ანკარა სიკვდილით დასჯაზე უარს ამბობს, ევროკავშირის წევრობა კი, ისევ ღიად რჩება

ანკარა სიკვდილით დასჯაზე უარს ამბობს, ევროკავშირის წევრობა კი, ისევ ღიად რჩება

თურქეთის მიერ, სიკვდილით დასჯის საკანონმდებლო დონეზე რეგულირების შემთხვევაში, თურქეთი ევროკავშირის წევრი ვერ გახდება, ასეთი იყო ევროპელი ლიდერების შეფასება. ევროსაბჭომ ოფიციალურ ანკარას ის ვალდებულებები გაახსენა, რაზეც თურქეთს, როგორც სახელმწიფოს, ხელი აქვს მოწერილი.

თურქეთს, როგორც ევროსაბჭოს მნიშვნელოვან წევრ ქვეყანას, ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის შესრულება ევალება. კონვენციაში კი ნათლად არის გამოხატული პოზიცია სიკვდილით დასჯაზე. შესაბამისად, ოფიციალურმა ანკარამ უკან დაიხია.

ცნობილი ხდება, რომ თურქეთის პარლამენტი მომხდარი სახელმწიფო გადატრიალების მცდელობის შემდგომ სიკვდილით დასჯის საკანონმდებლო დონეზე რეგულირებას არ გეგმავს. საინფორმაციო პორტალ „Euobserver“-სთან საუბრისას „სამართლიანობისა და განვითარების პარტიის“ უფროსმა დეპუტატმა სენა ნურ ჩელიკმა აღნიშნა, ეს საკითხი ამ მომენტისთვის პარლამენტის დღის წესრიგის საგანს არ წარმოადგენს.

თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი კი მზად არის, სიკვდილით დასჯის შემოღებას დაუჭიროს მხარი, თუ პარლამენტი შესაბამის გადაწყვეტილებას დაამტკიცებს. სტამბოლში გამართულ მასობრივ პროსამთავრობო დემონსტრაციაზე სიტყვით გამოსვლილსას ერდოღანმა აღნიშნა, რომ სიკვდილით დასჯა არსებობს ბევრ ქვეყანაში, მათ შორის აშშ-შიც.

„თურქეთში 1984 წლამდე მოქმედებდა სიკვდილის დასჯა. სიკვდილით დასჯა დღემდე მოქმედებს აშშ-ში, იაპონიასა და ბევრ სხვა ქვეყანაში. ყველა პოლიტიკურმა პარტიამ უნდა დაუჭიროს მხარი ხალხის სურვილს. თუ პარლამენტი მიიღებს კანონს სიკვდილით დასჯის შესახებ, მე მას ხელს მოვაწერ“, - აღნიშნა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა.

თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, მევლუთ ჩავუშოღლუს განცხადებით, ამჟამად არანაირი ოფიციალური გადაწყვეტილება არ მიღებულა. მისი თქმით, სიკვდილით დასჯა მხოლოდ იმ შემთხვევაში აღდგება, თუ ამ გადაწყვეტილებას ქვეყნის პარლამენტი მიიღებს. ამასთან, თურქი დიპლომატი აცხადებს, რომ თურქეთი ევროპასთან ნებისმიერ საკითხზე მოლაპარაკებისთვის და თანამშრომლობისთვის მზად არის.

„ამასთანავე, ევროპა არ უნდა იყოს მიკერძოებული. ევროპელი პოლიტიკოსების მოქმედებებში პუტჩისტების მხარდაჭერა, ან მათი მოქმედებების გამართლება არ უნდა იყოს“, - აცხადებს მევლუთ ჩავუშოღლუ.

for.ge-სთან საუბრისას თურქეთის ელჩი საქართველოში, ზექი ლევენთ გუმრუქჩუ აცხადებს, რომ ამ ეტაპზე სიკვდილით დასჯის შემოღებას  კვლავ აქტიურად ითხოვს საზოგადოება. მისივე თქმით, თუ მხედველობაში მივიღებთ გადატრიალების მცდელობის მუხანათურ ხასიათს, დანაკარგს, რომელიც იწვნია თურქმა ხალხმა პუტჩის წინააღმდეგ ბრძოლისას, ასეთი რეაქცია სრულიად ბუნებრივია. მისივე თქმით, ვერც ერთი დემოკრატიული ქვეყანა თვალს ვერ დაუხუჭავს და ვერ უგულებელყოფს  ხალხიდან წამოსულ ამ მოთხოვნას.

