ადამიანის მადა ხშირად კუჭის ზომაზეა დამოკიდებული. კარგი მადის მქონე ადამიანებს ეს ორგანო დღითი დღე ეზრდებათ და, შესაბამისად, უფრო და უფრო მეტი საჭმელი სჭირდებათ დასანაყრებლად.
იმისთვის, რომ კუჭი ზედმეტად არ გააღიზიანოთ და საჭმლის მომნელებელი ფერმენტების გამოყოფა შეამციროთ, იკვებეთ ხშირად და მცირე ულუფებით. სადილი და ვახშამი ერთსა და იმავე დროს მიირთვით, რადგან, ამით კუჭი მიეჩვევა, საჭმლის მომნელებელი წვენი მხოლოდ მაშინ გამოყოს, როცა ის ნამდვილად საჭიროა. სადილამდე ერთი საათით ადრე დალიეთ ერთი ჭიქა გაზგასული მინერალური წყალი – ის მდიდარია ტუტე ლითონებით და მათი მარილებით და, ამიტომ, ის ბლოკავს კუჭის წვენის სეკრეციას, რაც ამცირებს შიმშილის შეგრძნებას. ასევე, რაც უფრო დიდხანს გრძელდება საჭმლის მიღების პროცესი, მით მეტად ძლიერდება დანაყრების გრძნობა. არ დაგავიწყდეთ, უნდა ჭამოთ მშვიდად და აუჩქარებლად – ამ დროს დასანაყრებლად გაცილებით ნაკლები კალორია გყოფნით.
მოერიდეთ გაზიან და ტკბილ სასმელებს – ისინი პირის ღრუს და კუჭის ლორწოვან გარსს აღიზიანებს და შიმშილის გრძნობას იწვევს. ცარიელ კუჭზე მიღებული მლაშე საჭმელი კი, მწნილი იქნება ეს თუ მცენარეული სალათები, ზრდის მადას. ამიტომ, უმჯობესია, ჯერ მთავარი კერძი მიირთვათ და ზემოთ ნახსენები საკვები შემდეგ დააყოლოთ.
შიმშილის ცენტრს სისხლში არსებული გლუკოზა აღიზიანებს და მადის სიძლიერესაც ეს ფაქტორი განაპირობებს. ეცადეთ, გვიან საღამოს არ ჭამოთ ტკბილეული, ცომეული და მსუყე საკვები, განსაკუთრებით – ნამცხვარი, შოკოლადი, თაფლი, მურაბა და არ დალიოთ ტკბილი წვენები.