მიწის საკითხი ანუ ბედი ამა ქვეყნისა (პირველი ნაწილი)

მიწის საკითხი ანუ ბედი ამა ქვეყნისა (პირველი ნაწილი)

გიორგი მერჩულემ ჯერ კიდევ მე-10 საუკუნეში ბრძანა: „ქართლად ფრიადი ქვეყანაი აღირაცხების, რომელსა შინა ქართულითა ენითა ჟამი შეიწირვის და ლოცვაი ყოველი აღესრულების.“ ეს დეფინიცია საქართველოს ტერიტორიულ, ენობრივ და სარწმუნოებრივ იდენტობას გამოხატავს. იდენტობის დამდგენ ამ ტრიადაში უწინარესი ქვე-ყანაა, ტერიტორიული იდენტობაა. ქვე-ყანა ქართულად სწორედ მიწას აღნიშნავს. „ფრიადი ქვეყანაი“ - მიწათა ერთობლიობა და ერთიანი მთლიანობაა; ანუ ტერიტორიული იდენტობაა ეროვნული თვითცნობიერების და შესაბამისად, სახელმწიფოებრიობის ნიადაგი.

ტერიტორიული იდენტობა და მიწათ-მფლობელობა

ქართული ცივილიზაცია გეორგიანულია. საქართველოს ეს საერთაშორისო სახელდება მიწათმოქმედებისგან მოდის. მიწათმოქმედი, „პურისა და ღვინის მომყვანი“ ხალხისთვის საკუთარი ეროვნული იდენტობის სრულად გაცნობიერება უწინარესად მიწათ-მფლობელობისა და მიწათ-სარგებლობის მოწესრიგებულობას უკავშირდება. „ფრიადი ქვეყანა“ ეს ის ტერიტორიაა, სადაც მიწათ-მფლობელობისა და მიწათ-სარგებლობის საერთო ქართული ადათი და წეს-რიგია დამკვიდრებული.

ტერიტორიული იდენტობა წარმოუდგენელი იქნებოდა, რომ არა მიწათ-მფლობელობის და მიწათ-სარგებლობის მოწესრიგებულობა. ქართული ტრადიციული სამართალი უწინარესად მიწის საკითხს აგვარებდა. ნიშანდობლივია, რომ მიწათ-მფლობელობის ძირეული პრინციპი მიწაზე არა მხოლოდ კერძო, არამედ საზოგადოებრივი, ე.ი. სათემო საკუთრების არსებობა იყო. საქართველო ევროპული ცივილიზაციის ნაწილად, პირველ რიგში, სწორედ ამიტომ უნდა მივიჩნიოთ, რომ ისტორიულად არსებული მიწათ-მფლობელობის ეს ქართული წესი ტიპოლოგიურად სწორედაც რომ ევროპულია. განსხვავებით მაგ. აღმოსავლურ-მაჰმადიანურისაგან, სადაც მიწა მხოლოდ ალაჰისაა და იქ ოდენ მიწით სარგებლობის უფლება და არა მიწაზე საკუთრება ნაწილდება „ალაჰის წარმომადგენელ“ იერარქ მმართველთა მიერ.

ასევე, ქართულად “თემი” იგივეა, რაც ლათინურად “კომუნა” და როგორც ევროპაში, აქაც ავტონომიურ ტერიტორიულ თანასაზოგადოებას - ისტორიულად, უწინარესად სოფლის (ასევე, დაბისა თუ ქალაქის ანდაც, მსხვილი დასახლების შემთხვევაში - თუნდაც უბნის) მკვიდრთა საზოგადოებრივ ერთობას გამოხატავს. მიწაზე საზოგადო საკუთრება სახელმწიფო არ გახლდათ, იგი სწორედაც რომ სათემო იყო. ხოლო სახელმწიფოს, მონარქიულ წეს-წყობილებაში მეფე განასახირებდა და რასაკვირველია, სამეფო თუ საუფლისწულო მიწა, ისევე, როგორც საბატონო, ანდა თუნდაც საეკლესიო, სათემოსაგან იმიჯნებოდა.

