ორი დღის წინ რიო-დე-ჟანეიროში ზაფხულის მორიგი ოლიმპიური თამაშები დაიწყო. ორი კვირის განმავლობაში ქართველ სპორტის თაყვანისმცემლებს საქმე მოსაწყენად არ ექნებათ და პელეს სამშობლოში მყოფ ჩვენს თანამემამულეებს თავდავიწყებით უქომაგებენ.
მიმდინარე წლის შემოდგომაზე მორიგი საპარლამენტო არჩევნები გველის და დიდ პოლიტიკას ვერც ქართველი ოლიმპიელები გადაურჩნენ. ცოტა ხნის წინ მათმა ჩაცმულობამ ქვეყანაში დიდი ვნებათაღელვა გამოიწვია. სიმართლე ითქვას და ამ აჟიოტაჟში სიმართლის მარცვალი ნამდვილად იყო. სხვა ქვეყნების ოლიმპიური დელეგაციებისაგან განსხვავებით, ჩვენებურები მთელი მსოფლიოს წინაშე გაურკვეველი წარმოშობის ჩაცმულობით წარსდგნენ. ვფიქრობ, ოლიმპიური თამაშების წინ გაურკვეველი ექსპერიმენტების ჩატარება დაუშვებელი გახლდათ. კი ბატონო, აგვიხსნეს რომ ქართველები ძველი ნაციონალური სამოსით შეიმოსნენ, მაგრამ მთელ მსოფლიოს ამას როგორ აუხსნი.
მე რომ მკითხოთ, ქართველთა სამოსი უზბეკურ-ტაჯიკურ-ავღანურ ტრადიციებს უფრო მიესადაგებოდა. 21-ე საუკუნეა და მსოფლიოს შენი წარსული და ისტორია რომ გააცნო, ამისთვის ოლიმპიური თამაშების შერჩევა აუცილებელი არ იყო, ბევრი სხვა საშუალებაც არსებობს. კიდევ ერთი - იმ აჟიოტაჟის მიმდინარეობისას უშუალოდ სპორტსმენებს აზრი არავინ ჰკითხა. მათ ნაცვლად განცხადებებს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის ვიცე-პრეზიდენტი ნინო სალუქვაძე აკეთებდა. თავად ოლიმპიური კომიტეტის მავანმა და მავანმა პრეს-ატაშე გოგონამ მთელ ერს ოფიციალურად უვიცი გვიწოდა. საქმე იქამდეც კი მივიდა, რომ ქართველთა ოლიმპიური სამოსი „ქართული ოცნებისა“ და „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელთა დაპირისპირებად გაიქცა.
გვეყო პოლიტიკაზე საუბარი და მორიგი წერილის შესახებ ვისაუბროთ. ოლიმპიურ თამაშებს არაერთხელ შევეხე და სპორტის სხვადასხვა სახეობის წარმომადგენელთა მოგონებებიც შემოგთავაზეთ. ამ ტრადიციას დღესაც გავაგრძელებ და სიტყვას სათამაშო სახეობების მონაწილე ქართველ ოლიმპიელებს გადავცემ.
ალექსანდრე ანპილოგოვი:
„1976 წელს, მონრეალის ოლიმპიური თამაშების წინ მთავარ ფავორიტებად რუმინელები ითვლებოდნენ, იმ დროისთვის მსოფლიოს ოთხგზის ჩემპიონები. ოლიმპიადამდე მათ ოთხჯერ ვეთამაშეთ ამხანაგურად და ყველა შეხვედრა წავაგეთ. მიუხედავად ამისა, გვჯეროდა, რომ იქ, ოლიმპიადაზე ჩემპიონობის ძალიან კარგი შანსი გვქონდა. ჯგუფური ტურნირის სტარტზე ორჯერ იოლად გავიმარჯვეთ - იაპონიას 26:16, კანადას კი 25:9 მოვუგეთ. მომდევნო შეხვედრაშიც თავდაჯერებულები გავედით, მაგრამ იუგოსლავიელებმა ორი ბურთით მოგვიგეს - 18:20. მერე გერმანელებსაც ვაჯობეთ და დანიელებსაც... ფინალში ჩვენს „კარგ ნაცნობებს" - რუმინელებს დავუპირისპირდით. კარგად ვითამაშეთ, მთელი შეხვედრის მანძილზე ჩვენ ვფლობდით უპირატესობას, თუმცა უკანასკნელ ხუთ წუთში სიტუაცია შეიცვალა - მეტოქემ იძალა და ანგარიში გაათანაბრა. სათადარიგოთა სკამზე ვიჯექი, როცა ჩვენი მწვრთნელი ანატოლი ევტუშენკო მოვიდა და მითხრა, ეხლა მოედანზე გახვალ, ბიჭებს დააწყნარებ და გოლს გაიტან! იცოდე, ვინც პირველი შეაგდებს, ჩემპიონიც ის გახდებაო... მეც მეტი რა მინდოდა?! თამაშში ჩართულმა მალე ბურთი ეფექტურად შევაგდე, საბოლოოდ კი 19:15 მოვიგეთ და ოლიმპიური ჩემპიონები გავხდით!
