არასამთავრობო ორგანიზაციების მიმართვა საქართველოს პოლიტიკური ძალების და საზოგადოებისადმი

არასამთავრობო ორგანიზაციების მიმართვა საქართველოს პოლიტიკური ძალების და საზოგადოებისადმი

საქართველოში არსებული სოციალურ-ეკონომიკური და პოლიტიკური ვითარება უკიდურესად მძიმეა. მასობრივად ირღვევა ადამიანის ძირითადი უფლებები. სიტყვის თავისუფლების შეზღუდვის, ინფორმაციის საშუალებათა უზურპაციის, ელიტარული კორუფციის, პოლიტიკურად მოტივირებული სასამართლო პრაქტიკის, ოპოზიციური აზრის დევნისა და სხვა ფაქტები ყოველდღიურ რეალობად იქცა. კატასტროფულად იმატა პოლიტიკურ და უკანონო პატიმართა რიცხვმა. მნიშვნელოვანია, რომ ამ პრობლემებს საერთაშორისო თანამეგობრობაც ადეკვატურად აფასებს, რაც სრულად აისახა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშში, აგრეთვე, უფლებადამცველი საერთაშორისო ორგანიზაციების ანგარიშებში.

შექმნილ ვითარებაში გამოსავალი იქნება ხელისუფლების გადაცემა დემოკრატიული არჩევნების გზით, რასაც წინ უნდა უძღოდეს საარჩევნო გარემოს შეცვლა. Aამისი გადაუდებელი საჭიროება თავისი ხელმოწერით დაადასტურა 130 ათასმა მოქალაქემ, რაც საარჩევნო გარემოს შეცვლის მომხრეთა არასრული რაოდენობაა.

საარჩევნო გარემოს შეცვლის მოთხოვნით ერთ ჯგუფში გაერთიანებულ პოლიტიკურ პარტიათა («რვიანი») მოლაპარაკებები ხელისუფლებასთან ჩიხში შევიდა, რაც პოლიტიკურ ძალთა ნაწილს საფუძველს აძლევს, ეჭვქვეშ დააყენოს ასეთი მოლაპარაკებების წარმატების პერსპექტივა და ვითარების შეცვლის ერთადერთ გზად მოვლენათა რევოლუციური განვითარება მიიჩნიოს.

არ შეიძლება არ გაიზიარო ქვეყანაში შექმნილი სავალალო ვითარების შეფასებები, რომელსაც ეყრდნობა ბრძოლის რადიკალური მეთოდების მხარდამჭერი საზოგადოება.

ამასთანავე, ვაცნობიერებთ, რომ დაგროვილი უკმაყოფილება ნებისმიერ დროს შეიძლება გადაიზარდოს სამოქალაქო დაპირისპირებაში, რაც სერიოზულ გამოწვევად იქცევა არა მარტო ქვეყნის, არამედ რეგიონალური და საერთო-ევროპული სტაბილურობისათვის.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ჩვენ ვითხოვთ სამართლიან საარჩევნო გარემოში საქართველოს მოსახლეობის მიერ თავისუფალი პოლიტიკური ნების გამოვლენის უფლებას, რისი აუცილებელი პირობებიცაა:

ამომრჩეველთა რეალური რაოდენობის დადგენა.

სამართლიანი საარჩევნო კოდექსის მიღება. საარჩევნო კოდექსის მოთხოვნათა დაცულობის კონსტიტუციური გარანტია. ძალოვანი სტრუქტურების დეპოლიტიზაცია და საარჩევნო პროცესებში მათი ჩაურევლობა. სასამართლო სისტემის დეპოლიტიზაცია. მედიისა და ბიზნესის გათავისუფლება სახელისუფლებო წნეხისაგან. არჩევნების პროცესში მმართველი პარტიის მიერ ადმინისტრაციული და საბიუჯეტო რესურსების გამოყენების აკრძალვის რეალური მექანიზმების შექმნა.

მივმართავთ საარჩევნო გარემოს გაუმჯობესების პროცესში მონაწილე ყველა პოლიტიკურ ძალას, უპირველეს ყოვლისა, ხელისუფლებას:

გადაუდებლად განაახლონ საარჩევნო გარემოზე მომუშავე ჯგუფის შეხვედრები, რათა წინასწარგანსაზღვრულ ვადაში _ მაისის ბოლომდე _ მოხდეს შეთანხმება ყველა პრინციპულ საკითხზე, ხოლო პარლამენტის საშემოდგომო სესიაზე უზრუნველყოფილ იქნეს მათი დამტკიცება. 

