ზუგდიდელი ადვოკატი პოლიციას ადამიანების გატაცებაში ადანაშაულებს

ზუგდიდელი ადვოკატი პოლიციას ადამიანების გატაცებაში ადანაშაულებს

[ნანა ფაჟავა, ზუგდიდი]

საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის ხელმძღვანელის, ზაზა ხატიაშვილის პირადი წარმომადგენელი სამეგრელო–ზემო სვანეთის რეგიონში, დარიკო თორდია ე.წ. „მაზავშიკების“ საქმესთან დაკავშირებით 3 ახალგაზრდა მამაკაცის დაკავების ფაქტს პოლიციის მიერ ჩადენილ ბანდიტურ ქმედებად აფასებს. 

ადვოკატის განცხადებით, 19 მაისს სამეგრელო –ზემო სვანეთისა და იმერეთის სამხარეო პოლიციამ „ენგურქარალდკომბინატის“ დასახლებაში ერთობლივი სპეცოპერაციის შედეგად, დილის 5 საათზე საკუთარი სახლებიდან ლევან ლოგუა, გიორგი ქარჩავა და ლევან კვარაცხელია ძალის გამოყენებით აიყვანა.

დაკავებულთა ადგილსამყოფელის დადგენას ოჯახის წევრები და ადვოკატები მთელი დღის განმავლობაში უშედეგოდ ცდილობდნენ. თითქმის 24–საათიანი ძებნის შემდეგ დაკავებულ ადამიანებს შს სამინისტროს სამტრედიის პოლიციის განყოფილებაში მიაკვლიეს.

ადვოკატი ამბობს, რომ თითქოს მოწმის სტატუსით დაკითხვაზე მიყვანილ პირებს დროის ამ პერიოდში არაადამიანურ პირობებში, სასმელი წყლისა და საკვების გარეშე ამყოფებდნენ, მათზე ძლიერ ფსიქოლოგიურ ზეწოლას ახდენდნენ. ჯერ ზუგდიდის პოლიციის შენობასთან  ჰყავდათ მანქანაში გამოკეტილი, ხოლო შემდეგ იმერეთის მიმართულებით,  სხვადასხვა ოპერატიული ავტომანქანის ჩანაცვლებით გადაჰყავდათ. სამივე დაკავებული პოლიციამ ღამის 2 საათისათვის გაათავისუფლა. მომხდართან დაკავშირებით არცერთი მათგანი ამ დრომდე ჟურნალისტებთან კომენტარს არ აკეთებს.