ლევან იზორიას ჯერ არ მიუღია გადაწყვეტილება, გადაიხედება თუ არა თინა ხიდაშელის გადაწყვეტილება სამხედრო შენაერთებში სავალდებულო გაწვევის შეჩერების შესახებ. თავდაცვის მინისტრის განცხადებით, ამისთვის გარკვეული დროა საჭირო და საბოლოო გადაწყვეტილება საზოგადოებისთვის მოგვიანებით გახდება ცნობილი.
„წინასწარი განზრახვით და გადაწყვეტილებებით უწყებაში არ მივსულვარ, მათ შორის ამ საკითხთან დაკავშირებით. მიმდინარეობს ამ საკითხის შესწავლა. გარკვეული დროა საჭირო და საბოლოო გადაწყვეტილებას პირველ რიგში გაიგებთ თქვენ. შეხვედრა მქონდა გენშტაბის ხელმძღვანელთან და ერთ-ერთი საკითხი იყო სწორედ ეს. არის საკმაოდ რაციონალური არგუმენტები გადაწყვეტილებაში, რომელიც წინამორბედმა მინისტრმა მიიღო, თუმცა მინდა კონტრარგუმენტებიც მოვისმინო. აქედან გამომდინარე, არსად არ ვჩქარობთ, ყველაფერს ავწონ-დავწონით“, - აღნიშნა ლევან იზორიამ.
თავდაცვის მინისტრის განცხადებით, ყველა საკითხი, ყველა მხარის ჩართულობით უნდა განიხილონ და მოისმინონ სხვადასხვა არგუმენტები. მისივე თქმით, ერთ-ერთ სასწავლო ცენტრში საკმაოდ საფუძვლიანი არგუმენტები მოისმინა ამ გადაწყვეტილების სასარგებლოდ.
„როდესაც წვევამდელს იღებ პროფესიონალიზმს არა აქვს იმხელა წონა და როდესაც პროფესიონალიზმზე აკეთებ აქცენტს, მაშინ გარკვეული ეტაპების აუცილებლობა დგება დღის წესრიგში“.
საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის, ვახტანგ კაპანაძის განცხადებით, სამხედრო ხელმძღვანელობა ეცდება, თავდაცვის ახალი მინისტრი თავდაცვის სამინისტროს მიერ, სავალდებულო სამხედრო სამსახურში გაწვევასთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილების სისწორეში დაარწმუნოს.
„ყოფილმა მინისტრმა ის გადაწყვეტილება გაახმოვანა, რომელიც სამხედრო ხელმძღვანელობის მიერ რამდენიმე თვით ადრე იყო მიღებული. მინისტრთან, რა თქმა უნდა, საუბარი გვქონდა, რომელიც ამ საკითხით დაინტერესდა და ჩვენ დავთქვით, რომ გამოვნახავთ დროს და ამ საკითხს საგანგებო შეკრებას მივუძღვნით, რათა ჩვენს პოზიციაში კიდევ ერთხელ დავარწმუნოთ ახალი მინისტრი“, - აცხადებს ვახტანგ კაპანაძე.
გენშტაბის უფროსი არ გამორიცხავს, რომ თავდაცვის ყოფილი მინისტრის ბრძანება სავალდებულო სამხედრო სამსახურთან დაკავშირებით გადაიხედოს.
„გამორიცხული არაფერი არაა. თუმცა, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, სამხედრო ხელმძღვანელობის მხრიდან იქნა მიღებული გადაწყვეტილება, რომ დღევანდელი გამოწვევებიდან და ქვეყანაში არსებული რესურსიდან გამომდინარე, უფრო ეფექტიანი იქნება პროფესიული შეიარაღებული ძალების ყოლა“, - აღნიშნა ვახტანგ კაპანაძემ.
თავდაცვის ყოფილი მინისტრი იმედოვნებს, რომ სავალდებულო სამხედრო გაწვევა მთლიანად, ყველა სტრუქტურაში გაუქმდება და მის მიერ გამოცემული აქტი სამხედრო სამსახურში გაწვევის თაობაზე არ გადაიხედება. თინა ხიდაშელის განცხადებით, შესაბამისი გადაწყვეტილებები სწრაფად არის მისაღები.
„სავალდებულო გაწვევის გაუქმებას თავდაცვის სამინისტროში ბევრი მიზეზი აქვს, მაგრამ მთავარი მიზეზი ის არის, რომ არ შეიძლება ქვეყანაში გყავდეს უფასო მუშახელი და 18-19 წლის ახალგაზრდებს ვიყენებდეთ მონური შრომისთვის. ეს ძალიან პრინციპული გადაწყვეტილება იყო და თავდაცვის სამინისტროს ამ გადაწყვეტილების გარეშე ვერ დავტოვებდით. არგუმენტები ძალიან ბევრია, რომ 21-ე საუკუნეში ახალგაზრდები არ გამოიყენონ უფასო მუშახელად, ხოლო არგუმენტები იმის სასარგებლოდ, თუ რატომ უნდა გყავდეს ასეთი წვევამდელები ჯარში, არ არსებობს“, - განაცხადა ხიდაშელმა.
