„ვისაც სურს საქართველოში საქმიანობა, პატივი უნდა სცეს ჩვენს კანონმდებლობას, ჩვენს ტერიტორიულ მთლიანობას“

„ვისაც სურს საქართველოში საქმიანობა, პატივი უნდა სცეს ჩვენს კანონმდებლობას, ჩვენს ტერიტორიულ მთლიანობას“

„იანდექს ტაქსის“ გამოჩენამ თბილისის საზოგადოებაში ნეგატიური რეაქცია გამოიწვია, სოციალურ ქსელებში აღნიშნული კომპანიის საწინაააღმდეგო აქციაც მოეწყო, დღეს კი საქართველოს მთავრობას თავისმართლება და განმარტებების კეთება უწევს რუსულ კომპანიასთან გაჩენილი კითხვების გამო.

რუსული კომპანია „იანდექს ტაქსი“ ქართულ ბაზარზე 23 აგვისტოს შემოვიდა, პროტესტი გაჩნდა იმ მიზეზით, რომ „იანდექსის“ ოფიციალურ ვებ-გვერდზე საქართველოს რუკა აფხაზეთისა და ცხინვალის გარეშეა დატანილი და შესაბამისად, კომპანია „ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ საქართველოს კანონს“ არღვევს. თავად „იანდექს ტაქსის“ წარმომადგენლობა ამ ბრალდებას უარყოფს.

თუ რომელიმე კომპანია საქართველოს კანონმდებლობას არღვევს, შესაბამისმა ორგანოებმა უნდა გამოიძიონ, - ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ ტაქსების რუსულ კომპანია „იანდექსის“ საქართველოში ოპერირებასთან დაკავშირებით დასმულ კითხვაზე კომენტირებისას განაცხადა, რომელიც შესაძლოა „ოკუპაციის შესახებ“ კანონს არღვევდეს.

როგორც ჯანელიძემ განმარტა, საქართველოში ბიზნესგარემო და ბიზნესი თავისუფალია ყველა კომპანიისთვის, რომელიც საქართველოს კანონმდებლობის დაცვით მოქმედებს და მათ შორის რუსული ბიზნესისთვის.

„თუ არსებობს საქართველოს კანონმდებლობის დარღვევის ფაქტები, შესაბამისმა ორგანოებმა უნდა გამოიძიონ. საგარეო საქმეთა სამინისტრო აღნიშნულ ფაქტებს არ იძიებს“, - განაცხადა ჯანელიძემ.

რუსული კომპანიის რეგიონალური მენეჯერის, თენგიზ ველიანის ინფორმაციით, კომპანიის საქართველოში შემოსვლა იყო ერთგვარი, სტრატეგიული გადაწყვეტილება, რადგან კომპანიის სტრატეგია გულისხმობს აღმოსავლეთ ევროპისა და პოსტსაბჭოთა კავკშირის სივრცეში შესვლას.

ცნობილია, რომ რუსულმა კომპანიამ ხელშეკრულებების გაფორმება დაიწყო თბილისში არსებულ ტაქსების კომპანიებთან. აღნიშნული თანამშრომლობა კი, როგორც კომპანიაში აცხადებენ ამჟამად მხოლოდ პროგრამული უზრუნველყოფის სერვისის მიწოდებაში გამოიხატება.

როგორც კომპანიაში აცხადებენ, გასათვალისწინებელია, რომ საქართველოში დაიწყო მუშაობა „იანდექს ტაქსის“ სერვისმა და არა უშუალოდ „იანდექსმა“, რომლის სტრუქტურაში უამრავი კომპანიაა.

რაც შეეხება ქართულ კანონმდებლობას, „იანდექს ტაქსის“ მენეჯმენტის განმარტებით, ის დაცულია და აფხაზეთი და ოსეთი ნამდვილად არის ასახული რუკაზე, როგორც საქართველოს ტერიტორია.

რაც შეეხება თავად „იანდექსის“ რუკებს, როგორც კომპანიაში განმარტავენ, სათაო ოფისი მუშობს რუსეთში და რუსეთი აღიარებს ამ რეგიონების დამოუკიდებლობას. ამის მიუხედავად, მიმდინარეობს რუკის კორექტირება, მაგრამ პროგრამულად ამ თემის გასწორება საკმაოდ რთული პროცედურაა. კომპანიაში ასევე აცხადებენ, რომ რუსული მხარე წამოვიდა იმაზე, რომ საქართველოში ეს რუკა გასწორდეს არაუგვიანებს 1 ოქტომბრამდე.

