რუსის გენერალი, ჟორა შავგულიძე და სხვები

რუსის გენერალი, ჟორა შავგულიძე და სხვები

თანამედროვე ეპოქისაგან განსხვავებით, წინა საუკუნის დასაწყისში და შუაში მას-მედიის საშუალებები შედარებით ნაკლებად განვითარებული იყო, ამიტომ ამჟამინდელ თაობას წარსულის თანამემამულე აქტიორებზე ნაკლები ინფორმაციები გააჩნია. ეს ვაკუუმი ძირითადად იმ პერიოდიდან შემორჩენილი მოგონებებით ივსება. დღევანდელ წერილში რამდენიმე ათეული წლით უკან მინდა რომ დავბრუნდე და იმდროინდელ ქართულ თეატრალურ სამყაროში გახმაურებული რამდენიმე კურიოზი გავიხსენო.

რეჟისორი გუგული მგელაძე იხსენებდა:

“მე და ჟენია მორგუნოვი ყოველ ხუთშაბათს, “სანდუნოვის” აბანოში დავდიოდით. ეს ხუთშაბათიც არ იყო გამონაკლისი. ჯერ ორთქლის აბაზანები მივიღეთ, მერე საერთო განყოფილებაში “მექისეობას” ვუწევდით ერთმანეთს.

შეუხედავი პატარა კაცი ჩვენს გვერდით მოკალათდა თავისი ტაშტით და ის-ის იყო, ნახევრადმელოტი თავის გასაპვნას აპირებდა, ჟენიამ არ აცალა და შეუტია:

- აბა, წადი აქედან, აქ ორი კაცის ადგილია. იქეთ თავისუფალი ადგილია.

- ბიჭებო, მე ხელს არ შეგიშლით, იქ უბერავს.

- წადი, წადი – თავისას არ იშლიდა მორგუნოვი. შეუხედავ პატარა კაცს წინააღმდეგობა არ გაუწევია, თავისი ტაშტი აიღო და წავიდა.

გასახდელში თეთრ, ქათქათა ზეწრებში გახვეულნი, უცებ ადგილზე გავშრით. შეუხედავი კაცი გენერლის მუნდირის უკანასკნელ ღილს იკრავდა. აბანოს ორი თანამშრომელი კი თვალებში შესციცინებდა. ერთს ხელში ბუტერბროდიანი თეფში ეჭირა, მეორეს კი ლუდიანი კათხა. გენერალს მთელი გულ-მკერდი ორდენებითა და მედლებით ჰქონდა მოფენილი. მორგუნოვს და მე ენა დაგვება.

- ბოდიშის მოხდაა საჭირო, - ვთქვი მე.

- ნამდვილად, - დამეთანხმა მორგუნოვი და გენერალს მიუახლოვდა.

გენერალი მორგუნოვს თითქოს ვერ ამჩნევდა, მხრებში გასწორდა, ზურგი შეაქცია და ამაყად გასწია გასასვლელისკენ, “

გიორგი შავგულიძის მეუღლე ლიზა ვაჩნაძე იგონებდა:

“ერთ ორშაბათს (თეატრის უქმე დღეს), დილით, ძალიან ვიჩხუბეთ მე და ჟორამ. საჩქაროდ ჩავიცვი და გავედი სახლიდან. ისე ვიყავი გაბრაზებული, საღამომდე ამხანაგთან დავრჩი. კარგა მოგვიანებით დავბრუნდი სახლში იმ იმედით, რომ ჟორა არ დამხვდებოდა. მეც უკვე გადამიარა გაბრაზებამ. შევაღე კარი და ვხედავ, ტახტზე ზის ვიღაც უშნო, აყლარწული, უცნაურად გამოწყობილი და შეღებილი ქალი შლაპით. რომ შევედი, ფეხზე წამოდგა, მომეხვია და საოცარი ნაზი ხმით მითხრა: “ოო, დარაგაია, ნაკანეც.”

ჟორა ჩემს ტანსაცმელში იყო გამოწყობილი, ხოლო ფეხზე თავისი ფეხსაცმელი ეცვა, რაც უფრო აუშნოვებდა, ტუჩები საშინლად ჰქონდა წითლად შეღებილი. უფრო სასაცილოს ვერაფერს ნახავდით. როგორ არ დაეზარა ამდენი ხანი ჯდომა და ლოდინი, მით უმეტეს, რომ არ იცოდა, როდის მივიდოდი. აი, ასე იცოდა განიარაღება, ვინც არ უნდა ყოფილიყო ჩვენში დამნაშავე. საერთოდ, ასეთი “მასკარადების” მოწყობა უყვარდა. ამით თვითონაც ერთობოდა და ჩვენც.”

