„დარწმუნებული ვარ, რომ ქართველი კაცი იმდენად მაინც სცემს საკუთარ თავს პატივს, რომ 1989 წლის 9 აპრილს ნიჩბებით დახოცილი ორი ათეული ადამიანის გვამების ხილვის შემდეგ, პრორუსულ სენტიმენტებს არ აჰყვება“, - აცხადებს for.ge-სთან საუბრისას ფილოსოფოსი ზაზა ფირალიშვილი.
for.ge ზაზა ფირალიშვილს ესაუბრა.
როგორც მოსალოდნელი იყო მოახლოებული საპარლამენტო არჩევნების კვალდაკვალ, გააქტიურდნენ პრორუსული ძალები, ბატონო ზაზა, რა გავლენა აქვთ დღეს ქვეყანაში პრორუსულ ძალებს? საზოგადოების ნაწილი გამოკვეთილ პრორუსულ ძალად მიიჩნევს ნინო ბურჯანაძეს, მრეწველებს, თამაზ მეჭიაურის ახალად დაფუძნებულ პარტიას, „პატრიოტთა ალიანსს“ და ე.წ. „ცენტრისტებს“, რომელსაც ბედუკაძე-ხაჩიშვილი წარმოადგენს. როგორ ფიქრობთ, ამ ძალას ქართული საზოგადოების რა ნაწილი მისცემს მანდატს და რატომ?
ზაზა ფირალიშვილი: ძველი სტალინური დებულების პარაფრაზი რომ მოვიშველიოთ, რაც უფრო დავუახლოვდებით დასავლეთს, ჩვენს სივრცეზე მით უფრო გააქტიურდება რუსული ე.წ. „რბილი ძალა“. დღეს რუსეთში რელიგიური და მისტიკური ნაციონალიზმი ბატონობს. რუსული მისტიკური გეოპოლიტიკისთვის საქართველოს ყოველთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა ჰქონდა ხალხური აზროვნების დონეზეც კი. ფილოსოფოს ვლადიმერ სოლოვიოვს აქვს ჩვენთვის ძალზე საინტერესო წერილი. მიმოხილული აქვს რამდენიმე ხალხური გადმოცემა რუსეთის იმპერატორთა ძალაუფლების წარმომავლობის შესახებ. ერთ მათგანში, რომელიც, როგორც ვიცი, ამ გადმოცემებს შორის ყველაზე გავრცელებულია, ეს ძალაუფლება ეყრდნობა ნაბუქოდნოსორის იმ მაგიურ სიმბოლოებს, რომლებითაც სლავი, ბერძენი და ქართველი უზრუნველყოფენ მესამე რომის იმპერატორს. თუ გავიხსენებთ, თუ ტრადიციულად რა როლს თამაშობდა რუსულ პოლიტიკურ ცხოვრებაში მსგავსი მისტიკური წარმოდგენები და როგორ ეწევა დღეს რუსული სამღვდელოება მსგავსი წარმოდგენების კულტივირებას, აღმოვაჩენთ, რომ რუსეთის ჩვენს მიმართ დამოკიდებულებას არ განსაზღვრავს მხოლოდ პოლიტიკური რაციო.
გავიხსენოთ დუგინი და მისი მისტიკური წარმოდგენებით გაჯერებული გეოპოლიტიკა (რომელიც ერთ-ერთი ეკლესიის მრევლმა თარგმნა ქართულად), კიდევ ბევრ რამეს თუ გავიხსენებთ, იოლი მისახვედრია, რომ ჩვენთან ურთიერთობა რუსებისათვის დიდი ხანია გასცდა რაციონალური პოლიტიკის საზღვრებს და ნაციონალური არქეტიპების სიღრმეში გადაინაცვლა. რუსული მისტიკური გეოპოლიტიკა თავს ბიზანტიის სამართალმემკვიდრედ მიიჩნევს და აქედანაცაა განსაკუთრებული დამოკიდებულება ყოფილი ბიზანტიური გავლენის სივრცის მიმართ.