„მიუხედავად ამისა, დღემდე ჩვენი მთვრობის მიერ ამ მიმართულებით არ გადადგმულა არც ერთი ოფიციალური ნაბიჯი გარდა იმ განცხადებისა, რომ ეს მოთხოვნა განიხილებოდა პარლამენტში ყველა პოლიტიკური პარტიის მონაწილეობით. ასევე, ჩვენმა პრეზიდენტმა თქვა, რომ იმ შემთხვევაში, თუ პარლამენტი დაამტკიცებდა, იგი ხელს მოაწერდა ამ გადაწყვეტილებას. ამ საკითხთან დაკავშირებით მას რაიმე სხვა ძალისხმევისათვის არ მიუმართავს. აქედან გამომდინარე, სიკვდილით დასჯასთან დაკავშირებით, ამ ეტაპზე რაიმე სახის სპეკულაცია ან ვარაუდების გამოთქმა არაა მართებული. ჩვენ უნდა დაველოდოთ პროცესის დემოკრატიულ განვითარებას“, - აცხადებს ზექი ლევენთ გუმრუქჩუ.

გასულ თვეს მომხდარი სამხედრო გადატრიალების მცდელობის შემდეგ თურქეთმა საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა და ადამიანის უფლებების ევროპული კონვენციის მოქმედება დროებით შეაჩერა. ევროკომისიის პრეზიდენტის, ჟან-კლოდ იუნკერის განცხადებით, თურქეთი ევროკავშირში ჯერჯერობით ვერ გაწევრიანდება, თუმცა ევროკომისია ელოდება, რომ ქვეყანა წევრობისთვის აუცილებელ ყველა პირობებს შეასრულებს.

„იმ მდგომარეობაში, როგორშიც ახლა თურქეთია, ის ევროკავშირის წევრი ვერ იქნება. განსაკუთრებით თუ იმას გააკეთებს, რაზეც ცალკეული პოლიტიკოსები აცხადებენ - კერძოდ, აღადგენს სიკვდილით დასჯას. ამის შედეგი იქნება წევრობაზე მოლაპარაკებების დაუყონებლივ შეწყვეტა. თურქეთთან ევროკავშირში გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების შეწყვეტისთვის ყველა წევრი ქვეყნის თანხმობა არის საჭირო“, - განაცხადა ჟან-კლოდ იუნკერმა.

გერმანიის ვიცე-კანცლერის განცხადებით, უახლოესი 10-20 წლის განმავლობაში თურქეთი ევროკავშირში ვერ გაწევრიანდება. როგორც ზიგმარ გაბრიელმა განაცხადა, თურქეთის გაწევრიანება ვერ მოხდება იმ შემთხვევაშიც კი, თუ ანკარა ყველა საჭირო პირობას შეასრულებს, რადგან ამ ეტაპზე ევროკავშირს არა აქვს შესაძლებლობა, მცირე სახელმწიფოებიც კი მიიღოს.

„არა მგონია, რომ უახლოეს მომავალში - მე ვსაუბრობ 10-20 წელიწადზე, თურქეთს ევროკავშირში გაწევრიანების შანსი ჰქონდეს. თურქეთის გაწევრიანება ვერ მოხდება იმ შემთხვევაშიც კი, თუ ანკარა ყველა საჭირო პირობას შეასრულებს, რადგან ამ ეტაპზე ევროკავშირს არა აქვს შესაძლებლობა, მცირე სახელმწიფოებიც კი მიიღოს. თუმცა, მიმაჩნია, რომ თურქეთთან მოლაპარაკებები გაწევრიანების თაობაზე კვლავ უნდა გაგრძელდეს“, - აღნიშნა ზიგმარ გაბრიელმა.