საჩხერის ფაქტმა მოქალაქეების დაცვაში ხელისუფლების უსუსურობა დაადასტურა

საჩხერის ფაქტმა მოქალაქეების დაცვაში ხელისუფლების უსუსურობა დაადასტურა

საჩხერის ე.წ. „სასაზღვრო ზონის“ სიახლოვეს ქართველები რუსმა ოკუპანტებმა იმ დროს დაჭრეს, როდესაც ისინი ტყეში ჯონჯოლის შესაგროვებლად იყვნენ შესულები. ქართულ მხარეს მომხდარზე „მკაცრი რეაქცია“ ექნება. ოპოზიციის განცხადებით კი, საქართველოს ხელისუფლება საკუთარი მოქალაქეების დაცვის საკითხში უსუსურია. მისივე შფასებით, „სწორედ სააკაშვილის რეჟიმის ავანტიურისტულმა და გაუწონასწორებელმა ქმედებებმა განაპირობა საქართველოს შუაგულში საოკუპაციო რეჟიმის არსებობა, რაც როგორც საქართველოს მოქალაქეების უსაფრთხოებას, ისე ქართული სახელმწიფოს ჩამოყალიბებას საფრთხეს უქმნის“.

საჩხერის რაიონის სოფელ ჭალვანში მცხოვრებ ხუთ ახალგაზრდას სამხედრო ფორმაში ჩაცმულმა საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა ცეცხლი დილის რვა საათზე გაუხსნეს. ინციდენტის შესახებ ოფიციალური განცხადება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა.

შსს-ს ინფორმაციით, 17, 21, 22, 26 და 27 წლის ახალგაზრდები საოკუპაციო ხაზის უშუალო სიახლოვეს, ჩონთოს ხეობაში ჯონჯოლის შეგროვების მიზნით იმყოფებოდნენ, რა დროსაც მათ დაკავებას სამხედრო ფორმაში ჩაცმული საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლები შეეცადნენ.

ახალგაზრდებმა გაქცევა სცადეს, თუმცა, სამხედრო ფორმაში ჩაცმულმა პირებმა მათ ცეცხლი გაუხსნეს. სროლის შედეგად დაიჭრა ორი ახალგაზრდა, რომლებსაც გადაუდებელი ოპერაცია ჩაუტარდათ. მათ შორის, მძიმედ არის დაჭრილი ადგილობრივი სკოლის 17 წლის მოსწავლე.

ამავე დროს, ოსმა სეპარატისტებმა მომხდარზე საკუთარი ვერსია გაავრცელეს, რომლის მიხედვითაც ქართველი ახალგაზრდები "სახელმწიფო საზღვრის დამრღვევები" არიან და მათი მიმართულებით "ცეცხლი დაუდგენელმა პირებმა მათივე განთავისუფლების მიზნით გახსნეს". ამას გარდა, ოსური მხარე ასევე ავრცელებს ინფორმაციას აღნიშნული ინციდენტის დროს ოთხი ქართველი ახალგაზრდის, მათ შორის ერთი არასრულწლოვანის დაკავების შესახებაც.

"18 მაისს საქართველოსთან არსებული სახელმწიფო საზღვრის დაცვის ღონისძიებების ჩატარებისას სამხრეთ ოსეთის უშიშროების სამსახურის სასაზღვრო დანაყოფმა ზნაურის რაიონის დასახლებულ პუნქტ ლოპანში საქართველოს მოქალაქეების ჯგუფი აღმოაჩინა, რომელიც სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე უკანონოდ იმყოფებოდა", – იუწყება ე.წ. სამხრეთ ოსეთის ბეჭდვისა და ინფორმაციის კომიტეტი ე.წ. სამხრეთ ოსეთის ე.წ. უშიშროების სამსახურის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაზე დაყრდნობით.

"მათი დაკავების მომენტში, სასაზღვრო დანაყოფის მიმართულებით, უცნობი პირების მხრიდან ცეცხლი გაიხსნა, რომელიც დაკავებულების გათავისუფლებას ისახავდა მიზნად. საპასუხო ცეცხლის გახსნის შემდეგ დავდამსხმელები გაიფანტნენ და საქართველოს ტერიტორიაზე მიიმალნენ", – იუწყება ოსური მხარე და აღნიშნავს, რომ დაკავებულია ოთხი საზღვრის დამრღვევი, რომელთა შორისაც ერთი არასრულწლოვანია:

"ამჟამად, დაკავებულებთან საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს. არასრულწლოვანი კი უახლოეს დროში საქართველოს სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგებლებს გადაეცემათ".

