ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში მხოლოდ 3 966 ქართველი ცხოვრობს

ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში მხოლოდ 3 966 ქართველი ცხოვრობს

ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში ჩატარებული მოსახლეობის ე.წ. საყოველთაო აღწერის თანახმად, ოკუპირებულ ტერიტორიაზე 53 532 ადამიანი ცხოვრობს, აქედან 26 707 მამაკაცი და 27 825 ქალია. ამის შესახებ ადგილობრივი მედია იუწყება. მოსახლეობის უმრავლესობა - 30 432 ადამიანი ქალაქ ცხინვალში ცხოვრობს. ე.წ. სტატისტიკის სამმართველოს ცნობით, ოკუპირებულ ტერიტორიაზე 48 146 ოსი, 3 966 ქართველი და 610 რუსი ბინადრობს. 

„მეფეთა ცხოვრების“ თანახმად, საუკუნეების განმავლობაში ცხინვალის რეგიონი ქართული ეთნოსით იყო დასახლებული. თუმცა მეცხრამეტე საუკუნის მეორე ნახევარში ამ რეგიონში ჩრდილოკავკასიელი ოსების გადმოსახლებამ მანამდე არნახული მასშტაბი მიიღო.

დემოგრაფიული თვალსაზრისით, რას ნიშნავს ის ფაქტი, რომ ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში მხოლოდ 3 966 ქართველი ცხოვრობს?!

დემოგრაფი ანზორ სახვაძე For.ge-სთან საუბარში აცხადებს, რომ ოკუპირებულ ტერიტორიებზე ჩატარებული ორი აღწერის პერიოდს შორის თითქმის ოც წელზე მეტი გავიდა. 1989 წელს ჩატარდა ბოლო საბჭოთა აღწერა, იმ დროს აღიწერა საქართველოს მთლიანი მოსახლეობა, აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ჩათვლით. ამის შემდეგ საქართველოში 2002 წელს ჩატარდა მოსახლეობის აღწერა, რაც ოკუპირებულ ტერიტორიას არ მოიცავდა.

„ეს მონაცემები საგანგაშოა, ოკუპირებულ რეგიონში ძალზე შემცირდა ქართველების რაოდენობა. ბუნებრივია, კონფლიქტურ ზონაში ქართველები ვერ იქნებიან იმდენნი, როგორც მანამდე. დემოგრაფიული სურათი შეცვლილია. 4 ათასამდე ქართველი ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები მთლიანი მოსახლეობის დაახლოებით 8-9%-ია. თუ ასე გაგრძელდა, ეს 8%-იც მილევადი გახდება. როგორც წესი, სოფლის მოსახლეობაში ყოველთვის ჭარბობენ ასაკოვანი ადამიანები. დაბერებული მოსახლეობა დროთა განმავლობაში ბუნებრივი სიკვდილით შემცირდება, რაც ქართული მოსახლეობის რაოდენობას კიდევ უფრო დააკნინებს. თუმცა გასაგებიცაა, რომ ადგილობრივები ცდილობენ, ახალგაზრდები გაარიდონ კონფლიქტურ ზონას. რამდენიმე ათწლეულში შეიძლება სანთლით საძებარი გახდეს ქართველი“,-აცხადებს ანზორ სახვაძე, რომლის თქმითაც, ყველა ქვეყანა ცდილობს, საკუთარ ტერიტორიაზე მცხოვრები ტიტულოვანი ერი არ აღმოჩნდეს უმცირესობაში. საქართველოს ტერიტორიაზე კი ტიტულოვანი ერი ქართველია, ანუ ერი, რომელმაც მისცა საქართველოს სახელი, ჩვენმა წინაპრებმა შექმნეს ეს სახელმწიფო, რომელსაც საქართველო ეწოდა. მართალია, დღესდღეობით მთლიანად საქართველოში ქართველთა ხვედრითი წილი გაზრდილია, მაგრამ ეს გაზრდილია არა აბსოლუტური მატების ხარჯზე, არამედ საქართველოდან არაქართველი მოსახლეობის გასვლის ხარჯზე.

