სანამ ერდოღან-პუტინი თავის ურთიერთობაში ახალ ფურცელს შლიან და, სანამ ერდოღანისთვის მეგობრის ცნება პუტინთან „ასოცირდება“, ანალიტიკოსები ბჭობენ, დადგება თუ არა ისეთი დრო, როცა ეს შენიღბული ფორმის დაპირისპირება თურქეთის მხრიდან კვლავაც რუსეთისთვის ზურგში დანის ჩარტყმით დასრულდება?
ეს იმ შემთხვევაში მოხდება, თუკი რუსეთის პოზიციები ახლო და შუა აღმოსავლეთში განმტკიცდება. ხოლო, თუკი ოფიციალური ანკარა აღარ მოინდომებს ერთ-ერთ რეგიონულ ლიდერად დარჩენას, მაშინ თურქეთი დანის მომარჯვებას ვეღარ გაბედავს, რადგან მოსკოვის პასუხი მისთვის ძალზე მტკივნეული აღმოჩნდება.
რატომ იქცევიან ასე სწრაფად მტრები მეგობრებად?! ამ თემით რუსული „კომერსანტიც“ დაინტერესდა და პარალელები საქართველოსთან გაავლო.
კერძოდ, რუსეთის პრეზიდენტთან არსებული სამოქალაქო საზოგადოებისა და ადამიანის უფლებათა საბჭოს წევრი მაქსიმ შევჩენკო მიიჩნევს, რომ დღეს რუსეთისათვის არც თურქეთი და, მით უმეტეს, არც საქართველო მტრად არ ითვლება. დიდ პოლიტიკაში მტრები და მეგობრები არ არსებობენ, არსებობს მხოლოდ საკუთარი სახელმწიფოსა და ხალხის ინტერესები.
რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს დეპუტატი ვიაჩესლავ ნიკონოვი კი აცხადებს, „რეჯეპ ერდოღანმა ხელი გამოგვიწოდა. ჩვენ მივიღეთ, უკან არ დაგვიხევია. აი, რაც შეეხება საქართველოს... თბილისი ამას არ აკეთებს და ვერ ვამჩნევ, რომ ქართველებს მსგავსი რამ სურდეთ“.
სადამდე გასტანს რუსეთ-თურქეთის განახლებული ურთიერთობა და რატომ გზავნიან რუსი დეპუტატები „მტრის მოყვრად გადაქცევის“ მესიჯებს საქართველოში?!
„სტრატეგიულ გამოკვლევათა ცენტრის“ დირექტორი, საქართველოს ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი ირაკლი მენაღარიშვილი For.ge-სთან საუბარში აცხადებს, რომ რუსეთ-თურქეთს შორის დამთბარი ურთიერთობა გაგრძელდება მანამ, სანამ ეს ორივე მხარის ინტერესებში იქნება. თუ რატომ შედგა პუტინ-ერდოღანის შეხვედრა და რატომ მოხდა მკვეთრი შეტრიალება კონფრონტაციიდან ურთიერთობის დათბობის მცდელობისკენ, ამის ახსნა ძნელი არ უნდა იყოს. ორივე ქვეყანას აქვს პრობლემები, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე საერთაშორისო თანამეგობრობასთან. თურქეთის ეკონომიკა რუსეთის ემბარგომ დააზიანა, რუსეთისა კი - დასავლეთის სანქციებმა. სამხედროთა ამბოხის საპასუხოდ გატარებულმა რეპრესიულმა ზომებმა თურქეთს საკუთარ მოკავშირეებთან გაურთულა ურთიერთობა, ხოლო რუსეთი ანტიუკრაინული აგრესიის გამო იზოლაციაში აღმოჩნდა. და ამიტომაც, როცა ორივე ქვეყანას დასჭირდა მხარდაჭერა, მათ ლიდერებს ერთადერთი ალტერნატივა დარჩათ - ერთმანეთისკენ გადაედგათ ნაბიჯი.
„თაფლობის თვეს ამას ჯერ ვერ დავარქმევთ. მოსაზრებები ურთიერთსაწინააღმდეგოა - აღფრთოვანებით დაწყებული, სკეპტიკური შეფასებებით დამთავრებული. განსაკუთრებით ბატონი პუტინი გამოირჩეოდა თავშეკავებით და მისი მხრიდან განსაკუთრებულ ემოციებზე საუბარი ძნელია. უნდა გავითვალისწინოთ, რომ ჩვენ ბოლომდე არ ვიცით პუტინ-ერდოღანის მეორე საუბრის შედეგების შესახებ. მხედველობაში მაქვს მათ მიერ განხილული საერთაშორისო ურთიერთობები, სადაც ყველაზე რთული და მძიმე თემები იქნებოდა დღის წესრიგში. კერძოდ, სირია, შავი ზღვის რეგიონი, ნატო და რუსეთი. ის, რაც მოვისმინეთ პრესკონფერენციაზე, ანუ შეხვედრის პირველი ნაწილი სულაც არ არის საკმარისი. ჯერჯერობით ორივე მხარის ინტერესებშია დაახლოების პოზიტიური დინამიკის დემონსტრირება. ამიტომ ორივე სახელმწიფოს პროპაგანდის მანქანა შეეცდება, მსოფლიოს დაახლოებისკენ გადადგმული ნაბიჯები დაანახოს. თუმცა რჩება განსხვავებული საკითხები, რომელთა პრაქტიკული შეთანხმებაც ადვილი როდია და ამან შეიძლება კიდევ წარმოშვას წინააღმდეგობა ამ ქვეყნებს შორის. საერთაშორისო მოვლენათა განვითარება კი მრავალ სხვა ფაქტორზე იქნება დამოკიდებული“, - აღნიშნა ირაკლი მენაღარიშვილმა.
