ჰუმანიტარული ორგანიზაციები: საქართველოს დევნილებს შიმშილი ემუქრებათ

ჰუმანიტარული ორგანიზაციები: საქართველოს დევნილებს შიმშილი ემუქრებათ

[Eurasianet]
რუსეთ–საქართველოს ომის დასრულებიდან ორი წლის შემდეგ, საქართველოსთვის საკვები პროდუქტებით დახმარების საერთაშორისო პროგრამის დასრულება, იძულებით გადაადგილებულ ათასობით ოჯახს შიმშილით ემუქრება, მიაჩნიათ ორი საერთაშორისო ჰუმანიტარული ორგანიზაციის წარმომადგენლებს.

საკვები პროდუქტებით დახმარების მსოფლიო ორგანიზაციის კოორდინატორი, მაიკ ჰაგინსი, რომელიც საქართველოს დევნილებისთვის საკვებით უფასო დახმარების ძირითად პროგრამას ახორციელებს, ამბობს, რომ შემოწირულობების დეფიციტის გამო, მათ ჰუმანიტარული დახმარების დარიგება უკვე ივნისში, ანუ ვადაზე დაახლოებით ერთი წლით ადრე შეწყვიტეს.

საკვებით დახმარების მსოფლიო პროგრამის წარმომადგენლებს „სულ უფრო აშფოთებთ რთული ზამთრის საფრთხე, რომელიც დევნილთა განსაკუთრებულად მოწყვლად ჯგუფს ემუქრება“, – განუცხადა ჰაგინსმა EurasiaNet.org–ს ინტერვიუში ელექტრონული ფოსტით. „თითქმის ყველა დევნილი სიღარიბის ზღვარს მიღმა ცხოვრობს და მათი 90% საკვებით გარედან მიღებულ დახმარებაზეა დამოკიდებული“.

2008 წლის ომის შემდეგ, ოდესღაც საქართველოს მიერ კონტროლირებადი სეპარატისტული სამხრეთ ოსეთის და აფხაზეთის რაიონებიდან იძულებით გადაადგილებული დაახლოებით 30 000 ადამიანი, 40 დასახლებაში ცხოვრობს.

მათი 70% საკვებს იღებდა ამ მსოფლიო ორგანიზაციის ხაზით, რომელიც სახელმწიფოს მიერ დასახლებული დევნილების ოჯახებს ეხმარებოდა.

სახლების დიდ ნაწილს წინ პატარა ბაღები აქვს, მაგრამ ყველა ოჯახს არ აქვს საშუალება ამ მცირე მიწის ნაკვეთებით ისარგებლოს, რაც მათთვის ერთ ადამიანზე სახელმწიფოს ყოველთვიურ 28 ლარიან (13 დოლარი) დახმარებასთან ერთად დამატებითი რესურსი იქნებოდა. ამიტომ, დამატებით კვების საშუალება ცოტას თუ გააჩნია. სამსახურის შოვნა, ფაქტიურად შეუძლებელია. საქართველოში უმუშევრობის დონე ძალიან მაღალია, იმავდროულად დევნილების დასახლებები სხვა დასახლებული პუნქტებისგან საკმაოდ შორს მდებარეობს.

ოჯახები, რომლებმაც დევნილობის ოფიციალური სტატუსი ვერ მიიღეს (ასეთი კი მთავრობის შეფასებით დევნილების ერთი პროცენტია) კიდევ უფრო რთულ სიტუაციაში აღმოჩდნენ, ეს ორი წელი ჰაერში იყვნენ გამოკიდებულები და დახმარებას ვერც დონორებისგან და ვერც ხელისუფლებისგან ვერ იღებდნენ.

Amnesty International–ის დევნილების შესახებ მომზადებულ 5 აგვისტოს ანგარიშში, ორგანიზაცია მოუწოდებს ხელისუფლებას უფრო აქტიურად გამონახოს იძულებით გადაადგილებულ პირთა დასაქმების და მათთვის მიწის ნაკვეთების გადაცემის გზები, რომელსაც ისინი დაამუშავებდნენ.

„საქართველოში არ არსებობს კომპლექსური სახელმწიფო პოლიტიკა ქვეყანაში უმუშევრობის ზოგადი პრობლემისა და ამ პრობლემის ისეთ სოციალურად დაუცველ ფენებში გადაწყვეტისთვის, როგორებიც დევნილები არიან“ – ნათქვამია ანგარიშში.

ხელისუფლება კი ამტკიცებს, რომ საკვები პროდუქტებით დახმარების საერთაშორისო პროგრამის არ არსებობის პირობებშიც, იძულებით გადაადგილებულ პირებს ამ ზამთარში შიმშილი არ ემუქრება.

დევნილთა და განსახლების სამინისტროს მრჩევლის ვალერი კოპალეიშვილის თქმით, ყველა დევნილის ოჯახს საკმარისი რესურსი გააჩნია იმისთვის, რომ გადარჩეს, რასაც მთელი რიგი სამთავრობო პროგრამები უზრუნველყოფს, მათ შორის ხელფასები იმ სახელმწიფო მოსამსახურეებისთვის, რომლებიც სამხედრო მოქმედებების გამო იძულებულნი იყვნენ მშობლიური ადგილები მიეტოვებინათ, მიწის ნაკვეთები, ასევე არასამთავრობო ორგანიზაციების დახმარება.

„გადაადგილებულ პირებს შემოსავლის წყარო აქვთ“, – აღნიშნა კოპალეიშვილმა, იგულისხმა რა ყოველთვიური 28 ლარიანი დახმარება, რომელიც თითქოს ემატება საცხოვრებლის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებულ მიწის მეურნეობას და ხელფასს სახელმწიფო მოსამსახურეებისთვის.

