ოქრუაშვილის კარგად დავიწყებული ახალი გატაცება

ოქრუაშვილის კარგად დავიწყებული ახალი გატაცება

სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2“-ის ადვოკატებმა უზენაეს სასამართლოში ოქრუაშვილი-ხალვაშის შეთანხმების დოკუმენტი წარადგინეს, რომლითაც მათივე თქმით, მთლიანად უნდა შეიცვალოს საქმის მსვლელობა. „რუსთავი 2“-ის „სკანდალურ დოკუმენტში“, საუბარია ქიბარ ხალვაშსა და ირაკლი ოქრუაშვილს შორის 2010 წლის გერმანიაში გაფორმებულ ხელშეკრულებაზე, რომლის მიხედვითაც ბიზნესმენი, რომელიც „რუსთავი 2“-ზე პრეტენზიას აცხადებს, თავად აღიარებს, რომ სამაუწყებლო კომპანიის ყველა უფლება ირაკლი ოქრუაშვილს ეკუთვნის. თუმცა, ამ „სკანდალური დოკუმენტის“ არსებობას არ ადასტურებს ქიბარ ხალვაში, რომლის განცხადებით დოკუმენტი ყალბია.

„რუსთავი 2“ - ის ადვოკატი თამთა მურადაშვილი აცხადებს, რომ აღნიშნული მტკიცებულებები სასამართლოს დაეხმარება, დასაშვებად ცნოს საქმე და დააკმაყოფილოს სამაუწყებლო კომპანიის სასარჩელო მოთხოვნა, რომელიც გულისხმობს საქმის ქვემდგომ ინსტანციაში, სააპელაციო სასამართლოში დაბრუნებას, რათა, მისივე თქმით, საქმე სრულყოფილად იქნას გამოკვლეული და დადგინდეს ჭეშმარიტება.

შეგახსენებთ, რომ „რუსთავი 2“-ის ხელმძღვანელობის მტკიცებით, მათ მოიპოვეს დოკუმენტი, რომლითაც მტკიცდება, რომ ტელეკომპანია ხალვაშის საკუთრებაში არასდროს ყოფილა. დოკუმენტი 2010 წლის 4 თებერვლით თარიღდება და ის ირაკლი ოქრუაშვილსა და ქიბარ ხალვაშს შორის შეთანხმებას მოიცავს. დოკუმენტი 5 პუნქტისგან შედგება, სადაც ერთი მხრივ, ირაკლი ოქრუაშვილი და მეორე მხრივ, ქიბარ ხალვაში წინამდებარე შეთანხმების გაფორმებით ადასტურებენ ადრე დადებულ ზეპირ შეთანხმებებს, რომლებიც დროდადრო იდებოდა მხარეებს შორის.

კერძოდ: „მხარეები ადასტურებენ, რომ გასული 5 წლის განმავლობაში ქიბარ ხალვაშმა ირაკლი ოქრუაშვილისგან და მასთან აფილირებული პირებისაგან მიიღო 7 700 000 დოლარი სესხის სახით. ზემოაღნიშნულის დასტურად ქიბარ ხალვაში თანხმდება, რომ აღნიშნულ თანხას წლიური 10%-იან სარგებელთან ერთად, ირაკლი ოქრუაშვილს სრულად უკან დაუბრუნებს ამ უკანასკნელის მოთხოვნის შესაბამისად არაუგვიანეს 2015 წლის 1-ლი იანვრისა. პლუს ზემოაღნიშნული პროცენტის დამატებით, პროცენტის რაოდენობა აითვლება 2008 წლის 4 თებერვლიდან და გამოითვლება სრული თანხიდან.

ამავე დოკუმენტით მხარეები ადასტურებენ, რომ ირაკლი ოქრუაშვილის მიერ ქიბარ ხალვაშის სახელითა და მეშვეობით შეძენილ იქნა ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის 100%-იანი წილი, რომლის გარიგებებიც სრულად იქნა დაფინანსებული ირაკლი ოქრუაშვილის მიერ. ქიბარ ხალვაში ადასტურებს, რომ ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის შესაძენად დადებულ ყველა გარიგებაში წარმოადგენდა ირაკლი ოქრუაშვილის ნომინირებულ პირს და მოქმედებდა მისი სახელით.

შესაბამისად, „რუსთავი 2“-ზე, მის წილებზე, აქტივებზე, ინტელექტუალურ საკუთრებაზე, მის წილთა შემძენ კომპანიებზე, არხის მესაკუთრეობასთან დაკავშირებულ ყველა პრეტენზიაზე უფლებები ეკუთვნის ირაკლი ოქრუაშვილს. ქიბარ ხალვაში არ იმოქმედებს „რუსთავი 2“-თან დაკავშირებულ არც ერთ საკითხში ირაკლი ოქრუაშვილთან შეთანხმების გარეშე. ქიბარ ხალვაში წინამდებარე პუნქტის დარღვევის, ან სადაოდ გახდის შემთხვევაში ვალდებულებას იღებს ირაკლი ოქრუაშვილს კომპენსაციის (ჯარიმის) სახით გადაუხადოს 7 000 000 (შვიდი მილიონი) ამერიკული დოლარი“, - ეს არის დოკუმენტი, რომელსაც ტელეკომპანია „რუსთავი 2“ ავრცელებს.

