„ხისტი დამოკიდებულების გამო, 21 მაისიდან ყველაფერი შეიძლება მოხდეს“

„ხისტი დამოკიდებულების გამო, 21 მაისიდან ყველაფერი შეიძლება მოხდეს“

პოლიტიკური ტემპერატურა დუღილის ზღვარს მიუახლოვდა. "სახალხო კრება" ხელისუფლების გადაყენების კამპანიას იწყებს. ამ თვალსაზრისით, "ქართულმა პარტიამ" საქართველოს მასშტაბით „გენერალური რეპეტიცია“ უკვე ჩაატარა. 
ხელისუფლების წარმომადგენლების ტონი წლიდან წლამდე არ იცვლება – „რადიკალური ოპოზიციის მიერ გამოცხადებული რევოლუციები, მათი გამოცხადებული პოლიტიკური სიკვდილის ქრონიკად გადაიქცევა“.

"დემოკრატიული მოძრაობის" ლიდერის ნინო ბურჯანაძის განცხადებით კი, "ხელისუფლებას საკუთარი ინტერესებისათვის ძალოვანი სტრუქტურების დახმარების იმედი აღარ უნდა ჰქონდეს".

როგორც "პირWელს" ბურჯანაძემ წუხელ თბილისის მასშტაბით 45 ყოფილი ძალოვანის დაკავების შესახენ ინფორმაციის კომენტირებისას განუცხადა, ამ დაკავებების შესახებ მისთვის არაფერია ცნობილი, თუმცა "სახალხო კრებას" არა მხოლოდ ყოფილი, არამედ მოქმედი ძალოვანები უჭერენ მხარს".

"მინდა, ვუთხრა ხელისუფლებას, რომ არა მხოლოდ ყოფილი ძალოვანები, არამედ დღესაც ძალოვან სტრუქტურებში მომუშავე ძალიან ბევრი ადამიანი გვიჭერს მხარს, რომელიც რიგით თანამდებობებზეა ან საშუალო რგოლში მუშაობს. ამას ხელისუფლება მაშინ დაინახავს, როცა ამის დრო მოვა. დარწმუნებული ვარ, ძალოვან სტრუქტურებში მომუშავე ადამიანების აბსოლუტური უმრავლესობა უკანონო ბრძანებას არ შეასრულებს და გაამართლებს დევიზს "ემსახურე სამშობლოს და არა ხელისუფლებას". ხელისუფლებას უნდა ემსახურო მაშინ, თუ ეს ხელისუფლება შენს ქვეყანას ემსახურება და არა მაშინ, როდესაც ხელისუფლება მხოლოდ საკუთარ ძალაუფლებაზე ფიქრობს", - განუცხადა "პირWელს" ბურჯანაძემ.

არასაპარლამენტო ოპოზიციის ნაწილის მიერ 21 მაისისთვის დაგეგმილ აქტივობასთან დაკავშირებით შს სამინისტრომ პრევენციული ღონისძიებების გატარება დაიწყო. "პირWელის" ინფორმაციით, სპეცოპერაცია ჩატარდა და თბილისის მასშტაბით 45 ყოფილი ძალოვანია დაკავებული.

სარწმუნო წყაროს ცნობით, ეს ღონისძიებები თბილისსა და რეგიონებში 21 მაისამდე დარჩენილი დროის განმავლობაში აქტიურად გაგრძელდება და "წარმომადგენლობითი სახალხო კრების" ერთ-ერთი ლიდერის, "დემოკრატიული მოძრაობა - ერთიანი საქართველოს" ლიდერ ნინო ბურჯანაძის ამასწინანდელ განცხადებას უკავშირდება იმის შესახებ, რომ "კრებას მხარს უამრავი ყოფილი და მოქმედი ძალოვანი უჭერს".

ამ ინფორმაციის გადამოწმებას "პირWელი" შს სამინისტროში შეეცადა.

როგორც სააგენტოს შსს-ს ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა შოთა ხიზანიშვილმა განუცხადა, "ამ კუთხით არც დედაქალაქში და არც რეგიონებში არანაირი ღონისძიებები არ გატარებულა, მსგავს მოვლენებს არც გასულ ღამეს ჰქონია ადგილი და არც მომდევნო დღეებში იგეგმება".

