პრომეთეს მღვიმე, მარტვილის კანიონი, ოკაცეს კანიონი, - ეს საქართველოს ის თვალწარმტაცი ადგილებია, სადაც ვიზიტორთა რიცხვი ყოველწლიურად მატულობს. თუმცა მარტო უცხოელების ჩამოსვლაზე აქცენტის გადატანა არასაკმარისია და საინტერესოა, ვიყენებთ თუ არა საქართველოში შიდა ტურიზმის პოტენციალს?!
ამის შესახებ For.ge-ს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლექტორი, ტურიზმის ექპერტი გიორგი ქემერტელიძე ესაუბრა.
ათი წლის წინანდელ პერიოდთან შედარებით ჩვენს ქვეყანაში შიდა ტურიზმი სულ უფრო პოპულარული ხდება, რაც განსაკუთრებულად ეხმარება მაღალმთიან რეგიონებში შერჩენილ მოსახლეობას და მათ შემოსავლის წყაროს უჩენს. თუმცა მაინც მიტოვებულია საქართველოს ულამაზესი ეროვნული პარკები. ბოლომდე რატომ ვერ ვიყენებთ შიდა ტურიზმის პოტენციალს?
- თუ გადავხედავთ შიდა ტურიზმის სტატისტიკას, ყველაზე მეტი შიდა დამსვენებელი, შიდა მოგზაური ძირითადად შავი ზღვისპირეთში მიემართება. ისინი უფრო მეტად ზღვაზე დასვენებით შემოიფარგლებიან. ჯერ ვერ მივედით იმ დონემდე, რომ სხვა მარშრუტებზეც გავაკეთოთ აქცენტი, თუნდაც ღვინის ტურებზე, თუნდაც მთიან რეგიონზე - სვანეთზე, ხევსურეთზე, თუშეთზე. ამის პოტენციალი გაგვაჩნია.
თქვენ ახსენეთ პრომეთეს მღვიმე, ჩემი აზრით, აქ უფრო მეტი აქტიურობაა საჭირო. მოგეხსენებათ, პრომეთეს მღვიმე მდებარეობს წყალტუბოში, ის დაცულ ტერიტორიებს ეკუთვნის და საკმაოდ კარგად არის მოწყობილი. დაცულ ტერიტორიებს შორის ვიზიტორთა ყველაზე დიდი ნაკადი სწორედ პრომეთეს მღვიმეს ჰყავს. მე თუ მკითხავთ, უფრო ინფორმაციის ნაკლებობის ამბავია, რომ გაცილებით მეტი ვიზიტორი არ სტუმრობს ამ ადგილებს. კი, ყველამ იცის პრომეთეს მღვიმე, მაგრამ ჩვენს მოსახლეობას უფრო ზუსტად უნდა მივაწოდოთ ინფორმაცია, რომ, თუ ზაფხულში მიდიან ზღვაზე, შეუძლიათ, გაიარონ პრომეთეს მღვიმეში. ანუ მარშრუტს ლოგიკურად თუ მიაწვდი ჩვენს შიდა მოგზაურს, გაცილებით მეტი ადამიანი მოინახულებს პრომეთეს მღვიმესაც და ოკაცეს კანიონსაც.
ოკაცეს კანიონიც იმერეთშია, ხონშია და იქიდან ძალიან ახლოა მარტვილამდე, სადაც ახლად გაკეთებული, კარგად გამართული მარტვილის კანიონია. მარტივი პიარის გაკეთება შეიძლება, „მიდიხარ ბათუმში? - გაიარე პრომეთეს მღვიმეში... მარტვილის კანიონში“. ზღვაზე წასვლაში ეს არ შეუშლით ხელს, სულ რამდენიმე საათს დახარჯავენ ამისთვის და ეს დროის დაკარგვა არ იქნება. ისევე, როგორც უნდა მოინახულონ ჭიათურაში მდებარე კაცხის სვეტი. თუ მიდიან დასავლეთში, შავი ზღვისპირეთში, შეუძლიათ, რიკოთის გადატვირთულ გზებზე არ იარონ და საჩხერე-ჭიათურის გზით წავიდნენ, ნახონ მღვიმევის მონასტერი, კაცხის სვეტი, გადახვევა არსად სჭირდებათ.
თქვენ დასავლეთ საქართველოზე აკეთებთ აქცენტს, აღმოსავლეთ საქართველო რამდენად მიმზიდველია შიდა ტურიზმისთვის? სხვათა შორის, წელს გაცილებით მეტი ხალხი სტუმრობდა ლაგოდეხის ნაკრძალს.
- ზაფხულის პერიოდში კახეთი შიდა ვიზიტორებს შორის ნაკლებად მონახულებადია, თუ არ ჩავთვლით ლაგოდეხის ნაკრძალს. ვფიქრობ, ნელ-ნელა იზრდება შიდა ვიზიტორთა რიცხვი, მათი რაოდენობა არ არის გაჩერებული და არ იკლებს. უფრო მეტი ადამიანი დადის შიდა ტურისტული რესურსების სანახავად, მაგრამ ისევ ჩემს აზრზე ვრჩები, რომ შეიძლება ამ რესურსებს უფრო მეტი პოპულარიზაცია გავუწიოთ, უბრალო სლოგანებითაც კი.
