„ჩვენი უნივერსიტეტები არ ფიქრობენ, რა შეეძლებათ 5-10-20 წლის შემდეგ“

„ჩვენი უნივერსიტეტები არ ფიქრობენ, რა შეეძლებათ 5-10-20 წლის შემდეგ“

განათლების სფეროს სპეციალიტების უკმაყოფილებას იწვევს ის ფაქტი, რომ დღემდე არც ერთი ქართული უნივერსიტეტი მსოფლიო რეიტინგის 700-ეულშიც კი არ შედის. პრობლემებია განათლების ხარისხშიც, აკადემიურ პერსონალშიც და იმაშიც, რომ ჩვენში ნაკლები ყურადღება ეთმობა მეცნიერების დონის გაუმჯობესებას.

როგორც პოლიტოლოგი და ბლოგერი გიორგი ცხადაია აცხადებს, ქართულ რეალობაში განათლებასა და მეცნიერებას შორის კავშირი ყოველთვის ცხადი არ იყო. ამის მიზეზი, სულ მცირე, ის გახლდათ, რომ საბჭოთა კავშირმა და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებმა თავის დროზე აიღეს უმაღლესი განათლების ფრანგული მოდელი (რომელიც ძირითადად მე-18 საუკუნეში ჩამოყალიბდა), სადაც სწავლება და კვლევა ერთმანეთისგან ფორმალურად განცალკევებული იყო.

დასავლეთის დანარჩენმა ქვეყნებმა კი ძირითადად გერმანული, ე.წ. ვილჰელმ ფონ ჰუმბოლდტის მოდელი გაიზიარეს. მე-19 საუკუნის ამ გერმანელმა ფილოსოფოსმა და საჯარო მოღვაწემ შექმნა უმაღლესი განათლების მოდელი, რომელშიც განათლება და კვლევა გაერთიანებულია და ეს მოდელი განსაკუთრებით პოპულარულია აშშ-ში, სადაც, ფაქტობრივად, ყველა ცნობილი უნივერსიტეტი სწორედ კვლევით უნივერსიტეტს წარმოადგენს და არა- სასწავლო უნივერსიტეტს.

მოგვიანებით ქართული უმაღლესი განათლების სისტემა დაუახლოვდა ჰუმბოლდტის მოდელს და დაშორდა ფრანგულ მოდელს. ამ მხრივ მთავარი ცვლილება სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტების უნივერსიტეტებისთვის მიერთებას უკავშირდებოდა. ამდენად, დღეისთვის ჩვენ უფრო მეტად შერეული სისტემა გვაქვს, თუმცა ერთი ან მეორე სისტემის სრულად გადმოღება ამ გლობალიზებულ გარემოში თავისთავადი სიკეთე ვერ იქნება.

საქართველოს სხვა უნივერსიტეტებისგან განსხვავებით, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ამაყობენ იმით, რომ აკადემიური აქტივობის მიხედვით, უნივერსიტეტების რანჟირების ((University Ranking by Academic Performance (URAP)) რეიტინგებში თსუ მსოფლიო 1000 საუკეთესო უნივერსიტეტს შორის მოხვდა და 985-ე ადგილი დაიკავა. ამ რეიტინგმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ თსუ მთელს კავკასიაში ლიდერი საგანმანათლებლო დაწესებულებაა. 

ამავე მონაცემების თანახმად, მსოფლიოს 23887 უნივერსიტეტს შორის თსუ საუკეთესო  5%-ში, ხოლო ევროპის 4000 უნივერსიტეტიდან საუკეთესო - 10%-შია. ყოფილი საბჭოთა კავშირის მასშტაბით უნივერსიტეტებს შორის თსუ იკავებს მეშვიდე პოზიციას ლომონოსოვის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის, ტარტუს, სანქტ-პეტერბურგის სახელმწიფო, ვილნიუსის, ნოვოსიბირსკის სახელმწიფო და მოსკოვის საინჟინრო ფიზიკის უნივერსიტეტების შემდეგ.

რაც შეეხება 2015 წლის სექტემბერში გამოქვეყნებულ მონაცემებს, თსუ-მ კავკასიის რეგიონში ლიდერის პოზიცია შეინარჩუნა, მან მსოფლიო უნივერსიტეტების რეიტინგში 2006-ე ადგილიდან 830-ზე, ხოლო ევროპულ უმაღლეს სასწავლებლებში 714-დან 349-ზე გადაინაცვლა.

აღსანიშნავია, რომ მსოფლიო უნივერსიტეტებს შორის ამერიკის უმაღლესი სასწავლებლები კვლავაც უპირობო ლიდერობას ინარჩუნებენ და  უცვლელია მსოფლიოს უნივერსიტეტების რეიტინგის პირველი ხუთეულიც: ჰარვარდის უნივერსიტეტი; მასაჩუსეტსის ტექნოლოგიის ინსტიტუტი; სტენფორდის უნივერსიტეტი; კალიფორნიის ბერკლის უნივერსიტეტი; კორნელის უნივერსიტეტი.

