ეკონომიკური თეორია და ქართული ეკონომიკური პოლიტიკა (მეორე ნაწილი)

ეკონომიკური თეორია და ქართული ეკონომიკური პოლიტიკა (მეორე ნაწილი)

ეს საკმაოდ დიდი შესავალი ჩავთვალე აუცილებლად, რათა მკითხველმა სათანადოდ შეაფასოს ის ეკონომიკური პოლიტიკა, რომელსაც ატარებდა საქართველო დამოუკიდებლობის მიღწევის შემდეგ და რომელიც ემყარება პირდაპირ რელიგიურ რწმენას ჩიკაგოს ეკონომიკური სკოლის გამარტივებულ და ვულგარიზებულ შეხედულებებისა. ძირითადი ამ შეხედულებებში არის მოსაზრება, რომ დაბალი გადასახადებები ცალსახად დადებითად მოქმედებს ეკონომიკურ ზრდაზე. კარგი იქნებოდა, რონ ეს მართლაც ასე იყოს. მაშინ ყველა გააუქმებდა გადასახადებს და მსოფლიოში დადგებოდა ეკონომიკური სამოთხე. მაგრამ ეს სამწუხაროდ ასე არ არის. მე არა ვარ კეინსიანელი და საერთოდ ვარ ზომიერი გადასახადების მომხრე, მაგრამ უნდა ავღნიშნო, რომ დაბალი გადასახადები კიდევ უფრო დიდი ზიანის მომტანია ეკონომიკისთვისმ ვიდრე მაღალი. მომავალ წელს, მას შემდეგ რაც საგადასახადო კოდექსში შევა ანონსირებული ცვლილებები და ბიზნესი ფაქტიურად გათავისუფლდება ყოველგვარი გადასახადისაგან, ჩვენ ამოვწურავთ ყველა შესაძლებლობას ბიზნესის სტიმულირებისა ჩიკაგოს სკოლის რეცეპტების შესაბამისად. ამის შემდეგ, როდესაც ვერ მივიღებთ ვერავითარ ხელშესახებ შედეგს, სამაგიეროდ გავიჩენთ ახალ პრობლენებს, შეიძლება დადგეს დრო, როდესაც ვიკითხავთ, რამდენად სწორი იყო ის ეკონომიკური პოლიტიკა, რომელსაც ჩვენ ვატარებდით მთელი ეს წლები, თუმცა ეს კითხვა უნდა დაგვესვა ბევრად უფრო ადრე.

განსაკუთრებით ტრაგიკომიკურობას შექმნილ ვითარებას მატებს, ის რომ მთელი ეს წლები ჩვენი მთავრობები ბიზნესის სტიმულირებასთან ერთად ცდილობდნენ გამოეყენებინათ სტიმულირების წმინდა კეინსიანური მეთოდები (ინფრასტრუქტურული პროგრამები, ადგილობრივი წარმოების ხელშეწყობა და ა.შ.), რაც ყველა სიკეთესთან ერთად არის უაღრესად სახიფათო. ჩვენ უნდა კარგად გავიგოთ, რომ საქართველოსთანა სუსტ ეკონომიკაში, რომელსაც აქვს უამრავი სტრუქტურული პრობლემა სტიმულირების კლასიკური მეთოდები, რომლებიც გათვალისწინებულია განვითარებული ეკონომიკებისთვის, არის მცირე სარგებლისა და დიდი ხიფათების მომტანი. მაგალითად, რას ნიშნავს კეინსიანური მოთხოვნის სტიმულირება საქართველოსთვის, რომელიც მთლიანად არის დამოკიდებული იმპორტზე? ეს არის უცხო ქვეყნის მრეწველობის სტიმულირება, საგარეო ვაჭრობის დეფიციტის ზრდა და შესაბამისად ფინანსური სტაბილურობის ხელყოფა. თავად კეინსი აღნიშნავდა, რომ ქვეყნები, როლემთაც არა აქვთ მრეწველობა, ვერაფერს მოიგებენ სავალუტო კურსის ვარდნით ან ეკონომიკური სტიმულირების სხვა საშუალებებით. ამიტომ ჩვენ უნდა სიფრთხილე გამოვიჩინოთ სტიმულირების კეინსიანური მეთოდების გამოყენებისასაც. მათ შორის მისაღებია, მხოლოდ ის მეთოდები, რომლებიც დაგვეხმარება ეკონომიკის სტრუქტრული ცვლილებების განხორციელებაში, მაგალითად მიმართული ადგილობრივი წარმოების დასახმარებლად.