საინტერესოა ისიც, რომ, მიუხედავად ბიზანტიური იდეის ერთგულებისა, ამ წარმოდგენებში ძალაუფლების მოდელს ეძიებენ არა საბერძნეთსა და რომში - როგორც ეს ევროპულ ხალხებშია - არამედ ნაბუქედონოსორთან, ძველ აღმოსავლეთში. სტალინი ამ წარმოდგენების ტიპური ნაყოფია. ასეთივე ტიპური ნაყოფია ძველი აღმოსავლური ზიქურათის არქიტექტურით აგებული ლენინის მავზოლეუმიც. ამ თემაზე დიდი მასალა არსებობს და დაინტერესებულ ადამიანს მოძიება შეუძლია.
ხატოვნად რომ ვთქვათ, დღეს წყდება საკითხი იმის შესახებ, თუ რომელ სამყაროს მივაკუთვნებთ თავს: ბერძნულ-რომაულს, რომლისთვისაც ზეცისკენ ხელაპყრობილი და ჭეშმარიტების მაძიებელი პიროვნება წარმოადგენს ცენტრალურ ფიგურას, თუ ძველ აღმოსავლურს, სადაც თავისუფლება და საკუთარი სასიცოცხლო გარემოს შექმნის უნარი მხოლოდ ერთს - ბელადს თუ მეფეს - მიეწერება. ბიზანტიაც კი რუსულმა პოლიტიკურმა აზროვნებამ, განსაკუთრებით, ბოლშევიკური რევოლუციის შემდეგ - საბოლოოდ, ძველ აღმოსავლურ ფორმებში მოაქცია და ისე გაიაზრა.
და რაც შეეხება რუსული იდეის მატარებელი პოლიტიკური ჯგუფების გავლენას...
- არ მინდა დავიჯერო, რომ ეს ძალები ოდესმე რაიმე მნიშვნელოვან წარმატებას მიაღწევენ. ამ შემოდგომაზე ისინი, ალბათ, რამდენიმე დეპუტატს შეიყვანენ პარლამენტში და ეს მათი წარმატების მწვერვალი იქნება. დარწმუნებული ვარ, რომ ქართველი კაცი იმდენად მაინც სცემს საკუთარ თავს პატივს, რომ 1989 წლის 9 აპრილს ნიჩბებით დახოცილი ორი ათეული ადამიანის გვამების ხილვის შემდეგ, პრორუსულ სენტიმენტებს არ აჰყვება პრაგმატული აზრით, როგორი მომგებიანიც არ უნდა იყოს ეს მისთვის. ქვეყნებს ქმნის ღირსების გრძნობასთან შერწყმული პრაგმატიზმი და არა პლებეური პრაგმატიზმი თავისი შიშველი სახით, ან - მხოლოდ უნიადაგო ღირსების გრძნობა.
ჩვენ დღეს თანდათან ვსწავლობთ, თუ როგორ უნდა დავაკავშიროთ ეს ორი საწყისი ერთმანეთთან და უკვე ხშირად ვახერხებთ კიდეც. ძალზე ბევრი საიმედო ნიშანი გაჩნდა. ასპარეზიდან თანდათან გადის, საბჭოთა ეპოქაში აღზრდილი თაობა არაადეკვატური სოციალური ჩვევებით, სურვილით, რომ ყველა პრობლემა ვიღაც სხვამ გადაუწყვიტოს და მის ადგილას თავისუფალ ისტორიულ გარემოში დაბადებული და დასავლეთის ქვეყნებში ცხოვრების გამოცდილების მქონე ადამიანები იკავებენ.
რუსული პროპაგანდა სწორედ საბჭოთა ადამიანზე აკეთებს აქცენტს - იმ ადამიანებზე, რომელშიც იოლად შეიძლება აღძრა იმ ეპოქის ნოსტალგია, როდესაც ბევრს 100 მანეთი ხელფასი და 500 მანეთის მოპარვის შესაძლებლობა ჰქონდა და ეს ფული ყოფნიდა იმ ელემეტარული მიზეზის გამო, რომ საბჭოთა ბაზარი ღატაკი იყო და ვერაფერს სთავაზობდა მას. რუსული პოლიტიკა საქართველოში დღეს საგანგებოდ ეძებს ნიჭიერ ადამიანებს, ვინც შეიძლება ქვეყნის ბედი პირად წარმატებას ანაცვალოს. რუსულ პროპაგანდაში რომ ნიჭიერების დეფიციტია, აშკარად ჩანს.
