„აღლუმის ჩაშლის მცდელობაზე ადეკვატური პასუხი იქნება“

„აღლუმის ჩაშლის მცდელობაზე ადეკვატური პასუხი იქნება“

სახალხო კრება აღლუმის ჩატარების წინააღმდეგი არ არის, თუმცა ლიდერების თქმით, „დაკავებული ადგილიდან ფეხს არ მოიცლიან“. საპარლამენტო უმრავლესობაში კი აცხადებენ, რომ „აღლუმისთვის სამზადისის ხელის შეშლის შემთხვევაში ქმედებები ადეკვატური იქნება“. "თავისუფალი საქართველო" მოუწოდებს ოპოზიციურ სპექტრს და დიპლომატიურ კორპუსს, წინ აღუდგნენ 25 მაისის ღამეს მოსალოდნელ დარბევას.

სახალხო კრების მხარდამჭერები პარლამენტის შენობასთან დარჩებიან. ნინო ბურჯანაძემ მოუწოდა ხალხს, რომ ფეხი არ მოიცვალონ ამ ადგილიდან: "ლამის ფიცი დავდოთ, რომ არც ერთი თქვენთაგანი ფეხს არ მოიცვლის აქედან. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი და ყველაფერი თქვენზეა დამოკიდებული".

მან ასევე მიმართა პოლიტიკური პარტიების ლიდერებს და განაცხადა, რომ ძალიან ბევრი მათგანი ათას მიზეზს ასახელებდა იმისთვის, რომ არ იდგა კრების გვერდზე.

მისი თქმით, ზოგს ბურჯანაძე არ მოსწონდა, ზოგს განცხადებები არ მოსწონდა. ზოგს კი თვალის ფერი, მაგრამ ამას ახლა მნიშვნელობა არა აქვს. თუკი ისინი მიიღებენ გადაწყვეტილებას, რომ შემოუერთდნენ კრებას, ამ გადაწყვეტილების მიღება არასოდეს არ არის გვიანი.

მან ასევე მოუწოდა სხვადასხვა პარტიების წევრებს, თუ მათი ლიდერები ვერ მიიღებენ ამ გადაწყვეტილებას, მიიღონ პარტიის ცალკეულმა წევრებმა და დადგნენ ხალხის გვერდით. ამასთან, "სახალხო კრების" ორგანიზატორებმა უსაფრთხოების ზომების გამკაცრება გადაწყვიტეს.

ნინო ბურჯანაძე ხვალ საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი აღლუმის ჩატარების წინააღმდეგი არ არის, თუმცა აცხადებს, რომ დაკავებული ადგილიდან წასვლას არსად აპირებს.

როგორც ბურჯანაძემ პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე გამართულ აქციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, "აღლუმის ჩატარების წინააღმდეგი არ ვართ, მაგრამ ხალხი აქედან ფეხს არ მოიცვლის":

"კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ ძალა ხალხშია და ხალხი დღეს აქედან ფეხს არ მოიცვლის. პირობას გაძლევთ, რომ სააკაშვილი, რომელმაც ეს ქვეყანა მძიმე პოლიტიკურ, ეკონომიკურ, სოციალურ  მდგომარეობაში ჩააგდო, ქვეყნის სათავეში დიდხანს ვერ იქნება".

მომღერალ გია გაჩეჩილაძის განცხადებით, "ვინ ჩაიბარებს ხვალ აღლუმს - ხალხი გადაწყვეტს". ამის შესახებ "უცნობმა" პარლამენტის შენობის წინ მიმდინარე აქციაზე განაცხადა:

"მე არაერთხელ მითქვამს და კიდევ გავიმეორებ, რომ სადაც ქართველი ხალხი იქნება, ყოველთვის იქ ვიდგები. არ აქვს მნიშვნელობა, აქ დღეს 10 000 კაცი იდგებით, თუ 1000, იმიტომ, რომ ხვალ თავისუფლების დღეა და ეს დღე ქართველმა ხალხმა უნდა იზეიმოს. მე მინდა, გადავცე "ვასიკოს მაღალს" (მიხეილ სააკაშვილს), რომ რასაც ის "მარგინალიზაციად" თვლის, საქართველოს სული და გულია. ასე, რომ დასაცინები ჩვენ კი არა, თქვენ ხართ და ხვალ ეს დამტკიცდება. 26 მაისი ზეიმით მოდის და ხალხი გადაწყვეტს, ვინ ჩაიბარებს აღლუმს და არა ერთი შიზოფრენიკი".