აქ ისმის კითხვა, თუ ჩვენთვის არ არის ამ ეტაპზე მისაღები სტიმულირების კლასიკური მეთოდების გამოყენება, როგორ დავძრათ ჩვენი ეკონომიკა ამ მკვდარი წერტილიდან? ერთადერთი გამოსავალი არის უცხოური ინვესტიციების ზრდა და აქ არის ძალიან დიდი რეზერვები.

როდესაც საქართველოში საუბრობენ უცხოურ ინვესტიციებზე, გულისხმობენ პირდაპირ ინვესტიციებს და რატომღაც არასოდეს არ განიხილავენ საპორტფელო ინვესტიციებს, თუმცა ეს უკანასკნელი შეადგენს საერთაშორისო ინვესტიციების დიდ ნაწილს, 90%-ზე მეტს. აქ ალბათ უნდა განვმარტოთ, თუ რა განსხვავებაა მათ შორის. პირდაპირი ინვესტიციებს ანხორციელებს, რომელიმე კომპანია, რომელიც ქმნის საკუთარ საწარმოს, ფილიალს და ა.შ., უცხოურ ქვეყანაში და რომელსაც მართავს თავად. სულ სხვა მდგომარეობაა საპორთფელო ინვესტიციების დროს. ამ დროს უცხოელი ინვესტორი ყიდულობს ამა თუ იმ ქვეყნის ფასიან ქაღალდებს, მათ შორის საწარმოების აქციებს, მაგრამ მისი მიზანი არ არის კონტროლი დაამყაროს საწარმოზე ან მონაწილეობა მიიღოს მის მართვაში. მისი მიზანია მიიღოს მისი წილის შესაბამისი მოგება. ასე და ამრიგად, თუ ჩვენ შევძლებთ მსოფლიო ფინანსურ ბაზრებს შევთავაზოთ ახალი პროდუქტი, ქართული ფასიანი ქაღალდები, შეფუთული საერთაშორისო სტანდარტების გათვალისწინებით, ჩვენ გვაქვს დიდი შანსი, მოვძებნოთ ინვესტორი, რომელიმე ფონდი, რომელიც სპეციალისტდება მაღალრისკიან ინვესტიციებზე, და ასეთი საკმაოდ ბევრია. ზემოაღნიშნული უკვე ნათლად აჩვენებს თუ რა უპირატესობა აქვს ჩვენთვის საპორტფელო ინვესტიციებს, თუმცა აქ არის გარკვეული რისკებიც. კრიზისის შემთხვევაში უცხოელმა ინვესტორებმა შეიძლება დაიწყონ ქართული ფასიანი ქაღალდების მოშორება, რაც გამოიწვევს მათი ფასების ვარდნას. მაგრამ ეს რისკები სავსებით მისაღებია, თუ გავითვალისწინებთ იმასაც, რომ კრიზისის შემდეგ ყველაფერი უბრუნდება თავის ადგილს.

ყველაზე უფრო წინწაწეულმა ქართულმა კომპანიებმა (საქართველოს ბანკი, თი-ბი-სი) უკვე წარმატებით გადადგეს პირველი ნაბიჯები ამ მიმართულებით. სამწუხაროდ ჩვენი ბიზნესი და საზოგადოება გამოირჩევა უკიდურესი კონსერვატულობით ამ საკითხთან დაკავშირებით. გასათვალისწინებელია აგრეთვე ის სამწუხარო მდგომარეობა, რომელშიც იმყოფება ეს სფერო კანონმდებლობისა და რეგულირების თვალსაზრისით. აქ მთავრობას აქვს ძალიან დიდი სამუშაო, მაგრამ ეს სამუშაო დიდად დაფასდება ქართული ეკონომიკის პროგრესით. ფასიანი ქაღალდების ბაზრის განვითარება კარდინალურად და ხარისხობრივად შეცვლის ქვეყნის ეკონომიკას, გადაიყვანს მას სრულიად ახალ დონეზე.

