თბილისის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის განახლების პროექტზე მომუშავე „სითი ინსტიტუტი საქართველოს“ დირექტორი მამუკა სალუქვაძე ამ ეტაპზე დაუშვებლად მიიჩნევს თბილისის ზღვაზე 261 ჰექტარ მიწის ფართობზე „ახალი ქალაქის“ მშენებლობას. მისი თქმით, არ შეიძლება, დედაქალაქის გენგეგმაზე მომუშავე გუნდთან კოორდინაციისა და მომავალი გენგეგმის ხედვებისა და ძირითადი პრინციპების გაუთვალისწინებლად ახალი ტერიტორიების ათვისება.
ამასთან დაკავშირებით მამუკა სალუქვაძე ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრ დიმიტრი ქუმსიშვილსა და ქალაქ თბილისის მერს დავით ნარმანიას განცხადებითაც მიმართავს და გენგეგმის დასრულებამდე ამ პროექტის შეჩერებას მოითხოვს. For.ge-სთან საუბარში კი აცხადებს, რომ თბილისის ზღვაზე 261 ჰექტარ მიწის ფართობზე „ახალი ქალაქის“ მშენებლობის იდეის შესახებ მათ კარგა ხანია, იცოდნენ, შესაბამის საპროექტო დოკუმენტაციასაც გაეცნენ და მნიშვნელოვანი შენიშვნების გამო უარით გაისტუმრეს ამ პროექტის ავტორები.
„თავის დროზე „ახალი ქალაქის“ მშენებლობაზე უარი გვაქვს ნათქვამი, რადგან აქ იყო ისეთ განაშენიანებაზე საუბარი, რომელიც ჩვენი გენგეგმის ჯგუფისთვის მიუღებელი გახლდათ. ეს საცხოვრებელ სახლებს ეხებოდა. ბუნებრივია, ჩვენ წინააღმდეგნი ვიყავით ამ ტერიტორიის ამგვარი ათვისების და, საერთოდ, ასეთი მსხვილი პროექტების განხორციელება მანამ, სანამ გენგეგმა არ დასრულდება, წარმოუდგენლად მიგვაჩნდა. ეს ხელს შეუშლიდა გენგეგმის წარმოებას და კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენებდა გენგეგმის მნიშვნელობასაც. გახსოვთ, ალბათ, თავის დროზე ქალაქის გენგეგმის შესახებ ჩვენი ხედვა როცა მოიწონეს და ამ ხედვამ გაიმარჯვა კიდეც, ამ ხედვაში სწორედ ის იყო ძირითადი, რომ სტაბილიზაციის პერიოდი უნდა უძღოდეს წინ მდგრადი ქალაქის ჩამოყალიბებას. ამიტომ სტაბილიზაციის ეტაპზე საჭიროა გარკვეული შეზღუდვები. ეს ყველამ უნდა გაითავისოს და გაიგოს, რისი აშენება შეიძლება, სად შეიძლება და რა მასშტაბით. ახლა, თუ ჩვენს გენგეგმას არ დააცლიან და ისე გაკეთდება დიდი პროექტები თბილისის სხვადასხვა უბნებში, მაშინ გენგეგმა აზრს დაკარგავს“, - აღნიშნა მამუკა სალუქვაძემ.
მით უმეტეს, საუბარია ისეთ ადგილებზე, სადაც მამუკა სალუქვაძის თქმით, ამ ეტაპზე განაშენიანების და ახალი ტერიტორიების ათვისების აუცილებელობა არ არის. უფრო მეტიც, თბილისის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის განახლების პროექტზე მომუშავე „სითი ინსტიტუტი საქართველოს“ დირექტორი გვიცხადებს, რომ, საერთოდაც, ისინი ინტენსიური განვითარების მომხრეები არიან და არა -ექსტენსიურის (რაოდენობრივი და არა - ხარისხობრივი). ეს კანონმდებლობითაც ასეა გაწერილი და ახალი ტერიტორიების ათვისება არ შეიძლება, თუკი ამის საჭიროება არ არის და, თუკი განსაკუთრებული პროექტი არ არსებობს, რომელთა დაკავშირებითაც კონსენსუსი მიიღწევა.