"ეროვნული საბჭოს" ერთ-ერთი ლიდერი, ოპოზიციური "რვიანის" წარმომადგენელი ზვიად ძიძიგური სახალხო კრების საპროტესტო აქციებზე ხელისუფლების მხრიდან ძალის გამოყენების შემთხვევაში, შესაძლოა, ქუჩაში გავიდეს.

"თუ ხელისუფლება ჩვენი მოქალაქეების სიცოცხლეს შეეხება, ჩვენ, რა თქმა უნდა, სათანადოდ მოვიქცევით და შესაბამის ნაბიჯებს გადავდგამთ", - განუცხადა ძიძიგურმა "ინტერპრესნიუსს", თუმცა არ დააკონკრეტა რას გულისხმობდა შესაბამის ნაბიჯებში.

ძიძიგურის განცხადებით, ისინი არ ფიქრობენ, რომ სულ ერთია, რა მოხდება მათ ქვეყანაში. "ეს ჩვენთვის სულ ერთი არ არის", - დასძინა მან.

ძიძიგურმა მოუწოდა ხელისუფლებას, კეთილი ინებოს და სამართლიანი არჩევნებისთვის გადადგას ადეკვატური ნაბიჯები, რათა ქვეყანაში სიტუაცია მაქსიმალურად არ დაიძაბოს. მისი თქმით, საქართველოში მოვლენების არასახარბიელოდ განვითარების შემთხვევაში, სრული პასუხისმგებლობა პირადად მიხეილ სააკაშვილს ეკისრება.

"ის, რომ საქართველოში რევოლუციური პროცესები ძალიან აქტიურია, ხელისუფლების პასუხისმგებლობის საკითხია. როცა ხელისუფლება უარს ამბობს სამართლიანი არჩევნებისთვის შექმნას პირობები, ამით არგუმენტს აძლევს რევოლუციურად განწყობილ პარტიებს, გავიდნენ ქუჩაში და დაიწყონ საპროტესტო გამოსვლები", - განუცხადა ძიძიგურმა ჟურნალისტებს.

რაც შეეხება მოვლენების შესაძლო განვითარებას 21 მაისიდან, ძიძიგური სიტუაციის დაძაბვას არ გამორიცხავს იმ შემთხვევაში, თუკი ხელისუფლება დარჩენილ ორ დღეში საარჩევნო გარემოს გაუმჯობესების მზადყოფნასთან დაკავშირებით სიტყვიერ განცხადებას მაინც არ გააკეთებს.

"ხელისუფლებას შეუძლია განცხადების გაკეთება და იმის თქმა, რომ მზადაა წამოვიდეს დათმობებზე. ის კონსტიტუციას ცვლის ერთ კვირაში და საარჩევნო კანონში ცვლილებების შეტანა რა გახდა?", - განმარტა ძიძიგურმა.

"ახალი მემარჯვენეების" ერთ-ერთი ლიდერის, მამუკა კაციტაძის აზრით, პროცესების რადიკალიზაცია მხოლოდ "შეურაცხადობასთან მიახლოებულ ხელისუფლებას" შეიძლება აწყობდეს:

"თუ ნორმალურია ხელისუფლება და შეურაცხადობასთან არ არის მიახლოებული, პროცესის რადიკალიზაცია არ უნდა აწყობდეს, მაგრამ სააკაშვილის პირობებში ნამდვილად რთულად შესაფასებელია, სად გადის შეურაცხადობასა და შერაცხადობას შორის ზღვარი".

რაც შეეხება "რვიანსა" და ხელისუფლებას შორის მიმდინარე მოლაპარაკებების გაჭიანურების მიზეზებს, კაციტაძე არ გამორიცხავს, რომ ხელისუფლება შესაძლოა, 21 მაისს და მოვლენების შესაძლო განვითარებას ელოდებოდეს:

"ალბათ, გარკვეული მოლოდინები თუ როგორ განვითარდება მოვლენები 21 მაისის შემდეგ, ხელისუფლებას აქვს, თუმცა ჩვენ გვაინტერესებს არა "რვიანთან" მოლაპარაკებების გაჭიანურების მიზეზები, არამედ შედეგი".

„სირაქლემასავით თავს ვერ ჩავყოფთ ქვიშაში და ვერ ვიტყვით, რომ ყველანი მშვიდად ვართ“, - ასეთი განცხადება გააკეთა "ქრისტიან-დემოკრატების" ლიდერმა გიორგი თარგამაძემ 21 მაისს დაგეგმილს აქციასთან დაკავშირებით. მისი თქმით, ისინი ხედავენ იმ საშიშროებასა და რისკებს, რომელიც შეიძლება შეიქმნას ქვეყანაში ამ დღეებში. თარგამაძემ მოუწოდა მთელ საზოგადოებას, ხელისუფლებას და განსაკუთრებით აქციის ორგანიზატორებს, რომლებიც, მისი თქმით, ათმაგი პასუხისმგებლობით არიან აღჭურვილნი, არ დაუშვან რაიმე ტიპის გართულება ქვეყანაში.

