„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ საქართველოს მთავრობას მოუწოდებს, ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები მოსწავლეებისთვის გრიფირებული (ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული) სახელმძღვანელოების მიწოდება უზრუნველყოს.
გლდანის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი სერგო რატიანი და პარტიის წარმომადგენელი მარიამ რამინაშვილი აცხადებენ, რომ აფხაზეთის ტერიტორიაზე მცხოვრები ქართველი მოსწავლეებისთვის 2016-17 სასწავლო წელს განათლების ხელმისაწვდომობა კვლავაც პრობლემად რჩება. არადა, ქართულ სახელმძღვანელოებში აფხაზეთი საქართველოს ტერიტორიაა და ამ ინფორმაციის მოსწავლეებისთვის მიწოდება ქართული პოლიტიკის აუცილებელი ნაწილი უნდა იყოს.
როგორც For.ge-სთან საუბარში მარიამ რამინაშვილი აცხადებს, 2013 წელს აფხაზეთის თვითგამოცხადებულმა რეჟიმმა ე.წ. „სასკოლო რეფორმა“ დაიწყო, რომლის ფარგლებშიც გალის ათი სოფელი და ამ სოფლების სკოლები ტყვარჩელის რაიონს მიაკუთვნა, რითაც ქართველები უმცირესობაში აღმოჩნდნენ და ქართული სკოლების რაოდენობა 31-დან 11-მდე შემცირდა. მოგვიანებით, 2015 წელს, ოკუპირებულ ტერიტორიაზე ქართული სკოლის სტატუსი საერთოდ გაუქმდა და ქართული ენა ორსაათიან არასავალდებულო საგნად მხოლოდ რამდენიმე სკოლაში დარჩა, ისიც დაწყებით საფეხურზე.
დღეს მარიამ რამინაშვილი მოითხოვს, რომ აფხაზეთის ტერიტორიაზე მცხოვრებ 4 ათასამდე ქართულენოვან ბავშვს ჩვენმა მთავრობამ მიაწოდოს სახელმძღვანელოები. თუმცა For.ge-ს შეკითხვის საპასუხოდ, ხომ არ შეუქმნის ეს დამატებით რისკს აფხაზეთში დარჩენილ ქართველობას, მარიამ რამინაშვილი აცხადებს:
„ეს ის ხალხია, რომლებიც ქართული სახელმწიფოს არსებობას განაპირობებენ ამ ტერიტორიაზე და როგორმე იმასაც შეძლებენ, სასწავლო პროცესი ქართულ ენაზე წარიმართოს ფორმალურად თუ არაფორმალურად. ქართულენოვანი მოსახლეობა, მათ შორის, ის პედაგოგებიც, რომლებიც ქართულ ენას ან რომელიმე სხვა საგანს ქართულ ენაზე ასწავლიდნენ, რუსულენოვან სკოლებშიც აქტიურად იყენებდნენ ქართულ სახელმძღვანელოებს. ამიტომ ქართული სახელმძღვანელოების მიწოდების გამო პრობლემებზე საუბარი უხერხულია. წლევანდელი ტენდერით, ჩვენმა განათლების სამინისტრომ სულ რაღაც 390 ათასი სახელმძღვანელო დაბეჭდა. ეს არ არის დიდი რაოდენობა, რადგან ერთ ბავშვს 1-დან 8 სახელმძღვანელომდე მაინც სჭირდება. ეს მცირე რაოდენობაა, რაც იმას ნიშნავს, რომ არც წელს არ არის ნაგულისხმევი ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები მოსწავლეებისთვის გრიფირებული სახელმძღვანელოების დარიგება. განათლების სამინისტროს ამაზე რეაგირება არ აქვს. თავად ამ სახელმძღვანელოების ბეჭდვის პროცესიც ისე გასაიდუმლოებულად წარიმართა, რომ იმის გარკვევაც გაგვიჭირდა, სულ რამდენი სახელმძღვანელო იბეჭდებოდა საქართველოში“, - აღნიშნა მარიამ რამინაშვილმა.
ნაციონალების ბრალდებებს აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე გია გვაზავა გამოეხმაურა და For.ge-სთან საუბრისას აღნიშნა, რომ ტყუილს საზღვარი არ აქვს და ნაციონალების ბრალდება მხოლოდ პიარზეა აგებული.
„ამ ბრალდების შესახებ პირველად თქვენგან მესმის. რა მნიშვნელობა აქვს ქართული წიგნი გალში იქნება, ტყვარჩელში, თუ სოხუმში?! მთავარია, იყოს ამაზე მოთხოვნა და ოკუპირებულ ტერიტორიაზე არსებობდეს ქართულენოვანი მოსახლეობა, რომელიც ამ სახელმძღვანელოებით დაინტერესდება. მარტივად ნამდვილად არ ხდება ქართული წიგნების შეტანა დროებით მიტაცებულ ტერიტორიაზე. ლაპარაკიც არ ღირს იმაზე, რა ხიფათი შეიძლება მოჰყვეს ამას ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები ქართველებისთვის“.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრი დიმა ჯაიანი For.ge-სთან საუბრისას აცხადებს, რომ რადგან ასეთი შეკითხვებით ინტერესდება ნაცმოძრაობა და ბატონი რატიანი, მაშინ მათ პირიქით უნდა შევუბრუნოთ კითხვა, რომელი ტერიტორიაა ეს? მათ მიერ დაკარგული ტერიტორია ხომ არ არის? მართალია, 95% ისევ ქართველები ცხოვრობენ ამ ტერიტორიაზე, მაგრამ ნაციონალთა დროს მოხდა ქართული მიწების მითვისება.
„ნუ მათქმევინებენ, თუ ვისთან, რომელ ოჯახში მიდის ეს წიგნები და ვის ხელში ხვდება. არ ყოფილა დღე, რომ ქართველ ბავშვს, რომელიც იმ ტერიტორიაზე ქართულად სწავლობს, წიგნი არ ჰქონოდა ხელში. როგორც დღემდე მოვიდნენ სიცრუითა და ტირანიით, ასევე გრძელდება ახლაც და ნაციონალების მიერ წარმოთქმული ყოველი სიტყვა სიცრუეა. ოკუპირებულ ტერიტორიაზე ქართული სახელმძღვანელოების შეტანა გმირობის ტოლფასია. ქალბატონ მაია მიმინოშვილს რომ მოუსმინოთ და ნახოთ მონაცემები, დარწმუნდებით, რომ საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ყველაზე უკეთ ქართულად სწორედ გალის რაიონში მცხოვრები ბავშვები მეტყველებენ. ამ დროს რუსი გვეუბნება, ეს არ არის თქვენი ტერიტორია. ამის მიუხედავად, ჩვენ აფხაზეთში მაინც ჩავდივართ, იქ ვცხოვრობთ, ყოველდღიური ურთიერთობა გვაქვს ამ ადამიანებთან, პედაგოგებთან, მოსწავლეებთან და ეს არის მზარდი, ამაღლებული და ქართული ურთიერთობა“.