„ჰესებს შეწირული სიცოცხლე“

„ჰესებს შეწირული სიცოცხლე“

მდინარეების დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით „მწვანე ალტერნატივამ“ და „მწვანე მუშტმა“ აზიის განვითარების ბანკისა და ევროპის საინვესტიციო ბანკის წინ გამართეს აქცია, სახელწოდებით, „ჰესებს შეწირული სიცოცხლე“.

მსგავსი აქცია მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში გაიმართა, საქართველოში კი პროტესტის გამოხატვის ადრესატებად კონკრეტული ბანკები მხოლოდ იმიტომ შეირჩნენ, რომ ისინი საქართველოში ცალკეული ჰიდროელექტროსადგურების მშენებლობის დაფინანსებას განიხილავენ, რაც საფრთხეს უქმნის მდინარეებს და მათ მახლობელ ტერიტორიებს.

აღნიშნულის შესახებ For.ge-ს „მწვანე ალტერნატივის“ წარმომადგენელი დავით ჭიპაშვილი ესაუბრა.

დავით ჭიპაშვილი: ჩვენი აქცია ეხება საქართველოში დაგეგმილ ასზე მეტი ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობას. კონკრეტულად, აზიის განვითარების ბანკისა და ევროპის საინვესტიციო ბანკისგან ვითხოვთ, შეწყვიტონ „ნენსკრა ჰესის“ პროექტის განხილვა, რომლის ნახევრად დაფინანსებასაც განიხილავენ ეს ბანკები და, ასევე, შეაჩერონ სხვა ჰიდროელექტროსადგურების დაფინანსების განხილვაც, სანამ არ მოხდება ევროკავშირის შესაბამისად გარემოზე ზემოქმედების შეფასების კანონმდებლობის შემუშვება, რაც ასოცირების ხელშეკრულების ვალდებულებით აღებული გვაქვს. გარდა ამისა, უნდა მოხდეს ენერგეტიკის განვითარების სტრატეგიული გეგმის შემუშავებაც, გარემოს დაცვითი შეფასება და თითოეული ჰიდროელექტროსადგურის ალტერნატივისთვის დანახარჯისა და სარგებლის ანალიზის ჩატარება, რომელიც დაასაბუთებს ამა თუ იმ პროექტის მშენებლობის საჭიროებას.

ნენსკრა ჰესის მშენებლობა დაგეგმილია სვანეთის მდინარე ნენსკრაზე, თუმცა ჰესების აშენების შემდეგ კიდევ რომელ ხელუხლებელ მდინარეს ემუქრება საფრთხე?

- ყველა მდინარე, სადაც ჰესების აშენებაა დაგეგმილი, საფრთხეშია. ამ ეტაპზე 116 ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობაა დაგეგმილი, შესაძლოა, უფრო მეტზეც იყოს საუბარი. პრაქტიკულად, ამ ჰიდროელექტროსადგურების პროექტების უმეტესობა დაგეგმილია ხელუხლებელ მდინარეებზე და მაღალი ეკოლოგიური ღირებულების ადგილებში. მარტო სვანეთში დაგეგმილია 35 ჰიდროელექტროსადგურის აშენება, მათ შორის, საუბარია ექვს დიდ ჰიდროელექტროსადგურზე, როგორიცაა ხუდონი, ფარი, ტობარი, ნენსკრა. მდინარე რიონზე დაგეგმილია ნამახვანის კასკადის აშენება ორი კაშხლით. ასევე, მდინარე რიონზე, რაჭაში ონის კასკადის მშენებლობა იგეგმება. მშენებლობის პროცესი დაწყებულია მდინარე აჭარისწყალზეც (შუახევის ჰესი), მდინარე ჭოროხზე, სადაც ჰესების მშენებლობის შემდეგ შეწყდება ნატანის ჩადინება და სერიოზული საფრთხე დაემუქრება ბათუმის სანაპირო ზოლს. პრაქტიკულად, კანონდარღვევითაა დაწყებული დარიალის ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობა მდინარე თერგზე. ჩვენი განცხადების საფუძველზე ამ პროექტზე დაწყებულია გამოძიება პროკურატურაში.

