გულშემატკივრები მეძახდნენ: „ჯემალ ცირკი, ჯემალ ცირკიო

გულშემატკივრები მეძახდნენ: „ჯემალ ცირკი, ჯემალ ცირკიო"!

იყო დრო, როდესაც საქართველოში ხელბურთი დიდი პოპულარობით სარგებლობდა. საერთაშორისო შეჯიბრებებზე, ასევე ყოფილი სსრკ-ის ჩემპიონატის შეხვედრებისას თბილისის სპორტის სასახლე ბოლომდე ივსებოდა. ქართული ხელბურთი ქვეყანაში წამყვან პოზიციებზე იმყოფებოდა.

სპორტის ამ სახეობაში ბოლო წარმატებები წინა საუკუნის 70-80-იან წლებს უკავშირდება, როდესაც თბილისის „ბურევესტნიკმა“ სსრკ-ის პირველობაზე მესამე ადგილი დაიკავა. ამავე პერიოდში ქვეყნის თასის დაუფლებაც შევძელით.

გავიდა ხანი. ქართულმა ხელბურთმა პოზიციები ნელ-ნელა დათმო. რასაკვირველია ეროვნული ნაკრები დროდადრო წარმატებებით გვანებივრებდა, მაგრამ ადრინდელი სიძლიერის ფონზე ეს მაინც ზღვაში წვეთი გახლდათ.

დღევანდელ წერილში ორი გამოჩენილი ქართველი ხელბურთელი მსურს გავიხსენო. ბატონ ჯემალ ცერცვაძეს თავის დროზე მსოფლიოში „ხელბურთის პელე“ შეარქვეს. მოგვიანებით მის მიერ გაკვალული გზა ალექსანდრე ანპილოგოვმა გააგრძელა და მონრეალის ოლიმპიურ თამაშებზე სსრკ-ის ნაკრებს ოქროს მედლები ლამის ერთპიროვნულად მოაგებინა.

თავდაპირველად სიტყვას ბატონ ჯემალ ცერცვაძეს გადავცემ.

„ერთხელ პოლიტექნიკურ ინსტიტუტში ვვარჯიშობდით. ჩვენს გვერდით ხელბურთელებიც ემზადებოდნენ. იმ დროს ისინი 11X11-ზე თამაშობდნენ, ეს სახეობა ახალი შემოსული იყო ჩვენში... ჩემი მეგობარი საშა ოდიშვილი შემიჩნდა, წამოდი, ნახე, რა იცი რა ხდება, იქნებ მოგეწონოსო. მაშინ კალათბურთის ბურთს ცალ ხელში ადვილად ვიჭერდი და ხომ წარმოგიდგენიათ, ხელბურთის პატარა ბურთს როგორ „გავუმკლავდებოდი"?! როგორც ჩანს, გამომივიდა, რადგან გუნდში ამიყვანეს.

ჩვენმა მწვრთნელმა, გიორგი შარაშიძემ წლების მერე მითხრა, პირველივე ვარჯიშზე მივხვდი, რომ ხელბურთისთვის იყავი გაჩენილიო. მალე მათთან ერთად საკავშირო პირველობაზეც წავედი ლენინგრადში - იქ 8 „უძლიერეს სახელბურთო ქალაქთა" პირველობა ტარდებოდა. ისე გავემგზავრე, კალათბურთში ჩემი მწვრთნელისთვის, გიორგი ავალიშვილისთვის არაფერი მითქვამს. ეტყობა ეს იყო ჩემი ბედი - იმ ტურნირის შემდეგ საკავშირო ნაკრებში ამიყვანეს და საბოლოოდ ხელბურთში დავრჩი. ეს 1958 წელს მოხდა. ლენინგრადში საუკეთესო ბომბარდირი გავხდი - თუ არ მეშლება, 64 გოლი გავიტანე. ამის შემდეგ საკავშირო ნაკრების კანდიდატთა შორის აღმოვჩნდი და 1959 წლის სექტემბერში პირველ ოფიციალურ შეხვედრაშიც მივიღე მონაწილეობა - კიევში, ნიკიტა ხრუშჩოვის სახელობის სტადიონზე პოლონელებს „დიდი ხელბურთი" ვეთამაშეთ, ანუ 11X11-ზე. მოგვიანებით წესები შეიცვალა და 7X7-ზე დავიწყეთ თამაში.