„საქართველოს ხელისუფლებას საჩხერის რაიონში რუსი ოკუპანტების მხრიდან ქართველი ახალგაზრდების დაჭრის ფაქტზე მკაცრი რეაცქია ექნება“, - აცხადებს პარლამენტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძე.

მისი შეფასებით, ეს უკვე დანაშაულია მშვიდობიანი მოსახელობის წინააღმდეგ და ბუნებრივია ქართულ მხარეს ექნება მაქსიმალურად მკაცრი რეაქცია, რომელიც თავის თავში გულისხმობს ასეთი პროვოკაციების დროს, უპირველესად, წესრიგისა და სიმშვიდის შენარჩუნებას:

"მკაცრ რეაცქიაში ჩვენ ასევე ვგულისხმობთ საერთაშორისო თანამეგობრობის ინფორმირებულობას და მოთხოვნას, რომ მათ უფრო აქტიურად იმუშაონ რუსეთთან, რათა მიიღწეს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ ხელშეკრულების შესრულება და გაიყვანონ საქრათველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან საოკუპაციო ჯარები, რომ არ მოხდეს მოსახლეობის მიმართ მომავალში მსგავსი დანაშაულებრივი ქმედებები".

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო საჩხერის რაიონში განხორციელებულ თავდასხმას საოკუპაციო ძალების მიერ ჩადენილ კიდევ ერთ დანაშაულებრივ ქმედებად აფასებს. უწყების განცხადებით, აღნიშნული ფაქტი გაუმართლებელი სისასტიკეა, რომელიც უკიდურესად ძაბავს სიტუაციას საქართველოს ოკუპირებული რეგიონების მიმდებარე ტერიტორიებზე:

"გვსურს, გავიხსენოთ, რომ ცხინვალის მარიონეტულ რეჟიმს ჯერ კიდევ დაკავებული ჰყავს ათამდე ადგილობრივი მცხოვრები, რომლებიც უკანონო ტყვეობაში იმყოფებიან, მიუხედავად მათი გათავისუფლების შესახებ საერთაშორისო თანამეგობრობის დაჟინებული მოთხოვნისა. როგორც ჩანს, რუსეთის ფედერაცია და მისი მარიონეტული რეჟიმები განაგრძობენ დესტაბილიზაციის აგრესიულ პოლიტიკას, რაც მიმართულია ადგილობრივი მოსახლეობის დატერორებისკენ".

საგარეო საქმეთა სამინისტრო აცხადებს, რომ მთელი პასუხისმგებლობა 18 მაისის ინციდენტზე და ცხინვალში დაკავებული ადამიანების ბედზე რუსეთის ფედერაციას, როგორც ოკუპანტ სახელმწიფოს ეკისრება: "დროა რუსეთის ფედერაციამ ისწავლოს აღებული ვალდებულებების შესრულება და პასუხი აგოს იმ დანაშაულებრივ ქმედებებზე, რომლებიც ხორციელდება რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების უშუალო მონაწილეობით ან პატრონაჟით".

უწყების განცხადებით, რუსეთის საოკუპაციო ძალებისა და მარიონეტული რეჟიმების უპასუხისმგებლო და დანაშაულებრივი ქმედებები დესტაბილიზაციის სერიოზულ ფაქტორს წარმოადგენს:

"განსაკუთრებით ყურადსაღებია, რომ ოკუპირებული ტერიტორიებიდან დაგეგმილი ტერორისტული აქტების სერიის შემდეგ, ახლა საოკუპაციო ძალები ახალი ტიპის პროვოკაციებს მიმართავენ. მსგავსი ქმედებები წარმოადგენს რუსეთის ფედერაციის მიერ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ 2008 წლის 12 აგვისტოს შეთანხმების უხეშ დარღვევას, ისევე, როგორც ზოგადად მიღებული საერთაშორისო სამართლებრივი ნორმების და პრინციპების დარღვევას".

სამინისტრო მოუწოდებს რუსეთის ფედერაციას, დაუყოვნებლივ დაიწყოს 12 აგვისტოს ხელშეკრულების შესრულება და კონკრეტული ქმედითი ნაბიჯების გადადგმა ტერორისტული აქტების და მსგავსი ინციდენტების გამოსაძიებლად და აღსაკვეთად:

საგარეო უწყება ასევე მოუწოდებს საერთაშორისო თანამეგობრობას, სათანადო შეფასება მისცეს აღნიშნულ ინციდენტს: "ქართული მხარე სერიოზულად დააყენებს ტერორისტული აქტების, ამ და მსგავსი ინციდენტების და უკანონოდ დაკავებული პირების საკითხს ჟენევის მოლაპარაკებების და ინციდენტების პრევენციისა და რეაგირების მექანიზმების მომდევნო შეხვედრებზე და კატეგორიულად მოითხოვს რუსეთის ფედერაციისგან, რომ შეწყდეს პროვოკაციული და მადესტაბილიზებელი ქმედებები".