ქართული სოფელი და იქ მოსახლე თემი, როგორც სამართალ-სუბიექტი, ისტორიულად მყარად არსებობდა, რამდენადაც იგი სათემო მესაკუთრეს წარმოადგენდა: სოფლის თემისა გახლდათ საერთო სარგებლობის საძოვარი, სათიბი, ტყე, სოფლის წყარო, წყალსატევი თუ მდინარე, ჭალა, სარეზერვო სახნავ-სათესი, სასოფლო და შიდა სამეურნეო გზა და სხვ. მიწები. თემის თითოეულ მკვიდრს, ე.ი. საკარმიდამოსა და სახნავ-სათესის პატრონ ამ სოფლელ კომლს, წილი ჰქონდა და მონაწილეობდა საერთო სარგებლობის სათემო საკუთრების მართვაში. ამასთან, სოფელში თემს შეკედლებული ხიზნებიცა ცხოვრობდნენ, რომელთაც, მიუხედავად იმისა, რომ სოფელში, შესაძლოა, სამკვიდროც კი შეეძინათ, სათემო ქონებაში იმთავითვე წილი არ ედოთ. მხოლოდ დროთა განმავლობაში, როცა მათი სვე-ბედი სოფლისას იმდენად მჭიდროდ დაუკავშირდებოდა, რომ თემისადმი მათი კუთვნილება, თემის ინტერესებისადმი მათი ერთგულება ჟამის არაერთ გამოცდას გაუძლებდა, ხდებოდნენ ისინი თემის სრულფასოვანი წევრები. ისიც ნიშანდობლივია, რომ თემიდან მოკვეთა, გაძევება სამოქალაქო სიკვდილს უტოლდებოდა და თემის მიერ გამოტანილ ყველაზე მძიმე სასჯელს წარმოადგენდა!

ამრიგად, საქართველოში ტერიტორიული იდენტობა არა მხოლოდ საერთო ეროვნული ანუ საქვეყნო, არამედ სათემოც იყო და ეს იმთავითვე სათემო მიწათ-მფლობელობითაც იყო განპირობებული.

ქართული სახელმწიფო, თუნდაც დანაწევრებული და დაშლილიც კი, რომელიც ქართულ სამართალს მაინც აღასრულებდა, ათასწლეულების განმავლობაში მყარად იცავდა მიწათ-მფლობელობის ამ ქართულ წესს და მაშასადამე, როგორც საქვეყნო, ე.ი. საერთო-ეროვნულ, ასევე და არანაკლებ, სათემო იდენტობასაც. მიწათ-მფლობელობის მოწესრიგებულობიდან წარმოდგებოდა არა მხოლოდ იმდროინდელი თაობების, არამედ მათ წინაპართა და შთამომავალთა ერთიანი იდენტობა, უწყვეტი მემკვიდრეობითობა, წარსულის, აწმყოსა და მომავლის ურღვევი კავშირი. ეს სწორედ იმას ნიშნავდა, რომ საუკუნეებისა და ათასწლეულების განმავლობაში „ფრიადი ქვეყანაცა“ და ამ ქვეყნის ყოველი სოფელიც ქართველებს სამუდამოდ ჰქონდათ დამკვიდრებული!

მიწის საკითხის ქართული წესით მოწესრიგებულობა აუცილებელი წინაპირობა იყო, რომ ბედი ამა ქვეყნისა, მიუხედავად ათასგვარი ჟამთა სიავისა, არავითარ შემთხვევაში სასწორზე არ იქნებოდა შეგდებული!

მიწათ-მფლობელობის ქართული წესის მოსპობა და ტერიტორიული იდენტობის რღვევა. ხიზნები და ჯაყოები

სახელმწიფოებრიობის დაკარგვამ ქართული სამართლის უგულებელყოფა და მიწათ-მფლობელობის ქართული წესის მოსპობა განაპირობა. რუსეთის იმპერიის პირობებში საფრთხე მთლიანად ქართველთა ეროვნულ იდენტობას დაემუქრა.

ეროვნული თვით-ცნობიერების გადასარჩენად დიდმა ილიამ ახალ ეპოქაში თავიდან, ახალ ქართულად, დამახასიათებელი ძარღვიანი ჟღერადობითა და როგორც სამოქმედო დევიზი, გაიმეორა საქართველოს რაობის განმსაზღვრელი გიორგი მერჩულესეული ფორმულა: „მამული, ენა, სარწმუნოება!“ ამ ტრიადაში იგივე უცვლელი თანმიმდევრობაა შენარჩუნებული; ე.ი. ისევე, როგორც გიორგი მერჩეულემ - „ფრიადი ქვე-ყანა“, ილიამაც ენასა და სარწმუნოებასთან ერთად, უწინარეს საუნჯედ სწორედ მამული - მამა-პაპათგან საპატრონოდა და მოსავლელად დანატოვარი მიწა დაასახელა.

მიწის, როგორც არა მხოლოდ კერძო საკუთრების ობიექტის, არამედ როგორც ქართველთა ტერიტორიული იდენტობის განმსაზღვრელი ღირებულების - საერთო მამულის დაცვა, ენისა და სარწმუნოების დაცვასთან ერთად, ილიას მიერ დარაზმული ეროვნული მოძრაობის მთავარი გეზი და ძირითადი სამოქმედო პროგრამა იყო.

