ირანმა, ეგრეთ წოდებული, „სიცოცხლის კაფსულის“ კოსმოსურ ორბიტაზე გასაყვანად რაკეტამატარებელი გაუშვა. აპარატის ბორტზე იყო მაიმუნი, რომელიც მშვიდობით დაბრუნდა დედამიწაზე. პრიმატი კოსმოსში – ესაა მოსამზადებელი ნაბიჯი ადამიანის მიერ პილოტირებული კოსმოსური აპარატის გასაშვებად, რაც ირანის კოსმოსური უწყების ხელმძღვანელის, ჰამიდ ფიზელის თქმით, აუცილებლად განხორციელდება 2020 წლამდე.
ორი წლის წინ თეირანმა თავისივე წარმოებული რაკეტამატარებელი „კავოშგარ 3-ით“ სამეცნიერო გამოცდებისთვის კოსმოსში გაუშვა თაგვი, კუ და ჭიები.
ირანის კოსმოსური პროგრამა დასავლეთის ქვეყნების შეშფოთებას იწვევს – შიშობენ, რომ ირანელები ამ ტექნოლოგიებს ბირთვული მუხტით აღჭურვილი, საიდუმლო ბალისტიკური რაკეტების დასამზადებლად გამოიყენებენ.