1962 წელს საკავშირო ჩემპიონატის ფინალური ტურნირი ლიტვაში, კაუნასში ჩატარდა. უკანასკნელი ტურის წინ ჩვენი „ბურევესტნიკი" პირველ ადგილზე იყო, მაგრამ იმ შემთხვევაში თუ მასპინძლებთან, კაუნასის „ატლეტასთან" დავმარცხდებოდით, ოქროს მედლებს ლიტველები მოიგებდნენ. ხომ წარმოგიდგენიათ რა სიტუაცია იქნებოდა?! თამაში საღამოს გაიმართა, დარბაზის კუთხეში კი მძლავრი პროჟექტორი დადგეს, რომელიც დაძაბულ მომენტებში პირდაპირ თვალებში ანათებდა ჩვენს მეკარეს, ჯემალ აბაიშვილს. „ატლეტასმა" 2 თუ 3 გოლი სწორედ ამ ხრიკის წყალობით გაგვიტანა, მაგრამ არ გავტყდით, გავძელით და შეხვედრა ფრედ 17:17 დავასრულეთ. ასე მოვიგეთ ჩემპიონის ტიტული! მახსოვს, იმ გამარჯვებისთვის სპორტკომიტეტისგან პრემიის სახით 500-500 მანეთი მივიღეთ, მაგრამ ლამის ნახევარი დაგვიქვითეს.

1963 წელს საბჭთა კავშირის ჩემპიონატში მესამე ადგილი დავიკავეთ, მაგრამ 1964 წელს ისევ პირველზე გავედით. მერეც რამდენჯერმე გავხდით პრიზიორები, მაგრამ სიმართლე თუ გაინტერესებთ, ოქროს მედლები კიდევ არაერთხელ უნდა მოგვეგო - ძალიან ძლიერები ვიყავით, თუმცა მოსკოვში „გონს მოეგნენ" და ჩვენს წინააღმდეგ ბრძოლა დაიწყეს, მაშინ ხომ ყველაფერში რუსები უნდა ყოფილიყვნენ ჩემპიონები! მაგალითად, 1965 წელს მოსკოვის „კუნცევოსთან" მსაჯმა, რომ იტყვიან, მარტომ მოგვიგო! შეხვედრის დასრულებამდე 50 წამით ადრე ორი სუფთა პენალტი არ მოგვცა, არც კუთხური და წავაგეთ, რის გამოც მეორე ადგილზე გავედით.

1964-1965 წლების სეზონში ევროპის ჩემპიონთა თასის გათამაშებაში ჩავებით. ამ ტურნირზე პირველად 1962-1963 წლების სეზონში ვიასპარეზეთ, მაგრამ ხელი მოგვეცარა. მოკლედ, გამოცდილებამიღებულებმა უკეთ ვითამაშეთ და 1/4-ფინალში გავედით, იქ კი ჩვენი მეტოქე იუგოსლავიის „მედვეშჩაკი" იყო, აბა ის იყო თამაშები თუ იყო, იმ ამბებს რა დამავიწყებს! პირველი შეხვედრა ზაგრებში 8 ბურთით წავაგეთ, თბილისში კი 20 წამით ადრე 9 ბურთით ვიგებდით, თან, ჩვენ მიგვყავდა თამაში. ერთ მომენტში თამაზ ანთაძემ ჩვენს ახალწვეულს, კლიმოვს მიაწოდა ბურთი, ის კი ადგა და დაარტყა, არადა, ბურთი რომ გაეთამაშებინა, ჩვენ მოვიგებდით. მოკლედ, ვერ გაიტანა, იუგოსლავიელთა მეკარემ კი კონტრშეტევა დაიწყო, რომელიც გოლით დასრულდა. მაშინ დამატებითი დრო არ ინიშნებოდა, კენჭისყრით კი 1/2 -ფინალში „მედვეშჩაკი" გავიდა. ეს ნამდვილი ტრაგედია იყო, ჩვენ ნაღდად შეგვეძლო ჩემპიონთა თასის მოგება.

