„საქმე გვაქვს ვამპირ ხელისუფლებასთან“

„საქმე გვაქვს ვამპირ ხელისუფლებასთან“

პოლიტიკური ძალები და არასამთავრობოები რუსთაველზე აქციის სასტიკ დარბევას გმობენ. „ქართული აკადემია“ შაბათს საპროტესტოდ განწყობილ საზოგადოებას რუსთაველის ძეგლთან იწვევს. ორგანიზაციის ერთ–ერთი ლიდერი ნუკრი ქანთარია „პრესაგე.ტვ“–სთან საუბრისას აცხადებს, რომ აქციაზე ყველა უნდა მივიდეს, ვინც ძალადობას არ ეგუება.  

რა შეფასებას მისცემთ გუშინდელი ღამის დარბევას?

– ხელისუფლების მხრიდან ბარბაროსული აქტის მომსწრენი გავხდით. საქმე გვაქვს ვამპირ ხელისუფლებასთან, რომელშიც საკუთარი ხალხის სისხლის წყურვილი არ ცხრება. ისიც მინდა ვთქვა, რომ მის მიმართ საზოგადოებაში ცოტათი მინელებული ზიზღი, ამით მხოლოდ განაახლა. ვინც გუშინდელი კადრები, ხნიერი ხალხის თავგატეხილი კადრები ნახა, შეუძლებელია ხელისუფლების მიმართ ზიზღით არ განიმსჭვალოს. ერთია მოედნის მომიტინგეებისგან გაწმენდა, მეორეა ანგარიშწორება. სამი–ოთხი კბილებამდე შეიარაღებული, ერთ უმწეოს ურტყამდა. ხელისუფლებამ არათუ გადაამეტა, მათ წინასწარ ჩაფიქრებულიც ჰქონდათ ანგარიშწორება.

მეორეც უნდა აღვნიშნო, ორგანიზატორებთან დაკავშირებით. ერთხელ და სამუდამოდ უნდა მივხვდეთ, რომ არ შეიძლება მუდმივად ხელისუფლების წასვლის გადამწყვეტი დღის დანიშვნა. ამდენი ანონსებით, ხელისუფლებას არსებობას ვუხანგრძლივებთ. იმის მაგივრად, რომ მოქმედების სრულყოფილი სტრატეგია და ტაქტიკა იყოს შემუშავებული. მოკლეზე გადარბენებით ვიღებთ ასეთ შედეგებს.

ძალიან აღელვებული ვარ და არ მინდა, ვინმეს მიმართ ნიშნისმოგებით ვისაუბრო. ვიცი, ისინიც გამწარებულნი არიან და ასეთი სცენარი, რა თქმა უნდა, არ უნდოდათ. მაგრამ მოვლენა შედგა, თან ძალიან არასახარბიელო და გაუბედურდა ბევრი ოჯახი, რომლის წარმომადგენლებიც აქციაზე გულწრფელად, თავიანთი პრობლემებით და გასაჭირით იყვნენ მისულები.  

რას აპირებს „ქართული აკადემია“?

– შაბათს ქართული აკადემია და სხვა არასამთავრობოები საპროტესტოდ განწყობილ საზოგადოებას რუსთაველის ძეგლთან ვიწვევთ. ამ მიზნით, შესაბამისი განცხადება უკვე გაკეთდა. ეს იქნება ძალადობის საწინააღმდეგი აქცია და ვინც ამას არ ეგუება, ყველანი უნდა მოვიდნენ.

რას ურჩევთ იმ პოლიტიკურ ძალებს, რომლებიც არჩევნების გზით ხელისუფლების შეცვლის გზას ემხრობიან. თუ ეს გზა სასურველ შედეგებს არ მოიტანს, მაშინ რა ხდება? 

– საერთოდ ჯობდა, თავიდანვე ყველაფერი ეტაპობრივად გაკეთებულიყო. თავიდანვე ვურჩევდი კრების წარმომადგენლებს, სწორედ საარჩევნო გარემოს გაუმჯობესების მოთხოვნით დაეწყოთ. ამას საერთაშორისო საზოგადოებაც სრულად ეთანხმებოდა. ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ ამ შემთხვევაში, ვერვინ ვერავითარ ძალას ვერ გამოიყენებდა. თუ გამოიყენებდა კიდევ, ეს ერთი ათად, მათივე საწინააღმდეგოდ იქნებოდა მიმართული. ხოლო პროცესი სწორი გზით წავიდოდა და შეიძლება მივსულიყავით ლოზუნგამდე – გადადექი!

ახლა კი, ლოზუნგი – გადადექი, მე არც კი გამიგია. ფაქტობრივად, წინა პლანზე სხვა მოთხოვნები იყო – ტელევიზიასთან არ მოხვიდე, აღლუმს არ ჩაგატარებინებ და ა.შ. ხელისუფლება უნდა წავიდეს, მაგრამ როგორ, რა გზით, ეს კონკრეტიკა არ ყოფილა.

ამიტომ, რვიანი ალბათ უნდა ფიქრობდეს, ამ პირობებში როგორ შეიძლება მოლაპარაკებების გაგრძელება; ან რამდენად პროდუქტიული იქნება ეს დიალოგი. მაინც ვფიქრობ, რომ დიდი სახალხო მოძრაობა უნდა დაიწყოს, თავისუფალი არჩევნების მოთხოვნით.

მაგრამ, თუნდაც გუშინდელი დარბევის გათვალისწინებით, რამდენად შესაძლებელია ქვეყანაში სამართლიანი არჩევნების მიღწევა?

– სწორედ სამართლიანი არჩევნების მოთხოვნას უნდა მოჰყვეს გადადექიც და გადმოდექიც, პიკეტირებაც და ა.შ. თან ეს საერთაშორისო საზოგადოების მოთხოვნებთან სინთეზში იქნება.  ჩვენდაუნებურად, კიდევ ერთმა წარუმატებელმა ნაბიჯმა დამარწმუნა, რომ ნებისმიერ მოთხოვნას დროის შერჩევაც სჭირდება. რა დროს, როდის და რა საშუალებებით ამბობ ამას. ამიტომ, მოთხოვნა არსებული რესურსების შესაბამისი უნდა იყოს.

პირველივე დღეებიდანვე ვგრძნობდი, სამწუხაროდ არ იყო ის განწყობა, რომლითაც გადამწყვეტი ბრძოლა უნდა დანიშნულოყო.  

და ბოლოს, არ შემიძლია არ ვთქვა. უკვე ყველა ლიდერი გამოჩნდა. ერთადერთი ირაკლი ბათიაშვილი ამ დრომდე დაკარგულია. არ ვიცით სად არის, ოჯახი აღელვებულია. ირაკლი ჩემი მეგომარია, კარგად ვიცნობ და ვიცი, არცერთ შემთხვევაში უკანდამხევი არ იყო. ერთ–ერთი გამორჩეული პიროვნებაა, თავისი თავგანწირვის უნარით. ძალოვანმა სტრუქტურებმა სასწრაფოდ გაგვცენ პასუხი, სად არის ირაკლი ბათიაშვილი.