„ვიღაცას სურს ღრმად ჩაიხედოს გამოძიების მასალებში და არიოს სიტუაცია“

„ვიღაცას სურს ღრმად ჩაიხედოს გამოძიების მასალებში და არიოს სიტუაცია“

გოდერძი თევზაძეზე ძებნა გამოცხადდა. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მიერ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შემდეგ მთავარმა პროკურატურამ  22 წლის დემურ სტურუას თვითმკვლელობამდე მიყვანის საქმეზე ყოფილი პოლიციელის წინააღმდეგ ძებნა გამოაცხადა. თევზაძის სამძებრო ღონისძიებებში ყველა სამართალდამცავი სტრუქტურა ჩაერთვება.

შსს-ს ინფორმაციით, შსს სამტრედიის რაიონული სამმართველოს უბნის ინსპეტორ-გამომძიებელს, ბრალდებულ გოდერძი თევზაძეს საქართველოს საზღვარი არ გადაუკვეთავს. აღსანიშნავია, რომ საქმეში არსებობს ექსპერტიზის პასუხი, რომლითაც დასტურდება, რომ დემურ სტურია თვითმკვლელობამდე ნაწამებია.

კერძოდ, მარჯვენა ფეხზე და ენის მარცხენა მხარეს აღენიშნება დაზიანებები. გარდა ამისა, ექსპერტიზამ დაადასტურა დემურ სტურუას თვითმკვლელობამდე დატოვებული წერილის ავთენტურობაც. ოჯახი თევზაძის დაკავებას ითხოვს და აცხადებენ, რომ თუკი ბრალდებული პოლიციელი ორმოცამდე არ იქნება დაკავებული, მიცვალებულს ამოთხრიან და პოლიციასთან დაასვენებენ. ოჯახი ამტკიცებს, რომ ბრალდებულ პოლიციელს სამტრედიის პოლიცია მფარველობს და მათივე დახმარებით შეძლო მიმალვა.

როგორც ცნობილია, დემურ სტურუამ 7 აგვისტოს თვითმკვლელობით დაასრულა სიცოცხლე. მან სიკვდილამდე წერილი დატოვა, სადაც სამტრედიის რაიონული სამმართველოს უბნის ინსპეტორ-გამომძიებელის და უკვე ბრალდებულ გოდერძი თევზაძის მხრიდან ზეწოლის ფაქტზე საუბრობს.

ის, რომ ბრალდებულ პოლიციელს ვინმე მფარველობდეს, ამას გამორიცხავენ შსს-ში. შს მინისტრის მოადგილე შალვა ხუციშვილი აცხადებს, რომ უწყება არც ერთ იმ თანამშრომელს არ დააფარებს ხელს, რომელიც კანონს დაარღვევს. მისივე თქმით, პოლიციელისთვის ბრალის წაყენება მოხდა მას შემდეგ, რაც გამოძიებამ საკმარისი მტკიცებულებები შეაგროვა.

„თუ არ იქნებოდა სასამართლო განჩინება, ამ პირის დაკავება ვერ მოხდებოდა. დაგვიანებული იყო თუ არ იყო ამას ვერ ვიტყვი. შემიძლია ვთქვა, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრო ამ საკითხზე მჭიდროდ თანამშრომლობდა პროკურატურასთან და ეს ახლაც გრძელდება. იმ ჩვენს თანამშრომლებს, რომლებიც კანონს დაარღვევენ, ხელს არ დავაფარებთ. ეს სამინისტროს პრინციპული პოზიციაა“, - განაცხადა შალვა ხუციშვილმა.

მთავარ საგამოძიებო უწყებაში კი განმარტავენ, რომ გოდერძი თევზაძე მას შემდეგ მიემალა გამოძიებას, რაც დარწმუნდა, რომ გამოძიება სწორი მიმართულებით მიდიოდა და სისხლის სამართლებრივ პასუხისგებაში უნდა მიცემულიყო. პროკურორი კოკა კაციტაძე აცხადებს, რომ გამოძიებას 2 კვირა ჰქონდა საქმის გამოსაძიებლად. მისივე თქმით, ჩასატარებელი იყო მთელი რიგი საგამოძიებო მოქმედებები, მოწმის სახით დაკითხულია ათეულობით ადამიანი, ჩატარებულია ექსპერტიზები, მათ შორის სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზა და კალიგრაფიული ექსპერტიზა.

მისივე თქმით, მას შემდეგ, რაც პროკურატურამ ამოწურა ეს საგამოძიებო მოქმედებები, რომელიც აუცილებელი იყო ბრალდების წარსადგენად, სწორედ მაშინ მიიღო ასეთი გადაწყვეტილება.

„ჩვენ ავიღეთ დაკავების განჩინება და ამის შემდეგ დავიწყეთ მისი ძებნის და დაკავების ღონისძიება. აქედან გამომდინარე, მიგვაჩნია, რომ საჭირო იყო იმ საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებების ჩატარება, რა შემთხვევაშიც ჩვენ მივიღებდით დაკავების განჩინებას და ეს მართლაც ასე მოხდა“, - აცხადებს კოკა კაციტაძე.