ჰოდა, ეძებენ დაუკმაყოფილებელი პატივმოყვარეობის ადამიანებს, იმათ, ვინც განსაკუთრებულ წარმატებას ვერ მიაღწია ახალ ისტორიულ გარემოებებში. ასეთებს ფულსაც შესთავაზებენ, სახელსაც, დიდებასაც და არ მიკვირს, თუკი ორიოდეს იპოვნიან. ბევრი ვერ უძლებს გაჭირვებული ცხოვრებიდან თავის დაღწევის ცდუნებას. ქართული ინტელექტუალური ბაზარიც პატარაა რუსულთან შედარებით და ამ უკანასკნელში ადგილის მოპოვება ზოგისთვის დიდი საცთურია. ევროპულზე ადგილის მოპოვება კი ძალზე ძნელია იქაური მაღალი საზომებისა და მკაცრი კონკურენციის მიზეზით.
ჰოდა, აქედან შორი არ არის, რომ სიმპათიით მოვიხსენიოთ „პატრიოტთა ალიანსი“, მიუხედავად მისი ლიდერების საეჭვო არითმეტიკული განათლებისა და უცნაური გენეტიკური წარმოდგენებისა, ილაპარაკონ უბლოკო სტატუსის სიკეთეებზე, მიუხედავად იმისა, რომ თავადაც იციან, რომ უბლოკო სტატუსის დეკლარირება დღეს ქვეყნის რუსულ ხახაში ჩაგდების ტოლფასია, ხოლო ცენტრისტები მოიხსენიონ, უბრალოდ, როგორც ახირებული მარგინალები, ვისზედაც ყურადღების გამახვილებაც არ ღირს. არადა, რუსული პროპაგანდისათვის სამივე დასახელებული ძალა თავის როლს თამაშობს და მათ განსხვავებული სამიზნე ჯგუფები ჰყავთ.
საბოლოოდ ვიტყვი: ამა თუ იმ პოლიტიკური ძალის წარმატების უმნიშვნელოვანესი პირობაა საკუთარი სიმართლის გრძნობა. როგორც კი შევარდნაძემ და სააკაშვილმა დაკარგეს ეს, დამარცხდნენ. როგორი წარმოსადგენია, რომ საკუთარი სიმართლის გრძნობა ჰქონდეს იმას, ვისაც შეუძლია, რომ, სულ მცირე, სამი ათეული წლის განმავლობაში გაჭიმულ ეთნოკონფლიქტებსა და ტერიტორიების ოკუპაციაზე ილაპარაკოს, როგორც შემთხვევითზე, გაუგებრობაზე აგებულ მოვლენებზე, ან ამ კონფლიქტების გაღვივებაში ბრალი ჩვენს რომელიმე ხელისუფალს დასდონ. ერთხელ და სამუდამოდ შეიძლება ითქვას, რომ გამსახურდიამ, შევარდნაძემ და სააკაშვილმა შეიძლება დაუშვეს სერიოზული შეცდომები, წამოეგენ პროვოკაციებს, მაგრამ თავად მათი მიზეზი, ისევე, როგორც ამ კონფლიქტებში ათასობით ადამიანის დაღუპვისა და ასეული ათასების უსახლკაროდ დარჩენის მიზეზი რუსული პოლიტიკაა.
იგივე უბლოკო სტატუსი, რომელსაც ბურჯანაძე სთავაზობს საზოგადეობას, ე.წ. „ცენტრისტების“ დაპირება რუსული პენსიაზე, რუსული ბაზების დაკანონებაზე ქვეყანაში და ორმაგი მოქალაქეობა - რამდენად გამართლებულია დისკუსია ამ თემებზე, როდესაც ხვალ-ზეგ ჩვენ მივიღებთ უვიზო მიმოსვლას ევროკავშირთან, ასოცირების დღის წესრიგით ვმოქმედებთ ევროკავშირთან, რომ არაფერი ვთქვათ ნატო-სთან თანამშრომლობაზე?
