„მეჩეთის მშენებლობის პროექტი გამზადებული იყო, არსებული მეჩეთის ფართობის გაფართოებაზე იყო მუშაობა, შემდეგ სხვა მოთხოვნებიც გაჩნდა, თუმცა მზად ვარ პროექტი დღესაც დავაფინანსო“, - ეს განცხადება ყოფილმა პრემიერმა რეგიონულ მედიასთან შეხვედრაზე გააკეთა. როგორც ბიძინა ივანიშვილი აცხადებს, დღესაც იმეორებს იმას, რაც აჭარაში მუსლიმებთან ერთ-ერთ შეხვედრაზე თქვა.
„მთავრობიდან ძალიან სწრაფად წავედი ამის შემდგომ, იმ პერიოდშიც ამ მიმართულებით ძალიან ბევრი გავაკეთეთ. ყველა მიმართულებით გვქონდა შეხვედრა, პროექტი გამზადებული იყო არსებული მეჩეთის გაფართოებაზე. მაშინ 10 მილიონზე იყო საუბარი, რამდენი მილიონიც გნებავთ იმდენ მილიონს გამოვყოფ, მზად ვარ 20 და 30 მილიონითაც დავაფინანსო. მე დღეს მთავრობაში აღარ ვარ, მაგრამ დაფინანსებას რაც შეეხება, საოცრად მიყვარს ჩვენი მუსლიმები“, - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.
ბიძინა ივანიშვილის ამ განცხადებას წინ უძღოდა „პატრიოტთა ალიანსის“ ერთ-ერთი ლიდერის, დავით თარხან-მოურავის სკანდალური განცხადება, რომლის თანახმად თურქეთიც რუსეთის მსგავსად ოკუპანტია და დღესაც უზარმაზარ ძალისხმევას ხარჯავს აჭარის დაპყრობისთვის.
„98 წლის წინ თურქეთმა საქართველოს ტერიტორიების 33%-ის ოკუპაცია მოახდინა და თურქეთი ისეთივე ოკუპანტია, როგორც რუსეთი. დღესაც თურქეთი უზარმაზარ ძალისხმევას ხარჯავს აჭარის დაპყრობისთვის. თურქეთის უკვე ყოფილმა პრემიერმა აჰმედ დავუთოღლუმ ტელევიზიაში პირდაპირ განაცხადა, რომ ოზურგეთი, ბათუმი და ახალციხე არის თურქეთიო და იძახდა ოსმალეთის იმპერია უნდა აღვადგინოო“, - განაცხადა დავით თარხან-მოურავმა.
„პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერის სკანდალურ განცხადებას გამოუეხმაურა თურქეთის ელჩი საქართველოში, რომლის განცხადებით, ბათუმიც და აჭარაც საქართველოს ნაწილია და, რა თქმა უნდა, საქართველოს ნაწილად დარჩება, სასაცილოა იმაზე საუბარი, რომ თურქეთს რაღაც მოტივი ამოძრავებს. როგორც ზექი ლევენთ გუმრუქჩუმ აღნიშნა, თითქოს, თურქეთს აჭარასა და ბათუმზე აქვს პრეტენზია, ეს აზრი, შარშან, დეკემბერში, რუსული თვითმფრინავის ჩამოგდების შემდეგ მოისმინა.
„ამ საკითხზე ერთგვარი პროპაგანდა მიდიოდა. მახსოვს, მაშინაც ვპასუხობდი ამ ბრალდებებს, რადგან „ფეისბუქში“ ხშირად დებდნენ პოსტებს, რომ თურქეთი საქართველოს მტერია და ოკუპანტი ქვეყანაა. შემდეგ ეს თემა მინელდა, მაგრამ საარჩევნო კამპანიის დროს, როგორც ჩანს, ასეთი საკითხები კვლავ თავს იჩენს ხოლმე. ღრმად ვარ დარწმუნებული, საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობამ იცის, რომ თურქეთი ერთ-ერთი საუკეთესო მეგობარია. მაგრამ ვინაიდან ეს თემა კვლავ წამოიჭრა, მინდა ღიად განვაცხადო, რომ საქართველო და თურქეთი ერთმანეთს სტრატეგიულ პარტნიორებად მიიჩნევენ“, - განაცხადა ზექი ლევენთ გუმრუქჩუმ.
ელჩის განმარტებით, საქართველოს მთლიანობა ისეთივე მნიშვნელოვანია თურქეთისთვის, როგორც – თურქეთის ერთიანობა. თურქეთი მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და პოლიტიკურ სუვერენიტეტს. თურქეთი საქართველოს მოსაზღვრე ერთადერთი ქვეყანაა, რომელთანაც მიღწეული აქვს შეთანხმება საზღვრებზე.