როგორც პროკურორი აცხადებს, ორჯერ დაკითხეს თავად ყოფილი პოლიციელი, რომელიც გამოძიებისთვის კვალის არსევას და ამ გზით შეცდომაში შეყვანას ცდილობდა.

„მას შემდეგ, რაც დარწმუნდა, რომ გამოძიება სწორი მიმართულებით მიდიოდა და გამოძიება მიდიოდა სწორედ იქით, რომ გოდერძი თევზაძე უნდა მიცემულიყო პასუხისგებაში, ამის შემდეგ მიემალა იგი საგამოძიებო ორგანოს. იგი არის მოწმის სახით დაკითხული და ჩვენ ქმედითი ნაბიჯები გავატარეთ მხოლოდ მას შემდეგ, რაც ავიღეთ დაკავების განჩინება. დაკავების განჩინება არ გაიცემა მხოლოდ მოთხოვნის საფუძველზე.

აქ უნდა იყოს მოთხოვნა და მას უნდა ერთვოდეს კონკრეტული მტკიცებულებები. ჩვენ რომ არ გვქონოდა მტკიცებულებები, ჩვენ რომ არ ჩაგვეტარებინა აუცილებელი საგამოძიებო მოქმედებები, არ გვექნებოდა დაკავების განჩინება და შესაბამისად არ გვექნებოდა საფუძველი, რომ გამოგვეტანა დადგენილება ყოფილი პოლიციელის პასუხისგებაში მიცემის შესახებ“, - განაცხადა კოკა კაციტაძემ.

მიუხედავად იმისა, რომ დემურ სტურუას საქმეზე გამოძიება მაშინვე დაიწყო, საქმეზე სამართალდამცავი უწყებების მხრიდან რეაგირებას დაგვიანებულად მიიჩნევს სახალხო დამცველი და საქმის ობიექტურად გამოძიების აუცილებლობაზე საუბრობს. უჩა ნანუაშვილი საქმესთან დაკავშირებით არსებულ კითხვის ნიშნებზეც საუბრობს და მიიჩნევს, რომ ბრალდებულს შესაძლოა მიმალვაში დაეხმარნენ.

„გამოძიებას ყველა ღონე უნდა ეხმარა, რათა საქმის ფიგურანტი პოლიციელი, გოდერძი თევზაძე არ მიმალულიყო. მისივე თქმით გამოძიება დაუყოვნებლივ დაიწყო, თუმცა ბრალის წაყენებისთვის 3 კვირაზე მეტი დასჭირდა. მე მიჩნდება კითხვის ნიშანი, სად არის ეს ადამიანი, რატომ არ გააკეთა გამოძიებამ ყველაფერი რომ მომხდარიყო ამ პირის დაკავება, მითუმეტეს, რომ გამოქვეყნდა სტურუას წერილი და კონკრეტულად ცნობილი იყო სავარაუდო სამართალდამრღვევის შესახებ ინფორმაცია“, - აცხადებს უჩა ნანუაშვილი.

მისივე თქმით, მომხდარმა ფაქტმა ასევე გააჩინა საფუძვლიანი ვარაუდი, რომ ნარკოდანაშაულის წინააღმდეგ პოლიციის საქმიანობა არის რეპრესიული, დაფუძნებულია ადამიანის უფლებათა დარღვევაზე, პირადი ცხოვრების ხელყოფაზე და დამკვიდრებულია, როგორც მიღებული პრაქტიკა.

„ცხადია, ოპერატიული-სამძებრო საქმიანობის გარეშე პოლიციის მუშაობა აზრს მოკლებულია, თუმცა ეს არ უნდა ხორციელდებოდეს უფრო მაღალი სიკეთის – ადამიანის უფლებების ხელყოფის ხარჯზე. სამართალდამცავ ორგანოებთან თანამშრომლობა კონკრეტული საფუძვლებით ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობისათვის უნდა ატარებდეს ნებაყოფლობით ხასიათს.

ადამიანის უფლებათა სამართლით საამისოდ უფლებამოსილი პირის მიერ აკრძალულია იმ ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიების განხორციელება, რომელიც საფრთხეს უქმნის ადამიანის სიცოცხლეს, პატივსა და ღირსებას, რომელიც დაკავშირებულია მოტყუებასთან, შანტაჟთან, ძალით დაყოლიებასთან, დანაშაულის ან სხვა მართლსაწინააღმდეგო ქმედების ჩადენასთან.

შესაბამისად, აღნიშნული ფაქტის დროული და ყოველმხრივი გამოძიება უაღრესად მნიშვნელოვანია არა მხოლოდ ამ კონკრეტულ შემთხვევაში, არამედ ანალოგიურ შემთხვევებში სისტემურ დანაშაულთან ბრძოლისთვის“, - ამბობს უჩა ნანუაშვილი.