ხელშეკრულების აუთენტურობას ადასტურებს ირაკლი ოქრუაშვილი, რომელიც უახლოეს პერიოდში ქიბარ ხალვაშის წინააღმდეგ სამართლებრივი დავის დაწყებას აპირებს.

„ქიბარ ხალვაშს არასდროს არაფერი ეკუთვნოდა, მისი არასდროს არაფერი ყოფილა, ამ შემთხვევაში „რუსთავი 2“-ს ვგულისხმობ. ასეთი დოკუმენტი არსებობს და ვადასტურებ“, - განუცხადა ირაკლი ოქრუაშვილმა „რუსთავი 2“-ს.

ოქრუაშვილისგან განსხვავებით ამ დოკუმენტის არსებობას არ ადასტურებს ქიბარ ხალვაში, რომლის განცხადებით ოქრუაშვილმა იმდენი არ ქნას, რომ საერთოდ უსახლკაროდ დარჩეს.

„მართალი ყოფილა ახალი საუკუნის ქართული ანდაზა - ყოფილი ნაცი არ არსებობს. „ნაციონალი“ არის ყველა ვინც ცხოვრობს წესით - ხელისუფლებისთვის და ფულის საშოვნელად „ყველაფერი მოსულა“. ამას წარსული დავიწყებია და აუცილებლად შევახსენებ. იმდენი არ ქნას უსახლკაროდ დარჩეს. „მაესტროს“ ამბები რომ წამოიწყეს, მგონი 2012 იყო, იმის შემდეგ ურთიერთობა არ მქონია, ვფიქრობდი რომ მიშასთან შეთანხმებით მუშაობდა, მაგრამ მაინც ბოლომდე არ მეჯერა. ახლა დავიჯერე. მაინც მეცოდება, გავაფრთხილებ - მიშასთან თამაში საშიშია“, - წერს „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე ქიბარ ხალვაში.

ბიზნესმენ ქიბარ ხალვაშის ადვოკატის, პაატა სალიას მტკიცებით, „რუსთავი 2“-ის გუშინ გავრცელებული დოკუმენტი ყალბია და მას უზენაეს სასამართლოში ჩანიშნულ პროცესთან არანაირი კავშირი არ აქვს. როგორც სალია for.ge-სთან საუბრისას აცხადებს, ქიბარ ხალვაში ცალსახად გამორიცხავს და კატეგორიულად უარყოფს მსგავსი შეთანხმების არსებობას ირაკლი ოქრუაშვილთან და რაიმე დოკუმენტზე ხელმოწერას. მისივე თქმით, ის, რაც „რუსთავი 2“-ის ეთერით იყო ნაჩვენები, ყალბი დოკუმენტია.

„ყველაფრი გასაგებია. ეს ინფორმაცია გადავამოწმე ხალვაშთან და მისი განცხადებით, არა თუ ეს დოკუმენტია ყალბი, არამედ, არანაირი ასეთი შეთანხმება არ ყოფილა და ასეთ დოკუმენტზე ხელი არ მოუწერია. არანაიარი კომუნიკაცია არ ყოფილა ოქრუაშვილსგან და მით უმეტეს რამე ოფიციალური წერილი არ ყოფილა მოწერილი დავის პერიოდში. ჩვენ ყოველთვის მზად ვართ ვიდაოთ სასამართლოში. ვნახავთ რა დოკუმენტაციას წარმოადგენს ამ შემთხვევაში ოქრუაშვილი.

რეალურად ოქრუაშვილს „რუსთავი 2“-ის წილების ინტერესი რომ ჰქონდეს და ეს ხელშეკრულება ერთი წამით ჩავთვალოთ, რომ რეალუარია, მაშინ ეს სხვა დავის საგანია და ამ დავასთან კავშირი არ აქვს. თუ ვინმე ყურადღებით წაიკითხვას ამ თითქოსდა შეთანხმებას, იქ საუბარია ფინანსურ სანქციებზე. ეს არის ინსტრუმენტი, რომელიც ახლა შეიქმნა იმისათვის, რომ ხალვაშის გამარჯვების შემთხვევაში, მას ხელი შეუშალონ გადაწყვეტილების აღსრულებაში.

ამ ყალბი დოკუმენეტის შინაარსი მაგონებს იმ დოკუმენტს, რომელიც თავის დროზე ტელეკომპანია „საქართველოს“ წილების გასხვისების მიზნით შეიქმნა იმ ბუნდოვანი ჩანაწერებით, რომელიც თვითონ მხარეებმა ვერ გაარკვეს. ანალოგიურ სტილშია შედგენილი ეს ხელშეკრულება.

7 მილიონ ვალს აღიარებს ქიბარ ხალვაში ოქრუაშვილის მიმართ, რომელმაც თურმე წლიური 10%-ით მისცა ეს ფული, ხოლო 2015 წლის 1 იანვარს უნდა დაებრუნებინა თურმე ხალვაშს ფული, მაგრამ ოქრუაშვილს აქამდე არ მოუთხოვა ეს ფული. ახლა, უზენაესი სასამართლოს პროცესის წინა დღეს უჩნდება პრეტენზია ოქრუაშვილს.