"თუმცა, ეს დღეებიც და იმედი გვაქვს, რომ ყველაფერი მშვიდობიანად დამთავრდება, როგორც ეს ეკადრება ჩვენს ქვეყანას", - აღნიშნა მან.

თარგამაძის განცხადებით, ის მხარს უჭერს და სოლიდარულია პროტესტის გამოხატვის ყველა მშვიდობიანი ფორმისადმი და მიიჩნევს, რომ ეს ხელს შეუწყობს საარჩევნო გარემოს გაუმჯობესებასთან დაკავშირებით მოლაპარაკებათა პროცესის უფრო ეფექტიანად წარმართვას ხელისუფლებასთან ოპოზიციის მხრიდან.
თარგამაძეს არ უკვირს ხელისუფლებისგან, თუკი ისინი წელავენ ამ პროცესს. მისი აზრით, ხელისუფლების სურვილია მათთვის მომგებიან გარემოში განაახლოს ეს მოლაპარაკება.

"თავისუფალი დემოკრატების" ლიდერის, ირაკლი ალასანიას შეფასებით კი, საარჩევნო გარემოს გაუმჯობესების პროცესში სამოქალაქო საზოგადოების მხარდაჭერას ფასდაუდებელი მნიშვნელობა აქვს.

როგორც ალასანიამ ჟურნალისტებს "ახალი მემარჯვენეების" ოფისში სამოქალაქო სექტორთან და ექსპერტებთან შეხვედრის დაწყებამდე განაცხადა, ძალიან დიდ მნიშვნელობას ანიჭებს, როცა სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები ასე აქტიურად უჭერენ მხარს საარჩევნო რეფორმის პროცესის კონკრეტული შედეგით დასრულებას:

"ჩვენი ამოცანა სწორედ ეს არის, რომ საზოგადოება დავიამხანაგოთ და გავხადოთ თანამონაწილე ამ ცვლილების", - აღნიშნა "თავისუფალი დემოკრატების" ლიდერმა.
ალასანია დარწმუნებულია, რომ ამ პროცესში დიალოგის რესურსი ამოწურული არ არის და მოლაპარაკებები ხელისუფლებასთან უახლოეს პერიოდში განახლდება.
"იმიტომ, რომ ეს სჭირდება ქართულ საზოგადოებას, ეს სჭირდება ჩვენი ქვეყნის მომავალს და თითოეულ მოქალაქეს, რათა მათ გარანტირებული ჰქონდეთ თავისუფალი არჩევანის უფლება".

ალასანია არ გამორიცხავს, რომ ხელისუფლების გარკვეული ტაქტიკა იყოს, დაელოდოს 21 მაისიდან განვითარებულ მოვლენებს და შემდეგ გასცეს პასუხი "რვიანის" შეთავაზებებს. მიუხედავად ამისა, "თავისუფალი დემოკრატების" ლიდერი დარწმუნებულია, რომ რაც არ უნდა გაჭიმოს დრო მიხეილ სააკაშვილმა, საარჩევნო რეფორმის პროცესში შედეგი მაინც დადგება.

"რესპუბლიკური პარტიის" ლიდერი დავით უსუფაშვილი 21 მაისიდან მოვლენების "არც ერთი სცენარით" განვითარებას არ გამორიცხავს:

„მოვლენების ერთ და მეორე მხარეს მყოფი ლიდერების მიზნებიდან გამომდინარე მისი განვითარება ნებისმიერი სცენარითაა შესაძლებელი, მაგრამ იმედია ყველას ეყოფა გონიერება და ეს არ მოხდება საზოგადოების ხარჯზე".

აღნიშნულის კონტექსტში, „რესპუბლიკური პარტიის" ლიდერმა ხელისუფლებასაც და აქციის ორგანიზატორ „სახალხო კრებასაც" მოუწოდა, ხელისუფლებაში დარჩენის თუ ხელისუფლებაში მოსვლის თავიანთი სურვილი სამოქალაქო ტრაგედიად არ აქციონ: „იმედი მაქვს ორივე მხარეს ამის კეთილგონიერება ეყოფა".