„მათ შეუძლიათ ამ შემოსავლით საკვები პროდუქტი იყიდონ, ან ის პერსონალური განვითარების მიზნით გამოიყენონ“, – დასძინა მან. „რა თქმა უნდა, ჩვენ დაინტერესებულები ვართ, რომ დამატებით არსებობდეს საკვები პროდუქტებით მომარაგების პროგრამა (მსოფლიო ორგანიზაციის პროგრამის სახით), რომელიც დევნილებს მისცემდა შესაძლებლობას რესურსები საკუთარ მომავალში ჩადონ“.

მაგრამ იძულებით გადაადგილებულ პირთათვის, მაგალითად ლამარა კოკოელასთვის, რომელიც სამხრეთ ოსეთის სოფელ კეხვში ცხოვრობდა, ასეთი ინვესტიცია შორეული ოცნებაა.

მისი სახლი წეროვანშია (დევნილების დასახლება, რომელიც თბილისიდან დაახლოებით საათნახევრის გზაზე მდებარეობს) და დამჭკნარი სიმინდის ხეებითაა გარშემორტყმული, რომელმაც მცხუნვარე მზეზე მწვანე ფერი დაკარგა და ახლა გახუნებული ყვითელია.

ქალბატონი ამბობს, რომ ღარიბმა მიწამ და ნალექის არ არსებობამ მისი ოჯახი ამ მიწის ნაკვეთზე მუშაობით შემოსავლის მიღების საშუალების გარეშე დატოვა.

„ჩვენ „პამპერსის“ (ცხრა თვის შვილიშვილისთვის) ყიდვის ფულიც კი არ გვაქვს“, – ამბობს იგი.

სხვა მეზობლებთან ერთან ამ ქალს აინტერესებს, რატომ არ ეხმარება მათ სახელმწიფო უფრო არსებითად.

დევნილთა და განსახლების სამინისტროს წარმომადგენელი ვალერი კოპალეიშვილი აღიარებს, რომ მის უწყებას საკმარისი რესურსი არ აქვს, რომ გადაადგილებულ პირთა ყველა საჭიროება უზრუნველყოს.

„ვფიქრობ, მთავრობის სტრატეგია (დევნილებთან მიმართებაში) სწორია. პოლიტიკა სწორია… მაგრამ პრობლემა ის არის, რომ საჭიროებები გიგანტურია, რესურსები კი შეზღუდული“, – ამბობს იგი. მისი უწყების 2010 წლის ბიუჯეტი 27,8 მილიონი ლარია (დაახლოებით 15,1 მილიონი დოლარი), რაც შარშანდელი ბიუჯეტის ნახევარზე ცოტაა.

მთავარი საერთაშორისო დონორების მიერ, უშუალოდ 2008 წლის ომის შემდეგ ჩატარებული კვლევით, დევნილთა საჭიროებები „დაბრუნების, გადასახლების და ჩასახლებისთვის“ მოითხოვდა 567 მილიონი დოლარის ფინანსურ დახმარებას, ხოლო მოსახლეობის სოციალური უზრუნველყოფისთვის ყველა მოთხოვნილების დასაკმაყოფილებლად რეკომენდირებული იყო, დამატებით 420 მილიონი დოლარის მოძიება.

4,5 მილიარდი დოლარის დახმარების მთლიან პაკეტში, მთავრობას დევნილების საჭიროებებზე უნდა მიეღო 350 მილიონი დოლარი. ამ თანხის დიდი ნაწილი (დაახლოებით 250 მილიონი დოლარი) გამოყოფილია, მაგრამ ფინანსთა სამინისტროს მონაცემებით მხოლოდ 90 მილიონი დოლარია ათვისებული. მთავრობა ელის, რომ 2010 წლის ბოლოს ომისშემდგომი ყველა დაპირება გაიცემა.

დევნილების საჭიროებათა დაფინანსების დიდი ნაწილი დაიხარჯა დასახლებების მშენებლობაზე, დარჩენილი ნაწილი კი უფასო მარცვლეულის, სასოფლო სამეურნეო მოწყობილობის, პროფესიული გადამზადებისა და სხვა პროექტებზე.

როგორც EurasiaNet.org–ს, თბილისში დევნილების საკითხში გაეროს უმაღლესი კომისარის სპიკერმა სიუზენ მიურეი ჯონსმა აცნობა, საქართველოს ხელისფლებამ „ბოლოს და ბოლოს გააცნობიერა, რომ ადამიანებისთვის სოციალურ–ეკონომიკური სიტუაცია ისეთივე მნიშვნელოვანია როგორც თავზე სახურავი“.

და მართალია დევნილების და განსახლების სამინისტრო მთელი ძალით ირჯება, მაგრამ უფრო მეტის გაკეთებაა აუცილებელი, აცხადებს ჯონსი.

„ჩვენ დაჟინებით ვურჩევდით მათ უფრო არსებითი და მიზანმიმართული დახმარება გაეწიათ ამ ადამიანებისთვის, მათი სოციალურ–ეკონომიკური სიტუაციის განმტკიცებისთვის“, – ამბობს იგი.

„მათ წინ მძიმე, ძალიან მძიმე ზამთარი ელით“, – დასძენს იგი, „ხოლო მასთან გამკლავების რესურსები, სულ უფრო და უფრო მცირდება“.

საშუალო ასაკის დევნილი ქალი სამხრეთ ოსეთიდან ნინიკა, რომელიც წეროვანში ცხოვრობს ამ მოსაზრებას ეთანხმება: „ჩვენი მიწის ნაკვეთებიდან მოსავალი გამოკვების საშუალებას არ იძლევა“, – ამბობს იგი, „საჭმლის მოლოდინში ცას შევყურებთ“.
[foreignpress.ge]