რიო-დე-ჟანეიროს ზაფხულის ოლიმპიური თამაშები დასრულდა. როგორც წესი ქართველთა ჯილდოების უმეტესი ნაწილი ფალავნებზე მოდის. დღეს გადავწყვიტე სიტყვა ამ სფეროს წარმომადგენლებს გადავცე რომლებიც რამდენიმე სახალისო ამბავს გაიხსენებემ.
ვლადიმერ კანკავა:
„1967 წელია. ბორჯომში საქართველოს ნაკრები ხალხთა სპარტაკიადისთვის ვემზადებოდით. მთავარმა მწვრთნელმა შეკრების დაწყების პირველივე დღეს მკაცრი გადაწყვეტილება მიიღო:
- არ მაინტერესებს, ვინ რა დონის მოჭიდავეა. მოსამზადებელ ვარჯიშებზე ვინც თავს ვერ გამოიჩენს, ან დისციპლინას დაარღვევს, დავემშვიდობები.
დაიწყო ჯოჯოხეთური ვარჯიშები. მორიგი ვარჯიში დილის 7 საათზე იყო დანიშნული. ამოიკითხა მწვრთნელმა სია. ყველა ადგილზეა. არ ჩანს მხოლოდ რომან რურუა.
- სად არის რურუა? - იკითხა მწვრთნელმა. ყველა გაისუსა. არაა კაცი და რა უნდა თქვა?
- სადაა რომან რურუა?! - ისევ დააბრიალა მწვრთნელმა თვალები.
დუმილი...
- მოხსნილია! - იქუხა გაბრაზებულმა „ტრენერმა“ და დაძაბულ სიჩუმეში ნაბიჯების ხმა მოგვესმა. გავიხედეთ და რას ვხედავთ - უჩვეულოდ ჩათბუნებული, ოფლში გალუმპული რურუა მორბის. დაღლილობისგან ადამიანის ფერი არ ჰქონდა.
თურმე რომანი გამთენიისას 4 საათზე ამდგარა და ტყეში მოთელვა ჩაუტარებია.
მწვრთნელმა შვებით ამოისუნთქა.“
ომარ ეგაძე:
„რუსეთის ერთ ქალაქში ვართ ჩემპიონატზე. საცხოვრებელში მკაცრი დისციპლინა იყო დამყარებული. ერთ საღამოსაც დაბრუნება დამაგვიანდა და ბიჭები აფორიაქდნენ. რომან რურუაა მორიგე ზედამხედველი იმ ღამეს.
- სადაა ეგაძე? - იკითხა თურმე.
ღამის 2 საათია... შევიპარე და დავიძინე.
- ბიჭო, მაღვიძებს მეგობარი მოჭიდავე, - რომანს ვუთხარით შენზე „ლუნატიკია“ და უაზროდ დადის - თქო, რა გვექნა, აბა? თუ ძმა ხარ, კაცი არ მოგვამდურო, როგორმე გაამართლე ნათქვამიო.
რა უნდა მექნა, დავთანხმდი. შუაღამეს ავდექი და თვალდახუჭული მძინარე რომანს თავზე დავადექი. ვაჭერ თითებს მკერდსა და მუცელზე.
გაიღვიძა და წამოხტა.
- რა დღეში ხარ, კაცო შენ!
- აააჰ, აჰ, - შეუძახეს ბიჭებმა, - არ გააღვიძო, არ გააღვიძო, შეიძლება გაგიჟდეს და დაგვკბინოს ყველა.
რომანი ჭკვიანი კაცია და... დაუჯერებია.
მეორე ღამეა. შუაღამისას ავდექი, მივუახლოვდი ფანჯარას და ხმამაღლა ყვირილი დავიწყე. წამოიშალნენ ბიჭები, წამოხტა რომანიც. ხელი მომკიდეს და საწოლთან მიმიყვანეს. დავწექი და ვითომ დამეძინა.
ერთი კი ვიფიქრე, რომ თუ თამაშია, საქმე ბოლომდე უნდა მიმეყვანა. ცოტა რომ ჩაცხრა და ჩაწყნარდა სიტუაცია, ისევ თვალდახუჭული წამოვდექი. ვითომ წყალი უნდა დავლიო.
გავწიე ხელი წყლიანი ჭურჭლისკენ, მაგრამ - ბოდიში, რამდენჯერაც გავწიე ხელი, იმდენჯერ მიტია გრაფინმა. გავიგრძელე ხელი, გრაფინი მაინც მშორდება.
