„რადაც არ უნდა დაგვიჯდეს, საქართველოს უნდა მოველაპარაკოთ“

„რადაც არ უნდა დაგვიჯდეს, საქართველოს უნდა მოველაპარაკოთ“

„რადაც არ უნდა დაგვიჯდეს, საქართველოს უნდა მოველაპარაკოთ, რადგან ჩვენთვის მოსკოვისა და ანკარის ინტეგრირება საშიშია“, - ამის შესახებ სომხური მედია იტყობინება.

ანალიტიკოსი გრიგორი აპოიანი თვლის, რომ საუკუნეების გამოცდილებით, კავკასიურ პოკერში, როგორც წესი, „ხურდა ფულად“ ყოველთვის სომხეთი გამოდიოდა (საქართველოსა და აზერბაიჯანთან ერთად). ამიტომ სამხრეთ კავკასიის ხალხებმა მეზობელი სახელმწიფოების (თურქეთ-რუსეთის) მზაკვრულ გეგმებს ერთად უნდა გაუწიონ წინააღმდეგობა.

„რეჯეპ ერდოღანი ისევე იქცევა, როგორც მოიქცა თავის დროზე მუსტაფა ქემალი - კრემლს რომ მიმართა, მიშველე როგორმეო და უფრო ადრე ოსმალეთის სულტანი მაჰმუდ მეორე, რომელიც ნიკოლოზ პირველს ემუდარებოდა, კონსტანტინოპოლი ეგვიპტის მმართველ მუჰამედ ალის ჯარების შემოტევისაგან იხსენიო. გავიხსენოთ, რომ ორივე შემთხვევაში თურქებმა რუსეთისაგან სასურველი დახმარება მიიღეს, რითაც ისინი, ფაქტობრივად, განადგურებისაგან გადარჩნენ.

თურქები ახლაც რუსეთის იმედით არიან. ჩვენ ძალიან ხშირად ვიხსენებთ და ვამბობთ ხოლმე, თუ როგორ დაეხმარა ვლადიმერ ლენინი კოლეგა მუსტაფა ქემალს სომხეთისადმი ანგარიშის გასწორებაში, მაგრამ არასდროს არ დავფიქრებულვართ იმაზე, რომ აზერბაიჯანელებს უფრო მეტი მიზეზი აქვთ ნაწყენნი იყვნენ ანატოლიელი თანატომელების მიმართ, რომლებმაც ასე იოლად ჩაუგდეს ხელში აზერბაიჯანი ბოლშევიკებს... შეუძლია თუ არა დღეს რეჯეპ ერდოღანს ისევე გაყიდოს აზერბაიჯანელი თანამოძმეები, როგორც ეს მუსტაფა ქემალმა გააკეთა? პასუხი ერთმნიშვნელოვანია: ისე გაყიდის, თვალსაც არ დაახამხამებს.

რეჯეპი ჩააბარებს რუსეთს აზერბაიჯანს, მაგრამ როგორ განხორციელდება ეს ყველაფერი, როგორი ფორმით?! ჩვენ ხომ 21-ე საუკუნეში ვცხოვრობთ, ანექსიას ლეგიტიმაცია სჭირდება... 1920-იანი წლების დასაწყისი გავიხსენოთ: აზერბაიჯანის ხელში ჩაგდება ჯერ სომხეთის, შემდეგ კი საქართველოს ხელში ჩაგდებასაც ნიშნავს. რუსეთის არმია 1920 წლის 30 აპრილს ჯერ აზერბაიჯანში შეიჭრა, შემდეგ, ნოემბერში - სომხეთში, 1921 წლის თებერვალში კი- საქართველოში“, - ნათქვამია ანალიტიკოსის წერილში.

ამავდროუოლად, გრიგორი აპოიანი ერთადერთ გამოსავალს სომხეთ-საქართველოს შორის ძალზე მჭიდრო პოლიტიკურ და ეკონომიკურ კავშირში ხედავს, რაც მოსკოვმაც უნდა დაინახოს. თავის მხრივ, იგი თვლის, რომ თბილისმაც უნდა გააცნობიეროს, რომ ზღვისიქითა ბიძიების იმედი არ უნდა ჰქონდეს, სომხებმა კი, რადაც არ უნდა დაუჯდეთ, საქართველოსთან უნდა მოილაპარაკონ.

პოლიტოლოგი სოსო ცინცაძე For.ge-სთან საუბარში განმარტავს, რომ სომხეთი ყოველთვის ცდილობდა, ნებისმიერი პოტენციური მოკავშირე ექცია რეალურ მოკავშირედ მისთვის ორგანულად მიუღებელი ქვეყნის-თურქეთის წინააღმდეგ. ისტორიაში ყოფილა ეგზოტიკური შემთხვევები, როდესაც ცოტა ხნით რუსეთი თურქეთს დახმარების ხელს უწვდიდა, მაგრამ მალევე ნანობდა ამ დახმარებას, რადგან თურქები რუსეთს იყენებდნენ და შემდეგ ისევ უბრუნდებოდნენ ტრადიციულ დიპლომატიას. ეს კი იმას ნიშნავდა, რომ თურქების თვალში რუსეთის დახმარებაც კი, ეს იყო დანაელთა დახმარება (ანუ ბერძნების „დახმარება“, ტროას საბედისწერო ცხენი) - „გეშინოდეთ დანაელების, ძღვენი რომ მოაქვთ თქვენთვის“.