ვერ ვიტყვი, რომ ოქროს მედლების მოგება დიდი ზარ-ზეიმით აღვნიშნეთ. მსგავსი არაფერი ყოფილა. ისე, სამი ღამე მედალთან ერთად მეძინა - მეშინოდა არ დამკარგვოდა.
თბილისში დაბრუნებულს მამამ გამარჯვება მომილოცა, თუმცა იქვე მირჩია, ახლა მეტი თავმდაბლობა გმართებს და ეცადე ეს გამარჯვება დაივიწყო, ოლიმპიური ჩემპიონობის შემდეგ შენ ბევრისთვის სამაგალითო ხარ და არ შერცხვეო. ის სიტყვები ამდენი წლის შემდეგაც მახსოვს.
მედლებთან დაკავშირებულ ერთ სახალისო ამბავს გავიხსენებ, რომელიც ირიბად, მაგრამ მამის დარიგებასთანაცაა კავშირში. 1976 წლის სექტემბერში თბილისში „დინამოს" სტადიონი გაიხსნა და როგორც ოლიმპიური ჩემპიონი, მეც მიმიპატიჟეს. ვიფიქრე, ოლიმპიური მედალი როგორ არ უნდა გამოვაჩინო-მეთქი და მასთან ერთად თუ რამე ჯილდო მქონდა მოგებული, სამი-ოთხი მედალი, ყველაფერი ჩამოვიკიდე. მივედი სტადიონზე და ვიქტორ სანეევს შევხვდი, მთელი მკერდი ჯილდოებით აქვს სავსე! გავეხუმრე, სახლში მედლები არ დატოვე-მეთქი?! ვიქტორმა სერიოზულად მიპასუხა, ამათ გარდა 40 კილომდე ჯილდოები ჩემოდანში მაქვს ჩალაგებულიო... შემრცხვა. ვიფიქრე, ჩემი რამდენიმე მედალი ამ კაცის ტიტულებთან რა მოსატანია-მეთქი და მას შემდეგ მსგავს შეხვედრებზე ჯილდოებით მკერდდამშვენებული არასდროს მივსულვარ.
მონრეალის ოლიმპიური თამაშების მერე მსოფლიოს საუკეთესო ხელბურთელთა შორის მასახელებდნენ. სხვათა შორის, ორჯერ მსოფლიო ნაკრებშიც ვითამაშე!
1980 წელს, მოსკოვის ოლიმპიადაზე უკვე მთავარი ფავორიტები ვიყავით. ეს ორი მიზეზით იყო განპირობებული: ჯერ ერთი რომ თამაშები საბჭოთა კავშირში ტარდებოდა, მეორეც - იმ დროისთვის მართლა ძალიან ძლიერები ვიყავით. მიუხედავად ამისა, მაინც მეორე ადგილზე გავედით, რაზეც დღემდე გული მწყდება. მაშინაც ვთვლიდი და ეხლაც იმ აზრზე ვარ, რომ ფინალში ჩვენი წაგება მთავარი მწვრთნელის ანატოლი ევტუშენკოს ბრალია. ის ნიჭიერი სპეციალისტი კი იყო, მაგრამ განდიდების მანიით გახლდათ შეპყრობილი. ამის გამო ხშირად ექმნებოდა პრობლემები.
