დღე პირველი, დღე უკანასკნელი?

დღე პირველი, დღე უკანასკნელი?

სახალხო კრებამ კიდევ ერთხელ გაასეირნა ხალხი რუსთაველის გამზირზე. მიტინგზე გასულმა საზოგადოების ნაწილმა, რომელმაც უკეთესი არჩევანი ვერ მოძებნა, ისევ ამავე ოპოზიციონრებზე დაიმედება ამჯობინა, რომლებმაც მოსეს მსგავსად, ლამის 40 წლის მანძილზე პოლიტიკური უდაბნო შემოატარეს და აღთქმული გამარჯვება ვერა და ვერ მოუტანეს ხალხს. 

საქართველოში ლიბიის მოდელის გადმოღება რომ არ გამოვიდოდა, ამას არანაირი ექსპერტობა არ სჭირდებოდა. მით უფრო, ეს თავად ოპოზიციის ლიდერებს კარგად უნდა სცოდნოდათ, რომლებიც არც მალავდნენ, რომ ხალხი დატერორებულია და პროტესტის გამოხატვა იოლი არაა.

ასიათასობით თავზეხელაღებული გმირის მოძებნა კი არც ისე იოლია. ამიტომაც თავისუფლების მოედანზე თუ ტელევიზიის წინ ამაოდ ისმოდა მოწოდება - „გამოდით, ვაჟკაცობა არაა, მოვლენების განვითარებას სახლიდან ადევნოთ თვალი“. 

ნინო ბურჯანაძე „კონსტრუქციულად“ მოუწოდებდა ხალხს მიტინგზე გასვლისკენ და საკუთარ წარმატებაში არწმუნებდა. ერთი კია, იმთავითვე საეჭვო იყო 21 მაისის დათქმა - მალე ზაფხული მოვა და, ქართული გამოცდილებიდან გამომდინარე, საზოგადოებას თაკარა მზეში დგომისა და ცოტნე დადიანის გმირობის გამეორების არანაირი სურვილი არ ექნება.

თუმცა, საზოგადოებაზე რა უნდა ვთქვათ, როცა გასული წლების აქციებისას თავად ოპოზიციის ლიდერები ასწრებდნენ ერთმანეთს დასასვენებად გაქცევას.

„სახალხო კრებამ“ ეულად მოთამაშის როლი არჩია და მასთან შეერთების მოსურნე „ქართული პარტიის“ მოწოდებაც არ მიიღო. არც სხვა ცნობილი ოპოზიციონრები გამოჩენილან მათ გვერდით.  

სახლში დარჩენილი მოსახლეობის ნაწილის ნიჰილიზმს კი, არა მხოლოდ არაერთგზისი ამბოხების წარუმატებლად დასრულება ამძაფრებდა, არამედ ბურჯანაძის მიერ ჯერ კიდევ 2010 წლის 25 ნოემბრისთვის დაანონსებული გამარჯვების მარცხიც, რაც მოგვიანებით იმით დასრულდა, რომ პირველი სკოლის წინ ბურჯანაძე „ჯიპში“ ჩაჯდა და გაუჩინარდა. ხალხი კი იქ დარჩენილ ეულად დარჩენილ ლიდერებს, მათ შორის, ეკა ბესელიას, თხოვდა, არ დაშლილიყვნენ და ხელისუფლების დასამხობად ემოქმედათ.

მოგვიანებით „დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერი თავს იმართლებდა, რუსთაველის გამზირზე სახალხო წარმომადგენლობით კრებას ვატარებდი და არა რევოლუციასო, თუმცა ყველას ახსოვდა 25 ნოემბრამდე გაკეთებული განცხადებები, რომ სწორედ 25 ნოემბერს შეიკრიბებოდა „ქრისტეს მხედრობა“ საქართველოს გადასარჩენად, რომ 25 ნოემბერი იქნებოდა ბრძოლის პროცესის დასაწყისი.

თავად ბურჯანაძემ კი მაშინ აღნიშნა, რომ 25 ნოემბერს პარლამენტის წინ მისულ ძალას ხალხისთვის არ უნდა ემტყუნა. წინააღმდეგ შემთხვევაში, ხალხი ამ ძალას სააკაშვილსვე მიაყოლებდა. 

