რეზერვის კონცეფცია - ეს არის საკითხი, რომელზეც თავდაცვის მინისტრის განცხადებით, პასუხი გაცემული იქნება 4 წლიანი მუშაობის გეგმაში, რომელიც ახლო მომავალში გამოქვეყნდება. ლევან იზორია აცხადებს, რომ ყველა კონკრეტული საკითხი რეზერვთან დაკავშირებით აისახება სტრატეგიაში, რომელიც ჩვენი 4 წლის მუშაობის გეგმას ასახავს.
რაც შეეხება მობილიზაციის სისტემისა და რეზერვის კონცეფციას, გენერალური შტაბის უფროსის, ვახტანგ კაპანაძის თქმით, წლის ბოლომდე იქნება დასრულებული და დადებული სამობილიზაციო სისტემა და რეზერვის განვითარების კონცეფცია, რომელშიც იქნება ასახული ის აუცილებელი პირობები, რომელიც უნდა გააჩნდეს ქვეყნის თავდაცვას.
„ნატო-ს ექსპერტებმა უკვე დაამთავრეს მუშაობა და დადეს დასკვნები, რომლებიც დადებითად აფასებს ჩვენს მიერ გაწეულ სამუშაოს. ჩვენ ასევე ველოდებით ნატო-ს ოფიციალური წარმომადგენლების ჩამოსვლას, რომლებიც ამ კონცეფციის იმპლემენტაციაში დაგვეხმარებიან“, - განაცხადა ვახტანგ კაპანაძემ.
რეზერვის ახალი სისტემის შექმნასა და განხილვის პროცესში აქტიურად მონაწილეობდა პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე, ირაკლი სესიაშვილი, რომლის განცხადებით, მას ჰქონდა გარკვეული შენიშვნები და ინიციატივები იმ თვალსაზრისით, რაც უზრუნველყოფდა სისტემის ეფექტიანობას.
„მონაწილეობას ვღებულობდი რეზერვის ახალი სისტემის შექმნისა და განხილვის პროცესში. შესაბამისად, ვტყოდი, რომ ჩამოყალიბებულია კარგი სარეზერვო სისტემის კონცეფცია. მქონდა გარკვეული შენიშვნები და ინიციატივები, რომ კიდევ უფრო ეფექტური გამხდარიყო ეს სისტემა, რაც გათვალისწინებული იქნა“, - აღნიშნა for.ge-სთან საუბრისას ირაკლი სესიაშვილმა.
სამხედრო ანალიტიკოსების განცხადებით, ერთია, როგორი გინდა იყოს რეზერვის სისტემა და მეორეა, რისი რესურსი აქვს ამჟამად ქვეყანას.
„საქართველოს ატლანტიკური საბჭოს“ აღმასრულებელი დირექტორი, ფიქრობს, რომ ქვეყანას უნდა ჰქონდეს სერიოზული სარეზერვო სისტემა, რომელიც გრძელვადიან პერსპექტივაზე იქნება გათვლი. გიორგი მუჩაიძე ამბობს, რომ აუცილებელია, კარგად გავიაზროთ საჭირობები და ალბათ, უნდა გვქონდეს ისრაელის მსგავსი რეზერვის სისტემა, ვიდრე პატარა დასავლური ქვეყნების ანალოგი, რომლებიც უკვე შესული არიან ნატოში. ამ ყველაფრის აღმშენებლობა უნდა მოხდეს ეტაპობრივად.
„პირველ რიგში, კარგად გათვლილი უნდა იყოს შესაბამისი ეკონომიკური გათვლები, გრძელვადიან პერსპექტივაში თავდაცვის ბიუჯეტის გაზრდაზე ვალდებულების აღება. დღევანდელ პირობებში, როდესაც საგრძნობლად შემცირებულია თავდაცვის ბიუჯეტი და შეიარაღებულ ძალებს არ ყოფნის წვრთნისა და აღჭურვის, თუ განათლებისთვის, წარმოუდგენელია ამ დაფინანსებით მდგრადი და რეალური პოტენციალის მქონე რეზერვის სისტემის შექმნა“, - აცხადებს გიორგი მუჩაიძე.
ასეთი რეზერვის სიტემის აღმშენებლობისათვის მუჩაიძის განცხადებით, საჭირო იქნება ნაწილობრივ მაინც შენარჩუნდეს გაწვევის სისტემა.