- ამ კითხვას ნაწილობრივ შევეხე. უბლოკო ან ნეიტრალური ქვეყნის სტატუსი არ არის აბსტრაქტული რამ. იგი კონკრეტულ ისტორიულ და პოლიტიკურ პირობებს გულისხმობს. ინიციატივა დასავლეთის ქვეყნებიდან რომ მოდიოდეს, კიდევ შეიძლებოდა ამ თემაზე საუბარი, მაგრამ ინიციატივა მოდის რუსეთიდან და, უფლება გვაქვს, ეჭვი გაგვიჩნდეს, რომ ეს სხვა არაფერია, თუ არა ბიზანტიური სივერაგით დაგებული მახე. გეხსომებათ, ეზოპეს აქვს ერთი იგავი: მგლები ცხვრებს შერიგებას დაპირდებიან იმ პირობით, რომ ცხვრები მათ ძაღლებს გადასცემენ. რაც მოჰყვა ამას, ძნელი წარმოსადგენი არ არის.
აგრესორი ქვეყნის მიმართ ნოსტალგია შესაძლებელია ქართველ მოსახლეობას ჰქონდეს და თუ აქვთ, რა ნაწილია ეს?
- ისევ ვიმეორებ, ეს პროპაგანდა გათვლილია იმ საბჭოთა ქართველზე, რომლისგანაც წვალებით, რთულად, მაგრამ მაინც ვთავისუფლდებით. გათვლილია იმ ქართველზე, ვისთვისაც მოსკოვში 37 მანეთიანი ვოიაჟი და საეჭვო ღირსებების ქალებთან დროის გატარება პოლიტიკური არგუმენტი შეიძლება იყოს. არ მინდა დავიჯერო, რომ ასეთები შეძლებენ და გადამწყვეტ გავლენას მოახდენენ ქვეყნის მომავალზე. სხვა თუ არაფერი, ახალი თაობა არ დაუშვებს ამას. ჩემი კოლეგა რუსი ფილოსოფოსებისაგან მომისმენია, თუ რუსეთში რა უნდობლად უცქერენ ჩვენს წარმატებებს, მაგრამ თუკი იძულებულები არიან, აღიარონ, მათი პოლიტიკური რეაქცია ლამის ერთადერთია - სასწრაფოდ უნდა მოახდინონ თავისი მომხრეების მობილიზება, სასწრაფოდ უნდა მოუყარონ თავი იმ ადამიანებს, ვისთვისაც ქვეყნის დამოუკიდებლობა რელატიური ფასეულობაა და არა აბსოლუტური, საზღვრების გადმოწევით, მუქარითა და სანქციებით სულმოკლე შიშები უნდა გააღვიძონ ჩვენში, ევროპული და ამერიკული სულიერება სოდომისა და გომორას ანალოგიით უნდა აღწერონ, რადგან ხვალ შეიძლება გვიან იყოს. ხვალ უკვე ქვეყნის ბედს გადაწყვეტს არა ის თაობა, რომლისთვისაც რუსული სენტიმენტები და საბჭოთა უღირსი არსებობაა ღირებული, არამედ ის, ვისაც სახელმწიფოს მხრიდან ელემენტარული პირობები დასჭირდება წარმატებისათვის. დანარჩენს თავად მოაგვარებს, როგორც თავისუფალი და შემომქმედი ადამიანი.
სერიოზული მახე დაგვიგეს იმით, რომ შეეცადნენ ქვეყნის ევროატლანტიკური ორიენტაცია სააკაშვილის სახელთან გაეიგივებინათ. მართლაც, ბევრი ადამიანი აჰყვა ამ სატყუარას, თუმცა კი „ოცნების“ ახლანდელმა ლიდერებმა იმავე კურსის ერთგულების შესახებ განაცხადეს და ამით ერთგვარად მაინც შეაჩერეს ეს პროცესი. ახლა უკვე თავად „ოცნებას“ უტევენ, ნაციონალების იდეოლოგია ისესხესო. არადა, ეს არ არის იდეოლოგია. დღეს ესაა ქართული სახელმწიფოს არსებობის გარდუვალი პირობა, ისევე, როგორც დავით აღმაშენებლისათვის ჯვაროსნებთან მოკავშირეობა იყო სახელმწიფოებრივი აღმშენებლობის აუცილებელი წანამძღვარი, რადგან, ერთი შეხედვით, ბუნებრივი მოკავშირე - ბიზანტია - ჩვენს შთანთქმას ლამობდა და, მეორე მხრივ, მზად იყო, ქრისტიანული ევროპისთვის მუსლიმური აღმოსავლეთი დაეპირისპირებინა. უცნაურია, როგორ მეორდება ისტორიული სიუჟეტები. ასეა თუ ისე, ნებისმიერი შემდგომი ხელისუფალი ამავე კურსს შეინარჩუნებს, რადგან ქვეყნის გადარჩენის ამოცანის წინაშე იქნება.