სწორედ ილიას საადგილმამულო ბანკმა დაიცვა ქვეყანა ინდუსტრიალიზმის გარიჟრაჟზე, იმ პირობებში, როცა ქვეყანა უცხო სახელმწიფოს ოდენ პროვინციას წარმოადგენდა, მიწის მიტაცებისა და იმგვარი სრულმასშტაბიანი ეროვნული კატასტროფისაგან, რომლის კონტურები დიდმა ქართველმა, ნიკო ლორთქიფანიძემ სულისშემძვრელ „იყიდება საქართველო!“-თი დახატა...

...რუსეთის ცარისტული იმპერიის დამხობის შემდგომ საქართველოს სახელმწიფოებრიობის აღდგენა უნდა გამხდარიყო ის მთავარი პირობა, რომ ინდუსტრიალური განვითარების ეპოქაში ქართველობა, როგორც რაციონალურად მოწყობილი ერი-სახელმწიფო, „ფრიად ქვეყანასაც“ და სათემო იდენტობასაც უკვე დემოკრატიული წეს-წყობილებით, დაიცავდა. სახელმწიფო ხელისუფლებათა დანაწილებისა და ურთიერთ-გაწონასწორობით მოწესრიგებულობა, ადგილობრივი თვითმმართველობის პრინციპის დამკვიდრება გახდებოდა გარანტი, რათა მიწათ-მფლობელობის ქართული წესს ახალ ვითარებაში შეესხა ხორცი.

სამწუხაროდ, 1918-21 წწ. დემოკრატიული საქართველოს მესვეურებს არა იმდენად ეროვნული, რამდენადაც მარქსისტულ-კლასობრივი იდენტობა ამოძრავებდათ. ამიტომ, ისტორიული მემკვიდრეობითობა მათთვის ნაკლებ ღირებული იყო. ეს სავალალო გარემოება წითელ ხაზად გასდევს მთელს მათ მოღვაწეობას (ამასთან დაკავშირებით იხ. ჩემი წერილი: „საქართველოს დამოუკიდებლობა. ისტორიული მემკვიდრეობითობა თუ შემთხვევითობა“).

1921 წლის კონსტიტუციის 116-ე მუხლში ჩაიწერა, რომ: „...მიწის დამუშავება და გამოყენება შეადგენს მიწის მფლობელის მოვალეობას 
საზოგადოების წინაშე.“ მიუხედავად იმისა, რომ მიწის, როგორც განსაკუთრებულად დაცული ღირებულების, მოვლის სავალდებულობა კონსტიტუციით იქნა დეკლარირებული, სათემო მიწათ-მფლობელობის აღდგენა და ამისათვის საკმარისი გარანტიების შექმნა ნაკლებად იყო მენშევიკური აგრარული რეფორმის მიზანი; მათი მთავარი მიზანი კერძო მესაკუთრეებს შორის მიწის ე.წ. თანასწორი და „სოციალისტურად სამართლიანი“ გადანაწილება იყო. ეს ქართველ მენშევიკებს არც გამოუვიდათ და არც დასცალდათ; ქართული პოლიტიკური ემიგრაციის თვალსაჩინო მოღვაწე, პროფესორი ზურაბ ავალიშვილი აღნიშნავს: „აგრარულმა რეფორმამ ერთნი გააღატაკა და დაამცრო, ხოლო სხვებს ისე მიაკუთვნა მიწა, რომ მათთვის რაიმე სერიოზული ფინანსური გადასახადი ან სავალდებულო სამხედრო სამსახური არ დაუკისრებია...“

1918-21 წწ. რესპუბლიკის დამხობისა და სახელმწიფოებრიობის დაკარგვის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი სწორედ უნიადაგობა, ყოველი საკითხის, მათ შორის, ცხადია - აგრარული საკითხისაც, გადაწყვეტისას ისტორიული მემკვიდრეობითობის უგულებელყოფა გახდა...

....თუკი დემოკრატიული რესპუბლიკის აგრარული რეფორმა ჯერ კიდევ სტოვებდა შანსს, რომ ერი-სახელმწიფოდ ორგანიზების კვალობაზე თავიდანვე თუ არა, ბოლოს მაინც აღდგენილიყო სამართლიანი, ე.ი. კერძო და საზოგადოებრივი ქართული მიწათ-მფლობელობა, საბჭოთა იმპერიამ ერსაც და ქართულ თემსაც ნიადაგი მთლიანად გამოაცალა: კერძო საკუთრებასთან ერთად საერთოდაც მოსპო სათემო საკუთრებაც; ხოლო ქართული მიწა საბჭოეთის საერთო-სახალხო საკუთრებად გამოაცხადა!

