„გამოცდა, რომლის ბარიერის გადალახვასაც მასწავლებელთა 90% ვერ ახერხებს, არ არის კარგი გამოცდა“

„გამოცდა, რომლის ბარიერის გადალახვასაც მასწავლებელთა 90% ვერ ახერხებს, არ არის კარგი გამოცდა“

„პრობლემა არის გამოცდების სისტემაში და არა - მასწავლებლებში“, - ასე აფასებს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი იმ სავალალო შედეგებს, რომელიც მასწავლებელთა გამოცდაზე დაფიქსირდა.

კერძოდ, მიმდინარე წლის ზაფხულში ჩატარებული საგნის გამოცდაზე გასული 17 137 მასწავლებლიდან (და მასწავლებლობის მსურველიდან) მინიმალური კომპეტენციის ზღვარის გადალახვა 13 673-მა ვერ მოახერხა. ეს ზღვარი მხოლოდ 3 464-მა გადალახა.

როგორც შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში აცხადებენ, ამ გამოცდის შედეგების გამოყენება მოქმედი პედაგოგების რაიმე სახით შეფასებისა თუ ზოგადად მასწავლებელთა კვალიფიკაციაზე მსჯელობისათვის არასწორია.

რაც შეეხება იმ ფაქტს, რომ დაწყებითი კლასის მასწავლებლებისა და მასწავლებლობის მსურველების შედეგების მიხედვით, 3941–დან მხოლოდ 31–მა გადალახა ბარიერი, ალექსანდრე ჯეჯელავა აცხადებს, რომ

ამ შედეგებთან დაკავშირებითაც სამინისტროში პრობლემა არ აქვთ და ეს არის მხოლოდ ერთი გამოცდის შედეგები.

მინისტრის თქმით, ნებისმიერი გამოცდა, რომლის ბარიერის გადალახვასაც მასწავლებლების 70, 80 და 90 % ვერ ახერხებენ, არ არის კარგი გამოცდა, მაგრამ იგი მასწავლებლებს ამ გამოცდების ალტერნატივას უკვე დაჰპირდა:

„მასწავლებლების გამოცდების შედეგებში განსაკუთრებით ცუდი არაფერია. ფაქტობრივად, ისევე როგორც სტუდენტი ირჩევს სპეციალობას, მასწავლებელიც აირჩევს მიმართულებას, თუ რომელი მიმართულებით წარიმართება მისი პროფესიული განვითარება. ასე ხდება ყველა ორგანიზაციაში. ერთი და იმავე კრიტერიუმით ვერ შევაფასებთ სხვადასხვა მიმართულებას–ჟურნალისტს ან მასწავლებელს. გამოცდის საგნობრივი კომპეტენცია იქნება ბარიერის გადალახვის მხოლოდ ერთი მეთოდი. ასევე, იქნება პედაგოგიკის და უნარების გამოცდა. ადრე იყო ეს და დავაბრუნებთ, ოღონდ ეს იქნება არჩევითი. ანუ მასწავლებლებს ექნებათ საშუალება, რომელიმე მიმართულებით წავიდნენ“,-აცხადებს მინისტრი და უსამართლობად მიიჩნევს იმ ფაქტს, რომ დღეს საუკეთესო აღმზრდელი ფასდება მხოლოდ ერთი საგნის გამოცდით, ეს მაშინ, როცა „აღმზრდელი უფრო გვჭირდება ხანდახან, ვიდრე საგნის მცოდნე“.

ექსპერტი განათლების საკითხებში მანანა ნიკოლეიშვილი განსაკუთრებულად მძიმედ დაწყებითი კლასების მასწავლებელთა შედეგებს აღიქვამს.

For.ge-სთან საუბარში მანანა ნიკოლეიშვილი აცხადებს, რომ განათლების მინისტრი სწორია, რადგან გამოცდები ძალზე გართულებული წესებით ტარდება.

„ნუ ეწყინებათ, მაგრამ დაწყებითი კლასების მასწავლებლები საბუნებისმეტყველო მასალას ვერ ჩააბარებდნენ იმ უბრალო მიზეზის გამო, რომ ასეთი ცოდნა მათ არ გააჩნიათ იმ დონეზე, რა დონითაც მოეთხოვებათ ფიზიკის, ასტრონომიის, გეოგრაფიის, ბიოლოგიის, ისტორიის, ქიმიის სამოქალაქო ცოდნა. ძირითადად ამ ექვსი საგნის ნაზავია ბუნებისმეტყველება და ეს ყველაფერი ჩაყრილია ერთ ბუნებისმეტყველებაში. ამიტომაც ჩაჭრილია მასწავლებელთა დიდი რიცხვი. თავის დროზე დაწყებითის მასწავლებლებს დამთავრებული აქვთ პედაგოგიური სასწავლებლები, მათ შორის, სულხან-საბას სახელობის სასწავლებელი, ბათუმის, თელავის, გორის სასწავლებლები. შედარებით ახალგაზრდა პედაგოგებს კი იმ წლებში აქვთ დამთავრებული სასწავლებლები, როცა საქართველოში განათლების სისტემა ჩამკვდარი იყო და სწავლა არ მიმდინარეობდა არც სკოლებში, არც უმაღლესებში. შესაბამისად, დაწყებითი კლასების მასწავლებლების უმეტესობა ვერ იგებს ახლად შემოსულ ე.წ. მოდურ მათემატიკას, უნარებს, ტესტებს. ბატონ ზურაბ ვახანიას სახელმძღვანელო რომ შემოვიდა წლების წინ, ამ უნარებსაც ვერ ასრულებდა დაწყებითი კლასების მასწავლებელთა დიდი პროცენტი. მით უმეტეს, მათემატიკაში გართულებულია პროგრამები და მათ სჭირდებათ მაღალი კლასების მასწავლებლების დახმარება. ანუ ამ პედაგოგებს სკოლებში არც ამ დონის მათემატიკა არ უსწავლიათ და არც ასეთი სახის უნარები, ლოგიკის ელემენტები“,-აცხადებს მანანა ნიკოლეიშვილი.

