„ერთსა და იმავე პოზიციაზე მყოფი პოლიტიკური ძალები კოორდინაციას ვერ ახერხებენ“

„ერთსა და იმავე პოზიციაზე მყოფი პოლიტიკური ძალები კოორდინაციას ვერ ახერხებენ“

როგორც მოსალოდნელი იყო, „რევოლუციონერებს“ შორის ზორბა შავმა კატამ გადაირბინა. "ქართული პარტიის" ლიდერების განცხადებით, 25 მაისს საქართველოში ოქრუაშვილი აღარ ჩამოვა. მიზეზად პარტიის ხელმძღვანელები „სახალხო კრებასთან პოზიციების შეუთანხმებლობას“ ასახელებენ. პასუხად  ნინო ბურჯანაძე, ირაკლი ოქრუაშვილს „მხდალს და სუსტს“ უწოდებს. პოლიტოლოგ რამაზ საყვარელიძის შეფასებით კი,  "ქართული პარტიის" გადაწყვეტილება, „ერთის მხრივ, მოვლენათა განვითარების უფრო დეტალური ანალიზის, ხოლო მეორეს მხრივ, ნინო ბურჯანაძესთან პოზიციების შეუჯერებლობის შედეგი შეიძლება, იყოს“.

„ირაკლი ოქრუაშვილი საქართველოში აღარ ჩამოვა“, – ამის შესახებ "ქართული პარტიის" თავმჯდომარემ, სოზარ სუბარმა დღევანდელ პრესკონფერენციაზე განაცხადა . ასევე, "ქართული პარტია" 25 მაისს ავლაბრის მოედანზე აქციასაც აღარ გამართავს.

"განსაკუთრებით მძიმე იყო ირაკლი ოქრუაშვილის დარწმუნება, რომ უარი ეთქვა საქართველოში შემოსვლაზე, მაგრამ ეს იყო ჩვენი კატეგორიული მოთხოვნა და ის იძულებული გახდა, დამორჩილებოდა პარტიის პოზიციას", - აღნიშნა სუბარმა. ამის მიზეზი კი, მისი თქმით, სახალხო კრებასთან პოზიციების შეუჯერებლობა გახდა:

"22 მაისს ნინო ბურჯანაძემ გამოაცხადა, რომ 25 მაისს სახალხო კრება სხვა ადგილას, თავისუფლების მოედანზე გამართავდა აქციას, ამასთან როგორც ქალბატონმა ნინო ბურჯანაძემ ისე, სახალხო კრების წარმომადგენლებმა მკაფიოდ განაცხადეს, რომ გარკვეული ეჭვები აქვთ ირაკლი ოქრუაშვილთან დაკავშირებით.  მიგვაჩნია, რომ ერთმანეთის პარალელურად ორი აქციის გამართვით საზოგადოებაში დაბნეულობას შევიტანთ, ამიტომ, მივიღეთ ჩვენთვის ძალიან მძიმე გადაწყვეტილება, ჩვენ გავაუქმებთ 25 მაისს ავლაბრის მოედანზე დაგეგმილ აქციას და, შესაბამისად, "სახალხო კრებას" და ნინო ბურჯანაძეს ხელს არ შევუშლით მათი გეგმების განხორციელებაში".

ნინო ბურჯანაძე კი, ირაკლი ოქრუაშვილს მხდალს და სუსტს უწოდებს:

"ძალიან სამწუხაროა, რომ საქართველოში მამაკაცებს არ ყოფნით ვაჟკაცობა, თავის გადაწყვეტილებებზე თავად აგონ პასუხი, გადაწყვეტილებები ან არ განაცხადონ, ან ბოლომდე მიიყვანონ და ყოველთვის პოულობენ ვინმეს, ვისაც შეუძლიათ გადააბრალონ თავიანთი სიმხდალე და სისუსტე".

ბურჯანაძის თქმით, ლეგიტიმურად აინტერესებდა, ოქრუაშვილი საქართველოში როგორ ჩამოვიდოდა - ძალისმიერი მეთოდებით, თუ მშვიდობიანად:

"ლევან გაჩეჩილაძეს და სოზარ სუბარს ვკითხე. მათ მითხრეს, რომ თავად არ იციან ოქრუაშვილის გეგმების შესახებ არაფერი. ჩემი შეკითხვა იყო ერთადერთი- როგორ აპირებს ოქრუაშვილი ჩამოსვლას, მშვიდობიანად როგორც პოლიტიკოსი, თუ აპირებს ცხინვალიდან ან საიდანღაც შემოსვლას და ძალისმიერი მეთოდების გამოყენებასაც. "მაესტროში" მან განაცხადა, რომ ყველა მეთოდით აპირებს ბრძოლას. საქართველოში არ აღმოჩნდება არც ერთი ჭკუათმყოფელი ადამიანი, რომელიც იტყვის. რომ ეს კითხვები არ უნდა დამესვა".

