგდებული არ არის, ჩვენ ნებისმიერ დროს შეიძლება ველოდოთ რუსეთის მხრიდან სამხედრო ინტერვენციას. ეს არის რუსეთის გეგმა. რა თქმა უნდა, რუსეთისგან იქნება სიურპრიზები. მით უმეტეს, თუ გავითვალისწინებთ იმასაც, რომ საფრანგეთმა რუსეთს ჩაუგდო „მისტრალის“ კონტრაქტი, თუნდაც ამიტომ შეიძლება გარკვეული კოტრაქცია გააკეთოს ფრანგულ მხარესთან“, - აღნიშნა for.ge-სთან საუბრისას ვახტანგ მაისაიამ.

„საქართველოს ატლანტიკური საბჭოს“ აღმასრულებელი დირექტორი, გიორგი მუჩაიძე მიიჩნევს, რომ მნიშვნელოვანია საქართველომ შეძლოს თავისი საჰაერო სუვერენობისთვის საჭირო აღჭურვილობის ქონა, რადგან ეს აძლიერებს საქართველოს, როგორც დამოუკიდებელ ქვეყანას და იკლებს რუსეთის მხრიდან გავლენა.

„მარტო საჰაერო სივრცის გაძლიერებასთან არ არის კავშირში რუსეთის აგრესია. რა ნაბიჯიც მნიშვნელოვნად წინ წაწევს ქვეყნის განვითარებას და სტრატეგულ პარტნიორებთან დახლოებას, ეს ყველაფერი ამცირებს რუსეთის დესტრუქციულ გავლენას და აქედან გამომდინარე, იზრდება საერთაშორისო თანამეგობრობის ჩართულობა, იზრდება რუსეთზე ზეწოლა და მცირდება რუსეთის დესტრუქციული და აგრესიული ქმედებები, ეზღუდება მოქმედების არეალი.

საფრანგეთთან თანამშრომლობა ამ კონტექსტში უნდა განვიხილოთ. ასე იყო ბალტიის ქვეყნებისა და აღმოსავლეთ ევროპის მიმართულებით. ვიცით, რომ იგივე მონტენეგროს სერიოზული ზეწოლა ჰქონდა რუსეთის მხრიდან, მაგრამ როდესაც გაიზარდა ჩართულობა, შემცირდა რუსეთის გავლენა და მოგეხსენებათ, რომ მონტენეგრო დღეს სრულიად ინტეგრირებულია ნატოში. ჩვენი გზაც სწორედ ეს არის - შემდგომი ინტეგრაცია და ორმხირვი თანამშრომლობა. სწორდ ეს იქნება რუსული აგრესიისგან ჩვენი დაცულობის და დაცვის გარანტია“, - ამბობს for.ge-სთან საუბრისას გიორგი მუჩაიძე.