„სანტიმეტრებშია დემარკაცია გაკეთებული. ბათუმიც და აჭარაც საქართველოს ნაწილია და, რა თქმა უნდა, საქართველოს ნაწილად დარჩება. სასაცილოა იმაზე საუბარი, რომ თურქეთს რაღაც მოტივი ამოძრავებს. იყო ლაპარაკი ჩვენი ყოფილი პრემიერის განცხადებაზე, თითქოს მან თქვა, რომ გვინდა ოსმალეთის იმპერიის აღდგენა, რომ თითქოს საქართველოში ქალაქებზე პრეტენზიებიც გვაქვს. ასეთი შინაარსის განცხადება ბუნებაში არ არსებობს.
რაც მან თქვა იყო ის, რომ ჩვენი რეგიონის ქვეყნებს საერთო ისტორია აქვთ და ეს ისტორია დადებითად უნდა გამოვიყენოთ საერთო მომავლისთვის ეკონომიკური ინტეგრაცია იქნება, პოლიტიკური თანამშრომლობა თუ დიალოგი უსაფრთხოებაზე. დღეს ჩვენ სწორედ ამას ვაკეთებთ. ერთმანეთს ვუჭერთ მხარს და ვაძლიერებთ. საქართველო და თურქეთი არის ორი ქვეყანა, რომლებიც იზიარებენ ერთიან ხედვას საგარეო პოლიტიკასა და უსაფრთხოებაზე“, - განაცხადა ზექი ლევენთ გუმრუქჩუმ.
ანლიტიკოსების შესაფასებით, „პატრიოტთა ალანსის“ ლიდერის განცხადება შესაძლოა, პარტნიორ სახელმწიფოსთან ვითარების გართულების მიზეზი გახდეს. მათივე შეფასებით, თურქეთი საქართველოს ერთ-ერთი სტრატეგიული პარტნიორია, რომელიც მხარს უჭერს და ლობირებს საქართველოს NATO-ში გაწევრიანებას.
გარდა ამისა, საქართველო გახდა თურქეთის პირველი სავაჭრო პარტნიორი და ასევე, საკმაოდ ფართოდ წარმოდგენილი თურქეთის ინვესტიციები, როგორც პირდაპირი უცხოური ინვესტიციები. რაც შეეხება კონკრეტულად აჭარის რეგიონს, ანალიტიკოსების განცხადებით, გეოგრაფიული მდებარეობიდან გამომდინარე, ცხადია, რომ თურქეთის ბიზნეს-აქტიურობა ძალიან გავრცელებულია აჭარაში.
ექსპერტი რამაზ საყვარელიძე ფიქრობს, რომ ამ სკანდალური განცხადების ავტორი უფრო სერიოზული პოლიტიკური ძალა რომ იყოს, ამას უფრო სერიოზული შედეგები ექნებოდა. „პატრიოტთა ალიანსი“ კი, ხელისუფლებისთვის მებრძოლი ერთ-ერთი პოლიტიკური ძალაა და მეტი არაფერი. მისივე თქმით, თუკი ამ პოლიტიკური პარტიიდან რაღაცა ჯგუფი შეძლებს საპარლამენტო მანდატის მოპოვებას და მერე უკვე საპარლამენტო სიმაღლიდან გაკეთდება ანალოგიური განცხადება, ამას უკვე სერიოზული შედეგი მოჰყვება.
„ასეთი განცხადების მქონე პარტიას დიდი რაოდენობით ეყოლება მხარდამჭერები, ეს უკვე თურქეთისთვის იქნება სიგნალი, რომ შეიძლება ქართულ საზოგადოებაში ანტითურქული განწობილებებია. როდესაც ანტითურქულ ფორმულას იძლევა პოლიტიკური პარტია და ის მხადაჭერას პოულობს, ასეთ შემთხვევაში გაჩნდება ეჭვი, რომ ანტითურქულობა მარტო ამ პარტიისთვის არ არის დამხასიათებელი. შესაბამისად, ასეთი შორეული პრესპექტივით, რა თქმა უნდა, შეიძლება ამ განცხადებებმა ქართულ-თურქულ ურთიერთობაში დაძაბულობა გააჩინონს“, - აცხადებს რამაზ საყვარელიძე.
მისივე თქმით, დღეს არსებული მდგომარეობით დავით თარხან-მოურავის განცხადება ბევრს არაფერს იძლევა, მაგრამ როდესაც პარტია ამ ტიპის განაცხადებებს აკეთებს, მას რაღაცა აგრესული მიზნები აქვს.
„დავუშვათ, რომ მთელი ძალა-უფლება აიღო „პატრიოტთა ალიანსმა“, მერე რას იზამს ამ პრობლემის მოსაგვარებლად? დღეს მთავარი საყრდენი არის მსოფლიოს მიერ აღიარებული საზღვრები და თუ აქიდან ამოვალთ, მსოფლიო არ აღიარებს რუსულ ცვლილებებს ქართულ გეოგრაფიაში, მაგრამ აღიარებს იმ დროინდელ თურქულ ცვლილებას. თუ ისტორიულად უფრო შორს წახვალ, მაშინ შეიძლება აღმოჩნდეს, რომ ნახევარი სპარსეთი შენი იყოს.