ევროპის უნივერსიტეტებში კი საუკეთესო უმაღლესი სასწავლებლების პირველი ხუთეული ასე გამოიყურება: ოქსფორდის უნივერსიტეტი; კემბრიჯის უნივერსიტეტი; ციურიხის ფედერალური ტექნოლოგიური ინსტიტუტი; ლონდონის უნივერსიტეტი; ედინბურგის უნივერსიტეტი.

რატომ არ შედის არც ერთი ქართული უნივერსიტეტი მსოფლიო რეიტინგის 700-ეულში?!

ექსპერტი განათლების საკითხებში სიმონ ჯანაშია For.ge-სთან საუბარში აცხადებს, რომ რაც არ უნდა ვეცადოთ, საერთაშორისო რეიტინგებით ვერანაირად ვერ გავიუმჯობესებთ მდგომარეობას, თუ ვიღაცამ არ გაიუარესა საკუთარი უნივერსიტეტის წარმადობა; ანუ მარტივად რომ ვთქვათ, ამ რეიტინგებით საქართველოს უნივერსიტეტი წინ ვერ წავა, თუკი სხვა ქვეყნის უნივერსიტეტი არ ჩამოგვრჩა. ამდენად, რეიტინგები განათლების ხარისხის მთავარი განმსაზღვრელი ვერ იქნება, რადგან რეიტინგები ძირითადად ეფუძნება უნივერსიტეტებში არსებულ რესურსებს და არა მაინცდამაინც ამ უნივერსიტეტების რეალურ წარმადობას. ეს რეიტინგები არ ითვალისწინებს იმასაც, თუ რამდენად პასუხობენ უნივერსიტეტები მათ წინაშე ადგილობრივად დასმულ ამოცანას.

„რეალურად, პრობლემები ჩვენს უნივერსიტეტებს მართლაც აქვთ: პირველი პრობლემაა, რომ სამეცნიერო წარმადობა დაბალია, ანუ უნივერსიტეტების მიერ ნაწარმოები პუბლიკაციების რაოდენობა მცირეა. ამის მიზეზია ის, რომ თავის დროზე ჩვენი სამეცნიერო სფერო გაიყო და ის მოაცილეს უმაღლეს განათლებას. ახლა კი სამეცნიერო ინსტიტუტებისა და უნივერსიტეტების ინტეგრირების პროცესი მიმდინარეობს. მეორე პრობლემაა საერთაშორისო პუბლიკაციების ძალზე მცირე რაოდენობა. გარდა ამისა, უნივერსიტეტების რეიტინიგები ისეთ ფაქტორებსაც მოიცავს, როგორიცაა, მაგალითად, ნობელის პრემიის ლაურეატის არსებობა. ასეთი ლაურეატები ჯერჯერობით არ გვყავს საქართველოში და უნივერსიტეტებში არ არის დასაქმებული ასეთი პროფესურა. ასევე, ზოგიერთი რეიტინგი ითვალისწინებს იმასაც, სხვა უნივერსიტეტები იცნობენ თუ არა ჩვენს უნივერსიტეტს. ასეთი კავშირებიც ჯერ ძალზე ცოტაა. საქართველოს საუნივერსიტეტო სივრცის ერთ-ერთი პრობლემა ისიცაა, რომ საქართველოში არსებული რესურსები ძალზე ბევრ უნივერსიტეტშია გაფანტული. ეს რომ იყოს კონცენტრირებული რამდენიმე უნივერსიტეტში, მაშინ შედარებით უკეთესი ხარისხის განათლების მიღება იქნებოდა შესაძლებელი. ცხადია, ერთდროულად ბევრ უნივერსიტეტში მომუშავე პროფესურა ვერ ახერხებს კვლევაზე კონცენტრირებას, პროფესურა მუშაობს თავისი ხელფასისთვის და იმისთვის, რომ ვიღაცას ცოდნა გადასცეს. უფრო მეტად განვითარებისთვის კი მათ დრო აღარ რჩებათ“,-აღნიშნავს სიმონ ჯანაშია.

ამის მიუხედავად, ექსპერტი თვლის, რომ განათლების დონე ჩვენს უნივერსიტეტებში არ დაცემულა და დღეს უკეთეს განათლებას იძენს მომავალი თაობა, ვიდრე 30 წლის წინ. ეს შეგვიძლია ვნახოთ იმის საფუძველზეც, თუ რომელ სახელმძღვანელოს იყენებენ, რა რესურსებზე აქვთ ხელმისაწვდომობა, ვინ არიან პროფესორები, აქვთ თუ არა მათ საერთაშორისო ცოდნა და სად აქვთ მიღებული განათლება.