ცოტა ხნის წინ წამოიწყეს კამპანია „აღმოაჩინე საქართველო შენს სოფელში“. გაამართლა ამ პროექტმა?
- მე მგონი, არ გაამართლა. გაცილებით უკეთესია პირადი ინიციატივა. მაგალითად, ჩემი სტუდენტები თვითონვე გეგმავენ ტურებს და თავის მეგობრებთან ერთად გარს უვლიან მთელ საქართველოს. უკვე მოდაშიც შემოვდა, რომ უნდა წახვიდე სვანეთში. იმავე კახეთში არის რამდენიმე შესანიშნავი ადგილი ყვარლის ტბაზე, ლოპოტაზე, ასეთი ბევრი ადგილია კახეთში, მიუხედავად იმისა, რომ კახეთი მაინცდამაინც არ არის ზაფხულის საკურორტო ზონა. რა თქმა უნდა, თუშეთი ცალკე რეგიონია, მაგრამ ცუდი ის არის, რომ გზა ართულებს საქმეს. როცა გზა გაკეთდება, ნამდვილად გაიზრდება ვიზიტორთა რაოდენობა.
უცხოელებთან შედარებით, ჩვენს მოქალაქეებს დასასვენებლად ზოგჯერ თანხები არ ჰყოფნით. ქართველების ფინანსური სიმწირით ხომ არ აიხსნება, რომ შიდა ტურიზმი ისე მძლავრად არ არის განვითარებული ქვეყნაში?
- ჩვენი მოქალაქეების პასიურობა ამასაც უკავშირდება. მე მგონია, რომ ჩვენს ხალხში მაინც ნაკლები ცნობიერებაა ტურისტული ადგილების შესაცვლელად. ცხადია, ეკონომიკური მდგომარეობაც გასათვალისწინებელია. ერთი წლის განმავლობაში ადამიანი ფულს აგროვებს, რომ წავიდეს ზღვაზე და იმის იქით ვერ ხედავს ვერაფერს.
მეტ-ნაკლებად ვიცით, უცხოელების ჩამოსვლა როგორ აისახება საქართველოზე. მაგალითად, აჭარაში უცხოელები საშუალოდ ოთხი დღით ჩადიან და დღეში 450 ლარს ხარჯავენ. ალბათ, შიდა ტურიზმის მომსახურება გაცილებით იაფი დაჯდება.
- რასაკვირველია, გააჩნია მარშრუტებს, დღეებსა და ოჯახის წევრთა რაოდენობას. ტურისტული მარშრუტები ქართველებსაც თითქმის იგივე უჯდებათ, რაც უცხოელებს. უბრალოდ, უცხოელს ტრანსპორტირებაში მეტი თანხა ეხარჯება. საქართველო უცხოელებისთვის მაინც სხვა ქვეყანაა და ნაკლებად ახერხებენ ისე მარტივად დაგეგმონ მარშრუტი, როგორც ამას ქართველი მოახერხებს თუნდაც იმავე ნაცნობობით, კონტაქტებით. ამ შემთხვევაში, ნაკლებად გვაინტერესებს ერთი ადამიანის დანახარჯი, მთავარია, კონკრეტულ რეგიონში რამდენია დანახარჯი. რეგიონში მცხოვრები ადამიანისთვის სულერთია, ქართველის დანახარჯი იქნება, თუ უცხოელის. ჩვენი მიზანია, ადგილობრივი მოსახლეობა ტურიზმში ჩაერთოს და ეკონომიკურად განვითარდეს.
ხშირად გვსმენია, რომ თურქეთსა და ეგვიპტეში დასვენება გაცილებით იაფია, ვიდრე საქართველოში. ეს შიდა ტურიზმსაც შეეხება?
- ესეც გავრცელებული თემაა, რომ საქართველოში ყველაფერი ძვირი ღირს, ამიტომ უცხოეთში არჩევენ დასვენებას. ზღვის პოტენციალს რაც შეეხება, შესაძლოა, მართლაც უფრო იაფად დაისვენო თურქეთსა და ეგვიპტეში ზღვაზე. მით უმეტეს, თურქეთში მომსახურება გაიაფდა და ხარისხიც უკეთესია. მაგრამ, თუ ზღვის ნაცვლად მთაში გვინდა დასვენება, საქართველოში დასვენება ბევრად იაფი დაჯდება. თუ ჩვენთ ვაპირებთ სვანეთში ან ალპებში წასვლას, ცხადია, სვანეთი გაცილებით ხელმისაწვდომია. საერთოდაც, ყოველწლიურად ზღვაზე ერთფეროვან დასვენებას მრავალფეროვანი დასვენება სჯობს. კარგია, რომ საქართველოშიც შემოვიდა მოდა, რომ ადამიანებმა იარონ შიდა ტურებში, იარონ მთაში და მარტო ზღვით არ შემოიფარგლნენ.