მხარეებმა უზრუნველყონ მოლაპარაკებების პროცესის მაქსიმალური გამჭვირვალობა.ხაზგასმით უნდა ითქვას, რომ მოლაპარაკებათა პროცესის გაჭიანურებამ და დიალოგის რესურსის ამოწურვამ დღეს ქვეყანაში არსებული უკიდურესად დამძიმებული სოციალური ფონის პირობებში, შესაძლებელია, გამოიწვიოს ისეთი პროცესები, რომლებიც რეალური საფრთხის ქვეშ დააყენებს ჩვენს სახელმწიფოებრიობას.

აშკარად გამოკვეთილი, უპრეცედენტო საერთაშორისო მხარდაჭერის პირობებში, მიგვაჩნია, რომ უკლებლივ ყველა ოპოზიციურმა ძალამ, საქართველოს საზოგადოებამ კონსტიტუციით მინიჭებული ყველა უფლების გამოყენებით მხარი უნდა დაუჭიროს სამართლიანი საარჩევნო გარემოს შექმნის მოთხოვნას.

უნდა გვახსოვდეს, რომ სამართლიანი საარჩევნო გარემოს შექმნა, პირველ რიგში, ხელისუფლების ვალდებულებაა და ეს საკითხი უნდა განისაზღვრებოდეს სახელმწიფოებრიობის განვითარების აუცილებლობითა და საზოგადოების ინტერესების გათვალისწინებით.

«ქართული აკადემია»

«ყოფილი პოლიტპატიმრები ადამიანის უფლებებისათვის»

სამოქალაქო მოძრაობა «სოლიდარობა უკანონო პატიმრებს»

«კონფლიქტებისა და მოლაპარაკებების კვლევის ცენტრი»

«ადვოკატთა ასოციაცია»

«ლევან მიქელაძის ფონდი»

«კავკასიელ ქალთა კვლევისა და კონსულტაციის ქსელი»

«გადაარჩინე სიცოცხლე»

«მრავალეროვანი საქართველო»  

«სტრატეგიული გამოკვლევების ცენტრი»

«პოლიტტექნოლოგიებისა და კვლევის ცენტრი»

«სამხედრო მოსამსახურეთა უფლებათა დაცვის ცენტრი»

«ეთნიკურ და კონფესიურ ურთიერთობათა ცენტრი»

«კავკასიის საზოგადოებრივ სტრატეგიათა ინსტიტუტი» 

«სოლიდარობა განათლებული საქართველოსთვის»

«ადამიანის უფლებათა დაცვის ცენტრი»

«ჰელსინკის მოქალაქეთა ასამბლეის საქართველოს ეროვნული კომიტეტი»

«ასოციაცია სამართალი და თავისუფლება»

«რეგიონული განვითარების ცენტრი»

«ქალთა ლაშქარი»

«სამოქალაქო კულტურის საერთაშორისო ცენტრი» 

«საქართველოს მეცნიერ ქალთა ასოციაცია»

«სოციალურად დაუცველთა კავშირი»

«კავშირი 21-ე საუკუნე» 

«კოალიცია სამოქალაქო განვითარებისათვის»

«სახალხო დიპლომატიის კავკასიური ცენტრი»

«თავისუფალი არჩევანი»

«ჯანმრთელი სამყარო»

«ქალები საუნივერსიტეტო განათლებით»

«ახალგაზრდა ოჯახთა დახმარების კავშირი»

სათემო-სამეზობლო ორგანიზაცია «ახალი ოჯახები»

157-ე ბაგა-ბაღთან არსებული დევნილთა საბჭო

ქალთა გაჯანსაღების ფონდი

სოციალური სახლი «სტიქიით დაზარალებულები»

სოციალური სახლი «დედე»

 

1. ნაირა გელაშვილი

2. მიხეილ ნანეიშვილი

3. სოსო ცისკარიშვილი

4. ზაზა ფირალიშვილი

5. ზაზა შათირიშვილი

6. გია ვოლსკი

7. ზვიად ქორიძე

8. მანანა კობახიძე

9. ზაალ ანჯაფარიძე

10. ნათელა სახოკია

           (ხელმოწერები გრძელდება)                                        16 მაისი, 2011 წელი