"თეთრი მოძრაობის" ლიდერ თემურ შაშიაშვილის შეფასებით, "პოლიტიკოსები ერთმანეთს, საკუთარ ავტორიტეტს წირავენ, ეს კი საბოლოოდ ქვეყანას აზარალებს":

"სწორედ პოლიტიკოსთა ასეთი მოქმედების შედეგია ის, რომ სადღეისოდ საქართველოში როგორც ხელისუფლების, ისე ბევრი ოპოზიციონერი პოლიტიკოსის რეიტინგი ნულის ტოლია, ეს კი ქვეყნისათვის ტრაგედიაა. ვისურვებდი, რომ "ქართულ პარტიას" ჩვენთან შემოერთების სურვილი იმთავითვე არ გამოეცხადებინა და ამით დამატებითი იმედები არ გაეჩინა, მაგრამ თუ ამაზე წამოვიდა, პოზიცია ბოლომდე უნდა დაეცვა. ახლა ისინი აღარ უნდა საუბრობდნენ იმაზე, რომ ჩვენთან კონსულტაციები არ გამოუვიდათ, რადგან პირადად მე – თემურ შაშიაშვილი 20 დღის წინ ჭიათურაში მყოფ სოზარ სუბარს ვესაუბრე და ვთქვი, რომ ჩვენი შეხვედრა იყო საჭირო. მან პირობა მომცა, რომ ჭიათურიდან ჩამოსვლის შემდეგ დამიკავშირდებოდა, თუმცა ჩემთვის აღარ დაურეკავს" .

მისივე თქმით, "წარმომადგენლობითი სახალხო კრება" საპროტესტო აქციებს კვლავაც გააგრძელებს, დღეს კი იგი აქციაზე იმ დოკუმეტებს წარმოადგენს, რომელიც "ადასტურებს, რომ ხელისუფლებამ საკუთარ ხალხს გენოციდი მოუწყო".

"სახალხო კრების" აღმასრულებელი საბჭოს წევრ გია ბურჯანაძის მტკიცებით, "სახალხო კრებასა" და "ქართულ პარტიას" შორის პოზიციების შეჯერებაზე ლაპარაკი არ ყოფილა.

"ჩვენ ჩვენი გზით მივდივართ. ჩვენს შორის პოზიციების შეწყობაზე ლაპარაკი არასოდეს ყოფილა. პოზიციების თანხვედრა რომ ყოფილიყო, თავიდანვე ერთად ვიქნებოდით. ჩვენს შორის ლაპარაკი მხოლოდ იმაზე იყო, რომ ისინი აქციას პარალელურად გამართავდნენ და ჩვენც, მათ მსგავსად, სოლიდარობას გამოვუცხადებდით", - განუმარტა "პირWელს" ბურჯანაძემ და აქვე დასძინა, რომ "სახახლო კრება" მშვიდობიან საპროტეტო აქციებს კვლავ გააგრძელებს":

"საქართველოს მოსახლეობა იმ ნირვანიდან უნდა გამოვიყვანოთ, რომ ქვეყანას არაფერი ეშველება".

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ნუგზარ წიკლაური დარწმუნებულია, რომ აქციის მონაწილეების ჰიმნი "ბელა, ჩაო" უახლოეს დღეებში "ნინო, ჩაოდ" გადაიქცევა.

"მე დარწმუნებული ვარ, ის იტალიური სიმღერა, რომელიც აქციებზე ისმის  - "ბელა, ჩაო" მცირედით ტრანსფორმირდება და გადაიქცევა "ნინო, ჩაოდ", - განაცხადა ნუგზარ წიკლაურმა და დასძინა, რომ სრულდება უპასუხისმგებლობა და ექსტრემიზმი საქართველოში.

მისი თქმით, უკვე აშკარაა, რომ გზა ეხსნება ცივილიზირებული ოპონირების პროცესს და არჩევნებს.

"ქრისტიან-დემოკრატების" ერთ-ერთი ლიდერის ლევან ვეფხვაძის აზრით, "ქართულმა პარტიამ" საკუთარ თავს პოლიტიკურად სასიკვდილო განაჩენი გამოუტანა":  "ქართულმა პარტიამ" საკუთარ თავს პოლიტიკურად სასიკვდილო განაჩენი გამოუტანა, რადგან გადაიჭრა ის არტერია, რითაც იგი აქამდე იკვებებოდა".

პოლიტოლოგი რამაზ საყვარელიძე კი არ თვლის, რომ "ქართული პარტია" წინასწარ განსაზღვრული გეგმით მოქმედებდა, რომლის ერთ-ერთი კომპონენტი ირაკლი ოქრუაშვილის "კარტის გათამაშება" იყო.

პოლიტოლოგის აზრით, გადაწყვეტილება, რომელიც "ქართული პარტიის" ლიდერებმა დღევანდელ საგანგებო ბრიფინგზე გაახმოვანეს, ერთის მხრივ, მოვლენათა განვითარების უფრო დეტალური ანალიზის, ხოლო მეორეს მხრივ, ნინო ბურჯანაძესთან პოზიციების შეუჯერებლობის შედეგი შეიძლება, იყოს.