სამართალმცოდნე, გენერალური პროკურორის ყოფილი მოადგილის, თემურ მონიავას განმარტებით, როდესაც საუბარია თანამშრომლის მიერ კანოსაწინააღმდეგო ქმედების ჩადენაზე, გენერალური ინსპექცია იწყებს სამსახურეობრივ შემოწმებას და თუ დადგინა, რომ ადგილი აქვს სამართალდარღვევას, მხოლოდ ამის შემდეგ მასალები რეაგირებისთვის გადაეგზავება პროკურატურას. მისივე თქმით, ამ კონკრეტულ შემთხვევაში პროცედურულად იმოქმედა გამოძიებამ, რადგან ამას კანონმდებლობა ითვალისწინდა.

„სხვა თემაა, რა ღონისძიებები უნდა გაეტარებინა და შეიძლებოდა თუ არა შესაბამისი ღონისძიების გატარება, რომ თავიდან აეცილებინათ ამ პიროვნების მიმალვა. ეს კითხვა ყოველთვის გაჩნდება, მაგრამ სანამ გენერალური ინსპექციის მასალები არ იქნებოდა, პროკურატურა ვერ ჩაავლებდა ხელს და ვერ დააკავებდა პოლიციის თანამშრომელს. ასე არ ხდება, ჩაავლე ხელი და დაიჭირე.

გატარდა კანონით გათვალისწინებული პროცედურები. სხვა საკითხია, რამდენად ეფექტურად გატარდა და შეეძლო თუ არა სხვგავარად ემოქმედა გამოძიებას, ეს სხვა თემაა, რაც სპეციალური შესწვალის საგანი უნდა გახდეს. ხელაღებით იმის თქმა, რომ პროკურატურის უმოქმედობამ გამოიწვია დამნაშავის მიმალვა, სწორი არ იქნება. შეედაო და უთხრა, თქვენ ეს რატომ არ გააკეთეთ, სწორი არ იქნება.

რადგან, გამოძიების პროცესში არის ისეთი ტექნიკური საკითხები, არსებობს ისეთი საიდუმლო მოქმედებები, რომელიც არ შეიძლება გახმაურედეს. მესმის, ვიღაცას სურს ღრმად ჩაიხედოს გამოძიების მასალებში და არიოს სიტუაცია. რეალობა ეს არის. ვაცალოთ გამოძიებას, თუ შედეგს არ დააყენებენ, მაშინ საზოგადოებამ უნდა ამოიღოს ხმა“, - აღნიშნა თემურ მონიავამ.  

დაეხმარა თუ არა სამტრედიის პოლიცია ბრალდებულს მიმალვაში, ამის მტკიცება უჭირს იურისტ გელა ნიკოლაიშვილს, თუმცა, გამორიცხვით არაფერს არ გამორიცხავს. მისივე თქმით, სამართლებრივად ექსპეტიზის ჩატარებამდე მხოლოდ განცხადება, რომ ამ ადამიანმა ჩაიდინა დანაშაული, არ არის საკმარისი იმისთვის, რომ ადამიანს ბრალი წაუყენო.

„სხვა საკითხია, რომ არსებობს ოპერატიული მონაცემები და საშუალებები, რომ მოხერხდეს კონტროლი სავარაუდო ბრალდებულის გადაადგილების. აქ შეიძლება ლაპარაკი იყოს მხოლოდ იმაზე, რომ ამ ადამიანის მიმართ ყოფილიყო კონტროლი თვითონ შსს-ს მხრიდან. იმიტომ, რომ პრაქტიკაში არის, შეიძლება ადამიანს მოწმის სტატუსიც არ აქვს, მაგრამ ზოგიერთ შემთხვევაში გაწითელბული აქვს საზღვარი, ანუ საზღვარ ვერ გადაკვეთს. შეიძლებოდა ამ ადამიანზე კონტროლის დაწესება“, - მიაჩნია გელა ნიკოლაიშვილს.

მისივე თქმით, ამ შემთხვევაში პროკურატურა კანონის მიხედვით ვერ იმოქმედებდა, რადგან პროკურატურამ ბრალი წარუდგინა მაშინ, როდესაც ექსპერტიზის დასკვნის სახით მიიღო მტკიცებულებები.

„უფრო ადრე ბრალს ვერ წარუდგენდა. პროკურატურა სანამ არ მიიღებდა მტკიცებულებას, არა თუ შესაძლებლობა, არაედ უფლებაც არ ჰქონდა, რომ ბრალი წაეყენებიანა. რადგან გამოვიდოდა, რომ აღკვეთი უნდა მოეთხოვა და აღკვეთზე ადვოკატი აუცილებლად მოითხოვდა რის საფუძვლეზე ითხოვდა გამოძიება აღკვეთს, ასეთ შემთხვევაში კი, მოსამართლე პატიმრობას არ შეუფარდებდა.

იმიტომ, რომ სასამართლო აღარ არის ის სასამართლო, რომელიც ცარიელ ფურცელსაც მტკიცებულებად იღებდეს. აქიდან გამომდინარე პროკურატურამ იმოქმედა დროულად. არაშესაბამისად შეიძლება იმოქმედეს სტრუქტურება, რომლებსაც ვთვლი, რომ კონტროლიდან არ უნდა გაეშევათ ეს ადამიანი“, - ამბობს გელა ნიკოლაიშვილი.