ძალიან გააქტიურდა რუსული პროპაგანდა, იგივე ხაჩიშვილისა და ამ პრორუსული ძალების გააქტიურება, არის ის რბილი ძალა, რომელზეც ვსაუბრობთ, თუ საქმე გვაქვს გაცილებით აგრესულ ძალასთან?
- „ცენტრისტებმა“დაგვანახეს, რომ „რბილი ძალის“ მიღმა სრულიად ბანალური ტლანქი რუსული იმპერიული პოლიტიკა იმალება. თითქოს ვიღაცამ თავისდაუნებურად ახალი მოდელირებული ქრონიკა შემოგვთავაზა. ვფიქრობ, მათმა განცხადებებმა, პირველ რიგში, სწორედ „რბილი ძალის“ წარმომადგენლებს ავნეს. ამ უკანასკნელის შემპარავი, ალერსიანი ტაქტიკის მთელი მონაპოვარი წყალში ჩაიყარა. წლები მოუნდა იმას, რომ პრორუსულ პროპაგანდას თავისი ოპონენტების ნაწილი მაინც ჩაერთო დისკუსიაში და ამით რუსული იდეის რაღაც ხარისხით მაინც რეაბლიტირებისთვის მიეღწია. დღეს კი, ეს უკვე გაუჭირდებათ.
ვფიქრობ, ეს უკეთესია, ვიდრე იმის თვალის დევნება, „რაციონალური“ და „ფსევდომორალური“ არგუმენტებით როგორ თამაშობდნენ ადამიანთა სულმოკლეობაზე და როგორ იკრეფდნენ მომხრეებს. მათი ნებსითი თუ უნებლიე მოკავშირეების როლში აღმოჩნდნენ ის ლიბერალები, დასავლეთის ისეთი პორტრეტს რომ სთავაზობენ საქმეში ჩაუხედავ უბრალო ადამიანს, მისთვის სრულიად მიუღებელი რომ არის. ჰოდა, ამ დროს ეძლევა რუსულ ფსევდომორალურ და ფსევდორელიგიურ პროპაგანდას თავისუფალი მოქმედების სივრცე.
იმისათვის, რომ ქვეყნის მოსახლეობა არ გახდეს რუსული პროპაგანდის მსხვერპლი, რა ბერკეტები აქვს ამის აღსაკვეთად სახელმწიფოს? მზადდება საკონსტიტუციო სარჩელი პარტია „ცენტრისტებისთვის“ რეგისტრაციის შეჩერების შესახებ, მაგრამ რუსული აგრესიული პროპაგანდა მხოლოდ ცენტრისტებით არ შემოიფარგლება...
- მე უკვე ვახსენე, რომ რუსული პროპაგანდა ქვეყნის ევროატლანტიკურ კურსს სააკაშვილს უკავშირებს და ასე ცდილობს ამ იდეის ჩაძირვას. ამ ხრიკმა ბევრ ადამიანზე იმუშავა. რუსული პროპაგანდის მეორე მახეა საყოველთაო, ტოტალური პესიმიზმის კულტივირება. ქართველი კაცი არტისტია ბუნებით და იოლად იტაცებს ხოლმე ერთგვარი არტისტული პესიმიზმის ნიღაბს. ყველაზე გაჭირვებულ ამერიკელსაც რომ ჰკითხოთ, როგორ ხარო, ძალიან კარგადო, გიპასუხებთ. ქართველი კაცი აუცილებლად გეტყვით, აბა, როგორ ვიქნებიო, თუნდაც გაჭირვებისა არაფერი ეტყობოდეს. არადა, მე თუ მკითხავთ, მიუხედავად გადატანილი სისხლიანი კონფლიქტებისა, მიუხედავად ერთმანეთის მონაცვლე ხელისუფლებათა მიერ დაშვებული შეცდომებისა თუ ბანალური დანაშაულებებისა, მიუხედავად ისტორიული ჩვევების დეფიციტისა და ა.შ. ჩვენ ვახერხებთ და ამოვდივართ იმ ჭაობიდან, რომელშიც ისტორიულმა ბედმა ჩაგვაგდო.