დემოგრაფი ანზორ თოთაძე For.ge-სთან საუბარში აცხადებს, რომ შიდა ქართლში ოსების ჩამოსახლება მე-18 საუკუნის დასასრულიდან იწყება და ეს პროცესი დღემდე გრძელდება. საერთოდ, მე-17-18 და მე-19 საუკუნის პირველ ნახევარში ოსები საქართველოში უმნიშვნელო რაოდენობით ცხოვრობდნენ. ჩრდილო ოსეთიდან, მათი ისტორიული სამშობლოდან მათი გადმოსახლება მასობრივად 1860 წლიდან დაიწყო. მტრისგან აოხრებულ საქართველოში კაცი არ იყო დარჩენილი და ქართველები დაინტერესებულნიც იყვნენ ოსების ჩამოყვანით, რათა ყმა-გლეხი მომრავლებულიყო. თვითონ ოსებიც ძალზე მძიმე პირობებში ცხოვრობდნენ ჩრდილო კავკასიაში. ვახუშტი ბატონიშვილი ამბობს, მთიან ფერდობებზე კლდოვანებისა გამო პური არ მოდიოდაო. ამიტომაც თანდათანობით გადმოდიოდნენ ქართლის ბარში, ნაყოფიერ მიწებზე და ამაში არავითარ შეზღუდვას არ განიცდიდნენ.

ანზორ თოთაძის თქმით, ოსთა კომპაქტური დასახლება ჩნდება მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე, ახლანდელი ქარელის რაიონში. მაგალითად, ბაკურიანში 1885 წელს 71 ოსი ცხოვრობდა. მოგვიანებით ოსური სოფლები კახეთშიც იქმნება. მათი ინტენსიური დასახლება ქართლისა და კახეთის ბარის ტერიტორიაზე მთელი მე-20 საუკუნის მანძილზე გრძელდებოდა. თუ 1921 წელს საქართველოში ოსების რაოდენობა 113 ათასს უდრიდა და აქედან 60 ათასი ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ტერიტორიაზე სახლობდა, ხოლო 53 ათასი მის ფარგლებს გარეთ, 1989 წელს საქართველოში ოსების რაოდენობამ უკვე 164 ათასი შეადგინა. მათ შორის, 65 ათასი ცხოვრობდა ყოფილ ოლქში, ხოლო თითქმის ასი ათასი მის ფარგლებს გარეთ, ანუ ძირითადად აღმოსავლეთ საქართველოს ქალაქებსა და რაიონებში.

„ახლანდელი მონაცემებით, ცხინვალის რეგიონში ცხოვრობს 53 ათასი ადამიანი. ეს იმას ნიშნავს, რომ ყოფილ ავტონომიურ ოლქში ოსურმა მოსახლეობამაც 45 ათასით დაიკლო. 1989 წელს ამავე რეგიონში 28 544 ქართველი ცხოვრობდა, ამჟამად ცხოვრობს 3 966, ანუ დაიკლო 24 ათას 578 კაცით. რუსი ცხოვრობდა 2128, ამჟამად ცხოვრობს 910 კაცი. ასე რომ, მდგომარეობა საგანგაშოა. უკრაინელები, ებრაელები თითქმის აღარ ცხოვრობენ იქ. მთავარი ის არის, რომ ქართველთა რიცხვი ასე შემცირებულია. აღსანიშნავია, რომ 1886 წელს ცხინვალში ცხოვრობდნენ მხოლოდ ქართველები, ებრაელები და სომხები, ოსი საერთოდ არ ცხოვრობდა. 1989 წელს კი იქ ცხოვრობდა მხოლოდ 6905 ქართველი, ხოლო ოსი -31 537. ვახუშტი ბატონიშვილი ამბობდა, დიდი ლიახვის კიდეზედ ქართული ქალაქი-ცხინვალი მდებარეობსო, მაგრამ 1989 წელს ფაქტობრივად, გაოსებული იყო ეს ქალაქი. ამის მიუხედავად, დე ფაქტო რეჟიმის მიერ მოწოდებული ეს მონაცემები მაინც გაბერილად მეჩვენება, რადგან აფხაზეთშიც ჩატარდა მსგავსი აღწერა და იქაც აფხაზებმა ციფრები თავის სასარგებლოდ გაბერეს. ამ რამდენიმე წლის წინ კი რუსებმა გაიანგარიშეს და ცხინვალის რეგიონის მთელ ოკუპირებულ ტერიტორიაზე მხოლოდ 27-28 ათასი ოსი დააფიქსირეს, აქედან ცხინვალში-17 ათასი ოსი“,-აღნიშნა ანზორ თოთაძემ.