მალულად გავახილე თვალი და რას ვხედავ. რომან რურუა ნელ - ნელა, ისე რომ არ გამაღვიძოს გრაფინს თავისკენ წევს. ისევ დავწექი და დავიძინე. რომანს მთელი ღამე არ უძინია, საწყალს. ან რა დააძინებდა, ბიჭებს უთქვამთ, ეგ ხომ მთვარეულია და გაბრაზებულია თქვენზე, ბატონო რომან, და ფრთხილად იყავით, დამუქრებულია, გრაფინი უნდა გლეწოს თავშიო და გაწევდა, აბა, რას იზამდა.“
ჯუმბერ დავლიანიძე:
„მახსოვს, ერთხელ მოსკოვში, კურსკის ვაგზლიდან თბილისში ვბრუნდებოდით. კურსკის ვაგზლის ახლოს გასტრონომში შევიარეთ პროდუქტების შესაძენად.
მოლარეს სალაროში ქვითრები გამოვარტყმევინე, თან თანმხლებ კოლეგას ვუთხარი: „მე სანამ სხვა რამეებს ვიყიდი, მიდი აი, იმ ქერათმიან გოგოსთან (სხვა გამყიდველზე ვანიშნე) და სამი „ბატონი“ გამოართვი-მეთქი. ისიც ადგა და მივიდა: „დევუშკა, დავაი ტრი გასპადინ“. გაოცებულმა გამყიდველმა ჩეკი გამოართვა.
- ჩტო? ჩტო ვი ტრებუიტე?
ამან იფიქრა სწორედ ვერ ვუთარგმნეო და ცეცხლზე ნავთი დაასხა:
- ტაგდა... ტრი კნიაზა დავაი...
გამყიდველი ჩაბჟირდა. და რომ ავუხსენი, სიამოვნებით შეგვიფუთა „ტრი ბატონჩიკი“... „ნუ შუტნიკი!“.
„სტამბულში ვართ. ბერძნულ-რომაულ და თავისუფალ ჭიდაობაში ევროპის პირველობა ტარდება. მსაჯებს ასეთი რამ შეგვემთხვა.
პროგრამით გათვალისწინებული შეხვედრების შემდეგ ავტობუსით ვბრუნდებოდით სასტუმროში. როცა ავტობუსიდან გადმოვედით, კარებში ჩანთებით დატვირთული თურქები დაგვხვდნენ. ისინი კოხტად შეფუთულ პარკებს სულ... სამ დოლარად გვთავაზობდნენ.
თითოეულ მათგანში მსაჯის თეთრი მაისური და ხუთი წინდა უნდა ყოფილიყო. მათი გახსნის და ნახვის ნება არ დაგვრთეს იმ მიზეზით, რომ პოლიცია უთვალთვალებდათ.
მოკლედ, სულ დავუცარიელეთ ჩანთები და სასტუმროს ვესტიბიულში შესვლისას გავხსენით ეს პაკეტები. ყველა მათგანში უხარისხო, დახეული და თვალწასული, „დეფექტიანი“ საქონელი იდო.
სასწრაფოდ გამოვცვივდით გარეთ, მაგრამ რა დაგიკარგავს, რას ეძებ? მოკლედ, საღამოს, გულის ჯავრზე მსაჯებმა ჭიქის მიჭახუნებით ერთმანეთს ვუსურვეთ, რომ მეტი დანაკლისით ღმერთს აღარ დავესაჯეთ.“
ზურაბ კახაბრიშვილი
„ერთმა ჩვენმა მოჭიდავემ (გვარს და სახელს არ ვიტყვი) ერთი „პაეზდკის“ დროს ტატუს გამკეთებელი გაიცნო და მხარზე - იდაყვის ზემოთ არწივი „ამოანაკოლკებინა“.
შევხედე არწივს და ნამდვილად არ მომეწონა, რადგან არწივი ძლიერების და შეუპოვრობის სიმბოლოა. ის არწივი კი ნიბლია ჩიტივით კეთილად გამოიყურებოდა.
- რაა ბიჭო, ეს! მით გინდა „წაახდინო“ მეტოქე?! დავიწუნე და დავიწუნე.
- აუ, რაღა ვქნა ახლა! - აშკარად შეწუხდა ჩვენი ფალავანი, რა ვუყო ახლა ამას? - სიმწრით გადაყლაპა ნერწყვი.
- ხომ გახსოვს, ვინც გაგიკეთა? - ვეკითხები.
- რავა არა, ორასი მანეთი მივეცი, სულ თუმნიანები.
- ჰოდა, მიდი და უთხარი, ცოტა „ჟესტოკი“ არწივი გაგიკეთოს.
ჩვენი მოჭიდავე დაფიქრდა - ასე მართლა არ ივარგებსო და ოთხი საათი უჯდა გადასაკეთებლად იმ „მეტატუირეს“. ეტყობა ის კაცი მაგარი პროფესიონალი იყო და „გადააკეთა“.
- აი, გადააკეთა! – „მომახარა“ ჩვენმა ფალავანმა და მკლავი გაიშიშვლა.
მკლავიდან გაკვირვებული, მრისხანე გამომეტყველების მქონე არწივი გაოცებული თვალებით მიყურებდა..“