კონფუცის უთქვამს (და ამის შემდეგ მას პატივს ვეღარ ვცემ), ჩვეულებრივ ქალს ჭკუა ზუსტად იმდენი აქვს, რამდენიც ქათამს, არაჩვეულებრივს კი – იმდენი, რამდენიც ორ ქათამსო!.. მაშინ, რაღა უნდა ითქვას იმ მამაკაცებზე (და ასეთები საკმაოდ ბევრია), რომლებიც „ქათმების“, უკაცრავად – ქალების ჭკუაზე დადიან?! მამაკაცები ხშირად შედიან ჩიხში აბსურდის მტკიცებითა და უაზრო სიჯიუტით.
მაგალითად, ნაპოლეონს მიაჩნდა, რომ ქალისთვის სრულიად საკმარისი იყო, ქმრის პერანგი სერთუკისგან გაერჩია – მეტი გონება მას არ სჭირდებოდა; რეალურად კი, ის ხშირად ხელმძღვანელობდა თავისი მეუღლის, ჟოზეფინას რჩევებით და არაერთხელ გამოუხატავს აღფრთოვანება მისი ჭკუის გამო. ანუ, რა ხდება? მამაკაცებმა ძალიან კარგად იციან, რომ ქალი ჭკვიანია, ზოგჯერ კაცზე უფრო ჭკვიანიც, მაგრამ, ამის აღიარება პირად შეურაცხყოფად მიაჩნიათ, შედეგად კი თავადვე ზარალდებიან. ფსიქოლოგები ერთხმად მივიდნენ დასკვნამდე, როცა მილიონზე მეტი წყვილი გამოკითხეს და შედეგები შეაჯამეს: თუ მამაკაცს უნდა, რომ დიდხანს იცოცხლოს, მაშინ გვერდით ჭკვიანი და განათლებული ქალი უნდა ჰყავდეს.
ისევ მაგალითისთვის: ქალს შეუძლია, ერთბაშად დაბრძენდეს და დაჭკვიანდეს ან, პირიქით – თავი სულელად მოგაჩვენოს. მაგრამ, თუ კაცი სულელია, მას უკვე აღარაფერი ეშველება... ქალის ჭკუაზე მცდარი შეხედულებაც მამაკაცის უჭკუობის ნათელი დადასტურებაა...