„მამისონის უღელტეხილით რუსეთის სამხედრო ძლიერებას არც მოაკლდება რამე და არც მოემატება“

„მამისონის უღელტეხილით რუსეთის სამხედრო ძლიერებას არც მოაკლდება რამე და არც მოემატება“

აგვისტოს ომის დროს თავდაცვის სამინისტროს იმდროინდელი ხელმძღვანელობის გადაწყვეტილებით, მამისონის უღელტეხილზე მდებარე ხიდი რუსი სამხედროებისა და მძიმე ტექნიკის გადმოსვლის საფრთხის ასარიდებლად ააფეთქეს.

დღეს საქართველოს ხელისუფლება სერიოზულად განიხილავს მამისონის უღელტეხილზე გადამავალი გზის მშენებლობას. პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის მტკიცებით, ამ გზის მშენებლობის შემდეგ აღნიშნული რეგიონი მაქსიმალურ შვებას ნახავს და ეს შვება ტურისტების დამატებითი ნაკადით გამოიხატება.

მთავრობის გადაწყვეტილებას, მამისონის უღელტეხილზე მდებარე ხიდის აშენების პროექტის დამტკიცების შესახებ, საზოგადოების მხრიდან არაერთგვაროვანი რეაქცია მოჰყვა.

სათქმელი მიეცათ ნაციონალებსაც. „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრი რომან გოცირიძე ამ გადაწყვეტილებას სიბეცეს უწოდებს. ის მიიჩნევს, რომ, სინამდვილეში, მამისონის უღელტეხილიდან რუსეთთან დამაკავშირებელი გზის აღდგენა განპირობებულია რუსეთის მოთხოვნით ლარსზე გახშირებული მეწყრების გამო და აქ არაფერ შუაშია ტურიზმის განვითარება.

მისი აზრით, სამხედრო თვალსაზრისით, ამ გზის აღდგენა დაუშვებელია და სერიოზულ საფრთხეს შეიცავს. მცოცავი ანექსიის პირობებში რუსეთისთვის ახალი გზის გახსნა ოკუპანტებს ტერიტორიების მიტაცებაში კიდევ უფრო დაეხმარება.
პოლიტოლოგი ვახტანგ ძაბირაძე For.ge-სთან საუბრისას აცხადებს, რომ, თუ რუსეთი საქართველოში სამხედრო ძალით შემოჭრის გადაწყვეტილებას მიიღებს, მამისონის უღელტეხილი არაფერში დასჭირდება. დღევანდელი მოცემულობით, რუსეთს შეუძლია სამი მხრიდან ისედაც განახორციელოს ინტერვენცია-აფხაზეთიდან, ცხინვალიდან და სომხეთიდან. რაც შეეხება უშუალოდ მამისონის უღელტეხილს, პოლიტოლოგი თვლის, რომ ამ უღელტეხილზე თუ კიდევ არსებობს საზღვრის სადაო საკითხი, ჯერ ეს საკითხი უნდა მოგვარდეს საქართველოსა და რუსეთს შორის და ამის შემდეგ იქ გზა გაკეთდება თუ არა, ამას დიდი მნიშვნელობა არ აქვს.

„რასაც რომან გოცირიძე ლაპარაკობს, საფუძველს მოკლებულია. რუსეთს ისედაც ორი „მშვენიერი“ ბაზა აქვს - ცხინვალიდან თბილისისკენ და სოხუმიდან ბათუმისკენ, სადაც რუსული ძალები დგას და არანაირი უღელტეხილი მისთვის საჭირო არ არის. უბრალოდ, მე არ ვიცი, რატომ დადგა დღის წესრიგში ამ გზის აღდგენის საკითხი. არც ის ვიცი, საქართველოს მთავრობას რა არგუმენტები აქვს. თუ ეს უკავშირდება ტურისტების რაოდენობის გაზრდას და, თუ ეკონომიკურად ჩათვლიან, რომ ეს გზა გამართლებულია, მაშინ არანაირი პრობლემა არ არის. თუმცა ეს სულაც არ გახლავთ რუსეთთან მიბმული საკითხი“, - აღნიშნა ვახტანგ ძაბირაძემ.

ექსპერტი უსაფრთხოების საკითხებში ვახტანგ მაისაია For.ge-სთან საუბრისას აცხადებს, რომ სამხედრო თვალსაზრისით, ამ გზას არანაირი საფრთხე არ უკავშირდება, რადგან საფრთხე მოდის სამაჩაბლოსა და აფხაზეთში დისლოცირებული რუსული ბაზებისგან. რუსებს ცხინვალში მეოთხე, ხოლო აფხაზეთში მეხუთე ბაზა ჰყავთ, რომელიც გაცილებით უფრო ძლიერი დამრტყმელი ძალაა საქართველოს წინააღმდეგ ომის საწარმოებლად.

უფრო მეტიც, ვახტანგ მაისაია მიიჩნევს, რომ აგვისტოს ომის შემდეგ რუსეთს უკვე აღარ სჭირდება მამისონი და არც ფიქრობს ამაზე. დღეს 1921 წლის თებერვალი არ არის, რომ საქართველოს ოკუპაცია ამ მეთოდით განხორციელდეს. ახლა 21-ე საუკუნეა და, სამწუხაროდ, სააკაშვილმა იმაზე მეტი პოზიცია მისცა რუსებს, ვიდრე დაესიზმრებოდათ.

„მამისონით რუსეთის სამხედრო ძლიერებას არც მოაკლდება რამე და არც მოემატება. მას როკის გვირაბიდან და დალის ხეობიდან შეუძლია შემოიყვანოს დამატებითი სამხედრო შენაერთები, აღარაფერს ვლაპარაკობ აფხაზეთზე. მამისონის უღელტეხილი უფრო ეკონომიკურად არის მომგებიანი. ჩვენ ამით ლარსის საბაჟო გამშვებ პუნქტს ერთგვარად შევამსუბუქებთ და ჩვენი მეზობელი სომხეთის ინტერესებსაც გავითვალისწინებთ. ეს ქართულ-სომხური ურთიერთობების გაუმჯობესების წინაპირობაც შეიძლება გახდეს, რადგან მამისონის გზის გაყვანა ხელს შეუწყობს სატვირთო გზის გათავისუფლებას. საფრთხე უფრო თრუსოს ხეობას უკავშირდება. თუკი რუსეთი ამ ხეობას ხელში ჩაიგდებს, ამან შეიძლება სერიოზული დარტყმა მოუტანოს ჩვენს ქვეყანას“,-აღნიშნა ვახტანგ მაისაიამ.