1964 წელს სსრკ ნაკრებმა შესარჩევ მატჩში ფინეთს მოუგო - ჩვენ პირველად გავედით მსოფლიო ჩემპიონატზე! იმ გუნდში ჩემს გარდა კიდევ ორი ქართველი იყო - ჯემალ აბაიშვილი და ლერი კარტოზია. მართლა კარგად ვითამაშე, ტურნირის დასრულების შემდეგ კი სიმბოლურ გუნდშიც მოვხვდი. ზუსტად არ მახსოვს რამდენი გოლი გავიტანე, მაგრამ ბომბარდირთა შორის რომ ვიყავი, ამას წყალი არ გაუვა. თუ არ ვცდები, გოლეადორთა შორის ჩემთან ერთად იყვნენ რუმინელი მოზერი, შვედი ალმკვისტი და იუგოსლავიელი მილკოვიჩი.

1967 წელს, მომდევნო მსოფლიო ჩემპიონატზე ჩვენი გუნდი უფრო ძლიერი იყო. ჯგუფიდან რუმინელებთან ერთად გავედით და გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ძალიან ძლიერ ნაკრებს ვძლიეთ, ნახევარფინალში კი დანიელებს ვხვდებოდით, რომლებიც ნაღდად არ იყვნენ ჩვენზე ძლიერები. მაშინ ნაკრებში ოთხი ქართველი ვიყავით: მე, ჯემალ აბაიშვილი, იმედო ფხაკაძე და ანზორ ექსეულიძე. მიუხედავად იმისა, რომ აბაიშვილმა გერმანელების წინააღმდეგ ძალიან კარგად ითამაშა, მწვრთნელებმა ძირითად მეკარედ მაინც ცაპენკო დააყენეს. 7:2-ს რომ ვიგებდით, ცაპენკომ ზედიზედ გაუშვა უაზრო ბურთები, მერე პენალტი მოვინადირე, უნდა დამერტყა, მაგრამ მწვრთნელების გადაწყვეტილებით, კლიმოვმა დაარტყა - ძელს გაარტყა ბურთი! მოკლედ, გუნდი აგვერია. როცა ჯემალი შემოიყვანეს, უკვე ვაგებდით და საბოლოოდ 12:17 წავაგეთ. ძალიან დათრგუნულები ვიყავით და ვერც მესამე ადგილისთვის გამართული მატჩი მოვიგეთ - რუმინელებმა გვაჯობეს.

1970 წელს კიდევ ერთხელ ვითამაშე მსოფლიო ჩემპიონატზე, თუმცა ის ტურნირი ტკბილად მაგონდება-მეთქი, ნამდვილად ვერ ვიტყვი. საქმე ისაა, რომ იმ დროს გუნდის მთავარი მწვრთნელი ევტუშენკო იყო, ძალიან უსამართლო კაცი, არ შემეშინდება თუ ვიტყვი - ნამდვილი არაადამიანი! ის ვერ გვიტანდა ქართველებს, თუმცა იმდენს მაინც ვერ ბედავდა, ნაკრებში არ მივეწვიე. ყველანაირად ცდილობდა ჩვენთვის ევნო. მახსოვს, ავად ვიყავი, ფორმის აღსადგენად ერთი კვირა მაინც უნდა მევარჯიშა, მან კი საწვრთნელ შეხვედრაში მონაწილეობა მომთხოვა: პირველი და მეორე გუნდების მატჩს ფედერაციის ხელმძღვანელებიც უნდა დასწრებოდნენ. მეორე გუნდში „ჩამსვა", პირველისთვის მზად არ ხარო. ვერ გამაჩერეს, ორივე ტაიმში ათამდე გოლი გავიტანე, ყველას დავუმტკიცე, რომ ამ ევტუშენკოს დასაწუნი არ ვიყავი. მიუხედავად ამისა, მერეც უნამუსოდ იქცეოდა. ამიტომაც არ ვაფასებდი მას.