მისივე თქმით, სამხედრო სავალდებულო სამსახურის გაუქმების გადაწყვეტილების მიღებას პატარა გამბედაობა სჭირდება.
„დიდი იმედი მაქვს, რომ არა თუ თავდაცვის სამინისტროში არ გადაიხედება ეს გადაწყვეტილება, არამედ საერთოდ, ქვეყანა მიიღებს ამ ძალიან მნიშვნელოვან, მარტივად მისაღებ გადაწყვეტილებას, რომელსაც სჭირდება პატარა გამბედაობა და უარს იტყვის სავალდებულო გაწვევაზე ყველა სტრუქტურაში. ჩემი აქტი ეხება მხოლოდ თავდაცვის სამინისტროს. ასეთი გადაწყვეტილებები სწრაფად უნდა მიიღონ სხვა უწყებებში“, - აღნიშნა თინა ხიდაშელმა.
შეგახსენებთ, რომ თინა ხიდაშელმა თანამდებობის დატოვებამდე რამდენიმე კვირით ადრე გამოსცა აქტი, რომლითაც თავდაცვის სამინისტროში სამხედრო სავალდებულო სამსახურში გაწვევა შეჩერდა. თუმცა მინისტრის გადაწყვეტილება შეთანხმებული არ ყოფილა პრეზიდენტთან, უშიშროების საბჭოსთან და პრემიერ-მინისტრთან.
სამხედრო ექსპერტი ზურაბ აგლაძე ამბობს, რომ ქვეყანა აუცილებლად უნდა გადავიდეს პროფესიონალურ არმიაზე, თუმცა ამ გადაწყვეტილების მიღება შესაბამისი გათვლების გარეშე, ალბათ, უფრო დამაზიანებელი იქნება.
„არ ვიცი რას ემყარებოდა თინა ხიდაშელის ეს გათვლები და არსებობს თუ არა საერთოდ გათვლები. როცა ჩვენ ვაუქმებთ სავალდებულო გაწვევას, უნდა ვიცოდეთ, რომ ეს სისტემა არ არის მხოლოდ თავდაცვის სამინისტრო. წვევამდელები ჰყავს აგრეთვე შსს-ს და სასჯელაღსრულების სამინისტროს, რომელთაც მათი ფუნქციონირებისათვის სჭირდებათ ეს სისტემა. რამდენადაც მე ვიცი, არავითარი კომუნიკაცია არ ყოფილა ამ უწყებებთან და ცალმხრივად მოხდა თავდაცვის მინისტრის მხრიდამ ამ სისტემის გაუქმება. შესაძლებელია, რომ თავდაცვის სამინისტროს არ სჭირდება წვევამდელები, მაგრამ ანგარიში უნდა გაუწიოს სხვა სამინისტროებს, იმიტომ, რომ მათი სრულფასოვანი ფუნქციონირებისთვის ამ ეტაპზე აუცილებელია წვევამდელების ყოფნა“, - აცხადებს ზურაბ აგლაძე.
მისივე თქმით, ამ ეტაპაზე სახელმწიფო მზად არ არის იმისათვის, რომ შეაჩეროს სავალდებულო გაწვევა. შესაბამისად, აგლაძე ფიქრობს, რომ თინა ხიდაშელის მიერ გამოცემული აქტი, რაღაცა პერიოდი უნდა გაუქმდეს.
„ალბათ, შესაძლებელია, რომ რაღაცა პერიოდი ისევ დავუბრუნდეთ გაწვევის სისტემას და რაღაცა პერიოდით ეს ბრძანება უბრალოდ გაუქმდეს, რადგან ამ ეტაპისთვის სახელმწიფო მზად არ არის, რომ ჩაანაცვლოს წვევამდელები. ელემენტარულად, ეს საკითხი საფუძვლენად არ არის შესწავლილი, თუ რა დრო, რა თანხები და რა ინფრასტრუქტურა დაგვჭირდება იმისათვის, რომ ჩავანაცვლოთ წვევამდელები და გადავიდეთ პროფესიონალურ არმიაზე“, - აღნიშნა ზურაბ აგლაძემ.
სამხედრო ანალიტიკოსი, ვახტანგ მაისაია ფიქრობს, რომ ხიდაშელის გადაწყვეტილება სავალდებულო გაწვევის შესახებ, უნდა გაუქმდეს. მისივე თქმით, მინისტრის გადაწყვეტილება სამართლებრივად და პოლიტიკურად არასწორი იყო, რაც ბევრ კითხვებს ბადებს.
„თინა ხიდაშელმა წერეთელივით დაუბარა იზორიას, რომ ამ თემას არ შეხებოდა. თუმცა, სავარაუდოდ, თავდაცვის მინისტრი გააუქმებს ამ გადაწყვეტილებას. სამართლებრივად და პოლიტიკურად რამდენად სწორი იყო ამგვარი გადაწყვეტილების მიღება, ესეც იწვევს ბევრ კითხვას. მე მაშინაც ვამბობდი და ახლაც იგივეს ვიმეორებ, რომ სამართლებრივად არასწორად იყო განხორციელებული. ასეთი გადაწყვეტილება არ უნდა მიეღო თავდაცვის მინისტრს“, - აცხადებს ვახტანგ მაისაია.