21 მაისს მიტინგი ორი საათის დაგვიანებით, არაორგანიზებულად დაიწყო. ჯერ იყო და, ოპოზიციონერთა ე.წ. სცენამ – უზარმაზარმა მანქანამ დაიგვიანა, რომელიც თურმე ქართველ პოლიციელებს დაეყოვნებინათ. შემდეგ, ვერაფრით გადაწყვიტეს, სად უნდა დაეყენებინათ ეს მანქანა. ხან ერთ მხარეს მიაბრუნებდნენ, ხანაც – მეორე მხარეს. ჟურნალისტები მანქანის დევნით და შესაფერისი ადგილის დაკავებით იყვნენ გართულნი. ბოლოს ისევ წამიერად გამოჩენილმა ნინო ბურჯანაძის ვაჟმა – ანზორ ბიწაძემ გატეხა ნავსი და მისი გადაწყვეტილებით, მანქანა საკრებულოსთან შეაჩერეს, მასზე დამონტაჟებულ სცენაზე კი ლიდერები მოკალათდნენ.

სახალხო კრების ლიდერები აქციის დაწყებისთანავე პირდებოდნენ საზოგადოებას, რომ სამოქმედო გეგმას აქციის ბოლოს გაამხელდნენ. ამ გეგმის პირველი ნაწილი საზოგადოებრივ მაუწყებელთან გადანაცვლება აღმოჩნდა.

პრესაგე.ტვ. მიტინგის დაწყებამდე ნინო ბურჯანაძეს გაესაუბრა. ბურჯანაძის თქმით, ასობით ადამიანია დაპატიმრებული და მათი ოჯახის წევრები ეძებენ ახლობლებს. ამის მიუხედავად, ისინი მაინც აპირებენ აქციაზე გასვლას.

„ხალხის უდიდესი ნაწილი უბრალოდ ფეხით მოდის, რადგან ადამიანებს მანქანიდან აგდებდნენ, მანქანებს ართმევდნენ, როგორც ბანდიტები, ისე მოქმდებდნენ პოლიციელები. თბილისის ერთ-ერთ მეტროპოლიტენთან ფეხმძიმე ქალბატონი სცემეს, რომელიც თავისი ქმრის დაცვას აპირებდა. მისი მეუღლე ჩვენი ახალგაზრდული მოძრაობის აქტივისტია, რომელიც ახლა საავადმყოფოში გადატეხილი ფეხით წევს. აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, რომ წარმატებას მივაღწევთ. ახლა საზოგადოების შემომატებას ველოდებით,“ – აღნიშნა ბურჯანაძემ.

ჩვენ ასევე, გავესაუბრეთ ნონა გაფრინდაშვილს. გაფრინდაშვილმა ჟურნალისტური ეთიკის შესახებ ისაუბრა.

„რეალ-ტივი“ არის თავისი ქვეყნის მტერი ტელევიზია. იმ ჟურნალისტებს კი, რომლებიც ასეთ სიტუაციაში თავიანთ ხალხს ემსახურებიან, ისტორია და ხალხი დააფასებს. იქაც ყველა ჟურნალისტს კი არ ვადანაშაულებ, უბრალოდ, იმ ჟურნალისტებს, ხელისუფლების გვერდში რომ დგანან და მათ იყენებენ. მერე ამოჭრიან ჩვენს ჩანაწერებს და რასაც უნდათ, იმას გაუშვებენ ტელეეთერით“, – აღნიშნა გაფრინდაშვილმა.

მისი თქმით, „გადაჭედილია თავისუფლების მოედანი. წუხელ კი მთელი ღამე საქართველოს მასშტაბით მიდიოდა ტერორი, მანქანების წართმევა, ხალხის გატაცება, დაპატიმრება. იცით, ჩვენი მანქანა, სადაც სცენა უნდა მოეწყოს, რატომ აგვიანებს? რომ არ ემოძრავა, სილა ჩაუყრიათ მანქანაში. ყველა წინააღმდეგობის მიუხედავად, მოქმედებები შემდგომაც გაგრძელდება“.