მონრეალის მსგავსად, მოსკოვის ოლიმპიადაც ძლიერად დავიწყეთ. ჯგუფში მხოლოდ ერთხელ წავაგეთ - რუმინეთთან 19:22, თუმცა ფინალის საგზური მაინც ჩვენ დაგვრჩა. გადამწყვეტ შეხვედრაში გერმანიის დემოკრატიული რესპუბლიკის ნაკრებს ვხვდებოდით. პირველ ტაიმში მართლა უნაკლოდ ვითამაშეთ, შვიდი თუ რვა ბურთით მოვიგეთ და შესვენებაზე გულდამშვიდებულები გავედით. ამ დროს კი ევტუშენკო გასახდელში აღელვებული შემოვიდა, თან პარტაქტივი ახლდა. ბიჭებს შავი დღე გვაყარა, იცოდეთ, ჩემი ტაქტიკით თუ არ ითამაშებთ, ციმბირი უკან დაგრჩებათო! გაგვთათხა და დაგვემუქრა! მწვრთნელის ასეთმა საქციელმა ხასიათი წაგვიხდინა. მეორე ტაიმში ცუდად არ გვითამაშია, მაგრამ მწვრთნელის „გონივრული დარიგების" შემდეგ კონცენტრაცია დავკარგეთ, ამის შედეგად უპირატესობა თვალსა და ხელს შუა შემოგვეცალა და საბოლოოდ ფინალი 22:23 წავაგეთ.
მწვრთნელმა ვერც ბანკეტზე მოისვენა, კვლავ საყვედურებით აგვავსო. ერთ მომენტში ვერ მოვითმინე და შევეპასუხე. ამას მოჰყვა ის, რომ მწვრთნელმა გუნდიდან ამომაგდო, თან, ჩემს გარდა ყველამ მიიღო სახელმწიფო ჯილდო. ევტუშენკო არც შემდგომში აპირებდა ნაკრებში ჩემს მიწვევას, მაგრამ მწვრთნელთა საბჭომ უკან დახევა მოსთხოვა და 1982 წელს კვლავ გუნდში მიხმო. იმ წელს მსოფლიო ჩემპიონატი მოვიგეთ!
ნაკრებთან ერთად ოლიმპიადაც მოვიგე და მსოფლიო ჩემპიონატიც, მაგრამ „ბურევესტნიკის" შემადგენლობაში საკავშირო ჩემპიონი ვერ გავხდი. გული როგორ არ მწყდება, მაგრამ იცით რა არის? მიუხედავად არაერთი მიპატიჟებისა, თბილისიდან წასვლა არ მიფიქრია - მეგობრების, ოჯახის, ჩემი მშობლიური ქალაქის მიტოვება მიჭირდა“.
ნიკოლოზ დერიუგინი:
„1980 წელს, მოსკოვში ოლიმპიადის მოგების ბრწყინვალე შანსი გვქონდა, ყველა ფიქრობდა, რომ საბჭოთა კავშირის ნაკრები უპრობლემოდ გახდებოდა ჩემპიონი. თანაც, ხომ გახსოვთ, ამერიკელები არ ჩამოვიდნენ... მოკლედ, ჩვენგან ყველა პირველობას ელოდა, ჩვენც გამარჯვებაში დარწმუნებულნი ვიყავით, მაგრამ... იუგოსლავიის და იტალიის ნაკრებებს სათვალავში არავინ აგდებდა, არადა სწორედ მათთან დავმარცხდით - იუგებთან 91:101, სკუადრასთან 85:87. მე 8 შეხვედრაში ვითამაშე და ზუსტად მახსოვს, 67 ქულა დავაგროვე. ყველაზე მეტი ქულა - 17, ინდოეთთან მატჩში ჩავაგდე. ისე, იმ იუგოსლავიის სასტარტო ხუთეული ახლაც მახსოვს: ჩოსიჩი, დელიბაშიჩი, ერკოვი, დალიპაგიჩი და კიჩანოვიჩი“.