მიმაჩნია, რომ 1964-1965 წლების ჩვენი შემადგენლობა დამოუკიდებელ ნაკრებად რომ გასულიყო საერთაშორისო ასპარეზზე, ძალიან წარმატებული იქნებოდა. იმ დროს „ბურევესტნიკი" ხშირად ატარებდა საერთაშორისო შეხვედრებს და დიდი წარმატებითაც, მარტო ის რად კმარა, რომ მსოფლიოს ოთხგზის ჩემპიონი რუმინელებისთვისაც მოგვიგია.

სპორტის სასახლეში, როცა წინ გავიჭრებოდით ხოლმე, გულშემატკივრები მეძახდნენ: „ჯემალ ცირკი, ჯემალ ცირკიო"! მეც ისეთ რამეს ვაკეთებდი, ხალხს რომ ესიამოვნებოდა. ერთხელ შვედებს ვეთამაშებოდით, ერთი მოთამაშე წამით არ მშორდებოდა. ძალიან დამღალა და მომაბეზრა თავი, ავდექი და რამდენჯერმე ჩავიარე კარს უკან. ისიც ადგა და გამომყვა. შვედი მწვრთნელები მიხვდნენ, რომ ცუდად იყო იმის საქმე და გამოცვალეს, ჩვენი ქომაგები კი გულიანად ხარხარებდნენ“

ალექსანდრე ანპილოგოვი

„ხელბურთზე მეგობრებთან ერთად მივედი - გარი მაჭავარიანს მივაკითხეთ. მწვრთნელმა შემომხედა, სამედიცინო ცნობა მომთხოვა, არ მქონდა და თავი გააქნია - უარი მითხრა, მეგობრები კი მიიღო. ძალიან დამწყდა გული, ტრიბუნაზე მჯდარს ცრემლიც მომერია. ეტყობა ბატონ გარის შევეცოდე და მოედანზე მიხმო, თუმცა მითხრა: იცოდე, შენნაირს მოედანზე რომ ვუშვებ, ამის გამო შეიძლება დამიჭირონო... 14 წლის ვიყავი მაშინ და იმ დღის შემდეგ ხელბურთისთვის არ მიღალატია.

1976 წელს, მონრეალის ოლიმპიური თამაშების წინ მთავარ ფავორიტებად რუმინელები ითვლებოდნენ, იმ დროისთვის მსოფლიოს ოთხგზის ჩემპიონები. ოლიმპიადამდე მათ ოთხჯერ ვეთამაშეთ ამხანაგურად და ყველა შეხვედრა წავაგეთ. მიუხედავად ამისა, გვჯეროდა, რომ იქ, ოლიმპიადაზე ჩემპიონობის ძალიან კარგი შანსი გვქონდა. ჯგუფური ტურნირის სტარტზე ორჯერ იოლად გავიმარჯვეთ - იაპონიას 26:16, კანადას კი 25:9 მოვუგეთ. მომდევნო შეხვედრაშიც თავდაჯერებულები გავედით, მაგრამ იუგოსლავიელებმა ორი ბურთით მოგვიგეს - 18:20. მერე გერმანელებსაც ვაჯობეთ და დანიელებსაც... ფინალში ჩვენს „კარგ ნაცნობებს" - რუმინელებს დავუპირისპირდით. კარგად ვითამაშეთ, მთელი შეხვედრის მანძილზე ჩვენ ვფლობდით უპირატესობას, თუმცა უკანასკნელ ხუთ წუთში სიტუაცია შეიცვალა - მეტოქემ იძალა და ანგარიში გაათანაბრა. სათადარიგოთა სკამზე ვიჯექი, როცა ჩვენი მწვრთნელი ანატოლი ევტუშენკო მოვიდა და მითხრა, ეხლა მოედანზე გახვალ, ბიჭებს დააწყნარებ და გოლს გაიტან! იცოდე, ვინც პირველი შეაგდებს, ჩემპიონიც ის გახდებაო... მეც მეტი რა მინდოდა?! თამაშში ჩართულმა მალე ბურთი ეფექტურად შევაგდე, საბოლოოდ კი 19:15 მოვიგეთ და ოლიმპიური ჩემპიონები გავხდით!

