„ურბან ლენდ ინსტიტუტისა“ და „პრაის უოტერჰაუს კუპერსის“ მიერ მომზადებული გამოკვლევის თანახმად, რომელსაც სახელად „ევროპული უძრავი ქონების ბაზრის ახალი ტენდენციები – 2016“ ეწოდება და რომელიც 600-ზე მეტი ავტორიტეტული ექსპერტის აზრის გათვალისწინებით შეიქმნა, ინვესტირებისა და დეველოპმენტისთვის ყველაზე მიმზიდველი ქვეყანა დღესდღეობით გერმანიაა.
ეს უპირველესად, გერმანული ეკონომიკის საერთო მდგომარეობითაა განპირობებული. გერმანულ ქალაქებს შორის ყველაზე მიმზიდველად მიუნხენი და ჰამბურგი სახელდება.
გამოკვლევაში განსაკუთრებული ყურადღება მახვილდება სექტორში არსებული დავალიანების მასობრივი რეფინანსირების პრობლემაზე, რომლის მასშტაბებმაც უკვე ასეულობით მილიარდ ევროს მიაღწია. პრობლემაა ისიც, რომ როგორც მოელიან, წამყვანი ევროპული ქვეყნების მთავრობები უახლოეს პერიოდში უარს იტყვიან ეკონომიკის სახელმწიფო ფინანსებით მხარდაჭერის პროგრამებზე.
უძრავი ქონების სექტორიდან ფინანსების გადინებამ შესაძლოა, ევროპული ქვეყნების ეკონომიკის აღდგენის პროცესი მნიშვნელოვნად შეაფერხოს და ახალი ვარდნაც კი გამოიწვიოს, – ასკვნიან გამოკვლევის ავტორები. მიუხედავად პესიმიზმისა, მიმომხილველთა ნაწილი აცხადებს, რომ 2016 წელს ფრთხილი ოპტიმიზმის საფუძველი მაინც გაჩნდა.