„არსებობს სხვადასხვა ტიპის რეიტინგი. ზოგიერთი მათგანი მხოლოდ ნებისმიერი პუბლიკაციის რაოდენობას ასახავს. კერძოდ, თუ რომელიმე ქართული უნივერსიტეტი ინტერნეტში განათავსებს ათასობით სრულიად უაზრო დოკუმენტს, ის ამ რეიტინგებში აისახება. თუმცა, ცხადია, განათლების ხარისხზე ეს ვერ იმოქმედებს. ასე რომ, ეს რეიტინგები, ერთი მხრივ, ხელოვნურია, მეორე მხრივ, ქმნის შთაბეჭდილებას, რომ უნივერსიტეტი ყველა ქვეყანაში, ყველა საზოგადოებაში ერთსა და იმავე საქმეს ემსახურება, რაც სწორი არ არის. სამწუხაროდ, ჩვენში ძალზე ცოტა ფინანსური რესურსი იხარჯება უმაღლეს განათლებაზე როგორც სახელმწიფოს, ისე საზოგადოების მხრიდან. უნივერსიტეტები მთლიანად კონცენტრირებულნი არიან დღევანდელი პრობლემების გადაწყვეტაზე და არ ფიქრობენ, სტრატეგიულად რა შეეძლებათ 5-10-20 წლის შემდეგ. ჩვენში ჰუმბოლდტის მოდელი უმაღლესი განათლების რეფორმამდეც არსებობდა. ახლა კი ჩვენ უფრო დავუახლოვდით ანგლო-საქსურ მოდელს, ანუ ისეთ მოდელს, რომელიც დიდ ბრიტანეთსა და ამერიკაშია დანერგილი სწავლების საფეხურების თვალსაზრისით. ჰუმბოლდტის მოდელს კი დავუახლოვდით იმით, რომ კვლევა და სწავლება გაერთიანდა“.

თსუ-ის ასოცირებული პროფესორი, ფსიქოლოგი მანანა მელიქიშვილი For.ge-სთან საუბარში აცხადებს, რომ 2015 წელს მსოფლიოს ათას საუკეთესო უნივერსიტეტს შორის 985-ე ადგილზე მოხვდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, რაც პროფესორებს რექტორმა ლადო პაპავამ ახარა. ამას ემატება ისიც, რომ ჩვენი უნივერსიტეტის ბევრი მეცნიერი უცხოეთში აღიარებული და მაღალი რეიტინგის მქონეა. თუმცა. გასათვალისწინებელია ისიც, რომ საქართველოს განათლების სისტემაში სიახლე შემოდის და ამ ახალს სჭირდება დახვედრა, მორგება, პროფესურის მოსაზრებების ცვლილება, სიახლის მიმართ შეგუება.

„მე მაინც ვფიქრობ, რომ შესაძლოა, საქართველოსთვის სჯობდეს განათლების შერეული მოდელი. თუმცა ნებისმიერი მოდელის ადაპტირება უნდა მოხდეს ჩვენი ქვეყნის კულტურული თავისებურებებიდან გამომდინარე. ამიტომ მექანიკურად არაფერი არ უნდა გადმოვიტანოთ. სტუდენტებს როცა ვეკითხები, რამდენად არიან კმაყოფილნი პედაგოგებით, 90 %-ის შემთხვევაში, კმაყოფილებას გამოხატავენ. გამონაკლისი, ალბათ, ყველგანაა. ამჯერად სხვა უნივერსიტეტებთან ნაკლები კონტაქტი მაქვს, მაგრამ ვფიქრობ, ყველა უნივერსიტეტი, მათ შორის, კერძო უმაღლესი სასწავლებელიც, უნდა ცდილობდეს, რაღაც პოზიტიური გააკეთოს თუნდაც იმისთვის, რომ მიიზიდოს სტუდენტები. მით უმეტეს, არაჩვეულებრივი სტუდენტები გვყავს, თავისი კოგნიტური შესაძლებლობით, ინტერესითა და სწავლის მოტივაციით. მათ კარგად აქვთ გაცნობიერებული, რომ მათი მომავალი ცოდნაზეა დამოკიდებული და არა- ჩაწყობასა და ვიღაცასთან მეგობრობაზე“, - აცხადებს მანანა მელიქიშვილი და ადასტურებს, რომ იდეალურ სიტუაციამდე შორია, რადგან სრულიად მოუწყობელია მატერიალურ-ტექნიკური ბაზა, ქართულ ენაზე ისეთი სიხშირით არ ითარგმნება სახელმძღვანელოები, როგორც საჭიროა, რადგან თარგმანიც თანხებთანაა დაკავშირებული.