აქციის მონაწილის, მსახიობ დიმა ჯაიანის მტკიცებით, შუაღამისას, როდესაც ხალხი შეცოტავდება, ხელისუფლება საპროტესტო აქციის დარბევას აპირებს. როგორც ჯაიანმა განაცხადა, ეს ინფორმაცია ერთ-ერთი მომიტინგის ცოლმა მიაწოდა, რომელიც პოლიციაში მუშაობს.

მისი თქმით, ხელისუფლება ელოდება იმ მომენტს, როდესაც ხალხი შემცირდება და მათთან შებრძოლება ადვილი იქნება. მან კიდევ ერთხელ მოუწოდა ხალხს ერთად დგომისკენ, რათა პროვოკაციები თავიდან აირიდონ.

სახალხო კრების აღმასრულებელი საბჭოს წევრი ირაკლი ბათიშვილი ჯარსა და პოლიციას „გამოფხიზლებისკენ“ მოუწოდებს მისი თქმით, აქვთ მათ იმის დრო, რომ გამოფხიზლდნენ და ყველაფერი გააზრებულად განახორციელონ:

 "ჩვენს არაკეთილმოსურნეებს უხაროდათ, რომ ეს აქცია არ ჩატარდებოდა, მაგრამ როგორც ხედავთ ეს აქცია ტარდება და ხალხიც ბევრია. მივმართავ მასმედიის წარმომადგენლებსაც, რომლებიც ხელისუფლების მხრიდან იმართებიან, რომ გააშუქონ საღი და ობიექტური ინფორმაცია. მივმართავ ჯარსაც რომ ხალხი და ჯარი არის ერთი მთლიანობა, მათი მთლიანობა კი ქვეყნის წინსვლას განაპირობებს. მინდა მივმართო პოლიციელებსაც, რომ არ აღმართონ ხელი საკუთარი მოქალაქეების მიმართ და არ დაუჯერონ უკანონო ბრძანებებს".

მოძრაობის „სოლიდარობა უკანონო პატიმრებს" ლიდერი ეკა ბესელია ხელისუფლებას მოუწოდებს, გონივრული გადაწყვეტილება მიიღოს, რომ პარლამენტის შენობის წინ შეკრებილი მომიტინგეების ხელოვნურად პროვოცირება არ მოახდინოს.

"მე ახლაც ხალხის გვერდით ვარ და მიმაჩნია, რომ საზოგადოებას აქვს უფლება, უნდა პარლამენტთან შეიკრინოს, უნდა "თავისუფლების მოედანზე". ამაში არაკონსტიტუციური და არაკანონიერი არაფერია. რაც შეეხება სიტუაციის შესაძლო ესკალაციას, სწორედ ხელისუფლებამ უნდა უზრუნველყოს ის, რომ ეს არ მოხდეს. ამისთვის, მოვუწოდებ მას, მიიღოს გონივრული გადაწყვეტილება, რითაც პარლამენტის წინ მიმდინარე პროტესტი კანონიერების ფარგლებში დარჩება", - განუცხადა ბესელიამ "ჯი-ეიჩ-ენს".

 მისი განმარტებით, ამისთვის ხელისუფლება უნდა გადადგეს.

საპარლამენტო უმრავლესობის მტკიცებით, 26 მაისს აღლუმის ჩატარების მიზანშეწონილობა არ გადაიხედება. საპარლამენტო უმრავლესობის წევრებმა "ინტერპრესნიუსთან" საუბრისას მხოლოდ ეს განაცხადეს, ხოლო კითხვა, რა მოხდება მაშინ, თუ აქცია ხვალამდე არ დაიშალა, უპასუხოდ დატოვეს.

ამასთან, აღნიშნულ საკითხზე კომენტარები გასულ დღეებში კეთდებოდა. მაშინ დეპუტატები ამბობდნენ, რომ აქციის მონაწილეები თუ კანონის ფარგლებში იმოქმედებენ, პროცესი ჩვეულებრივ დასრულდება, ხოლო თუ აქციის მონაწილეები კანონს დაარღვევენ, მათ პასუხიც კანონის ფარგლებში გაეცემათ.

„კანონის ფარგებში აქციები პრობლემას არ წამოადგენს“, – ამის შესახებ "ჯი-ეიჩ-ენს" საპარლამენტო უმრაველესობის წევრებმა განუცხადეს.