თუმცა შესრულდება თუ არა ეს პირობა, ძნელი სათქმელია, რადგან ასეთ შემთხვევაში „იანდექსს“ მოუწევს რუსული პოლიტიკის წინააღმდეგ წასვლა, რომელიც აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთს დამოუკიდებელ ქვეყნებად აღიარებს.

ოკუპაციის შესახებ კანონის დარღვევის გარდა კითხვები გაჩნდა სხვა მიმართულებითაც - აქვს თუ არა საქართველოს მთავრობას გარკვეული ინტერესი და ხომ არ მოხდა შეგნებულად თვალის დახუჭვა კომპანიის რეგისტრაციისას.

„არც მე და არც ჩემს გუნდს არანაირი შეხება კომპანია „იანდექს ტაქსთან“ არ გვაქვს, - განაცხადა პირველმა ვიცე პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა რუსული კომპანია „იანდექს ტაქსის“ ქართულ ბაზარზე შემოსვლისა და მის მიერ „ოკუპირებული ტერიტორების შესახებ კანონის“ დარღვევის საკითხზე კომენტირებისას.

მისივე მტკიცებით, მთავრობის მხრიდან აღნიშნული კომპანიის არავითარი წახალისება არ ხდება.

„მთავრობის მიერ არანაირი წახალისება არ ხდება. პირიქით, შემიძლია პიროვნულად გითხრათ - მეც მაქვს ეჭვი, რომ შეიძლება ირღვეოდეს ეს კანონი. მე მქონდა საუბარი ჩემს გუნდთან, ისინი ამ მიმართულებას სწავლობენ. ჩვენ ჩამოვყალიბდებით, თუ ეს დარღვევა არსებობს, ვინ უნდა მოახდინოს ამაზე რეაგირება. ერთმნიშვნელოვნად, კანონი ქვეყანაში უნდა იყოს დაცული. ჩვენი ტერიტორიული მთლიანობა და სუვერენიტეტი უნდა იყოს უზრუნველყოფილი. არც მე, არც ჩემს გუნდს არანაირი შეხება ან კომპანიასთან არ აქვს. ეს კომპანია, რამდენადაც მოვიკითხე და გავერკვიე, არის პროგრამული უზრუნველყოფის პლატფორმა, რომელიც უზრუნველყოფს მოთხოვნისა და მიწოდების თანხვედრას. მიუხედავად ამისა, ყველას, ვისაც უნდა საქართველოში საქმიანობა, უნდა სცეს პატივი ჩვენს კანონმდებლობას, ჩვენს ტერიტორიულ მთლიანობას“, - განაცხადა ქუმსიშვილმა.

ბუნებრივია, თავად „იანდექს ტაქსის“ მენეჯმენტიც უარყოფს იმ ფაქტს, რომ კომპანიის მმართველობაში წარმოდგენილი არიან ქართველი მაღალჩინოსნები.

თუმცა კითხვებს ბადებს დანარჩენი აქციების თემა - რაც შეეხება „იანდექსის“ აქციებს, როგორც ცნობილია, ძირითადი პაკეტის მფლობელია არკადი ვოლოჟი, „იანდექსის“ დამფუძნებელი და გენერალური დირექტორი, ხოლო ვინ არის დანარჩენი აქციების მფლობელი, დახურული ინფორმაცია.

ექსპერტი პაატა შეშელიძე თვლის, რომ პრობლემა არსებობს და ის უნდა გასწორდეს.

პაატა შეშელიძე: „პრობლემა ასეთია, შემოვიდა კომპანია, დარეგისტრირდა და დაიწყო ოპერირება. არსებობს მოსაზრება, რომ რეგისტრაცია არის უკანონო, გამომდინარე იქიდან, რომ ეს კომპანია არ აღიარებს საქართველოს იურიდიულ საზღვრებს. რად უნდა ახლა ამას დიდი გარჩევა და ამოცანების დასმა როდესაც ძალიან მარტივადაა საქმე? იუსტიციის სამინისტროს ბრალია, რომ ეს კომპანია დაარეგისტრირა. დაუყოვნებლივ უნდა დაუსვას საკითხი იუსტიციის სამინისტრომ ამ კომპანიას, რომ ან შეცვალოს თავისი პოლიტიკა, ან გააუქმოს რეგისტრაცია“.