ვლადიმერ უგრეხელიძე:
„1960 წელს, რომში, ოლიმპიადის ნახევარფინალში პუერტორიკოელებს შევხვდით. მატჩის დასრულებამდე 58 წამი რჩებოდა, ჩვენ 24 ქულას ვიგებდით, როცა კალათიდან ასხლეტილ ბურთზე დასამატებლად ავხტი. ჰაერში მეტოქე შემასკდა. წონასწორობადაკარგული, ცუდად რომ არ დავცემულიყავი, კალათის რგოლს ჩავეჭიდე... მაშინ სად იყო ასეთი რგოლები?! ფარი მოწყდა და მასთან ერთად დავვარდი. ჩემდა ბედად, დახრა მოვასწარი, თორემ იმხელა კონსტრუქცია თავს წამაცლიდა... შუშა ჩაიმსხვრა. მის გამოცვლას ორ საათზე მეტი დასჭირდა. მერე, როცა ფარი ხელახლა დააყენეს, ის დარჩენილი 58 წამიც ვითამაშეთ. ფინალში ამერიკელებს შევხვდით. დასამალი რაა: გვაჯობეს და ჩვენც ვერცხლის მედლებით დაგვაჯილდოვეს. სხვათა შორის, თბილისში პუერტორიკოელებთან გატეხილი ფარის ნამსხვრევებიც წამოვიღე. დიდხანს ვინახავდი, სანამ შვილიშვილებმა საბოლოოდ არ დალეწეს.
რომის ოლიმპიადიდან ერთ კურიოზს გავიხსენებ: იტალიელებთან მატჩის დროს გურამ მინაშვილმა შემთხვევით იდაყვი მოარტყა მათ ერთ-ერთ საუკეთესო მოთამაშე ვიონელოს. იტალიელს სისხლი წასკდა, გაბრაზებულმა გულშემატკივრებმა კი მონეტები დაგვიშინეს. ბიჭებმა ფიცარნაგზე დაყრილი ფული შევაგროვეთ, მეორე დღეს კი იმ „ძღვენით" პოპულარული იტალიური ფირფიტები შევიძინეთ“.
მიხეილ ქორქია:
„მიუნხენის ოლიმპიადაზე ჩემი თამაში თბილისში გამართული იური გაგარინის მესამე მემორიალის შემდეგ გადაწყდა. ეს შეჯიბრება ზუსტად თამაშების წინ გაიმართა. მაშინ გუნდს ვლადიმერ კონდრაშინი წვრთნიდა. თბილისში მართლა ძალიან კარგად ვითამაშე, საკანდელიძეც ჩვეულად ბრწყინვალე იყო და მწვრთნელმაც ორივე განაცხადში შეგვიყვანა.
ოლიმპიადაზე ცხრავე შეხვედრა მოვიგეთ! ყველაზე მეტი ქულა - 13 - ფილიპინელებთან ჩავაგდე, უქულოდ კი ორ თამაშში დავრჩი - ჯგუფში იტალიელების და ნახევარფინალში კუბელების წინააღმდეგ.
ფინალში ჩვენი მეტოქეები ამერიკელები იყვნენ. ერთ მომენტში, დუაიტ ჯონსთან ორთაბრძოლისას, ბურთი ვერ გავიყავით. ამერიკელი მეუხეშა და არც მე დამიკლია, მსაჯებმა კი ორივე გაგვაგდეს. სათადარიგოთა სკამისკენ რომ მივდიოდი, მწვრთნელს თვალს ვერ ვუსწორებდი, ვფიქრობდი, მორჩა, ნაკრებში ჩემი კარიერა დასრულდა-მეთქი. მაგრამ კონდრაშინი თვითონ მოვიდა, თამაშისთვის მადლობა გადამიხადა, ბეჭზე ხელი მომითათუნა და მითხრა: „იცი შენ ვინ გააგდე"? ფინალი როგორც დასრულდა, გემახსოვრებათ: საკანდელიძის „ოქროს ფოლი", ივან ედეშკოს „ოქროს პასი" და სერგეი ბელოვის „ოქროს ორი ქულა". საბჭოთა კავშირის ნაკრები პირველად გახდა ოლიმპიური ჩემპიონი!
