სოზარ სუბარი: „2009 წლის აქციების დროს, ირაკლი ოქრუაშვილი საქართველოს საზღვართან ძალიან ახლოს იმყოფებოდა“

სოზარ სუბარი: „2009 წლის აქციების დროს, ირაკლი ოქრუაშვილი საქართველოს საზღვართან ძალიან ახლოს იმყოფებოდა“

[როზი ჯღამაია]

პრესაგე.ტვ-ის მიაწოდეს ინფორმაცია, რომ ირაკლი ოქრუაშვილი უკვე თბილისშია,  ინფორმაციის უტყუარობაზე თავს ნამდვილად ვერ დავდებთ და არც იმას გამოვრიცხავთ, რომ აღნიშნული ინფორმაცია შეგნებულად ვრცელდება. ჩვენი მხრივ, შევეცადეთ, ოქრუაშვილთან დაკავშირებით ინფორმაცია „ქართული პარტიის“ თავმჯდომარესთან, სოზარ სუბართან გადაგვემოწმებინა, მაგრამ პასუხი ისევ ბუნდოვანია.

გთავაზობთ ინტერვიუს, რომელიც მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით, სოზარ სუბართან ჩავწერეთ.

„სახალხო კრებამ“ მიხეილ სააკაშვილს ვადა 24 მაისამდე მისცა, თუმცა მას შემდეგ, რაც თქვენ გამოჩნდით მიტინგზე, აღმოჩნდა, რომ კრების გეგმები შეიცვალა. ეს ნიშნავს, რომ ნინო ბურჯანაძე და „სახალხო კრება“ „ქართულმა პარტიამ“ ჩაანაცვლა?

- მე არ ვიცი, რა გეგმები ჰქონდა „სახალხო კრებას“, ვიცი, რომ მათ რამდენიმე ვარიანტი ჰქონდათ დამუშავებული, მაგრამ ჩვენ ჩავთვალეთ, რომ თუ ეს პროცესები წარუმატებელი იქნებოდა, მაშინ მისი გაცოცხლება დიდი ხნის განმავლობაში შეუძლებელი იქნებოდა. ამიტომაც, ჩავთვალეთ, რომ რახან პროცესი დაწყებული იყო, იგი ჩვენი ჩართვით უნდა გაგვეგრძელებინა და გაგვეძლიერებინა.

ანუ, ფიქრობდით, რომ პროცესი მინავლებისკენ მიდიოდა და აუცილებელი გახდა თქვენი ჩართვა?

- არის სიტუაცია, როცა უნდა გადაწყვიტო - ან-ახლა, ან-არასოდეს.

თავიდანვე ხომ ცხადი იყო, რომ ერთი და იგივე ელექტორატზე მუშაობდით, რატომ დაუპირისპირდით ერთმანეთს?

- კარგად იცით, რა პრობლემებიც იყო აქამდე, ახლა მთავარია, რას გავაკეთებთ მომავალში. 25 მაისს თუ ერთად ვიქნებით, ეს იქნება დღე, როცა გადამწყვეტი სიტყვა უნდა ვთქვათ ყველამ ერთად, რის შემდეგაც, სააკაშვილი, ან აღარ იქნება, ან - იქნება დიდი ხნის განმავლობაში.

ამისთვის თქვენი გაუჭრელი კოზირი ირაკლი ოქრუაშვილია, რომელიც ჩვენი ინფორმაციით უკვე საქართველოშია?

- თუ ყველაფერი შეთანხმებულად წავა, მაშინ ირაკლი 25 მაისს იქნება იქ, სადაც დგას ხალხი.

გეკითხებით, დღეს, 23 მაისს, ირაკლი ოქრუაშვილი საქართველოშია თუ არა?

- რა მნიშვნელობა აქვს მაგას!

სწორედაც რომ დიდი მნიშვნელობა აქვს. ამ ქვეყანაში ბუზიც კი ვერ შემოფრინდება მერაბიშვილის გარეშე, მაშინ, როდესაც ყველას და ყველაფერს უსმენენ, როგორ მოახერხა ოქრუაშვილმა ქვეყანაში ისე ჩამოსვლა, რომ ამის შესახებ მერაბიშვილმა არაფერი იცის? თუ, ყველამ ყველაფერი იცის და შემოიყვანეს ისე, როგორც თავის დროზე აქედან გაიყვენეს?

- ეგეთი ქვეყანა, სადაც ბუზი ვერ გადაკვეთდა საზღვარს, მე საბჭოთა კავშირი ვიცოდი და მაშინაც, კრემლის წინ ისე დასვა თვითმფრინავი მატიას რუსტმა, რომ ვერავინ ვერაფერი გაიგო. ასე რომ, შეუძლებელი არაფერია. ერთი კი ვიცი, რომ ხელისუფლებაში სერიოზული პანიკაა - რაჭაში, საჩხერის რაიონში, შიდა ქართლში ამაგრებენ საზღვრებს, ქვიშის ტომრებისგან კედლებს აშენებენ, მაგრამ ერთი ადამიანის შემოსვლას ამდენი კედელი რად უნდა, არ ვიცი.

„ქართული პარტიის“ შექმნის დღიდანვე მუსირებდა აზრი, რომ თქვენ ზურგს რუსეთი გიმაგრებთ, რუსულ საფრთხეს ხომ არ ხედავს ხელისუფლება და ამიტომ ხომ არ არის ეს სამზადისი?

