მიხეილ სააკაშვილი - ისტორიის სანაგვეზე!!!

მიხეილ სააკაშვილი - ისტორიის სანაგვეზე!!!

დამოუკიდებლობის დღის პირველივე წუთებში შინაგან საქმეთა სამინისტროს სპეციალური დანიშნულების რაზმმა რუსთაველის გამზირზე აქცია დაარბია. მოსახდენი მოხდა. ალბათ, არავის ჰქონდა იმის ილუზია, რომ საქართველოს ხელისუფლება დათმობდა. იყო წყლის ჭავლი, იყო რეზინის ტყვიები და იყო მხუთავი გაზი. ხელისუფლებამ, რომელმაც 5 დღეში დათმო საქართველოს ტერიტორიების 20 პროცენტი, საპროტესტო აქციების მეხუთე დღეს, 20 წუთში „დაიბრუნა“ რუსთაველის გამზირი.

გათვლა ორივე მხრიდან სწორად გაკეთდა. ხელისუფლება დარწმუნებული იყო, რომ ნინო ბურჯანაძის ავტორიტეტი 2-3 ათას ადამიანს თუ მიიყვანდა რუსთაველის გამზირზე, ხოლო 2-3 ათასი ადამიანის დარბევა სააკაშვილისთვის არავითარ პრობლემას არ წარმოადგენს, მით უმეტეს თუ რამდენიმე საათში აღლუმია მისაღები.

თავის მხრივ „სახალხო კრებისთვის“ და პირადად ნინო ბურჯანაძისთვის ეს იყო საუკეთესო გამოსავალი - აქციები უსასრულოდ ვერ გაგრძელდებოდა. საპროტესტო მუხტის მინავლება და აქციის უსახელოდ დასრულება ნინო ბურჯანაძის პოლიტიკური სიკვდილის ტოლფასი იყო. ახლა კი, აქცია დასრულებულია, ნინო ბურჯანაძე ერთი ნაბიჯით მიუახლოვდა სანუკვარი ოცნების ასრულებას - პარლამენტის ექს-თავმჯდომარეს პრეზიდენტობა სურს. ნაკლებს იგი არასოდეს დათანხმდება.

ნინო ბურჯანაძის პოლიტიკური და არაპოლიტიკური ნაბიჯების შეფასება უახლოეს დღეებში მოხდება. შესაბამის განცხადებას გააკეთებენ პოლიტიკური და არასამთავრობო ორგანიზაციები, ცალკეული ადამიანები და საზოგადოება. რაც შეეხება მიხეილ სააკაშვილს, „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ და მთლიანად ხელისუფლებას, საკუთარ თავს მათ უკვე საბოლოოდ გამოუტანეს განაჩენი - მათი ადგილი ისტორიის სანაგვეზეა.

ხელისუფლებამ კიდევ ერთხელ გაილაშქრა საკუთარი ხალხის წინააღმდეგ და კიდევ ერთხელ მიიღო სიამოვნება, ხოლო ქართულმა საზოგადოებამ კიდევ ერთხელ იგემა „ვარდების რევოლუციის“ შემქმნელთაგან მოწყვეტილი ნაყოფი.

დაჭრილი და დაკარგულია რამდენიმე ადამიანი, ათობით ადამიანი მიწაზე გაკოჭილი ყავდა სპეცრაზმს. ნიღბიანები ქუჩებში დასდევდნენ მომიტინგეებს, გამეტებით ურტყამდნენ ხელჯოხებს და რეზინის ტყვიებს უშენდნენ. საავადმყოფოები გადავსებულია დაშავებული ადამიანებით, ნაცემები არიან ჟურნალისტები. გარდაიცვალა ერთი ადამიანი, სააკაშვილმა საკუთარ ხალხს, კიდევ ერთხელ, მოუწყო განკითხვის დღე  - ეს არის სააკაშვილი დემოკრატია.

ვანო მერაბიშვილმა პირნათლად  შეასრულა დანაპირები. მან ჯერ კიდევ რამდენიმე დღის წინ გასცა ბრძანება, რომ მკაცრად გასწორებოდნენ მომიტინგეებს - კარგად „დაეუთოვებინათ“, რათა მომავალში ოპოზიციას ვერ გაებედა ხმის ამოღება.

ქართველი ხალხის სირცხვილი ხარ, მერაბიშვილო, სირცხვილი ხარ მიხეილ სააკაშვილო და სამარცხვინოები ხართ „ნაციონალური მოძრაობის“ თავგადაკლულუ ლიდერებო, რადგამ 26 მაისს წარბიც არ შეგიტოკდებათ ისე ჩაიბარებთ აღლუმს იმ ჯარისკაცებისგან, რომელიც რამდენიმე საათის წინ შეუსიეთ საკუთარ ხალხს.  სამარცხვინო ხართ, რადგან თქვენს ქვეყანაში, როდესაც ხალხს არბევდით, თქვენი ტელევიზიები გასართობ შოუებს გადასცემდნენ თქვენთვის. და, რომ თქვენ ქვეყნის სირცხვილი ხართ, ეს ჯერ კიდევ 2007-2008 -2009 წლებში დაადასტურეთ.

რაც შეეხება ნინო ბურჯანაძეს, მასაც ვეკითხებით - როდესაც საზოგადოებას და პოლიტიკურ პარტიებს აკისრებთ პასუხისმგებლობას იმის გამო, რომ არ შემოგიერთდნენ, გრძნობთ თუ არა პასუხისმგებლობას და სირცხვილს, როდესაც ზუსტად ასევე მოუწოდებდით არჩევნებში არმონაწილეობისკენ საზოგადოებას?  რომ არა მაშინ თქვენი და თქვენნაირების მოწოდება და საზოგადოებაში ნიჰილიზმის დათესვა, ფიქრობთ თუ არა, რომ დღეს სხვა რეალობა იქნებოდა?

არ გრცხვენიათ იმის გახსენება, რომ 2007 წელს, როდესაც ქუჩაში გაცილებით მეტი ადამიანი იყო გამოსული და სააკაშვილმა მძინარე ხალხი დაარბია, თქვენ თბილად იჯექით მიხეილ სააკაშვილის ხელისუფლებაში? დღეს რატომ გიკვირთ ის, რაც მოხდა, როცა ზუსტად ეს იყო თქვენი მიზანი - დაერბიეთ. თქვენ ხომ იცოდით, რომ სააკაშვილი, რომელიც ყოველთვის პირადი ამბიციებით ხელმძღვანელობს, მომიტინგეებს არ დაინდობდა?

როდემდე უნდა ვუყუროთ როგორ ზარალდება ანგარებიანი პოლიტიკოსების ამბიციების გამო, ხალხი, რომელიც გულწრფელად, უანგაროდ გამოდის ქუჩაში? რატომ არ აჩვენეთ ხალხს პირადი თავგანწირვის მაგალითი, რომელსაც გვპირდებოდით? სააკაშვილი და მისი ხელისუფლება აუცილებლად აღმოჩნდება იქ, სადაც მათი ადგილია, მაგრამ ის ავანტურაც, რომელსაც ამ რამდენიმე დღის განმავლობაში ვადევნებდით თვალს, ასევე არ დარჩება შეუფასებელი საზოგადოების მხრიდან.