11 დღიანი ინტენსიური სამძებრო სამუშაოების შემდეგ, თურქეთის სამხედრო საზღვაო ძალების ხომალდის ეკიპაჟმა, შავ ზღვაში წვრთნის დროს დაკარგული სამხედრო მოსამსახურეების ძებნის ოპერაციის შეჩერების გადაწყვეტილება მიიღო. თურქული მხარის განმარტებით, ძებნის ოპერაციის გაგრძელება ამ ეტაპზე შედეგს ვეღარ გამოიღებს, რადგან მათი მხრიდან ყველანაირი რესურსი იყო გამოყენებული, იმ რთული გარემო პირობების გათვალისწინებით, რომელშიც მათ უწევდათ მუშაობა.
650-ტონიანი თურქული ხომალდი, 41 კაციანი ეკიპაჟით და ბოლო თაობის სპეციალური ტექნიკური აღჭურვილობით ძებნა-გადარჩენის ოპერაციაში 20 აგვისტოს, თურქულ მხარესთან თავდაცვის მინისტრის მოლაპარაკების შემდეგ ჩაერთო. აღნიშნულ ხომალდს მსოფლიოში სულ რამდენიმე ანალოგი აქვს და ყველაზე მძლავრია მსგავს სიტუაციებში ძებნის განსახორციელებლად.
აღსანიშავია, რომ თურქული ხომალდის ეკიპაჟთან ერთად, სამძებრო სამუშაოებში თავდაცვის მინისტრი და თურქეთის კონსული პირადად იყვნენ ჩართული და სამი დღის განმავლობაში ძებნის პროცესს ხომალდიდან აკვირდებოდნენ. ეკიპაჟმა ბორტზე დაკარგული სამხედრო მოსამსახურეების მშობლებიც დაუშვა და დეტალური ინფორმაცია მიაწოდა ხომალდის ტექნიკური შესაძლებლობების შესახებ. ძებნის ოპერაციაში, თურქული მხარის პარალელურად თავდაპირველად ჩართული იყო ამერიკული ავიაციაც, თუმცა ეს ოპერაციაც უშედეგოდ დასრულდა.
ზღვაში დაკარგული სამხედროების ოჯახის წევრები თავდაცვის სამინისტროს მოუწოდებენ დაკარგულების ძებნა განაგრძონ. ისინი საეჭვო გარემოებებზეც საუბრობენ და არ გამორიცხავენ, რომ კვალის დაფარვის მიზნით, ცხედრები მიზანმიმართულად გააქრეს. იმ შემთხვევაში თუ მათ მოთხოვნებს არ გაითვალისწინებენ დაკარგულთა ოჯახები აქციებს აანონსებენ. ერთ-ერთი დაკარგულის, იაგო შარაძის დედამ კი, უვადო შიმშილობა დაიწყობა. შესაბამისად, სანაპიროზე სასწრაფო დახმარების ბრიგადაა მობილიზებული.
„სანამ შვილის ცხედარს არ ჩამაბარებენ აქიდან არ წავალ, ვაცხადებ უვადო შიმშილობას. იმასაც თუ მივხვდები, რომ ყურადღებას არ მომაქცევთ, ბენზინს გადავისხამ და თავს დავიწვავ. ტელეფონით ვესაუბრე მინისტრს და მითხრა, რომ თურქულმა გემმა შეწყვიტა სამძებრო ღონისძიებები.
ყველა ღონე იხმარეს, მაგრამ ვერ იპოვეს ცხედრები და თქვენი შვილი დაკარგულად ითვლებაო. არ მინდა შეგპირდეთ რამეს და იმედები გაგიცრუოთო. მე სასტიკი წინააღმდეგი ვარ ძებნის შეწყვეტის, უნდა გაგრძელდეს სამძებრო ღონისძიებები, სხვა ქვეყნის გემები ჩამოიყვანონ ამ ჩემი შვილის ცხედრის გარეშე ნაპირიდან ცოცხალი არ წავალ“, - აღნიშნა ჟურნალისტებთან საუბრისას ელენე შარაძემ.
იმ შემთხვევაში თუკი თავდაცვის სამინისტრო არ გააგრძელებს ძებნით ღონისძიებას და გადაწყვეტს, რომ სამხედროები დაკარგულად გამოაცხადოს, შიმშილობის აქციას ოჯახის სხვა წევრებიც შეუერთდებიან. ინსტრუქტორთან შეხვედრას ითხოვს იაგო შარაძის მამამა და იმ ადგილზე მისვლას ითხოვს, სადაც უბედური შემთხვევა მოხდა.