კობა დავითაშვილი 21 მაისიდან პროვოკაციებს ელოდება: „21 მაისს ველოდები პროვოკაციებს ხელისუფლების მხრიდან, მათ შორის ძალის გამოყენებას და ა.შ. და მოვუწოდებ მას, თავი შეიკავოს ამისგან".

რაც შეეხება „სახალხო კრებისა" და „ქართული პარტიის" შესაძლო გაერთიანების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას, დავითაშვილი აღნიშნულის კომენტირებისგან თავს იკავებს და აცხადებს, რომ ეს მხოლოდ ამ ორი ძალის გადასაწყვეტი საკითხია.

პარლამენტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძე ოპოზიციის მიერ საპროტესტო აქციების კანონის ფარგლებში ჩატარებაში "ვერავითარ პრობლემას ვერ ხედავს". როგორც ბაქრაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, "აქციები საქართველოში ადრეც ტარდებოდა, ახლაც ტარდება და მომავალშიც ბევრი ჩატარდება":

"საქართველოში კანონის ფარგლებში აქციების გამართვა ნებისმიერს შეუძლია. ეს დემოკრატიის ელემენტარული წესია. ვეთანხმებით თუ არა აქციის მოთხოვნებს, მოგვწონს თუ არა ისინი, აქციები იყო, არის და მომავალშიც იქნება".

„რადიკალური ოპოზიციის მიერ გამოცხადებული რევოლუციები გადაიქცევა მათი გამოცხადებული პოლიტიკური სიკვდილის ქრონიკად, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთმა ლიდერმა ნუგზარ წიკლაურმა ოპოზიციის მიერ 21 მაისს დაანონსებული აქციების შეფასებისას განაცხადა – მე ვხედავ ერთიან კონტექსტს, როგორც ამერიკის საელჩოსთან მოწყობილი აქციაში ასევე იმ მუქარებში, რომელიც აღლუმის ჩაშლას შეეხება".

წიკლაურის შეფასებით, ის პოლიტიკური პროცესი, რომელიც ახლა მიმდინარეობს ქვეყანაში, ქართული საზოგადოების მხრიდან არის განაჩენის, ვერდიქტის გამოტანა ექსტრემისტული ძალების მიმართ:

"ეს გამოჩნდა ამერიკის საელჩოსთანაც შეკრების დროსაც, როდესაც ადამიანების თითზე ჩამოსათვლელი რაოდენობა შეიკრიბა და გამოჩნდება ამ დაანონსებული რევოლუციის დროსაც. მაისი იქნება ის თვე, როდესაც რადიკალური ოპოზიციის გამოცხადებული რევოლუციები გადაიქცევა მათი გამოცხადებული პოლიტიკური სიკვდილის ქრონიკად".

ექსპერტ მამუკა არეშიძის შეფასებით, 21 მაისიდან „ყველაფერი შეიძლება მოხდეს".

„რთული სათქმელია რა მოხდება, მაგრამ, როგორც ჩანს, არც ერთი მხარე უკან დახევას არ აპირებს. როცა ასეთი ხისტი დამოკიდებულება არსებობს, ყველაფერი შეიძლება მოხდეს. მე ველოდები მდგომარეობის დაძაბვას, მაგრამ მოხდება თუ არა ესკალაცია, ეს ხელისუფლების და იმ ძალების ქმედებაზეა დამოკიდებული, რომელიც აქციის ორგანიზატორები არიან", - განუცხადა "ჯი-ეიჩ-ენს" მამუკა არეშიძემ.

მისივე განმარტებით, სიტუაციის დაძაბვა იმ შემთხვევაშია მოსალოდნელი, თუ ხელისუფლება აქციების „უგულვებელყოფას" არ მოახდენს, რა ტაქტიკაც მან 2009 წლის გაზაფხულის დემონსტრაციებისას არჩია:

"მაინც რუსთაველის გამზირზეა ლაპარაკი, ამიტომაც, არ ვიცი, ხელისუფლება ამ შემთხვევაშიც მოიქცევა ისე თუ არა, როგორც ორი წლის წინ, როცა უგულვებელყო დედაქალაქში მიმდინარე აქციები. თუ სხვანაირად მოიქცევა, ასეთ შემთხვევაში, ბუნებრივია, მოსალოდნელია სიტუაციის დაძაბვა".