ამასთან, იმ დროს იხსენებს, როცა ჩვენი ბებიებისა და ბაბუების თაობა საშუალო სკოლაში ლოგიკას ეუფლებოდა. სხვათა შორის, ამავე აზრს იზიარებს პატრიარქი და ყოველ წელიწადს საკვირაო ქადაგებებით მოუწოდებს ნებისმიერ ხელისუფლებას, ლოგიკა ასწავლონ მოსწავლეებს.

მანანა ნიკოლეიშვილის თქმით, უნარების გამოცდა ჯერ არ იყო შემოღებული, როცა პატრიარქი ბრძანებდა, ლოგიკის საფუძვლები საჭიროა, რადგან კრიტიკულ და ლოგიკურ აზროვნებას ავითარებსო. მართალია, მათემატიკა, ფიზიკა და ქიმიაც ავითარებს ასეთ აზროვნებას, მაგრამ ლოგიკას გაცილებით მეტი შესაძლებლობა აქვს. ამდენად, როცა ბავშვს სკოლაში ლოგიკას შეასწავლი, მაშინ მართალი იქნები, უნარებით ჩაატარო გამოცდები. თუკი ლოგიკას შემოიღებენ საგნად, ცხადია, რომ ის ლოგიკოსებმა უნდა ასწავლონ. ასე რომ,  სპეციალური მასწავლებლების საჭიროება იქნება სკოლებში.

„ამ ხალხის 80 პროცენტს უნივერსიტეტები არ აქვს დამთავრებული, არამედ პედაგოგიური ინსტიტუტები დაამთავრეს. საუნივერსიტეტო პროგრამები და ინსტიტუტების პროგრამები რადიკალურად განსხვავდება ერთმანეთისგან. სამომავლოდ ამ გამოცდებზე უფრო და უფრო უარესი შედეგი იქნება. გამოსავალი ისაა, რომ რაც ამ ხალხმა ისწავლა, იმ პროგრამების მიხედვით გამოსცადონ და არა საუნივერსიტეტო დონეზე. არ ვიზიარებ იმ აზრს, რომ ერთი ადამიანი ფიზიკის სპეციალისტიც იყოს, ქიმის, ბიოლოგიის, გეოგრაფიისაც. ეს აბსურდია. შედეგს არც ის მასწავლებელი იძლევა, რომელიც წინათ დაწყებითში ერთდროულად ასწავლიდა ყველა საგანს-ფიზკულტურას, მუსიკას, რუსულს, ქართულს, მათემატიკას. რაც შეეხება ქართულ ენასა და ლიტერატურას, ჩვენი ენა მსოფლიოში ურთულეს ენათა პირველ ათეულშია. დაწყებითი კლასების სწავლება და თუნდაც ანბანის შესწავლა ძალიან ძნელია. ამიტომ ქართული ენა და ლიტერატურა უნდა ასწავლოს ფილოლოგმა, მათემატიკა-მათემატიკოსმა, უცხო ენა-უცხო ენის სპეციალისტმა, მუსიკა-მუსიკის სპეციალისტმა, ბუნებისმეტყველება კი ცალ-ცალკე დაიშალოს საათების მიხედვით და ასწავლონ სპეციალისტებმა. ეს განათლების ხარისხს ასწევს“, - აცხადებს მანანა ნიკოლეიშვილი.

მათ საპასუხოდ კი, ვინც მიიჩნევს, რომ პატარები ამდენ მასწავლებელს ვერ გაუძლებენ, განმარტავს, რომ სკოლა უკვე რეჟიმია, პატარა ბავშვი სკოლაში რომ შედის, ის სკოლისთვის ფსიქოლოგიურადაც უნდა იყოს მომზადებული. ჯოხისა და მუშტის პოლიტიკა ახლა არ არის, თუ სიყვარულის ატმოსფეროში იქნება, ბავშვი ამ საგნებს დაეუფლება.