როგორც გოგი ქავთარაძემ „პრესაგე. ტვ“-სთან საუბარში აღნიშნა, რომ „წვიმამ ცოტათი ხელი შეუშალათ, მაგრამ მაინც უშიშრად მივიდა ხალხი. აქცია გაგრძელდება და ხალხი არ დაიშლება“.

მსახიობ სოსო ჯაჭვლიანის თქმით კი, მათ ხალხის იმედი აქვთ: „ხალხი ემატება და ძალიან კარგი სიზმრები გვაქვს. აქციები იმდენ ხანს გაგრძელდება, რამდენიც საჭირო იქნება, რათა მშვიდობიანად წავიდეს ეს მთავრობა“.

ამასთან, ჯაჭვლიანი არ აკონკრეტებს, გაიშლება თუ არა კარვები და აცხადებს, რომ ყველაფერი მოვლენების განვითარებაზე იქნება დამოკიდებული.

საპროტესტო აქციას შეფიცულთა ლიდერი გია ბურჯანაძე წარმართავდა, რომელმაც აღნიშნა, რომ ჩვენს წინაპრებს უარესიც გადაუტანიათ.
„ბევრი მოსაცდელი დრო არ გვაქვს. 2012-13 წლამდე ვერ მოვიცდით. მთელი ერი დიდ ცოდვაში ვართ, გაჭირვების გამო ყოველდღიურად 5-6 ადამიანი იკლავს თავს. ჯარი და პოლიცია თავიდან ასაშენებელია. ეს მოხდება მაშინ, როცა კრიმინალი ხელისუფლება დატოვებს საქართველოს“, – აღნიშნა „შეფიცულთა რაზმის“ მეთაურმა.

"ამ აქციებითა და ერთად დგომით ჩვენ უნდა გავაძევოთ დაბეზღება, მოსმენა, თვალთვალი, რომელსაც ეს რეჟიმი ახორციელებს. ასევე უნდა დამთავრდეს ქვეყნის ანექსია და ჩვენი ერი უნდა დადგეს იმ ერთა შორის, რომელთაც ღირსება აქვთ შერჩენილი. მოვუწოდებ მთელს საქართველოს, გამოვიდნენ და დადგნენ იმ ხალხის გვერდით, რომელიც დღეს აქაა შეკრებილი და იბრძვის დიქტატორული რეჟიმის წინააღმდეგ", - განაცხადა გია ბურჯანაძემ. 

ამასთან, გია ბურჯანაძემ საერთაშორისო თანამეგობრობისადმი მიმართვა წაიკითხა. მისი თქმით, სააკაშვილის ხელისუფლებაში ყოფნის ყოველი დღე ეროვნულ ინტერესს და რეგიონალურ სტაბილურობას საფრთხეს უქმნის, ქვეყანაში არ არსებობს დემოკრატია. დაკარგულია ტერიტორიების 20%, არის საფრთხე, ქვეყანა კვლავ ჩაერთოს პროვოკაციაში. საერთაშორისო არენაზე გაკეთებული დანაპირების მიუხედავად, ქვეყანაში დემოკრატია გაუარესდა. ამიტომ ხალხს დარჩა უფლება, განახორციელოს სამართლიანობა.

"საერთაშორისო თანამეგობრობამ არ უნდა დახუჭოს თვალი იმაზე, რომ სააკაშვილმა შექმნა ყალბი და ფასადური დემოკრატია. ამიტომ ჩვენ დღეს შევიკრიბეთ და გადავწყვიტეთ, რომ კონსტიტუციის მე-5 მუხლის თანახმად, ხალხმა ძალაუფლება განახორციელოს პირდაპირი ფორმით", - ნათქვამია მიმართვაში, რომელიც გია ბურჯანაძემ წაიკითხა.

მიტინგზე სიტყვით გამოსულმა ნონა გაფრინდაშვილმა აღნიშნა, რომ ქვეყანას მომავლის პერსპექტივა არ აქვს.