რაც შეეხება რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს დეპუტატ ვიაჩესლავ ნიკონოვის მესიჯს თბილისისადმი, რომ რეჯეპ ერდოღანის მსგავსად, ქართველები რუსებს ხელს არ უწვდიან, ირაკლი მენაღარიშვილი განმარტავს, რომ ბატონი ნიკონოვისგან ეს გასაკვირი არ არის. მას ხომ სრულიად კონკრეტული პოლიტიკური ორიენტაცია გააჩნია და იგი ახლა უფრო პროპაგანდის ფრონტის მოღვაწეა, ვიდრე ანალიზის. უფრო მეტიც, ირაკლი მენაღარიშვილის აზრით, ნიკონოვი რეალობას თავდაყირა აყენებს, რადგან პირველი ნაბიჯი უნდა გადადგას იმ ქვეყანამ, რომელმაც მოახდინა მეზობელი ქვეყნის ტერიტორიის ოკუპაცია. ამ ფონზე საქართველომ მაქსიმუმი გააკეთა.
„თუ ნიკონოვი ელოდება, რომ საქართველო, თურქეთის მსგავსად, ბოდიშს მოიხდის, მაშინ, მინიმუმ, ის მაინც უნდა თქვას, რისთვის ელოდება საქართველოსგან ბოდიშის მოხდას?! მე კი ვთვლი, რომ საქმე სწორედ ამის საწინააღმდეგოდაა“.
ანალიტიკოსი არჩილ გამზარდია For.ge-სთან საუბარში აცხადებს, რომ რუსეთ-თურქეთის კონტექსტში ორი ასპექტია გასათვალისწინებელი. ერთი ის, რომ შესაძლოა, ევროკავშირის წინააღმდეგაც გადაიკვეთოს რუსეთისა და თურქეთის ინტერესები, რადგან თურქეთის პრეზიდენტის დღევანდელი მიდგომა ევროსტანდარტებში ვერანაირად ვერ ჯდება. საერთო ჯამში, ევროპული ფასეულობები ერდოღანისთვის შეიძლება მიუღებელი აღმოჩნდეს, რუსეთთან ამ ნიშნითაც გაერთიანდეს და საერთო გადაკვეთა იპოვონ. ამ მხრივ შეიძლება უფრო მდგრადიც იყოს მათი გაერთიანება, თუკი საერთო პროდუქტს ჰარმონიულად გაინაწილებენ საერთო მტრის წინააღმდეგ.
„ევროპა რომ რუსეთს მტრად მიაჩნია, ამას ჩვენ მუდამ ვხედავთ და რუსეთი არც მალავს ამას. თუ იგივე მდგომარეობა დახვდება თურქეთის მხრიდან, შეიძლება მათი ურთიერთობა უფრო საშიში გახდეს. მეორე ასპექტია რუსეთის „მეგობრობა“ სხვადასხვა ქვეყანასთან. გავიხსენოთ, რუსეთს მეგობრობის რა მიზანი გააჩნია?! რუსეთს არ აქვს უნარი, იურთიერთოს სხვა სახელმწიფოებთან. თუ დიდ სახელმწიფოებზეა ლაპარაკი, რუსეთს ყოველთვის ექნება უპირატესობის გრძნობა და დიდ სახელმწიფოებსაც ასევე ექნებათ ეს გრძნობა. თუ პატარა სახელმწიფოებია, მათ მიმართ რუსეთს აქვს მხოლოდ ჩამყლაპავი ინტერესი. ამიტომ რუსეთის მეგობრობა მხოლოდ ფრაგმენტული შეიძლება იყოს. საერთო ჯამში, ამ ორი ასპექტიდან რომელი იჩენს თავს, ძნელი სათქმელია. ყველაზე ცუდი ის არის, რომ საქართველოსთვის ძალიან საფრთხილოა მოვლენების ნებისმიერი განვითარება-რუსეთ-თურქეთის სტაბულური პერსპეტივაც და რუსეთ-თურქეთის დაპირისპირებაც“, - აღნიშნა არჩილ გამზარდიამ და განმარტა, რომ ჩვენთვის ყველაზე სასურველი შეიძლება იყოს რუსეთ-თურქეთის მშვიდობიანი, მაგრამ ძალზე დისტანცირებული ურთიერთობა, როგორც ეს ადრე იყო. თორემ შეიძლება თურქეთს კვლავაც გაუჩნდეს ჩვენი ტერიტორიების მიმართ პრეტენზია, რუსეთს კი ისედაც აქვს ეს პრეტენზია. ამ დროს ჩვენ პატარა, ასე თუ ისე, მარტოხელა სახელმწიფო ვართ.
თუმცა ანალიტიკოსი თვლის, რომ მოვლენებს უნდა დაველოდოთ, რადგან ჯერ მსოფლიო აზრზეც არ არის მოსული, რა ხდება თურქეთის თავს.