„მოვიდეს თავის ქვედანაყოფთან ერთად, ჩავიდეს იმ ადგილზე, სადაც დაახრჩო ჩემი შვილი და გემს მისცეს ის კვალი, რომ ნახონ ჩვენი შვილების ცხედრები. მე ეჭვი მაქვს, რომ თავის მდგომარეობას უფრთხილდება, რომ არ მისულიყო დანაშაულამდე. ჩემი შვილი დაკარგეს, კვალიც გააქრეს“, - აცხადებს ვლადიმერ შარაძე.
16 აგვისტოს გონიოს ყოფილი სასროლეთის ტერიტორიაზე, შავ ზღვაში მიმდინარე წვრთნის დროს, ორი სამხედრო მოსამსახურის - კაპრალ იაგო შარაძის და პირველი კლასის რიგითის - გიორგი ნანეტაშვილის დაკარგვასთან დაკავშირებით გამოძიებას მთავარი პროკურატურა აწარმოებს.
თავდაცვის მინისტრის განცხადებით, გონიოში დაკარგული სამხედროების საქმესთან დაკავშირებით გამოძიების შედეგები მალე გახდება ცნობილი თუ რა ტიპის დანაშაულთან გვაქვს საქმე. ლევან იზორიას განცხადებით, გამოძიებას უკვე აქვს კონკრეტული შედეგები.
„იკვეთება გარკვეული დანაშაულის ნიშნები. თუ რა ტიპის დანაშაულთან გვაქვს საქმე, საზოგადოება ამაზე მალე მიიღებს ინფორმაციას“, - განაცხადა ლევან იზორიამ.
მაშ ასე: ორკვირიანი ინტენსიური ძებნის შემდეგ, შავ ზღვაში დაკარგული სამხედროების ძებნა შეწყდა. სამხედრო ექსპერტი ზურაბ აგლაძე თვლის, რომ საქმე გვაქვს ღია ზღვასთან და შესაბამისად, უსასრულოდ არაფერი არ შეიძლება გაგრძელდეს.
„ნაწილობრივ მესმის თავდაცვის სამინისტროს გადაწყვეტილება. თურქულ მხარეს გაცილებით მაღალი ტექნოლოგიები აქვთ და რადგან ამბობენ, რომ შედეგს ვერ გამოიღებს, ალბათ ჩვენ მხრიდან რაიმე შედეგებზე საუბარი ზედმეტია. უსასრულად არაფერი არ შეიძლება. ეს არის ღია ზღვა, ამიტომ სამწუხაროდ, ხანდახან გზა არ არსებობს.
ძალიან მძიმე ვითარებაა, საუბარი იმაზე ვინ დაუშვა შეცდომა, ამაზე სუბარი გამოძიების დასრულებამდე რთულია. თუმცა, შეიძლება, არ გამოვრიცხავ, რომ თვითონ ამ ბიჭებს დაეშვათ შეცდომა, ხშირია ასეთი შემთხვევა, ანუ შემთხვევითობა ყოფილიყო, რაც ასეთი სწავლებების დროს გამორიცხული არ არის“, - აცხადებს ზურაბ აგლაძე.
ექსპერტი უსაფრთხოების პოლიტიკის სფეროში, მამუკა ნებიერიძე განმარტავს, რომ თუკი არსებობს რამე შანსი, რომ იპოვონ მიცვალებულები, ძიება უნდა გაგრძელდეს და ამ შემთხვევაში თავდაცვის სამინისტროს შეუძლია თავად მიიღოს გადაწყვეტილება და გააგრძელოს ძიების ოპერაცია.
„თვითონ უნდა გადაწყვიტონ. მოიზიდონ უცხოელი სპეციალისტები, რაც რასაკვირველია ხარჯებთან არის დაკავშირებული. თუ რამის შანსი არსებობს, შეუძლიათ გააგრძელონ ძებნა, შეუძლიათ შეწყვიტონ, ამ შემთხვევაში ვერ მოედავები თავდაცვის სამინისტროს. ოჯახს შეუძლია იდავოს იმაზე, რამდენად სწორად მიდიოდა წვრთნა და არის თუ არა დარღვევები. როგორც ჩანს დარღვევა იყო.
უსაფრთხოების მთელი ტექნიკაა, შეიძლება უსაფრთხოება არ იყო დაცული. ასევე შეიძლება, რომ იჩქარეს, ან შესაბამისი მომზადება არ ჰქონდათ, ან აპარატურა იყო გაუმართავი, ეს არის ზუსტად გამოძიების საგანი. ღრმა წყლებია და ძლიერი დინებაა. რაც მთავარია როდესაც ჩაყვინთეს სიმძიმეები ჰქონდათ და როგორც ჩანს, ჩაიძირნენ“, - ამბობს მამუკა ნებიერიძე.