მიუნხენის ოლიმპიადის შემდეგ ნაკრებთან ერთად რამდენიმე დიდ ტურნირზე ვითამაშე, ორჯერ ევროპის ჩემპიონატის ფინალში დავმარცხდით, 1976 წელს ოლიმპიადაზე ბრინჯაო ავიღეთ... გულახდილად რომ ვთქვა, მიუნხენის ოლიმპიადის შემდეგ გუნდში კრიზისი დაიწყო - არაერთი ლიდერი წავიდა, ახლების დამკვიდრებას კი საკმაო დრო დასჭირდა. მეც წლები მემატებოდა, ძველებურად ვეღარ ვთამაშობდი, მაგრამ მწვრთნელების მხარდაჭერა და სიტყვები ძალას მმატებდა. თუმცა, 70-იანი წლების მიწურულს ვარჯიში სულ უფრო მიჭირდა - ცალკე კლუბი, იქით ნაკრები... თან, რაც დრო გადიოდა, ოჯახი სულ უფრო დიდ ადგილს იკავებდა ჩემს ცხოვრებაში... ეგეც არ იყოს, ზურგის ტრავმაც მტანჯავდა - ტკივილი სულ უფრო ძლიერდებოდა“.
ვაჟა კაჭარავა:
„ტოკიოს 1964 წლის ოლიმპიადისთვის საგანგებო რეჟიმში ვემზადებოდით, თითქმის 10 თვის განმავლობაში დღეში ორჯერ ვვარჯიშობდით, ყოველი 25 დღის შემდეგ კი 5 დღით გვასვენებდნენ. ნაკრებში მოხვედრა არ გამჭირვებია - მწვრთნელებმა მაგრძნობინეს, რომ ძირითად შემადგენლობაში ვიყავი. გუნდის მაშინდელმა კაპიტანმა იური ჩესნოკოვმა მწვრთნელების დანაბარები გადმომცა: არ ინერვიულოს, ჩვეულებრივად ივარჯიშოს, კონკურენცია მას არ ეხებაო... მეც ვვარჯიშობდი და მშვიდად ველოდი თამაშების დაწყებას.
იაპონიაში ჩვენი მთავარი კონკურენტები მასპინძლები, რუმინელები და ჩეხოსლოვაკიელები იყვნენ. ყველას ვაჯობეთ! ვერ ვიტყვი, რომ ლამაზი თამაში ვაჩვენეთ, ასე ნაღდად არ ყოფილა, მაგრამ მთავარს ხომ მივაღწიეთ?! ჩემპიონები გავხდით, ოლიმპიური ჩემპიონები!
ოქროს მედლებისთვის ათი ქვეყნის ნაკრები იბრძოდა. ჩვენ 3:0 მოვუგეთ რუმინელებს, ჰოლანდიელებს, სამხრეთ კორეასა და უნგრეთს, ჩეხოსლოვაკია 3:2 დავამარცხეთ, შემდეგ კი მასპინძლებთან 1:3 წავაგეთ. უკანასკნელ ორ შეხვედრაში აუცილებლად 3:0 უნდა მოგვეგო. ჯერ ბულგარელებს ვაჯობეთ, ოქროს მედლები კი ბრაზილიასთან პაექრობაში მოვიპოვეთ - 15:6, 15:5 და 15:4! მოსკოვში დაბრუნებულებს კრემლში გვიმასპინძლეს, საბჭოთა კავშირის მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარემ ნიკოლოზ კოსიგინმა კი პირადად მოგვილოცა წარმატება. იმ საღამოს მან ჩვენი გამარჯვება პარტიის „სასიკეთოდ" გამოიყენა და გაუთავებლად ილაპარაკა კაპიტალისტურთან შედარებით საბჭოთა სისტემის უპირატესობაზე.
ოლიმპიადის დღეებიდან ერთი კურიოზი მახსენდება: ძალოსნობაში ზემძიმეწონოსანი ლეონიდ ჟაბოტინსკი ოქროს მედლის მოგების შემდეგ ველოსიპედით დასეირნობდა სოფელში. ერთ დღეს თანაგუნდელი ალექსანდრ ვახონინი შეისვა კისერზე და... ველოსიპედმა ვერ გაუძლო - გატყდა. მახსოვს გაკვირვებული იაპონელები ბოდიშებს რომ იხდიდნენ: ბატონი ჟაბოტინსკის წონა ცხადია გავითვალისწინეთ, მაგრამ თუ ვინმეს კისერზე შეისვამდა, ეს აღარ გვიფიქრიაო..“.