საპორტფელო ინვესტიების მოზიდვის აუცილებლობა სრულიადაც არ ნიშნავს, რომ ჩვენ არ უნდა მივაქციოთ სათანადო ყურადღება პირდაპირ ინვესტიციებს, გამსაკუთრებით პირდაპირ ინვესტიციებს ნრეწველობაში. აქ არის ბევრი რამ გასაუმჯობესებელი. რომ უფრო კარგად წარმოვაჩინო ამ პრობლემასთან დაკავშირებული ზოგიერთი საკითხი, მივმართავ ჟანრის კლასიკას. ლი ქუან უ, სინგაპურის პრემიერ-მინისტრი, თავის მემუარებში მრავალჯერ ეხება ამ საკითხს. რადგამ სინგაპური არის მცირე ქვეყანა მცირე ბაზრით,მის მეზობელ დიდ ქვეყნებს, ინდონეზიასა და მალაიზიას, ჰქონდა უზარმაზარი კონკურენტული უპირატესობა ინვესტორების თვალში. ამ უპირატესობის დასაძლევად ჩვენ უნდა შეგვეთავაზებინა ინვესტორებისათვის იდეალური პირობები-იხსენებდა ლი ქუან უ. ინვესტორებს სთავაზობდნენ თანამონაწილეობისა და ინვესტიციების პროგრამებს, ყოველ ინვესტორზე მიმაგრებული იყო მაღალი რანგის ჩინოვნიკი შესაბანისი უწყებიდან, რომელსაც ჰქონდა პირდაპირი წვდომა პრემიერ-მინისტრთან და რომელიც ეხმარებოდა ინვესტორს მოეგვარებინა ყველა მისი პრობლემა. სინგაპურის საელჩოს თანამშრომლები, რომლებიც იყვნენ პასუხისმგებელი ინვესტიციების მოზიდვაზე, წელიწადში აკეთებდნენ ასობით ვიზიტს ამ ქვეყნის კომპანიებში, რომლის დროსაც ისინი სთავაზობდნენ განეხორციელებინათ ინვესტიციები სინგაპურში. დაახლოებით ორმოცდაათი ვიზიტიდან ერთი გამოდიოდა წარმატებული. ვფიქრობ, მკითხველს შეუძლია გააკეთოს შესაბამისი შედარებები.

მიუხედავად იმ მნიშვნელობისა, რაც ენიჭება უცხოურ ინვესტიციებს დღევანდელი ქართული ეკონომიკისთვის, ისინი არ უნდა განვიხილოთ ერთადერთ პანაცეად ეკონომიკური ზრდისთვის. უფრო მეტიც, თუ ჩვენ ვერ შევძლებთ განვახორციელოთ სტრუქტურული ცვლილებები ქართულ ეკონომიკაში, შევცვალოთ ჩვენი ეკონომიკური მოდელი და ჩვენი ეკონომიკური პარადიგმა, მოვახდინოთ ფინანსური სისტემის დედოლარიზაცია, გავაუმჯობესოთ განათლების სისტემა, ავამაღლოთ ჩვენი სახელმწიფო აპარატის კომპეტენტურობა, უცხოური ინვესტიციების ეფექტურობა შეიძლება აღმოჩნდეს მოსალოდნელზე ბევრად დაბალი. ამის მაგალითია ის 5.5 მილიარდი დოლარი, რომელიც საქართველომ მიიღო 2008 წლის შემდეგ, რომელიც დაიხარჯა სრულიად უნიჭოდ, ისე რომ არავითარი კვალი არ დაატყო ქართულ ეკონომიკაზე, თუმცა კარგი მთავრობის ხელში ამ ფულს შეეძლო გადაეყვანა ქვეყანა განვითარების სულ სხვა დონეზე.

უმთავრესი ამოცანა არის ჩამოვყალიბდეთ, თუ როგორი უნდა იყოს ქართული ეკონომიკური მოდელი. როგორც კარგ არქიტექტორს მშენებლობის დაწყებამდე აქვს ნათელი წარმოდგენა თუ როგორი იქნება მისი ქმნილება, ეკონომიკური პოლიტიკის შემოქმედსაც უნდა კარგად ჰქონდეს წარმოდგენილი, თუ როგორი უნდა იყოს ეკონომიკური მოდელი, მწყობრი და ჰარმონიული,რომლის ფარგლებშიც ის შეძლებს გაატაროს თანმიმდევრული ეკონომიკური პოლიტიკა. არ შეიძლება დაუფიქრებლად და სპონტანურად დავნერგოთ სხვადასხვა ქვეყნის გამოცდილება, მით უმეტეს თუ ისინი არ არიან თავსებადი. მაგრამ ეს უკვე სხვა საუბრის თემაა.