არამდგრადი ამინდები 10 აგვისტომდე შენარჩუნდება. დასავლეთ საქართველოში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით. აღმოსავლეთ საქართველოში კი წვიმა ელჭექით, სეტყვასთან ერთად. ელჭექის დროს მოსალოდნელია ჰაერის შკალური გაძლიერებაც. გარემოს ეროვნული ადმინისტრაციის ინფორმაციით ამინდის გაუარესება მოსალოდნელია საღამოსა და ღამის საათებში.
სტიქიის მეორე დღეს ბორჯომში ისევ სეტყვა მოვიდა. ამჯერად სეტყვას პრობლემები არ გამოუწვევია. ცემში მხოლოდ სეტყვა დაფიქსირდა, წაღვერში კი სეტყვა ნალექით, რასაც ნიაღვრები მოყვა.
ბორჯომში ძლიერმა სეტყვამ რეგიონში სერიოზული პრობლემები შექმნა. თითქმის განადგურდა ბორჯომის ეროვნული პარკი, საიდანაც დამსვენებლების ევაკუაცია დროულად მოხერხდა. ასევე მძიმე მდგომარეობა იყო გოგირდის აბანოებზე, სადაც რამდენიმე ათეული დამსვენებელი იმყოფებოდა. დამსვენებლებისა და ხალხის გამოყვანა პოლიციამ დროზე შეძლო. ხალხის ევაკუაცია ტურისტული ზონებიდანაც განხორციელდა. სტიქია იყო წაღვერშიც.
განსაკუთრებით რთული ვითარება იყო ბორჯომის რაიონის სოფელ სადგერში, სადაც ქარის მიერ მოგლეჯილმა ხეებმა სოფლამდე მისასვლელი გზა ჩაკეტა. სიტუაციის კონტროლის და კოორდინაციის მიზნით, პრემიერ-მინისტრის დავალებით ადგილზე მობილიზებული იქნა ყველა შესაბამისი სამსახური. სეტყვა ძლიერ ნალექთან ერთად დაახლოებით 25-30 წუთის განმავლობაში გრძელდებოდა.
ბორჯომის მუნიციპალიტეტში სტიქიური მოვლენების შედეგების ლიკვიდაციისთვის, პრემიერ-მინისტრის დავალებით, ადგილზე კოორდინირებულად მუშაობს ყველა შესაბამისი უწყება, მიმდინარეობს ზარალის ოდენობის შეფასება ყველა ლოკაციაზე. ზარალის ოდენობის შესახებ ინფორმაცია უახლოეს დღეებში გახდება ცნობილი.
სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს ხელმძღვანელის, მინდია ჯანელიძის განცხადებით, ამ დროისათვის ვითარება კონტროლს ექვემდებარება, პანიკის საფუძველი არ არსებობს, მოქალაქეთა სიცოცხლესა და ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება. სტიქიის ზონაში მცხოვრებ მოსახლეობას, ელექტროენერგიის მიწოდება, ეტაპობრივად აღუდგა. წყალი ცისტერნებით მიეწოდება იმ უბნებს, სადაც სასმელი წყლით უზრუნველყოფა დღის ბოლომდე ვერ მოხერხდება.
გარდა ამისა, ბორჯომში ამ ეტაპზე საავტომობილო გზებზე ყოველგვარი შეზღუდვა მოხსნილია. გამგებლის დიმიტრი ყიფიანის განცხადებით, ჩატარებული ინტესნიური სამუშაოების შედეგად სრულად გაიწმინდა პლატოზე არსებული საავტომობილო გზა, შესაბამისად გადაადგილება თავისუფალია სოფლების სადგერისა და ცემის მიმართულებით. ტრანსპორტი შეუფერხებლად მოძრაობს წაღვერისა და ბაკურიანის მიმართულებითაც.
„გაიხსნა ასევე ცენტრალური პარკის დასასვენებელი ზონა. დამსვენებელს მინერალური წყლით სარგებლობა თავისუფლად შეუძლიათ. ამ ეტაპზე უსაფრთხოების მიზნით, მხოლოდ პარკის გარკვეულ მონაკვეთზე მოქმედებს შეზღუდვა, რადგან ამ ტერიტორიაზე გაწმენდითი სამუშაოები კვლავ მიმდინარეობს. ბორჯომის მოსახლეობას ელექტროენერგიის მიწოდებაც სრულად აღუდგა“, - აცხადებს დიმიტრი ყიფიანი.