რეგიონებში ოპოზიციის დევნა დაიწყო

რეგიონებში ოპოზიციის დევნა დაიწყო

ოპოზიცია რეგიონებში მათ მომხრეებზე დაწყებულ ღია ზეწოლაზე საუბრობს. ეს ბათუმში, თერჯოლაში, ოზურგეთში და სხვა ადგილებში ხდება. რეგიონებში თანაპარტიელების დევნაზე საუბრობენ "ქართული პარტიაშიც". ხელისუფლების წარმომადგენლებს კი „ოპოზიციის აქტივობები არ აინტერესებთ“.  

საზოგადოებრივი მოძრაობა "ემსახურე საქართველოს" ლიდერი მურმან დუმბაძის ცნობით, ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს, რათა მოქალაქეებმა ბათუმში დღეს დაგეგმილ აქციაზე დასწრება ვერ შეძლონ.

როგორც მურმან დუმბაძემ "ინტერპრესნიუსს" განუცხადა, ოფისში შედის ბევრი ზარი იმასთან დაკავშირებით, რომ სამარშრუტო ტაქსების მძღოლებს, რომლებიც აპირებდნენ გურიის რაიონებიდან მოსახლეობის ბათუმში ჩამოყვანას, ჩამოართვეს ან სამარშრუტო ტაქსები, ან მართვის მოწმობები:

"მიუხედავად იმისა, რომ მთავრობა ცდილობს ხელი შეუშალოს მოსახლეობას გადაადგილებაში, ბევრი უკვე გურიის რაიონებიდან ჩამოსულია. რადგან ხელისუფლება ასე მოქმედებს, ნიშნავს, რომ მათ ეშინიათ".

ბათუმში აქცია 15:00 საათზე გაიმართება.

„სახალხო კრების" ინფორმაციით, თერჯოლის ტრასაზე პოლიციამ თბილისში მომავალი ორი მიკროავტობუსი გააჩერა და მგზავრები ჩამოყარა.

„ხელისუფლება აგონიურ მოქმედებებს აგრძელებს. თბილისში მომავალი ორი მიკროავტობუსი თერჯოლის ტრასაზე გააჩერა პოლიციამ, ჩამოყარა მგზავრები და ტრასაზე დატოვა. სპეცნაზის თანამშრომლებმა მძღოლი ზურაბ აბულაძე სცემეს და შემდეგ დააკავეს", - ნათქვამია კრების განცხადებაში.

ამასთან, მათივე ინფორმაციით, ხობში დაკავებულია გოჩა ცხადაია, წყნეთში - ოთარ ანგურიძე, გლდანში - დიტო ორმოცაძე, ისანში - ზვიად ბერაძე, გორში მიშა გოგიჩაიშვილი. დაკავებულია კიდევ ერთი აქტივისტი გიორგი ყაველაშვილი.
გარდა ამისა, კრების ცნობით, თბილისისკენ მარნეულიდან მომავალ ხალხს პოლიციამ ავტომანაქანაც ჩამოართვა.

„ერთი საათის წინ, ბათუმიდან ჩოხატაურის მიმართულებით მოძრავი ავტობუსის მძღოლი პოლიციის თანამშრომლებმა ოზურგეთში, აღმაშენებლის ქუჩაზე დააკავეს , – ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" "სახალხო კრების" ოზურგეთის კომიტეტის ხელმძღვანელმა თამარ ნადირიძემ განუცხადა.

ავტობუსის მძღოლს, ჩოხატაურიდან მათი მხარდამჭერების ტრანსპორტირება უნდა მოეხდინა. დაკავებული მძღოლი ოზურგეთის რაიონული პოლიციის მთავარ სამმართველოშია გადაყვანილი.

ოპოზიციის ინფორმაციით, ის საგზაო მოძრაობის წესები დარღვევისთვის დააკავეს. ჩამორთმეული ავტობუსის ადგილსამყოფელის შესახებ ინფორმაციას არ ფლობენ "სახალხო კრების" ოფისში.

ოპოზიციის მტკიცებით, მათი მხარდამჭერები უშიშროებაში დაიბარეს, ჯერ გააფრთხილეს, შემდეგ კი უთხრეს, აქციაში მონაწილეობა არ მიიღონ, წინააღმდეგ შემთხვევაში პრობლემების შექმნით დაემუქრნენ.

ასევე, ოზურგეთის ე.წ. ტაქსოპარკის ხელმძღვანელმა მოიწვია საგანგებო თათბირი, სადაც გააფრთხილეს და აუკრძალეს თითოეულ მძღოლს 21 მაისის აქციაზე მგზავრების გადაყვანა. ანალოგიურ მდგომარეობაში აღმოჩნდნენ მიკროავტობუსუსის მძღოლებიც.

"ოზურგეთში, დამატებით ჩამოყვანილი არიან ქუთაისის უშიშროების სამსახურის თანამშრომლები, რომლებიც უთვალთვალებენ "სახალხო კრების" ოფისში შემსვლელ და გამომსვლელ პირებს. ასევე, ოზურგეთის ქუჩებში შეინიშნება სპეცტექნიკა და უჩვეულოდ ბევრი პოლიციის მანქანები", – უთხრა "ინტერპრესნიუსს" თამარ ნადირიძემ.

