ამერიკელი მსახიობი რობერტ დე ნირო კანის კინოფესტივალის საპატიო ჟიურის თავმჯდომარეა. რასაკვირველია დე ნიროს დაძაბული სამუშაო გრაფიკი გააჩნია და ჟურნალისტებთან საუბრისათვის ვერ იცლის. რამდენიმე დღის წინ ერთ ჩვენს ფრანგ კოლეგას გაუმართლა და სახელოვან ამერიკელს მცირე ინტერვიუ ჩამოართვა. ადგილობრივი მას-მედიის წარმომადგენელი “ყვითელ” პრესას წარმოადგენდა და რასაკვირველია მსახიობს კითხვები მისი პირადი ცხოვრების შესახებ დაუსვა.
საუბრის დროს რობერტ დე ნირომ დაიჩივლა, რომ ძალიან უჭირს საკუთარ შვილებთან ურთიერთობა. (მსახიობი ხუთი შვილის მამაა)
დე ნიროს განსაკუთრებით მაინც ვაჟიშვილებთან კონტაქტი უძნელდება. მართალია მათ სასარგებლო რჩევა-დარიგებებს ხშირად აძლევს, მაგრამ ბიჭები მაინც ისე იქცევიან, თითქოს სრულიად იგნორირებენ მამის მდიდარ ცხოვრებისეულ გამოცდილებას.
საკუთარ შვილებთან ურთიერთობის პრაქტიკამ მისტერ რობერტი გარკვეულ გამოცდილებამდე მიიყვანა. მისი აზრით, მშობელს უნდა შეეძლოს შვილებთან ნორმალური ურთიერთობა. არ უნდა უკითხოს მომაბეზრებელი ლექციები. უნდა შეეძლოს შეაგნებინოს მათ ის ფასეულობები რაც ამ ცხოვრებაში ყველაზე მნიშვნელოვანია.