"არ მქონდა დიდი მოლოდინი, რომ ირაკლი ოქრუაშვილი საქართველოში დაბრუნდებოდა, თუმცა ვფიქრობ, "ქართული პარტიის" დღეს გახმოვანებული გადაწყვეტილება ერთის მხრივ, მოვლენათა განვითარების უფრო დეტალური ანალიზის, ხოლო მეორეს მხრივ ბოლო დღეებში ნინო ბურჯანაძესთან პოზიციების შეუჯერებლობის შედეგია. ჩემი აზრით, სწორედ იმან, რომ ბურჯანაძემ თავის გეგმას არ გადაუხვია, ამ ძალების ორდღიანი ერთობის დაშლა განაპირობა, ბურჯანაძესთან პოზიციების შეჯერების შემთხვევაში კი "ქართული პარტია" მოქმედებას უფრო გაბედულად გააგრძელებდა” – აღნიშნა საყვარელიძემ და აქვე დასძინა, რომ "კვლავ მეორდება დეჟავიუს განცდა და სიტუაცია, როცა ფაქტობრივად ერთსა და იმავე პოზიციაზე მყოფი პოლიტიკური ძალები მოქმედების კოორდინაციას ვერ ახერხებენ".

ყველა შემთხვევაში, მისი აზრით, "გადაწყვეტილებების მსგავსი სწრაფი ცვლილება, რომელიც "ქართული პარტიის” ცალკეულ ლიდერებს ადრეც გამოუვლენიათ, ამ პოლიტიკურ ძალას, რომლის მიმართ საზოგადოება ისედაც საკმაოდ პესიმისტურად იყო განწყობილი, უახლოეს პერსპექტივაში კარგს არაფერს მოუტანს".

ამასთან, "ქართული პარტიის" მომავლის შორეულ პერსპექტივაზე საყვარელიძეს საუბარი უჭირს და მოტივად იმ გარემოებას ასახელებს, რომ "ქართულ საზოგადოებას საკუთარი მეხსიერება გვერდზე ხშირად გადაუდია".

რაც შეეხება იმას, თუ როგორ შეიძლება, აისახოს "ქართული პარტიის" გადაწყვეტილება "სახალხო კრებისა" და მისი ერთ-ერთი ლიდერის ნინო ბურჯანაძის შედმგომი მოქმედებების წარმატებულობაზე, პოლიტოლოგის აზრით, ამ შემთხვევაში ყველაფერი ხალხზეა დამოკიდებული:

"ცხადია, "ქართული პარტიის" გადაწყვეტილება "სახალხო კრების" და ზოგადად ხელისუფლების რევოლუციის გზით შეცვლის მომხრეთათვის იმპულსს არ ზრდის, ვინაიდან სიმბოლური თვალსაზრისით, ამ პოლიტიკური ძალების გაერთიანებას მათთვის გარკვეული მიმზიდველობა ჰქონდა. უფრო მოსალოდნელია, რომ საპროტესტო აქციებმა იგივე დინამიკა შეიძინოს, რაც 2009 წელს ვნახეთ, ანუ ამ პოლიტიკურ ძალებს ხალხი ნელ-ნელა გამოეცალოთ, თუმცა სულაც არ არის გამორიცხული, მიუხედავად ამ ალიანსის არშედგომისა, ერთ დღეს ხალხმა მაინც იხუვლოს, როგორც, მაგალითად, არაბულ ქვეყნებში ვნახეთ".

ამ კონტესტში მან საარჩევნო გარემოს გაუმჯობესების მიზნით ხელისუფლებასა და ოპოზიციურ "რვიანს" შორის მოლაპარაკებების პროცესის პერსპექტივებიც შეაფასა და აღნიშნა, რომ "ნაკლებ სავარაუდოა, რევოლუციის მომხრეთა ფლანგზე განვითარებული მოვლენები "რვიანს" წაადგეს".

"როგორც კი ხელისუფლებამ იგრძნო, რომ აქციებსა და მოლაპარაკებების პროცესს შორის კავშირი არ იყო, იგი მოლაპარაკებებს უმალ გამოეთიშა. ამ მაგალითის გათვალისწინებით, ნაკლებ სავარაუდოა, თუ ე.წ. რადიკალურ ფლანგზე პროცესი ჩაქრება, მოლაპარაკებებმა ახალი ძალა მიიღოს. საერთოდ, შიდა დიპლომატიაში ნებისმიერი მოლაპარაკებების მიმდინარეობისას ძალზე მნიშვნელოვანია, ეკონომიკური, სამხედრო თუ სხვა კუთხით რა უმაგრებს ზურგს მოლაპარაკებების ამა თუ იმ მხარეს და თუ გავითვალისწინებთ, რომ რევოლუციის მომხრეთა საპროტესტო აქციები "რვიანისთვის" გარკვეულწილად ზურგის ფუნქციას ასრულებდა, როგორც კი "რვიანი" მარტო აღმოჩნდება, ხელისუფლებამ შესაძლოა, იგივე გაიმეოროს და მოლაპარაკებათა პროცესი კვლავ შეაფერხოს" – განმარტავს საყვარელიძე.