რა იწვევს წონაში სწრაფ მომატებას

რა იწვევს წონაში სწრაფ მომატებას

უამრავი მოდური დიეტა არსებობს, ეფექტური და გამართლებული კი მხოლოდ სამკურნალო, სპეციალისტის მიერ ზუსტად შერჩეული და სამედიცინო პრაქტიკაში მიღებული დიეტებია. მოდურ დიეტებთან კი, რომლებითაც მაქსიმუმ ოთხ კვირაში უნდა შეძლოთ სხეულის სრული კორექცია, სიფრთხილე გმართებთ. ასეთი დიეტების მთავარი დამახასიათებელი თვისება ისაა, რომ პრაქტიკულ შედეგს არ იძლევა, უპირველესად, იმის გამო, რომ ის აგებულია გარკვეული პროდუქტების მკაცრ შეზღუდვაზე.

ბევრს მიაჩნია, რომ ყველაზე ეფექტურია მკაცრი დიეტის დაცვა. ისეთი დიეტა, რომელიც ნახშირწყლებს გამორიცხავს, მხოლოდ წყალს გამოდევნის ორგანიზმიდან. ადამიანი, რომელიც ამ დიეტას იცავს, წონას სწრაფად კარგავს. მას უხარია, რადგან, ფიქრობს, რომ ცხიმებისგან თავისუფლდება. ცხიმები ძალიან ძნელად იწვება, მაგრამ, ძალიან სწრაფად აღიდგენს თავს – დიეტის შეწყვეტისთანავე. ასეთი მკაცრი დიეტის დასრულების შემდეგ წონას არათუ იბრუნებენ, უფრო მეტადაც კი სუქდებიან, ეს კი იმის გამო ხდება, რომ, თუ ყოველდღიურად 1 300 კალორიაზე მეტი არ მივიღეთ, ორგანიზმი თავისით გადაეწყობა კვების მკაცრ რეჟიმზე. ნივთიერებათა ცვლის პროცესი 10-30 პროცენტით ნელდება, ანუ, კალორიები ნელა იწვება. გარკვეული დროის გასვლის შემდეგ, როცა დიეტა მთავრდება, ადამიანი ისევ ჩვეულ კვების რეჟიმს უბრუნდება, ორგანიზმს კი ახალ რეჟიმზე სწრაფად გადაწყობა უჭირს და კალორიებს ისევ ნელა წვავს, რაც წონაში სწრაფი მატების მიზეზი ხდება.

არასწორი დიეტის დასრულების შემდეგ გასუქებას ისიც იწვევს, რომ ორგანიზმი შეზღუდულია კვების რეჟიმში, წვავს კალორიების მხოლოდ ნახევარს, დანარჩენს კი მარაგად ინახავს და, რაც უფრო ნაკლებ კალორიას იღებს, მით უფრო ეკონომიურად ხარჯავს მას. როგორც კი ადამიანი შიმშილს შეწყვეტს და ჭამას დაიწყებს, ჭარბად მიღებულ კალორიებს ორგანიზმის მიერ მომარაგებულიც დაემატება და, ეს, თავისთავად, ორმაგი წონის საწინდარია.

გახდომისთვის საუკეთესო გამოსავალია ჯანსაღი ცხოვრების წესი, სწორი კვება და ბევრი მოძრაობა. მიირთვით ბევრი ხილი, ბოსტნეული და მარცვლეული და აქტიურად ივარჯიშეთ.