ამით იმის თქმა მინდა, რომ მთავარი ჩვენი დამოკიდებულებაა ამ პროპაგანდის მიმართ. როგორც კი „ცენტრისტებმა“ რუსული სამხედრო ბაზების დაკანონება ახსენეს, ჩვენი საზოგადოების დიდმა ნაწილმა სწრაფად გაიხსენა, თუ რას შეიძლება ეს ნიშნავდეს და, რომ საბჭოთა ნოსტალგია სიკეთის მონატრება კი არ არის, არამედ ერთგვარი ნიშნის მიგებაა დღევანდელი ვითარებების მიმართ. მაშასადამე, რაღაცეები უკვე გაგვიკეთებია, რაღაც ისეთისთვის მიგვიღწევია, რისი დაკარგვაც არ გვინდა.
ძნელი წარმოსადგენია სხვა ხალხი, ვისაც ბოლშევიზმის 70 წელი აქვს გადატანილი, ვისი, ლამის, მთელი განათლებული და პროფესიონალიზმის მატარებელი ფენაც დახვრიტეს, გლეხები დაიმონეს და მიწის სიყვარული დაავიწყეს, ეკონომიკური მოღვაწეობის მთავარ ფორმად ქურდობა უქციეს, განათლება და პროფესიონალიზმი კომპარტიის მიმართ ლოიალობით ჩაუნაცვლეს და. ა.შ. და რომელმაც სულ ოცდაათიოდე წელში შესძლო ის, რაც ჩვენ შევძელით. როგორც ჩანს, ძალზე ძლიერი სასიცოცხლო ძარღვის მატარებელი ხალხი ვართ. არტისტული პესიმიზმით თავადვე არ უნდა დავიბეჩაოთ თავი.
ამ საქმეში განსაკუთრებული როლი ჩვენს მასმედიას აქვს. საქმე არ შეეხება რომელიმე ხელისუფლის ქებას. საქმე შეეხება იმას, რომ მიუხედავად ცუდი ხელისუფლისა, ქართველმა კაცმა მაინც გაიხსენა საკუთარი სასიცოცხლო გარემოს შექმნის ჩვევები. ჩვენი დღევანდელი გმირი ეს ქართველი კაცია და არა რომელიმე ხელისუფალი. შეხედეთ ბატონი გიორგი მჭედლიძის მიერ შექმნილ მეურნეობას ზემო ნიქოზში და იოლად მიხვდებით, რას ვგულისხმობ. ასეთები დღეს საკმაოდ ბევრნი არიან და მათ შემჩნევა, ხოლო მათ ღვაწლს დაფასება უნდა. რაც შეეხება ხელისუფლებას, მას უნდა მოვთხოვოთ, რომ ამგვარ ადამიანებს, სულ მცირე, ხელი არ შეუშალონ.
აღარაფერს ვამბობ შინდისის გმირებზე. არავინ თქვას, რომ ისინი ამაოდ დაიხოცნენ. პირიქით, თავისი სიკვდილით ისინი დღესაც გვავალდებულებენ, რომ ქვეყანას მივხედოთ და რუსულ პენსიებს არ დავხარბდეთ. ცხადია, ჩვენ დღეს განსაკუთრებულ ვითარებაში ვართ. ჩვენი ტერიტორიის მნიშვნელოვანი ნაწილი ოკუპირებულია. ჩრდილოელი მეზობელი არ მალავს მტრულ დამოკიდებულებას ჩვენი სახელმწიფოებრიობის მიმართ. ამ ვითარებაში, ვფიქრობ, სრულიად გამართლებულია საგანგებო სამართლებრივი ნორმების მიღება და ამუშავება რუსული პროპაგანდის წინააღმდეგ.