ნუგზარ წიკლაურის განცხადებით, საქართველო დემოკრატიული ქვეყანაა და აქციების ჩატარებაც ნორმალურია, თუ ის კანონის ფარგლებში ჯდება. წინააღმდეგ შემთხვევაში პასუხი ისევ კანონით გაეცემა.

აღლუმის ჩაშლაზე "სახალხო კრების" ლიდერების განცხადებებზე უმრავლესობის წევრები კომენტარს არ აკეთებენ. აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ "სახალხო კრების" მონაწილეებს აქციის ჩატარების ნებართვა დღეს ეწურებათ, რის შემდეგაც მიტინგი არასანქცირებული იქნება.

"თავისუფალი საქართველო" 25 მაისის საღამოდან "სახალხო კრების" საპროტესტო აქციას შეუერთდება. "თავისუფალი საქართველოს" ლიდერის, კახა კუკავას განცხადებით, "თავისუფალი საქართველო" აქციაზე იქნება მანამ, ვიდრე დარბევის საფრთხე რეალურად იარსებებს

"თავისუფალი საქართველო" მოუწოდებს ოპოზიციურ სპექტრს და დიპლომატიურ კორპუსს, წინ აღუდგნენ 25 მაისის ღამეს მოსალოდნელ დარბევას:

"მიუხედავად იმისა, რომ შესაძლოა ჩვენ განსხვავებული შეხედულებები გვაქვს აქციის პოლიტიკურ შინაარსზე, მივიჩნევთ, რომ 2007 წლის 7 ნოემბრის განმეორებას არანაირი გამართლება არ აქვს. ამიტომ პარტია "თავისუფალი საქართველო" 25 მაისის საღამოდან შეუერთდება საპროტესტო აქციას, ვიდრე დარბევის საფრთხე რეალურად იარსებებს".

კუკავას თქმით, მას შემდეგ, რაც 25 მაისს, დღისით საპროტესტო აქციის მონაწილეები რუსთაველის გამზირზე შეიკრიბნენ, ხელისუფლების წარმომადგენლებმა კიდევ ერთხელ განაცხადეს, რომ 26 მაისს აღლუმი გაიმართება, რითაც პრაქტიკულად დაადასტურეს მშვიდობიანი აქციის დარბევის განზრახვა:

"თავისუფალი საქართველო" მოუწოდებს ყველა პოლიტიკურ პარტიას, არასამთავრობო ორგანიზაციას, დიპლომატიურ კორპუსს, მედიას, სახალხო დამცველს და საქართველოს საპატრიარქოს წარმომადგენლებს, შეუერთდნენ 25-26 მაისის აქციას, როგორც მონაწილეები.

"ნუ გამოვხატავთ ჩვენს პოლიტიკურ პოზიციას, მაგრამ ფართო საზოგადოების დასწრების ფაქტიც კი იქნება შემაკავებელი ფაქტორი სააკაშვილის რეჟიმისთვის, რათა ძალადობისგან თავი შეიკაოს".

"საქართველოს ლეიბორისტული პარტია" მოუწოდებს ხელისუფლებას, მომიტინგეების წინააღმდეგ ძალის გამოყენება არ გაბედოს , - ამის შესახებ პარტიის მიერ დღეს გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.

განცხადების თანახმად, "ლეიბორისტული პარტია" ასევე მოუწოდებს ხლისუფლებას, გადადოს ე.წ. სამხედრო აღლუმიც, დაუყოვნებლივ გაათავისუფლოს აქციის დაპატიმრებული მონაწილეები.

წინააღმდეგ შემთხვევაში, "ლეიბორისტების" აზრით, პროცესი მძიმე სცენარით განვითარდება, რაზეც პასუხისმგებლობა პირადად საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს დაეკისრება.

„აღლუმისთვის სამზადისის ხელის შეშლის შემთხვევაში ქმედებები ადეკვატური იქნება“, – ამის შესახებ "ჯი-ეიჩ-ენს" იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ კახაბერ ანჯაფარიძემ განუცხადა.

"არ მონდა მოვლენებს წინ გაუსწრო, მაგრამ თუ აქციის მონაწილეების მხრიდან ადგილი ექნება აღლუმის მზადების ჩაშლის მცდელობას ეს კანონის დარღვევა ამიტომ პასუხიც ადეკვატური იქნება".