ირკვევა, რომ საქართველოში ევროპული ინვესტიციებით განხორციელებული დიდი ჰიდროელექტროსადგურების მშენებლობა არათავსებადია ევროკავშირის დირექტივებთან, რაც აჩენს კითხვას ამ ინვესტიციებსა და ევროკავშირის პოლიტიკას შორის არსებულ შეუსაბამობასთან მიმართებით. რამდენად მართალია, რომ მხოლოდ დიდი ჰესებია საფრთხის შემცველი?

- როგორც მცირე, ასევე, დიდი ჰიდროელექტროსადგურების შემთხვევაში, ყველა მდინარე საფრთხის ქვეშაა. ჯერ ერთი, არ არის დასაბუთებული ამ პროექტების საჭიროება, ხოლო ამ ჰიდროელექტროსადგურების მშენებლობაში გამოყენებული სტანდარტები პირდაპირ ეწინააღმდეგება ევროკავშირის მოთხოვნებს გარემოს დაცვის თვალსაზრისით და, პრაქტიკულად, მდინარეების სრულ განადგურებას იწვევს. ეს მარტო ფლორას და ფაუნას არ უქმნის საფრთხეს, არამედ-მოსახლეობას, სოფლის მეურნეობას, მოსახლებისთვის სასმელი წყლის საჭიროებას. ნენსკრა ჰესის განხორციელების შემთხვევაში, მიუხედავად იმისა, რომ პირდაპირ დატბორვის ზონაში არ ხვდება ჭუბერი ან ნაკრა, სერიოზული საფრთხის ქვეშ დგას ამ დასახლებების არსებობა. თანაც, გაითვალისწინეთ, რომ ეს მთლიანად კონფლიქტის ზონაა. ამ სოფლების თავზე არსებული 400 ჰექტარი ფართობის რეზერვუარი მთლიანად შეცვლის მიკროკლიმატს. მიკროკლიმატის მომატების შედეგად ამ სოფლებში მოსავალი აღარ მოვა, ეს ზემოქმედებას იქონიებს ადამიანის ჯანმრთელობაზე. ასე რომ, ადგილობრივებს ყოველგვარი კომპენსაციის გარეშე მოუწევთ იქიდან აყრა. მართალია, საცხოვრებელი სახლები არ დაიტბორება, მაგრამ, სამაგიეროდ, ამ 400 ჰექტრის დატბორვით იკარგება საძოვრები და სახნავ-სათესი მიწები.

რამდენად მნიშვნელოვანია კონტრარგუმენტი, რომ ჩვენი ქვეყნის ენერგოუსაფრთხოება არ უნდა იყოს დამოკიდებული სხვა ქვეყნის ჰიდროელექტრორესურსებზე?

- აქ ჩვენი ქვეყნის გაჩირაღდნებაზე არ არის საუბარი, არამედ საინტერესოა, რისთვის ვაშენებთ ამ ჰესებს და რის ფასად? ნენსკრას ჰიდროელექტროსადგურის შემთხვევაში, კონტრაქტი ინვესტორთან კონფიდენციალურია. შესაბამისად, იმის გათვალისწინებით, რომ 280 მეგავატიანი ჰიდროელექტროსადგური თურმე ჯდება 6 მილიარდი ამერიკული დოლარი, როგორც ამას აცხადებენ, ნიშნავს, რომ ამ ჰიდროელექტროსადგურის დენი საკმაოდ მაღალი ფასი დაუჯდება საქართველოს. საუბარია რამდენიმე ათეულჯერ მეტი ფასის გადახდაზე, ვიდრე ეს თუნდაც ენგურჰესის არსებული ფასია. ამიტომ ფიზიკურად ელექტროენერგიის არსებობა არ ნიშნავს, რომ ენერგოუსაფრთხოება მიღწეულია, აქ ენერგოუსაფრთხოების ხელმისაწვდომობაა უაღრესად მნიშვნელოვანი კომპონენტი.