მონრეალის ოლიმპიური თამაშების მერე მსოფლიოს საუკეთესო ხელბურთელთა შორის მასახელებდნენ. სხვათა შორის, ორჯერ მსოფლიო ნაკრებშიც ვითამაშე!

1980 წელს, მოსკოვის ოლიმპიადაზე უკვე მთავარი ფავორიტები ვიყავით. ეს ორი მიზეზით იყო განპირობებული: ჯერ ერთი რომ თამაშები საბჭოთა კავშირში ტარდებოდა, მეორეც - იმ დროისთვის მართლა ძალიან ძლიერები ვიყავით. მიუხედავად ამისა, მაინც მეორე ადგილზე გავედით, რაზეც დღემდე გული მწყდება. მაშინაც ვთვლიდი და ეხლაც იმ აზრზე ვარ, რომ ფინალში ჩვენი წაგება მთავარი მწვრთნელის ანატოლი ევტუშენკოს ბრალია. ის ნიჭიერი სპეციალისტი კი იყო, მაგრამ განდიდების მანიით გახლდათ შეპყრობილი. ამის გამო ხშირად ექმნებოდა პრობლემები.

მონრეალის მსგავსად, მოსკოვის ოლიმპიადაც ძლიერად დავიწყეთ. ჯგუფში მხოლოდ ერთხელ წავაგეთ - რუმინეთთან 19:22, თუმცა ფინალის საგზური მაინც ჩვენ დაგვრჩა. გადამწყვეტ შეხვედრაში გერმანიის დემოკრატიული რესპუბლიკის ნაკრებს ვხვდებოდით. პირველ ტაიმში მართლა უნაკლოდ ვითამაშეთ, შვიდი თუ რვა ბურთით მოვიგეთ და შესვენებაზე გულდამშვიდებულები გავედით. ამ დროს კი ევტუშენკო გასახდელში აღელვებული შემოვიდა, თან პარტაქტივი ახლდა. ბიჭებს შავი დღე გვაყარა, იცოდეთ, ჩემი ტაქტიკით თუ არ ითამაშებთ, ციმბირი უკან დაგრჩებათო! გაგვთათხა და დაგვემუქრა! მწვრთნელის ასეთმა საქციელმა ხასიათი წაგვიხდინა. მეორე ტაიმში ცუდად არ გვითამაშია, მაგრამ მწვრთნელის „გონივრული დარიგების" შემდეგ კონცენტრაცია დავკარგეთ, ამის შედეგად უპირატესობა თვალსა და ხელს შუა შემოგვეცალა და საბოლოოდ ფინალი 22:23 წავაგეთ.

ნაკრებთან ერთად ოლიმპიადაც მოვიგე და მსოფლიო ჩემპიონატიც, მაგრამ „ბურევესტნიკის" შემადგენლობაში საკავშირო ჩემპიონი ვერ გავხდი. გული როგორ არ მწყდება, მაგრამ იცით რა არის? მიუხედავად არაერთი მიპატიჟებისა, თბილისიდან წასვლა არ მიფიქრია - მეგობრების, ოჯახის, ჩემი მშობლიური ქალაქის მიტოვება მიჭირდა.

შეეძლო თუ არა „ბურევესტნიკს" მეტის მიღწევა? როგორ გითხრათ, ალბათ კი. კარგი შემადგენლობა გვყავდა: გია ნარიმანიძე, ზაზა დოლიძე, ვახტანგ და გიორგი ბერიაშვილები, ამირან კომახიძე, ალექსანდრე ნავროზაშვილი, ამბერკი ტაბიძე, ჯემალ ბარამიძე... სამჯერ გავხდით საკავშირო ჩემპიონატის პრიზიორები - მესამე ადგილზე გავედით, თასიც მოვიგეთ, აი ჩემპიონობამდე კი ვერ მივედით. იცით რატომ? მთელი სეზონი რვა-ცხრა კაცის მხრებზე გადადიოდა, ეს კი პირველობის მიწურულს საქმეს გვირთულებდა. მოწინავე კლუბებს თითქმის სრულფასოვანი სათადარიგო შემადგენლობა ჰყავდათ“.