ერთ წელს მარჯანიშვილის თეატრში პარტიული კომიტეტის მდივნად აირჩიეს მსახიობი თამარ თეთრაძე. თუმცა ეს ამბავი სანდრო ჟორჟოლიანის გარდა არავის გაკვირვებია და არჩევის მიზეზი თვით თამარს ჰკითხა. მან კი უპასუხა, ვითომ ვერ შევძლებ? ამის შესახებ სანდრომ ძველი თაობის წარმომადგენელს, ფრიად ინტელიგენტური გარეგნობის მსახიობს ზაქრო გომელაურსაც ჰკითხა. ზაქრო კი სანდროს ეუბნება:

- მე რაღაც კი გავიგე, მაგრამ შვილს გაფიცებ, არავის უთხრა. არ მინდა, ჩემს, ნათქვამად გავრცელდეს. ისე კი ბევრმა იცის.

- არა, ღმერთმანი, არაფერს ვიტყვი.

- შენ რომ მენშევიკი იყავი, თუ იცოდა ვინმემ თეატრში, ან თამარმა თუ იცოდა?

- რას სულელობ, ყაზახო, მაგი რა მოსატანია? – ჯერ შეშფოთდა სანდრო, შემდეგ კი გაბრაზდა.

- მე რა შუაში ვარ მერე?

- ამბობენ, ყოფილი მენშევიკები უნდა გადაასახლონო, გაიგე?

- ტყუილია მაგი! – ფერმა გადაჰკრა ბატონ სანდროს.

- ამ დღეებში, ალბათ, პარტიის ღია კრებაზე იმსჯელებენ შენს შესახებ. გირჩევ, იმ ქალთან გამონახო საერთო ენა. თუმცა, ყველა ამბობს, რომ შენზე ნაწყენი ყოფილა!

ამასობაში თამარს ყველაფერი გააგებინეს. სანდრომ კი, როცა გაიგო, რომ მის საკითხს კრებაზე არ განვიხილავთო, მეტად კმაყოფილი დარჩა. შემდეგ თამარს ყოველ შეხვედრაზე ან ქათინაურს ეუბნებოდა, ან ხელზე კოცნიდა, ხოლო ზაქრო გომელაურზე ამბობდა, როგორ დავუჯერე იმ ყიამყრალ ყაზახს ასეთი სისულელეო.

მსახიობი გოგუცა კუპრაშვილი იხსენებდა:

“1926-27 წლის სეზონში რამდენიმე კურსდამთავრებული გამოგვიძახეს და რუსთაველის სახელობის თეატრის დასში ჩაგვრიცხეს. ერთ დღეს, დილით, რეპეტიციაზე დანიშნულ დროს გამოვცხადდი. შესვლისთანავე მომესმა სანდრო ახმეტელის საშინელი ყვირილი. ახლოს როგორ გავბედავდი მისვლას და შორიდან შევავლე თვალი. მთელი დასი თავჩაღუნული იდგა. ზოგი ხელებს შლიდა აღშფოთების გამოსახატავად. უეცრად, რას ვხედავ - წინ შესასვლელში რომ ვეებერთელა სარკეა, სულ ჩალეწილიყო. სანდრო ახმეტელმა ბრძანა: ყველა დარაჯი და მორიგე, ვინც წუხელის და ამ დილით იყო, ამ წუთში აქ მომიყვანეთო. თან ცოფს ყრიდა – ნუთუ ისე დაიხოცა ყველა, ვერავინ ხმა ვერ გაიგონაო. ამ დროს მხატვარმა ირაკლი გამრეკელმა უთხრა, თუ სიტყვას მომცემ, რომ არ დასჯი, გეტყვი, ეს ვინც ჩაიდინაო. სანდრო ახმეტელმა სიტყვა მისცა. ირაკლიმ ერთი გულიანად გადაიხარხარა და უთხრა: - გატეხილი არ არის, ეგ მე დავხატე, დღეს ხომ პირველი აპრილია, გადაუსვით ჩვარი და ისევ მთელი იქნებაო.

სარკე მართლაც ისე ოსტატურად დაეხატა, არავის ოდნავი ეჭვიც კი არ შეპარვია, რომ გატეხილი იყო და გაოცებულები შევყურებდით სრულიად მთელ სარკეს”.

დღევანდელი წერილის დასასრულს კი ბატონ გიორგი შავგულიძეზე კიდევ ერთ მოგონებას შემოგთავაზებთ:

“სახლში თუ გასტროლებზე, ჟორა ყოველთვის ვარჯიშობდა, - იგონებდა მისი მეუღლე - შუა ოთახში ჩამოკიდებული ჰქონდა სავარჯიშო რგოლები და ყოველდღე ატრიალებდა გირებს. ერთ ზაფხულს საგასტროლოდ ჩემოდანი ჩავალაგე, ჟორამ კი, როგორც ყოველთვის, თავისი ჩემოდანი გაამზადა. სადგურზე ყველამ თავისი ტვირთი საბარგო განყოფილებაში ჩააბარა. ჟორამ გრიმის ჩემოდანი მსახიობ საშა სიხარულიძეს გაუწოდა, ცოტა ხანი დამიჭირეო. საშამ ჩამოართვა და მოულოდნელი სიმძიმის გამო იქვე ჩაიკეცა. რას წარმოიდგენდა, რომ შიგ სავარჯიშო გირები ეწყო. მსახიობებმა სიცილი ატეხეს, საშამ კი წყრომით უთხრა: რაია შიგ, შე უკუღმართო, სულ უნდა იციგნო?!”