საბჭოთა პერიოდში ჰესებისა და წყალსაცავების მშენებლობის ბუმი იყო. იმ დროს ჟინვალის წყალსაცავის მშენებლობას მე-12 საუკუნის ჯვარი პატიოსნის ეკლესიის ჩაძირვა მოჰყვა.

- საბჭოთა საქართველოს მიზანი არ ყოფილა საქართველოს განათება. უბრალოდ, ის იყო ერთიანი სისტემის ნაწილი. თუნდაც ენგურჰესი არ აშენებულა საქართველოსთვის, თავის დროზე ენგურჰესი აშენდა კრასნოდარის მხარისთვის.

გამოდის, ენგურჰესი კრასნოდარისთვის კეთდებოდა და ჩვენ გამოგვადგა?

- ჩვენთანაც იყო მაშინ წარმოება, რომელიც არაენერგოეფექტურ დანადგარებზე იყო დამოკიდებული. მთელ საბჭოთა კავშირში იყო ერთიანი ცენტრალიზირებული სისტემა და ენგური იყო პიკური სადგური. პიკური სადგური ნიშნავს იმას, რომ როდესაც ყველაზე დიდი მოთხოვნა იყო ქვეყანაში, ანუ არა მარტო საქართველოში, არამედ მთელ მაშინდელ საბჭოთა კავშირში, დიდი ჰიდროელექტროსადგურები მაქსიმალურ სიმძლავრეზე იწყებდნენ მუშაობას და აწვდიდნენ ელექტროენერგიას, რათა მოხსნილიყო პიკური მოთხოვნა და შემდგომში ჩერდებოდნენ. დღეს კი ენგური მუშაობს ერთსა და იმავე დაბალ სიმძლავრეზე, ოღონდ 24 საათის განმავლობაში, რაც ამ სისტემის ექსპლუატაციისთვის არ არის მიზანშეწონილი. იმ პერიოდში არც გარემოს დაცვით საკითხებს ექცეოდა ყურადღება და არც პროტესტს, მიუხედავად იმისა, რომ სხვადასხვა დოკუმენტურ ფილმშიც შემონახულია ეს პროტესტი. დღეს აბსოლუტურად განსხვავებული რეალობაა, დღეს გვაქვს 65 დიდი და საშუალო ჰიდროელექტროსადგური და არ არის ისე, თითქოს ჩვენთან ჰიდროელექტროსადგურები აუთვისებელია. უბრალოდ, ჩვენი რეზერვუარებიდან, პრაქტიკულად, არცერთი არ მუშაობს იმ მიზნით, რა მიზნითაც თავიდან იყო აშენებული. ეს გამოწვეულია იმით, რომ ტექნიკურად მოძველდა, რეზერვუარები ამოვსებულია.

გამოსავალს ხედავთ ძველი რეზერვუარების აღდგენაში?

- ეს ერთ-ერთი ალტერნატივაა. სანამ ახალ გარემოს გავანადგურებთ, ჯერ აღვადგინოთ ის, რაც გვაქვს. აუცილებელია ამ რეზერვუარების სრული რეაბილიტაცია, ტექნიკური გადაიარაღება, ტურბინების შეცვლა უფრო ეფექტური ტურბინებით. არ შეიძლება, დღევანდელი ჰიდროელექტროსადგურები 60-იანი წლების და უფრო ადრინდელი წლების ტურბინებით მუშაობდნენ. დღემდე არ გაგვაჩნია ენერგეტიკის განვითარების სტრატეგიული გეგმა. აქედან გამომდინარე, პირველი ალტერნატივა ქვეყანას უნდა ჰქონოდა არა ახალი ჰიდროელექტროსადგურების მშენებლობის დაწყება, არამედ არსებულის გადაიარაღება, რეზერვუარების გაწმენდა ნატანისაგან.