ცალსახად, ეს არის შეთანხმება დღევანდელ მესაკუთრეებთან, რომ უზენაესი სასამართლოს მიერ, ქიბარ ხალვაშის სარჩელის დაკმაყოფილების შემთხვევაში, რაც შეიძლება გადაავადონ უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება. ყოველი პროცესის წინ რაღაცა „სენსაციური“ ინფორმაციის გამოცხობას ცდილობს „რუსთავი 2“, ეს არის და ეს, მეტი არაფერი“, - აცხადებს პაატა სალია.

რაც შეეხება აღნიშნული დოკუმეტზე ხალვაშის ხელმოწერის ავთენტურობას, ტელეკომპანია „რუსთავი 2“ აცხადებს, რომ ავთენტურობა დადასტურებულია, რასაც ასევე არ ადასტურებს პაატა სალია.

„ძალიან მაინტერესებს რა ექსპერტიზის დასკვნაზე საუბრობენ? ვისაც ხელმოწერების შემოწმების ავთენტურობის დადგენასთან ჰქონია საქმე, იცის, რომ ექსპერტიზა სხვადასხვა ნიმუშების ურთიერთშედარებით ტარდება. ხელმომწერი პირისგან იღებენ რამდენიმე ნიმუშს და ამის მიხედვით ამოწმებენ, ძალიან მაინტერესებს რომელი ექსპერტიზით დადგინდა ქიბარ ხალვაშის ხელმოწერა, სად აქვთ დედანი დოკუმენტები, რომელზეც არსებობს ხალვაშის ხელმოწერები?“, - აცხადებს პაატა სალია.

ქიბარ ხალვაშის ადვოკატისგან განსხვავებით შეთანხმების ნამდვილობაზე საუბრობს ირაკლი ოქრუაშვილის ადვოკატი. ლევან ალაფიშვილის მტკიცებით, დოკუმენტს უკვე გავლილი აქვს რამდენიმე საერთაშორისო ექსპერტიზა და ხელმოწერების ავთენტურობა დადასტურებულია.

„გადაწყვეტილებები და ქმედებები, როგორც მე მაქვს ინფორმაცია, არ იყო შეთანხმებული ირაკლი ოქრუაშვილთან, რამაც განაპირობა ამ ნაწილში ასე ვთქვათ, შეუთანხმებლობა და ის პროცედურები, რომელიც საზღვარგარეთ წარმოებდა, არა მხოლოდ ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით ამ ორი საკითხისა, არამედ თვითონ ხელშეკრულების ნამდვილობასთან დაკავშირებით.

დოკუმენტი, რომელსაც საქმისათვის აქვს არსებითი მნიშვნელობა და გამოვლინდება სამართალწარმოების დასრულების შემდგომ, სასამართლოსთვის წარდგენის შემთხვევაში არის საფუძველი საქმის წარმოების განახლებისა“, - აცხადებს ლევან ალაფიშვილი.

„რუსთავი 2“-ის საქმეში ახალი დოკუმენტის გამოჩენაზე კომენტარს აკეთებენ მთავრობის წევრები. მინისტრთა კაბინეტის წევრებს სასამართლოს კომპეტენციის შეფასება მართებულად არ მიაჩნიათ. ვიცე-პრემიერი კახა კალაძე მიმდინარე პროცესებს კვლავ ორ სუბიექტს შორის სამართლებრივ დავას უწოდებს და ამბობს, რომ თუ ახალი გარემოება არსებობს, ის სასამართლომ უნდა განიხილოს.

„რც შეეხება დავას ხალვაშსა და ყარამანაშვილს შორის, ეს არის სამართლებრივი დავა და სასამართლომ განიხილოს. თუ რაიმე დოკმენტაცია არსებობს, თუ რაიმე ახალი გარემოება არსებობს, ეს არ არის საჭორაო და ტეევიზიით განსახილველი თემები“, - აცხადებს კახა კალაძე.

განათლებისა და მეცნიერების მინისტრი ალექსანდრე ჯეჯელავა ფიქრობს, რომ ნებისმიერ საქმეში, ახალი მტკიცებულებები გათვალისწინებული უნდა იყოს.

„რუსთავი 2“ იქნება თუ ნებისმიერი სხვა საქმე, თუ ახალი მტკიცებულებები გამოჩნდება, ვფიქრობ, ეს შემდგომ ეტაპებზე სასამართლოს საშუალებას მისცემს, რომ გაითვალისწინოს. რაც არ ჰქონდათ აქამდე, ბუნებრივია, იმას ვერ გაითვალისწინებდნენ, თან ეს არის, ასე ვთქვათ, საკუთრებრივი დავა, თუმცა მთელი ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვანი. იმედი მაქვს, ეს ახალი მტკიცებულებები შემოწმებული იქნება და გათვალისწინებული მომავალში“, - განაცხადა ალექსანდრე ჯეჯელავამ.