„თურქები რეალისტები არიან, მათი დიპლომატია საუკუნეებია მოდის. ის არ ჰგავს ქართულ დიპლომატიას, რომელსაც ისტორიულად არანაირი ფესვები არ აქვს, რადგან თავის მრავალსაუკუნოვან ისტორიაში საქართველოს ბედი რამდენიმე წლის განმავლობაში თუ წყდებოდა თბილისში. თურქებმა კარგად იციან, რომ მაშინაც კი, როდესაც რუსეთი თურქეთს ეხმარება, ერთი წუთითაც არ წყვეტს ხარბი თვალით ყურებას სრუტეების მიმართულებით.

მახსოვს 90-იან წლებში გორბაჩოვის უკანასკნელი მრჩეველი იყო შახნაზაროვი, წარმოშობით თბილისელი სომეხი, ბრწყინვალე ანალიტიკოსი. ქვეყანა როცა აირია და სომხურ-ქართული წინააღმდეგობები გაჩნდა, მან ბრწყინვალე წერილი დაბეჭდა, სათაურით - „ოტსელ გრაზიტ ნას ბუდუტ ტურკი“, რაც ნიშნავს, მომავალში ქართველებსა და სომხებს თურქები დაგვემუქრებიანო. ამიტომაც შახნაზაროვი თანამემამულე სომხებს მოუწოდებდა, როგორ შეიძლება საქართველოსთან ურთიერთობის გაფუჭება, რის იმედზე იქნებით ამის შემდეგო?! ეს მძლავრი მუხტია სომხეთის ინტელექტუალურ ელიტაში“, -აღნიშნა სოსო ცინცაძემ.

პოლიტოლოგი ვახტანგ ძაბირაძე მიიჩნევს, რომ გრიგორი აპოიანის მოსაზრება საინტერესოა, გამომდინარე იქიდან, რომ სომხეთი არის ის ქვეყანა, რომელიც რუსულ ორბიტაზეა მიერთებული და, რომელმაც, ფაქტობრივად, უარი თქვა დასავლურ ორიენტაციაზე. ამდენად, ასეთ ვითარებაში, როცა სომხეთში რუსეთის საკმაოდ დიდი გავლენა იგრძნობა და მთელი ეკონომიკა, სამხედრო ბაზები, სტრატეგიული დანიშნულების ყველა ობიექტი რუსეთის ხელშია, რა გარიგებაზეა ლაპარაკი, გაუგებარია.

საქართველოსა და აზერბაიჯანისგან განსხვავებით, სომხეთის ვითარება სრულიად სხვაა. ამდენად, ჯერ სომხეთმა უნდა დაასრულოს რუსეთთან პოლიტიკური ურთიერთობა და მერე ალაპარაკდეს თურქეთ-რუსეთის გარიგებაზე, რადგან ბელორუსიასა და სომხურ პოზიციებს შორის რაიმე განსხვავება არ არსებობს.

„გასულ საუკუნეში, როცა ამიერკავკასიის კონფედერაციის შექმნაზე იყო საუბარი, ერთ-ერთმა წარმომადგენელმა თქვა, რატომ არ უნდა შევქმნათ სამივე რესპუბლიკამ კონფედერაცია, მუსიკაც კი ერთნაირი გვაქვსო?! მაშინ ბუდუ მდივანმა უპასუხა, დოლ-გარმონზე შექმნილი კონფედერაცია კაი რამე იქნებაო. დღეს საფრთხეები არსებობს, მაგრამ ამ შემთხვევაში, სომხეთთან მიმართებით რუსული საფრთხე არ არის, რადგან მათი კავშირი რეალობაა. აქ შეიძლება იყოს ორი რესპუბლიკის-საქართველოსა და აზერბაიჯანის პრობლემა. შესაძლოა, თურქეთმა რუსეთთან დაახლოების გამო უარი თქვას აზერბაიჯანთან მჭიდრო თანამშრომლობაზე. თუმცა საეჭვოა, ერდოღანი ამაზე წავიდეს, რადგან მაშინ სრულიად უფუნქციოდ რჩება თურქეთი.

რაც შეეხება საქართველოს, საფრთხეები აქაც არსებობს, მაგრამ როგორ უნდა მოხვდეს საქართველო რუსეთის ხელში?! აქ რუსეთის ჯარები შემოვლენ? რუსეთი მოახდენს ჩვენი ტერიტორიის ოკუპაციას, როგორც ეს ცხინვალისა და აფხაზეთის შემთხვევაში მოხდა?! ცხადია, საფრთხეები არსებობს, მაგრამ ეს საფრთხეები არ არის რუსეთ-თურქეთის კავშირიდან გამომდინარე. რეალურად, ეს საფრთხეები მომდინარეობს რუსეთიდან და, თუ რუსეთი სამხედრო ანექსიის გადაწყვეტილებას მიიღებს, მაშინ ამას განახორციელებს კიდეც.

თუ ვინმეს ჰგონია, რომ ჩვენი სამივე რესპუბლიკის სამხედრო პოტენციალი ჯამურად რუსეთისას აღემატება, ძალიან ცდება“,-აცხადებს ვახტანგ ძაბირაძე For.ge-სთან საუბარში.