გავლენიანი ბრიტანული გამოცემა The Telegraph-ი კიბოს მკურნალობის ახალ მეთოდზე - იმუნოთერაპიაზე წერს. გამოცემის ინფორმაციით, რამოდენიმე დღის წინ, აშშ-ს კლინიკური ონკოლოგიის საზოგადოების ყოველწლიურმა კონფერენციამ, რომელიც ჩიკაგოში ჩატარდა, გამოაქვეყნა იმუნოთერაპიის კლინიკური გამოცდის შედეგები. როგორც გამოცემასთან საუბარში ექიმები აცხადებენ, ეს შესაძლოა ქიმიოთერაპიის შემდეგ, ყველაზე დიდი გარღვევა იყოს კიბოსთან ბრძოლაში.
The Telegraph-ის ინფორმაციით, ანგარიშის მიხედვით, რომელიც კონფერენციაზე გამოქვეყნდა, ახალმა წამალმა არაერთი სახეობის კიბოს წინააღმდეგ შესანიშნავი შედეგები აჩვენა. ექსპერტების განცხადებით, ის ძალიან ეფექტურია ისეთი ხშირი და მომაკვდინებელი კიბოების წინააღმდეგ, როგორიცაა ფილტვის, ნაწლავის, საკვერცხის და საშვილოსნოს კიბოები. არის პერსპექტივა, რომ ეს დაავადებები უახლოეს მომავალში განიკურნოს.
როგორც გამოცემის სამედიცინო განყოფილების რედაქტორი წერს, იმუნოთერაპიის შედეგები იმდენად კარგია, რომ მხოლოდ გაერთიანებულ სამეფოში მას ათიათასობით ადამიანის გადარჩენა შეუძლია.
გამოცემა იელის უნივერსიტეტის კიბოს ცენტრის ონკოლოგიის უფროსს პროფესორ როი ჰერბსტს ესაუბრა.
„ეს დიდი ამბავია, ჩვენს თვალწინ იცვლება ონკოლოგია. ვხედავ, რომ თითქმის ყველა კიბოზე აქვს იმუნოთერაპიას შედეგები. ნამდვილად არსებობს გრძელვადიანი მკურნალობის და განკურნების პოტენციალი“, - აცხადებს პროფესორი.
გაცილებით უფრო ოპტიმისტურად არის განწყობილი ბრიტანეთის კიბოს კვლევის სამედიცინო ონკოლოგიის პროფესორი პიტერ ჯონსონი.
„რასაც კლინიკური გამოცდებიდან ვხედავთ, არის ახალი ერა კიბოს მკურნალობაში. როგორც ჩანს ყველაზე გავრცელებული კიბოების მკურნალობა შესაძლებელი ხდება იმუნოთერაპიით. ჯამში, ფილტვის, თირკმლის, შარდის ბუშტის, თავის, კისრის კიბოები, მელანომასთან ერთად, ბრიტანეთში 50 ათასი ადამიანის სიცოცხლეს იწირავს, ანუ, კიბოსთან დაკავშირებული სიკვდილის მესამედი მათზე მოდის“, - განაცხადა ჯონსტონმა.
გამოცემა ბირტანეთში ჩატარებულ კვლევაზეც წერს, რომლის მიხედვითაც, იმუნოთერაპიაგავლილი პაციენტების 58 პროცენტში, რომლებსაც უკვე პროგრესიბული კანის კიბო აქვთ, ადგილი ჰქონდა კიბოს მნიშნველოვან შემცირებას. ხოლო 10-დან ერთს წამლების - „ნივოლუმაბის“ და „იპილიმუმაბის“ დახმარებით, საერთოდ გაუქრათ კიბო.
სტანდარტული მკურნალობის შემთხვევაში, ამ პაციენტების სიცოცხლის ხანგრძლივობა 9 თვეზე მეტს ვერ გასტანდა. ასევე, უკვე ორი წელია მიმდინარეობს კვლევა, რომელშიც 950 პაციენტი მონაწილეობს. მკვლევარებს ჯერ შედეგები არ გამოუქვეყნებიათ, თუმცა, იმედი აქვთ, რომ პაციენტების ნახევარი სრულად განიკურნება კიბოსგან.
„კიბო ჩნდება იმიტომ, რომ ახერხებენ იმუნური სისტემისგან დამალვას. იმუნოთერაპია ცდილობს, რომ სხეულის იმუნურ სისტემას შეატყობინოს საფრთხის შესახებ“, - განაცხადა პროფესორმა ჯონსონმა. მისივე თქმით, კლინიკური გამოცდები 10 წლის წინ დაიწყო და მასში მონაწილე პაციანტები თითქმის მთლიანად განიკურნენ კიბოსგან.