„ამერიკის შეერთებული შტატები ცხინვალის რეგიონთან, ადმინისტრაციულ სასაზღვრო ზოლზე მომხდარი ძალადობრივი ინციდენტის გამო შეშფოთებულია“, - ამის შესახებ ნათქვამია საქართველოში აშშ-ის საელჩოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

საელჩო მოუწოდებს ყველა მხარეს, გამოიჩინოს თავშეკავებულობა, დაუყონებლივ გაუზიაროს ევროკავშირის სადამკვირებლო მისიის წარმომადგენლებს ხელთარსებული ყველა დეტალი და მონაწილეობა მიიღოს ინციდენტების პრევენციისა და რეაგირების მექანიზმის ჯგუფის საგანგებო შეხვედრაში.

"ეს შემთხვევა კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს ადმინისტრაციული საზღვრის ორივე მხარეს ევროკავშირის სადამკვირებლო მისიის შეღწევის გადაუდებელ აუცილებლობას", - ნათქვამია განცხადებაში.

„თავისუფალი დემოკრატების" ლიდერის ირაკლი ალასანია შეფასებით, საქართველოს ხელისუფლება საკუთარი მოქალაქეების დაცვის საკითხში უსუსურია. სწორედ ხელისუფლების უსუსურობას უკავშირებს ალასანია რუსი ოკუპანტების მიერ საჩხერის რაიონის სოფელ ჭალვანში მცხოვრები ქართველების დაჭრას: 

"ეს არის შემზარავი ფაქტი, რომელიც კიდევ ერთხელ გვახსენებს, რომ საქართველო არის ოკუპაციის ქვეშ. ამასთან ეს ხაზს უსვამს იმასაც, რომ სააკაშვილი და მისი ხელისუფლება, აბსოლუტურად უსუსურია საკუთარი მოქალაქეების დაცვის საკითხში".

ალასანიას შეფასებით, მომხდარი ფაქტი კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ რუსეთ-საქართველოს ურთიერთობაში არსებული დაძაბულობა საქართველოსთვის დიდ საფრთხეს წარმოადგენს.

"ქართული პარტია" საჩხერის რაიონის სოფელ ჭალვანის ხუთი მცხოვრების მიმართ საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლების მიერ განხორციელებულ ძალადობრივ ქმედებას აპროტესტებს:

"მშვიდობიანი მოქალაქეების წინააღმდეგ მიმართული ეს ქმედება, რომლის დროსაც ორი ახალგაზრდა დაიჭრა, საოკუპაციო რეჟიმის უპასუხისმგებლობას და არაადეკვატურობას კიდევ ერთხელ ადასტურებს. შეშფოთებას იწვევს ისიც, რომ საქართველოს ხელისუფლებამ მსგავსი ინციდენტების პრევენციის მექანიზმის შემუშავება დღემდე ვერ მოახერხა და ვერ ახერხებს, საკუთარი მოქალაქეების უსაფრთხოება დაიცვას. სწორედ სააკაშვილის რეჟიმის ავანტიურისტულმა და გაუწონასწორებელმა ქმედებებმა განაპირობა საქართველოს შუაგულში საოკუპაციო რეჟიმის არსებობა, რაც როგორც საქართველოს მოქალაქეების უსაფრთხოებას, ისე ქართული სახელმწიფოს ჩამოყალიბებას საფრთხეს უქმნის".

ამასთან, "ქართული პარტია" საერთაშორისო თანამეგობრობას მოუწოდებს, ამ ფაქტის გამოძიებაში ჩაერთოს და მომხდარს ადეკვატური შეფასება მისცენ.

პარტია "საქართველოს გზა" საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებსა და ქართველ სამართალდამცველებს საჩხერეში მომხდარი ინციდენტის გამოძიებისკენ მოუწოდებს:

"მივიჩნევთ, რომ მხარეებს შორის ისედაც გამწვავებული ურთიერთობა ახალი დაპირისპირების საბაბი არ უნდა გახდეს. პროვოკაციების თავიდან აცილების მიზნით საქართველოს ხელისუფლებას ზომიერი განცხადებებისა და ნაბიჯებისკენ მოვუწოდებთ".