„ვფიქრობ, რომ თავდაცვის მინისტრმა უნდა აღადგონოს გაწვევის სისტემა. თუმცა, როდესაც ხალხი, ვინც გაწვევის სისტემით მიდიოდა ჯარში, მხოლოდ დარაჯობდნენ სისტემებს და სამხედრო გამოცდილებას ვერ იღებდნენ, რადგან წვრთნებს არ გადიოდნენ, ასეთი გაწვევის სისტემაზე არ არის საუბარი. ეს მახინჯი და საბჭოთა გადმონაშთია. როდესაც გიწვევენ ჯარში, თითოეულ გაწვეულ პირს უნდა ჰქონდეს შესაძლებლობა, რომ მიიღოს შესაბამისი საჯარისო გამოცდილება, გაიაროს სამხედრო წვრთნისა და მომზადების საბაზისო კურსები“, - აღნიშნა for.ge-სთან საუბრისას გიორგი მუჩაიძემ.
სამხედრო ანალიტიკოსი ვახტანგ მაისაია ამბობს, რომ რეზერვის მოდელი დასამუშავებელია, დასახვეწია დეტალები, რადგან დეტალებში იმალება რეალური მომენტები. რაც შეეხება მოდელს. მაისაია ფიქრობს, რომ ქართული სპეციფიკის მომენტებიდან გამომდინარე, საქართველოსთვის უფრო მისაღები იქნება ხორვატიის მოდელი.
„იცით, ისრაელს გაწვევის სულ სხვა სისტემა აქვს. კი ბატონო, თქვენც თუ გაგიწვევენ ჯარში და მეც, ეს გასაგებია და მაშინ უნდა გადავიდეთ საყოველთაო მობილიზაციაზე, მათ შორის მანდილოსნების. ეს არის ისრაელის მოდელი. ისრაელს შეიარაღებული ძალების დაკომპლექტების პრინციპი, რომ ავიღოთ, როგორ კომპლექტდება ისრაელის შეიარაღებული ძალები, რა ამოცანები აქვს დასმული, რამდენი ფინანსებია გამოყოფილი, რთულია ამაზე საუბარი.
საქართველოსთვის, ალბათ, ყველაზე კარგი ვარიანტი იქნებოდა იუგოსლავიისა და ხორვატიის ვარიანტი, რომელიც კარგად ასახავს ჩვენს რეალობასაც. ჩვენს ბვერ რამეშე ვგავართ ხორვატიას. შესაბამისად, ოპტიმალური იქნებოდა ეს სისტემა შეგვერჩია, მით უმეტეს, რომ ხორვატია ნატოს წევრი სახელმწიფოა. ვფიქრობ, რომ ქართული სპეციფიკის მომენტებიდან გამომდინარე, ხორვატიის მოდელი უფრო მისაღებია“, - აღნიშნა for.ge-სთან საუბრისას ვახტანგ მაისაიამ.
სამხედრო ექსპერტი ზურაბ აგლაძე ფიქრობს, რომ როგორი სისტემაც არ უნდა შეიქმნას, პრობლემას წარმოადგეს ის, რომ ამ ეტაპისთვის ჩვენ არ გვაქვს შესაბამისი თანხები. ხოლო, როდესაც თანხები არ გვაქვს და გვინდა სამობილიზაციო სისტემა, ასეთ შემთხვევაში მისივე თქმით, უმჯობესია დავიწყოთ პატარა ქვედანაყოფებით. იქიდან გამომდინარე, როგორი გვექნება ადამიანური რესურსი, მატერიალურ-ტექნიკური, ფინანსური და ლოჯისტიკური ბაზა და პირდაპირპროპორციულად გავზარდოთ დროთა განმავლობაში.
„რამდენიც არ უნდა გვესაუბრონ, რომ არსებობს ადამიანური, ფინანსური და მატერიალურ-ტექნიკური ბაზა, ამ ეტაპისათვის არ გვაქვს, რაც ყველაზე დიდი პრობლემაა. ჩვენ ვდებთ ძალიან ლამაზ და კარგ დოკუმენტებს, სარეზერვო სისტემებს, მაგრამ პრობლემა ის არის, რომ ამის განხორციელება უბრალოდ არ შეგვიძლია. რა საჭიროა ისეთი დოკუმეტების წერა, რომელსაც ვერ განვახორციელებთ?“, - აცხადებს აგლაძე.
მისივე თქმით, შეიძლება დასავლური მოდელების ადაპტირება და მაგალითად, იგივე შვეიცარიული მოდელის.
„მაგრამ, პირველ რიგში, უნდა გავაცნობიეროთ, რომ ყველაფერი ჩვენი შესაძლებლობებიდან გამომდინარეობს. ჯერჯერობით არ გვაქვს ამის ფინანსური და ადამიანი რესურსი. არსებულ ბიუჯეტში არაფერია გაწერილი. კარდინალური ცვლილება არ არის არც მომავალი სამი წლის ბიუჯეტში. არსებული ბიუჯეტი არ ყოფნის არსებულ რეგულარულ ქვედანაყოფებს“, - ამბობს for.ge-სთან საუბრისას ზურაბ აგლაძე.