ყველაზე ცნობილი მომღერალი ფეხბურთელები

ყველაზე ცნობილი მომღერალი ფეხბურთელები

სლავენ ბილიჩიხორვატია

ხორვატიის ნაკრების ყოფილი თავკაცი, რომლის გაწვრთნილი გუნდი საქართველოს ნაკრებმა თავისი არსებობის ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე დასამახსოვრებელ მატჩში დაამარცხა, ფეხბურთელობის დროს საკმაოდ წარმატებული მცველი იყო და ხისტი თამაშით გამოირჩეოდა. ამას გარდა, ბილიჩი ენთუზიასტი მელომანიც ყოფილა. ტრეშ-მეტალ ჯგუფ "Rawbau"-სთან ერთად, გასტროლებზეც კი დადიოდა და რიტმ-გიტარაზე უკრავდა. უკანასკნელად ბილიჩმა ჯგუფთან ერთად, 2008 წლის ევროპის ჩემპიონატის დაწყებამდე დაუკრა.

კევინ კიგანიინგლისი

ინგლისის ნაკრებისა და გერმანული „ჰამბურგის” ლეგენდამ, „პუდელად” წოდებულმა, კევინ კიგანმა 1979 წელს ვიდეოკლიპი გადაიღო რომანტიკულ სიმღერაზე – "Head Over Heals in Love" და თავისი საშინელი ვოკალით გააკვირვა ქომაგები. სიმღერის ავტორი ცნობილი კომპოზიტორი და შემსრულებელი კრის ნორმანი იყო. კიგანის ბალადამ ინგლისურ ჩარტებში 31-ე პოზიცია, ხოლო გერმანიაში მეათე ადგილი დაიკავა.

ალექსი ლალასიამერიკის შეერთებული შტატები

ამერიკის შეერთებული შტატების ექსცენტრიკულმა მცველმა, 1994 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე თავისი უჩვეულო იერით განთქმულმა ალექსი ლალასმა სპორტული კარიერის დასრულების შემდეგ, წარმატებული კარიერა აიწყო მუსიკალურ სფეროში. ლალასი ქანთრის სტილში გამოდიოდა და ორი სოლო ალბომი ჩაწერა. გარდა ამისა, ფეხბურთელს გასტროლები ჰქონდა ამერიკის შტატებში.

პოლ გასკოინიინგლისი

სანამ საბოლოოდ გალოთდებოდა, ქარიზმატულმა გაზამ, ანუ პოლ გასკოინმა, ინგლისის ყველა დროის ერთ-ერთმა საუკეთესო ნახევარმცველმა, ჯგუფ "Lindisfarne"-თან ჰიტური კომპოზიცია – "Fog on the Tyne Revisited" ჩაწერა. სიმღერა ბრიტანეთის კუნძულებზე, ადგილობრივ ჩარტებში, მეორე ადგილზე გავიდა და მელომანთა მოწონება დაიმსახურა.

რაიან ბაბელიჰოლანდია

ჰოლანდიის ნაკრებისა და გერმანული „ჰოფენჰაიმის” შემტევმა ნახევარმცველმა, რაიან ბაბელმა ჰოლანდიურ ჯგუფ „რიოსთან” ერთად, ერთ-ერთ კლიპში გარეპა. ამ ჟანრის მცოდნეების თქმით, რეპის წაკითხვა მას საკმაოდ კარგად გამოუვიდა. საფეხბურთო ექსპერტების თქმით, ფეხბურთის თამაში ბაბელს რეპის წაკითხვაზე უარესად გამოსდის და შესაძლოა, კარიერის დასრულების შემდეგ, მან სწორედ მუსიკალურ სამყაროს მიაშუროს.

ჯონ ოლდრიჯი და სტივ მაკმაჰონიირლანდია

1988 წელს „ლივერპულის” ნახევარმცველ კრეიგ ჯონსონს გუნდისთვის ჰიმნის ჩაწერის იდეა მოუვიდა. კომპოზიციას "Anfield rap"ეწოდა და მთავარი შემსრულებლები: თავდამსხმელი – ჯონ ოლდრიჯი და ნახევარმცველი – სტივ მაკმაჰონი იყვნენ. კომპოზიციამ მესამე ადგილი დაიკავა ინგლისურ ჩარტებში.

პელებრაზილია

პლანეტის ნომერ პირველი ფეხბურთელი, ისევე ვირტუოზულად ფლობს გიტარას როგორც ბურთს. ედსონ არანტეს დუ ნასიმენტოს სამშობლოში რამდენიმე ალბომი აქვს გამოშვებული სამბას სტილში.

ენდი კოულიინგლისი

1999 წელს „მანჩესტერ იუნაიტედის” ფორვარდმა, ენდი კოულმა ჩაწერა სინგლი – "Outstanding", თუმცა კოულის ვოკალური მონაცემები აშკარად ჩამოუვარდებოდა მის ბომბარდირულ თვისებებს – სიმღერა, გარდა იმისა, რომ ინგლისური ჩარტების ტოპ-40-შიც კი ვერ მოხვდა, ასევე ბოლო გამოდგა დამწყები მუსიკოსისთვის.

გლენ ჰოდლი და კრის უოდლიინგლისი

ლონდონის „ტოტენჰემისა” და ინგლისის ნაკრების ფეხბურთელებმა – კრის უოდლმა და გლენ ჰოდლმა 1987 წელს ჩამოაყალიბეს დუეტი „გლენ ენდ კრის” და ჩაწერეს სინგლი „დაიმონდ ლაითს”, რომელიც ბრიტანული ჩარტების მეთორმეტე პოზიციაზე მოხვდა. გარდა ამისა, კომპოზიცია მოხვდა იმ წლის მუსიკალურ კრებულში – "Top of the Pops". ფეხბურთელებმა ამ სიმღერაზე ვიდეოკლიპიც გადაიღეს. გადაღების დროს კრის უოდლს ახალი გაკეთებული ჰქონდა ოპერაცია მარცხენა ხელზე და კლიპში ის გიტარის გარეშე მღეროდა.