ასეთი თამაშები რას იძლევა? ისტორიით ასეთი მანიპულაცია თავის დროზე დასჭირდა ჰიტლერს, რომ სხვა ქვეყნების მიმართ აგრესია გაემართლებინა. როდესაც პარტია ამ ტიპის განაცხადებებს აკეთებს, მას რაღაცა აგრესული მიზნები აქვს. საქართველოს ასეთი აგრესიული მიზნები არ აქვს, იმიტომ, რომ პატარა ქვეყანაა. მაშინ რატომ უნდა წამოწიო ისეთი საკითხი, რომელშიც არავის მხარდაჭერა არასოდეს არ გექნება და მათ შორის არც საკურთარი მოსახლეობის?!
აი, ეს არის გაუგებარი, მით უმეტეს იმ პარტიის მხრიდან, რომელიც ახლა ცდილობს მოიპოვოს მხარდამჭერები, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე საერთაშორისო არენაზე. თუ სერიოზული პარტიის შთაბეჭდილებას ტოვებს, მას უნდა აინტერესებდეს ეყოლება თუ არა საერთაშორისო დონეზე პარტნიორები. მაგრამ დგამს ნაბიჯს, რომლითაც საქართველოს ერთ-ერთ მთავარ სტრატეგიულ პარტნიორს უკვე უპირსპირდება, რაც გაუგებარი საარჩევნო სტარტეგიაა“, - აღნიშნა for.ge-სთან საუბრისას რამაზ საყვარელიძემ.
ექსპერტის სოსო ცისკარიშვილის განცხადებით „პატრიოტთა ალიანსისგან“ ასეთი კომენტარი რომ მოგვესმინა აჰმედ დავუთოღლუს განცხადებიდან მეორე დღეს, მაშინ დროულიც იქნებოდა და საყურადღებოც. წლების შემდეგ ამ განცხადების კომენტირებისას და ამ ვითარებაში, ცხადია, უფრო აქტიური იქნება საქართველოში თუქეთის ელჩი, რომელიც მისივე თქმით, ნამდვილად გამოირჩევა ძალიან მაღალი პროფესიონალიზმით და კეთილგანწყობით საქართველოს მიმართ, უარყოს ასეთი განცხადებები.
„პირდად რამდენიმე შეხვედრა მქონია ბატონ ელჩთან. იგი ჯერ წუხდა იმაზე, რომ თითქოს ყარსის ხელშეკრულების შეჩერების საფრთხე რაიმე ნეგატიურ გავლენას მოახდენდა საქართველოსთვის. ვფიქრობ, რომ ბატონი ელჩი დაიღალა ამ განმარტებებით, რომელიც აქა-იქ წამოტივტივდება ხოლმე, როგორც თემა ყურადღების მისაქცევად.
ალბათ თავად „პატრიოტთა ალიანსის“ ხედვა უფრო მკაფიო გახდება, როდესაც ისინი გაეცნობიან რეალობას ქართულ-თურქულ ურთიერთობებში. ამის შემდეგ კი, ეს მზადრი პოლიტიკური ძალა დარჩება „პატრიოტთა ალიანსის“ სახით და არ გახდება ულტრაპატრიოტული ალიანსი“, - აცხადებს სოსო ცისკარიშვილი.
პოლიტიკური პარტია, რომელიც პრორუსულ ძალად არის ცნობილი და რომელიც პრეტენზიას აცხადებს საპარლამენტო მანდატების მოპოვებისთვის, ასეთი განცხადებები შესაძლებელია ჩაითვალოს არადიპლომატიურად.
„ვფიქრობ, ყველა ქვეყნის დიპლომატს არ ჭირდება ახსნა, რომ წინასაარჩევნოდ პოლიტიკური პარტიის ლიდერებისთვის მნიშვნელობა აქვს არა დიპლომატიას, არამედ საკუთარი ამომრჩევლების მობილიზაციას. როგორც ჩანს, „პატრიოტთა ალიანსის“ ამომრჩეველთა სოლიდური ნაწილი დატკბებოდა ასეთი განცხადების წაკითხვისას.
ეს უფრო საკუთარი ამომჩევლის წინასაარჩევნო მობილიზაციაა, ვიდრე რაიმე სერიოზული კრიტიკა იმ ქვეყნის მიმართ, რომელიც ამჟამად ჩვენი უახლოესი მეზობელი და უმთავრესი პარტნიორია. თურქეთთან დაპირისპირება მხოლოდ კრემლის ოცნებაა“, - აღნიშნა for.ge-სთან საუბრისას სოსო ცისკარიშვილმა.