მისი თქმით, "სახალხო კრების" თითოეულ აქტივისტს საპატრულო პოლიციის თანამშრომლები ორი დღეა, ფეხდაფეხ დაჰყვებიან.

რეგიონებში თანაპარტიელების დევნაზე საუბრობენ "ქართული პარტიაშიც". პარტიის თავმჯდომარის სოზარ სუბარის განცხადებით, შიდა ქართლის ადმინისტრაციაში, თათბირზე დაიგეგმა აქტიური პარტიების წარმომადგენლების დაკავება და ამ გეგმის ფარგლებში, წუხელ 02:00 საათზე, "ქართული პარტიის" გორის ორგანიზაციის ხელმძღვანელი კახა ერისთავი დააკავეს.

სოზარ სუბარმა პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ კახა ერისთავი დააკავეს ნარკოტიკებთან დაკავშირებით. მისი თქმით, თათბირი, სადაც ოპოზიციური პარტიების აქტივისტების დაკავება გადაწყდა, ესწრებოდნენ შიდა ქართლის ადმინისტრაციის ხელმძღვანელობა, პოლიციის თანამშრომლები, ასევე კრიმინალური ავტორიტეტები.

ასევე, მისი თქმით, სამართალდამცავებმა ნახევარი საათის წინ ჭიათურაში დააკავეს სასულიერო პირი, მამა ლაზარე, რომელიც "ქართული პარტიის" ღონისძიებებზე ორჯერ იმყოფებოდა და დალოცა პარტიის წარმომადგენლები.
სუბარის ინფორმაციით, მამა ლაზარე დღეს წირვაზე მიდიოდა, რა დროსაც სამართალდამცავებმა ჭიათურაში დააკავეს და სპეცოპერაციაში პოლიციის მაღალჩინოსნებიც მონაწილეობენ.

მისი თქმით, მამა ლაზარე დაკავებულია პოლიციისადმი დაუმორჩილებლობის ბრალდებით. აღნიშნულ სპეცოპერაციაში მონაწილეობდა ადგილობრივი საპატრულო პოლიციის უფროსი მალხაზ ჩუბინიძე.

ქვეყნის მასშტაბით მიმდინარე პრიცესებზე კომენტარს აკეთებენ ხელისუფლების წარმომადგენლებიც. თავდაცვისა და უშიშროების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე გივი თარგამაძეს ოპოზიციის აქტივობები არ აინტერესებს და არც რუსეთის ინტერვენციას ელოდება.

როგორც თარგამაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, ხელისუფლება საქმით არის დაკავებული და ოპოზიციის ნაწილის აქტივობა არ აწუხებს. მისი თქმით, თუ აქციებისას ოპოზიცია კანონის ფარგლებში იმოქმედებს, "შეუძლიათ დაიწყონ და რამდენი ხანიც უნდა იყვნენ". იმ შემთხვევაში კი, თუ ოპოზიციის მხრიდან კანონდარღვევის ფაქტებს ექნება ადგილი, მათი აღმოფხვრა წყნარად და მშვიდად მოხდება.

თარგამაძემ არც ოპოზიციის სცენარების შესახებ გავრცელებული ინფორმაციები შეაფასა და განაცხადა, რომ ხელისუფლება "სისულელეებს არ გაინიხლავს". "და თუ ეგენი განიხილავენ, მაშინ სულ ზღაპრების ქვეყანაში უცხოვრიათ და იცხოვრონ! ჩვენ არ გვაქს პრეტენზია, როგორც უნდათ ისეთი სცენარები განიხილონ", – განაცხადა თარგამაძემ.

მისივე თქმით, რუსეთის ინტერვენცია ყოველთვის მოსალოდნელია, მაგრამ არა ოქრუაშვილის გამო, რადგან ოქრუაშვილის დაძახილზე ჯარები არ გადაადგილდებიან და ამას მზადება სჭირდება.

რაც შეეხება ოპოზიის სცენარებზე გავრცელებულ ინფორმაციას, რომ აქციების ფარგლებში "მუხტის ასაწევად" იგეგმება სამთავრობო შენობების ვიტრინების მტვრევა და "აქციის მონაწილეებში მსხვერპლიც" კი, თარგამაძე აცხადებს, რომ თუ ასეთი რამ მართლაც მოხდება, "იმ ხალხს უბრალოდ ძალიან სწრაფად დაიჭერენ", ხოლოდ თუ ადამინებს მოკლავენ, ამის ჩამდენნი მიტინგების გარეშეც ისჯებიან.
თარგამაძეს არც ოქრუაშვილის "სიტყვის გამო" პროცესების დაძაბვის სჯერა. "რახან ოქრუშვილმა თქვა მოკლავენ? რა უნდა ქნას ამ ოქრუაშვილმა კიდევ, რომ აღარ იყოს ასეთი? მართლა ტრუსიკი ჩაიხადა და ისე იდგა. კიდე რა უნდა ქნას, რომ ესეთი მაგარი ბიჭი აღარ იყოს?", – აინტერესებს თარგამაძეს.