„მესმის, ინვესტორს თავისი გათვლები აქვს, მაგრამ ქალაქი ამ ტიპის გათვლების გამო ხშირად ზიანდებოდა და ზიანდება კიდეც. ჩვენს უცხოელ პარტნიორებთან ერთად ყოველდღიურად ვმუშაობთ, კონცეფციის დონეზე წარმოვადგენთ გარკვეულ წინადადებებს და, წარმოიდგინეთ, როგორი ხელის შეშლაა ამგვარი პროექტების განხორციელება. ამ კონკრეტულ შემთხვევაში პირდაპირ გეტყვით, რომ გვქონდა შეხვედრა ამ ჯგუფთან, ასევე, საპარტნიორო ფონდთან, ჩარჩო-გეგმას ვინც აკეთებს, და შევთანხმდით, რომ მათ შემოთავაზებას ძალიან სკრუპულოზურად განვიხილავთ. ჩვენ საკმაოდ პრინციპულნი ვიქნებით ჩვენს პოზიციაში“, - განმარტა მამუკა სალუქვაძემ და დასძინა, რომ გეგმა-გრაფიკის მიხედვით, ქალაქის გენგეგმაზე მუშაობა 2017 წლის აპრილში დასრულდება.
არქიტექტორი ვახტანგ დავითაია For.ge-სთან საუბარში ადასტურებს, რომ არანაირი მშენებლობის დაწყება არ შეიძლება, სანამ გენერალური გეგმის ძირითადი დოკუმენტი, ანუ თბილისის კონსტიტუციის კონცეფცია და სტრატეგია არ დამუშავდება.
„ზუსტად არ ვარ ჩახედული, რას ითხოვენ თბილისის ზღვის ტერიტორიაზე განაშენიანების მოსურნეები. გასაგებია, რომ 261 ჰექტარ მიწის ფართობზე რეკრეაციული ინფრასტრუქტურის, სასტუმროების, გასართობი ცენტრების აშენება სურთ, მაგრამ ჯერ უნდა დაიდოს ძირითადი გენგეგმა და ამის შემდეგ განხორციელდეს ცალკეული პროექტები. ამას რომ არ ვაკეთებდით, ის უბედურება იმიტომაც სჭირს თბილისს.
საარჩევნო პროგრამების არ იყოს, სამშენებლო კომპანიები ყველაფერს გვთავაზობენ, მაგრამ ჩვენ ხომ ვიცით, რეალურად რისი აშენება შეიძლება და რისი არა. თუ საჭირო იქნება, თუკი პროფესიონალები და ხელისუფლება ჩათვლის, რომ ინვესტორის პროექტი განხორციელებადია, მაშინ გენერალურ გეგმაშიც რომ არ იყოს გათვალისწინებული, მაინც შეიძლება ამ გეგმის კორექტირება. თუმცა მანამდე გენერალური გეგმის დოკუმენტი უნდა დაიდოს“, - აღნიშნა ვახტანგ დავითაიამ.
შეგახსენებთ, რამდენიმე დღის წინ დაანონსდა, რომ საპარტნიორო ფონდთან პარტნიორობით „ჯინო გრინ სითი კორპორაცია“ თბილისის ზღვის ტერიტორიაზე 700 მილიონიანი დოლარის ღირებულების ეკოქალაქის მშენებლობას იწყებდა. ამ მიზნით თბილისის მერიამ საპარტნიორო ფონდს 261 ჰა მიწის ფართობი გადასცა. „ჯინო გრინ სითი კორპორაცია“ სლოვაკურმა კომპანია „ჯინო ინვესტმა“ დააფუძნა.
საპარტნიორო ფონდის აღმასრულებელი დირექტორი დავით საგანელიძე სლოვაკეთში საქმიანი ვიზიტის დროს სხვადასხვა ბიზნესწრეებს შეხდვა. შეხვედრების მთავარი თემა საქართველოს საინვესტიციო პოტენციალი და სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები იყო.
სლოვაკი ინვესტორები საქართველოში ერთი თვის წინ იმყოფებოდნენ, დაათვალიერეს რეგიონები, მათ შორის - რაჭა და საპარტნიორო ფონდთან თანამშრომლობის ხელშეკრულებას მოაწერეს ხელი.