„ავტორიტარული ხელისუფლებისთვის არანაირ ღირებულებას არ წარმოვადგენთ. სახალხო კრებას გათვალისწინებული აქვს ყველა ის სცენარი, რომლითაც მოქმედება შეიძლება განვითარდეს. გადამწყვეტ ბრძოლას ვიწყებთ ამ რეჟიმისგან გასათავისუფლებლად“.

რეზო ესაძემ ქართველ ერს მიმართა და აღნიშნა, რომ გარკვეული პირები ქართული გენის წაშლას ცდილობენ.

„ცდილობენ, ქართული გენი რაღაც დეკორაციებს ამოაფარონ. ის მშენებლობა, დეკორაცია გაკეთებულია იმისთვის, რომ ქართულ გენზე ისეთი ზემოქმედება მოახდინონ, რამდენიმე წელიწადში ქართველი ქართველს ვეღარ შეხედავს.

ნინო ბურჯანაძემ კი აღნიშნა, რომ ვაჟკაცური საქციელი არაა, სხვას შეუძახო: მიდით და ჩვენ მოვდვართო. „თუ ბრძოლა გინდათ, გამოდით, ჩვენ მივდივართ ამ ბრძოლაში. ქუდზე კაცი მოვიდეს აქ! აქ წყდება საქართველოს თავისუფლების ბედი. საქართველოს მოსახლეობა სინდისმა უნდა შეაწუხოს და დადგეს იქ, სადაც საქართველოს ბედი წყდება. თუ საჭიროა, დღეს მოვკვდე ჩემი სამშობლოსთვის, ოღონდ ამ ქვეყანაში იცხოვრებოდეს“, – აღნიშნა ბურჯანაძემ. 

ბუტა რობაქიძის დედამ – ია მეტრეველმა პოლიციელების დედებს მიმართა და მათ მოუწოდა, არ მისცენ ხელისუფლებას უფლება, საკუთარი შვილები მკვლელებად აქციონ.

"მირჩევნია ვიყო მოკლული შვილის დედა, ვიდრე მკვლელის დედა. შეაჩერეთ თქვენი შვილები და ნუ აქცევთ მათ მკვლელებად", - განაცხადა ია მეტრეველმა.

მოგვიანებით, ლიდერების მოწოდებით, ხალხმა ტელევიზიისკენ გადაინაცვლა, სადაც ბურჯანაძის მახვილ თვალს ჩასაფრებული „სნაიპერები“ არ გამორჩენია.

ისტორია კვლავაც განმეორდა. ეს გზა მომიტინგეებისთვის ახალი არაა, ასევე მოხდა 2009 წელს, როცა ოპოზიციის ლიდერებმა ლევან გაჩეჩილაძის ხელმძღვანელობით, საზოგადოებრივი ტელევიზიისკენ გადაინაცვლეს და სააკაშვილის გადადგომის ნაცვლად, ტელევიზიის მაშინდელი შეფის ლევან ყუბანეიშვილისგან რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციების გაშუქება მოითხოვეს. მაშინ ბევრი აცხადებდა, რომ სააკაშვილის გადადგომის მოწოდებას ასეთი უბრალო მოთხოვნა არ უნდა ჩანაცვლებოდა.

21 მაისს თბილისსა და ბათუმში გამართული საპროტესტო აქციები ერთნაირი სცენარით მიმდინარეობდა. ორივე შემთხვევაში, მომიტინგეებმა მთავარი მოედნიდან ტელევიზიისკენ გადანაცვლება არჩიეს.

როგორც დღის ბოლოს აქციის ორგანიზატორები აცხადებდნენ, მათი გეგმის შესრულებას ნაწილობრივ ხელი იმანაც შეუშალა, რომ მიტინგის მსვლელობისას მათი არაერთი აქტივისტი დააკავეს, საზოგადოების ნაწილმა კი კვლავ სახლში დარჩენა ამჯობინა.

ვისთვის მოლოდინით აღსავსე, ვისთვის კი მერამდენედ იმედისგამაცრუებელმა 21 მაისმა პრეზიდენტ სააკაშვილის საქართველოში არყოფნაში ჩაიარა. სააკაშვილმა უნგრეთში ოფიციალური ვიზიტით გამგზავრება არჩია პოლიტიკურად ცხელი დღის ყურებას.