თუკი პრობლემა მარტივია, ლოგიკურად ჩნდება კითხვა, ზოგადად, რუსული კომპანიების შემოსვლას ხვდება აგრესიით საზოგადოება, თუ ეს სულაც არ არის საყოველთაო ტენდენცია, - თუმცა პაატა შეშელიძის შეფასებით, აგრესია მხოლოდ იმ შემთხვევაში ჩნდება, თუკი გამოკვეთილია მსგავსი პოზიცია:

„ძალიან ბევრი ეჭვია ამ კომპანიის მიმართ; ის ნახევრად სახელმწიფოს საკუთრებაშია რუსეთში, აქ არ ვიცი, როგორი სტატუისითაა დარეგისტრირებული, მაგრამ თავის სანავიგაციო სისტემაში საქართველო ასახულია არა ქართული, არამედ რუსული კანონმდებლობით და ა.შ. მოკლედ, ძალიან ბევრ პრობლემას ქმნის და აუცილებლად უნდა მოუწოდონ, რომ გაასწორონ ყველაფერი; თუმცა ისიც ცხადია, არ გაასწორებენ, ამიტომ ვფიქრობ, რეგისტრაცია უნდა გაუქმდეს“.

როდესაც თემამ ისეთი რეზონანსი მიიღო, რომ მინისტრებს სათითაოდ უწევთ განმარტებების კეთება, შეუძლებელია იუსტიციის სამინისტროს არ ჰქონდეს პასუხი, ირღვევა ოკუპაციის შესახებ კანონი თუ არა.

არსებობს მოსაზრება, რომ შესაძლოა, ქართული მხარის თავშეკავებაში პოლიტიკური მომენტიც იყოს და საქართველოს ხელისუფლება ერიდებოდეს რუსული მხარის განაწყენებას რომელიც ისედაც ყოველ ნაბიჯზე ქმნის პროვოკაციის პრეცედენტებს.

პაატა შეშლიძე თვლის, რომ აქ პოლიტიკური მომენტი არაფერ შუაშია, რადგან კანონი ყველასთვის კანონია და ის ყველამ უნდა დაიცვას.

„როდესაც კანონს არ ასრულებ, მაშინ განაწყენებასაც აზრი ეკარგება. შესაძლოა, უბრალოდ იუსტიციამ თავის დროზე, ასე სკურპულოზურად ვერ შეისწავლა საკითხი, მხედველობიდან გამორჩათ, ნახეს რომ ეს იყო ტაქსი და დაარეგისტრირეს. მერე აღმოჩნდა რომ პრობლემაა. შესაძლოა ჯერ საქართველოში გააფორმეს იურიდიული კომპანია და მისი სახელით შემოვიდნენ, შესაძლოა ეს ქართული კომპანიაა რომელსაც „იანდექსი“ ჰქვია, ან შვილობილი კომპანიაა. მოკლედ, იურიდიული მხარე აუცილებლად გასარკვევია“ - მიიჩნევს პაატა შეშელიძე.

შეგახსენებთ, რუსულ  პრესაში „იანდექს ტაქსის“ საქართველოში შემოსვლასთან დაკავშირებული ინფორმაცია მიმდინარე წლის ივლისში გამოჩნდა. მაშინ, აღნიშნულ თემაზე გაზეთ „ვედომოსტის“  „იანდექს ტაქსის“ გენერალური  დირექტორი ტიგრან ხუდავერდიანი ესაუბრა. საქართველო ბელორუსის, ყაზახეთის, რუსეთისა და სომხეთის შემდეგ მეხუთე ქვეყანა გახდა, სადაც რუსული კომპანიის აპლიკაცია ჩაეშვა.

ცნობისთვის, ტაქსის ონლაინ-გამოძახების კომპანია „იანდექს ტაქსი“ ტაქსის უმსხვილეს კომპანიებთან თანამშრომლობს. სერვისი ავტომატურად განსაზღვრავს დამკვეთის ადგილმდებარეობას და მას ყველაზე ახლოს მყოფ ტაქსის უგზავნის. სისტემას აქვს ისეთი სერვისები, როგორიცაა საფასო კატეგორიის შერჩევა – „ეკონომ,“ „სტანდარტ“ და „ბიზნეს“ კატეგორიები. ასევე ცალკეული მახასიათებლები – არამწეველი მძღოლი, საბავშვო სავარძელი, კონდიციონერი და ა.შ.

როგორც „იანდექს ტაქსის“ „ფეისბუქის“ ოფიციალური გვერდი იტყობინება,  2016 წლის 31 ოქტომბრამდე  მგზავრობის ღირებულება 50 თეთრიდან იწყება. აღნიშნულ ფასში შედის მგზავრობა 2კმ-ზე და 5-წუთიანი ლოდინი.

ამჟამად თბილისს „იანდექს ტაქსის“ 200 მანქანა ემსახურება. ამასთან, კომპანია დედაქალაქის  გარდა, საქართველოს სხვა ქალაქებში შესვლასაც გეგმავს.