- შიშს დიდი თვალები აქვს და ეს კარგია. თუ ეშინიათ, ეს ცუდი არ არის. რაც შეეხება კითხვას, საიდან შეიძლება საქართველოს ტერიტორიაზე შემოსვლა, გარწმუნებთ, ასეთი ბევრი ადგილია. 2009 წელს, როცა თბილისში აქციები მიმდინარეობდა, ირაკლი ოქრუაშვილი საქართველოს საზღვართან ძალიან ახლოს იმყოფებოდა და მზად იყო საქართველოში შემოსასვლელად, და, სხვათა შორის, არა ჩრდილოეთის მხრიდან. იგი ელოდებოდა აქციების ორგანიზატორების გადაწყვეტილებას, რომ საზღვარი გადმოელახა, მაგრამ მაშინ გადაწყვეტილება მიიღეს, რომ მისი შემოსვლა არ იქნებოდა კარგი და ირაკლიც არ შემოვიდა.

იმის ილუზია, ალბათ, არც თქვენ გაქვთ, რომ ოქრუაშვილს მიტინგთან მიახლოების საშუალებას მისცემენ. ეროსი კიწმარიშვილმა თქვა, რომ ოქრუაშვილი საკუთარი სიცოცხლის ფასად შეებრძოლება ხელისუფლებას. ანუ, ეს იქნება მისი მხრიდან ვა-ბანკზე წასვლა, რაც ახლა ყველაზე მეტად გჭირდებათ, რადგან სხვაგვარად, საზოგადოება ქუჩაში არ გამოვიდა. აქედან გამომდინარე, მაინც რაზე ხართ წამსვლელები?

- ირაკლი ოქრუაშვილი ერთადერთი კოზირი არ არის, მაგრამ, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანი ფაქტორია. ამ აქციების წარუმატებლობის შემთხვევაში, შესაძლოა, ვიღაცას ემუქრებოდეს პოლიტიკური საქმიანობიდან ჩამოშორება, ციხე, მაგრამ ირაკლი ოქრუაშვილს ეს არ ელოდება - ირაკლი თუ შემოვა, ან უნდა გაიმარჯვოს, ან მას მოკლავენ. შუალედი აქ არ არსებობს, შესაბამისად, თუ ის საქართველოში შემოვა, ამით მთლიანად იჭრის უკანდასახევ გზას, ის მეორედ ვეღარავის მოსთხოვს პოლიტიკურ თავშესაფარს.

ოქრუაშვილის ასეთი თავგანწირვა არის თუ არა მიხეილ სააკაშვილზე შურისძიება იმის გამო, რაც მას ციხეში მოუწყვეს. ვგულისხმობ ე.წ. აღიარებას, რომელსაც იგი შესაძლოა, დღემდე ვერ პატიობს საკუთარ თავსაც კი?

- შურისძიება რა შუაშია, მას შეეძლო ყოფილიყო ერთ-ერთი წარმატებული ადამიანი მმართველ ელიტაში, მაგრამ მან დატოვა თანამდებობა და დაუპირისპირდა სწორედ ამ ელიტას.

გადაგდა, რადგან „ჩამოალაბორანტეს“...

- ეს არ მოხდებოდა, მას რომ ეთამაშა იმ თამაშის წესებით, რასაც სთავაზობდნენ. ეს დაპირისპირება რომ არა, ირაკლი ქვეყანაში გავლენით ისევ პირველ სამეულში იქნებოდა. იგი დღეს ამბობს, რომ სააკაშვილის შემდეგ, არ აპირებს ქვეყანაში ჰქონდეს წამყვანი პოსტი - ვთქვათ პრეზიდენტის,  პრემიერის ან პარლამენტის თავმჯდომარის რანგში.

რამდენად გაქვთ გააზრებული, რომ თუ ეს მუხტი ჩაქრება, თქვენ ყველას, სამუდამოდ თუ არა, დიდი ხნით მოგიწევთ პოლიტიკასთან განშორება?

- რა თქმა უნდა, ეს საფრთხე არსებობს. გააჩნია, როგორ განვითარდება პროცესი.

როგორ წარმოგიდგენიათ 25 მაისი, ოქრუაშვილი მიადგება ავლაბრის რეზიდენციას და სააკაშვილს, რომელიც დღეს საქართველოშიც კი არ იმყოფება, გამოაძევებს იქედან?

- დაველოდოთ 25 მაისს.

ლევან გაჩეჩილაძის და ნინო ბურჯანაძის საჯარო შერიგებაზე მინდა გკითხოთ, როგორ ფიქრობთ, რამდენად გულწრფელად აღიქვა საზოგადოებამ ეს შირიგება და რამდენხანს გასტანს იგი?

- ის პიროვნული დაპირისპირება, რაც აქამდე გრძელდებოდა, ძალიან ცუდი იყო პოლიტიკური პროცესისთვის, მაგრამ ახლა ყველამ ქვეყანაზე უნდა ვიფიქროთ და პიროვნული დაპირისპირებები განზე უნდა გადაიდოს.

ეს არც ისე მარტივია, ბურჯანაძემ გაჩეჩილაძეს მძიმე ბრალი წაუყენა და ეს ქვეყნის ღალატის ტოლფასი იყო. სხვათა შორის, 2009 წლის აქციებმა გადაწყვიტა დღევანდელი აქციების ბედი და როგორც თქვენ ამბობთ, ეს ბრალდებები სულაც არ იყო გაჩეჩილაძის და ბურჯანაძის პირადი საქმე...

-ვფიქრობ, რომ ქვეყნის მომავლისთვის ბევრი რამის დავიწყება არის შესაძლებელი.

ჯარი, პოლიცია და იარაღი სააკაშვილის ხელთაა, თქვენ როგორ აპირებთ ამ რეჟიმს შიშველი ხელებით დაუპირისპირდეთ?

-ეგვიპტის არმია სიძლიერის მიხედვით მსოფლიო ხუთეულში შედის, მაგრამ მუბარაქი დღეს საკანში ზის.