უცნობი “მონა ლიზა”

უცნობი “მონა ლიზა”

ლეონარდო და ვინჩის უკვდავი ტილო „მონა ლიზა“ საუკუნეებია, რაც მნახველთა აღფრთოვანებას იწვევს. ამ ტილოს თავის დროზე მრავალი გამოკვლევა მიეძღვნა და, რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს, რამდენიმე დღის წინ ის კიდევ ერთი კამათის საგანი გახდა.

იტალიელი მკვლევარების აზრით, ცნობილმა მხატვარმა „მონა ლიზას“ ფონზე არა აბსტრაქტული, არამედ კონკრეტული ადგილმდებარეობის პეიზაჟი გამოსახა.

ტურინელ ხელოვნებათმცოდნე კარლა გლორის მიაჩნია, რომ „მონა ლიზას“ უკან იტალიურ ქალაქ ბობიოს ხედი მოჩანს.

გლორის დასკვნას ეთანხმება იტალიის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული კომიტეტის თავმჯდომარე სილვანო ვინჩეტიც. სენიორ სილვანომ ცოტა ხნის წინ სურათი დეტალურად კიდევ ერთხელ გამოიკვლია და აღმოაჩინა, რომ ტილოს მარჯვენა მხარეს, ჯოკონდას ხელთან, ციფრები 7 და 2 მოჩანს.

ორივე ხელოვნებათმცოდნეს თუ დავუჯერებთ, ეს არის მინიშნება 1472 წელზე, როდესაც ადიდებულმა მდინარე ტრებიამ ქალაქ ბობიოს ხიდი მთლიანად წაიღო.

ისტორიული დოკუმენტების მიხედვით, იმ წელს მართლაც ძლიერი წყალდიდობა მოხდა და ბუნების სტიქიას პონტე გობოს სახელით ცნობილი, ქალაქ ბობიოს ხიდი ემსხვერპლა.

იტალიელი მკვლევარები ეჭვქვეშ აყენებენ იმ ქალბატონის ნამდვილ ვინაობასაც, რომელიც ლეონარდო და ვინჩიმ გამოსახა. თუ დამტკიცდა, რომ „მონა ლიზაზე“ ქალაქ ბობიოს პეიზაჟია გამოსახული, დამტკიცდება, რომ ნახატი არა ფლორენციაში, არამედ ქვეყნის ჩრდილოეთ ნაწილშია შექმნილი.

ამ შემთხვევაში ყველაფერი თავდაყირა დგება. გლორისა და ვინჩეტის მტკიცებით, ცნობილი ფერმწერის მოდელის ფუნქციას ასრულებდა არა ფლორენციელი ვაჭრის მეუღლე ლიზა დელ ჯოკონდა, არამედ მილანელი ჰერცოგის ქალიშვილი ბიანკა ჯოვანა სფორცა. ამ უკანასკნელის მამა, ლოდოვიკო სფორცა ლეონარდო და ვინჩის ახლო მეგობარი, ასევე მისი ნახატების აქტიური გამავრცელებელი და იმდროინდელ იტალიაში ცნობილი მეცენატი იყო.