საერთო-სახალხო საკუთრება მიწაზე იმას ნიშნავდა, რომ ქართული მიწის ყოველ კონკრეტულ ნაკვეთზე მკვიდრ ქართველს ზუსტად იგივე უფლებები ჰქონდა, როგორიც ამ უკიდეგანო სახელმწიფოს ნებისმიერ გეოგრაფიულ წერტილში, ვთქვათ, სადღაც შუა აზიაში ან თუნდაც კოლიმის ნახევარკუნძულზე, ან სადაც გნებავთ იქ, მოსახლე ნებისმიერ უცხოტომელს; თუ წარმოვიდგენთ, რომ სსრკ-ში 250 მილიონი ადამიანი ცხოვრობდა, მიწის ყოველ ნაკვეთზე თითოეული მოსახლის „ფორმალურ-არითმეტიკული“ წილი თანაბარი იყო და ერთ ორასორმაცდაათ მემილიონედს, ე.ი. რაც არ უნდა დიდი, მაგრამ კონკრეტული ნაკვეთი წარმოვიდგინოთ, პრაქტიკულად - ნულს შეადგენდა; რასაკვირველია, ასეთ წილი სრულ აბსტრაქციას წარმოადგენდა, რადგან, გარდა იმისა, რომ „ფორმალურ-არითმეტიკულად“ იგი სრულიად უმიშვნელო და პრაქტიკულად ნულის ტოლი იყო, ცალკეული საბჭოტა მოქალაქე რაიმე წილის მართვისგან მთლიანად იყო ჩამოშორებული; მიწას კონკრეტული პატრონი იურიდიულად აღარ ჰყავდა, ხოლო აბსტრაქტული თანასწორუფლებიანობა სინამდვილეში მათი, ვისაც ეს მიწა ხელში ჩაუვარდა, ე.ი. ბოლშევიკების, უფრო სწორედ - მათი ბელადების, აბსოლუტურ, შეუზღუდავ ძალაუფლებას ნიშნავდა. საბჭოური მიწათმფლობელობა ტიპოლოგიურად აღმოსავლურ დესპოტიებში გავრცელებულ წესს წააგავდა, ოღონდ „ალაჰის“ მაგივრად, ყოველგვარი რელიგიურობისაგან დაცლილი იდეოლოგიური აბსტრაქცია - „საბჭოთა ხალხი“ იყო ფორმალურად ყოვლის მესაკუთრე.

კერძო და სათემო საკუთრების მოსპობამ და მიწაზე საერთო-სახალხო საკუთრების ძალადობით დაწესებამ ყოფილ მესაკუთრეთა, ე.ი. როგორც კერძო, ასევე სათემო მიწათ-მფლობელთა თავისსავე ყოფილ მამულში უმიწაწყლო ხიზნებად გადაქცევა განაპირობა. სწორედ ის გულსაკლავად დრამატული ვითარება შეიქმნა, რაც მიხეილ ჯავახიშვილს ასე შესანიშნავად აქვს დახატული „ჯაყოს ხიზნებში“. წეს-რიგი ყირამალა დადგა: თეიმურაზ ხევისთავი, უილაჯო და უვარგისი ყოფილი კერძო მემამულე ბედის უკუღმართობით ყოფილ ხიზანს, ჯაყოს, რომელიც მამულს ავაზაკური „მოხერხებულობითა“ და ხეპრეს თავხედობით დაეპატრონა, შეეხიზნა! იგივე უბადრუკ დღეში ჩავარდა არა მხოლოდ ყოველი კერძო მემამულე, არამედ მიწა წართმეული ქართული თემიც!

აბსტრაქტულ საერთო-სახალხო საკუთრებას სინამდვილეში ჯაყოების კასტა დაეპატრონა; მთავარი ჯაყო, ანუ ჯაყოთა-ჯაყო, რასაკვირველია, ბოლშევიკთა დიადი ბელადი იყო, ხოლო მის მიერ „სიმაღლის“ მიხედვით მწკრივში ჩაყენებული ჯაყოები კი იერარქიულად ხელდასმული ბოლშევიკური ნომენკლატურა: ამ ნომენკლატურის, ე.ი. დიდ-დიდ და მცირე-მცირე ჯაყოთა იერარქიული რიგი ასე გამოიყურებოდა: გენერალური მდივანი, შემდგომ ცეკას მდივანი, მერე რაიკომის მდივნები, კოლმეურნეობათა თავმჯდომარეები და ბოლოს ბრიგადირები....

ჯაყოთა ამ იერარქიას შეხიზნული აღმოჩნდა მამულ წართმეული ქართველობა სათითაოდაც და საზოგადოდაც, ე.ი. ერთიანობაშიც: როგორც თემი და როგორც ერი. ამ საბედისწეროდ სავალალო ვითარებამ ტერიტორიულ იდენტობას მომაკვდინებელი საფრთხე შეუქმნა: თეიმურაზ ხევისთავისა არ იყოს, დაიწყო ქართველთა ეროვნული და პირვნული დე-იდენტიფიკაცია-დე-პეროსნალიზაციის, რღვევის მომკვდინებელი პროცესი, ხიზანთა მდაბიური და მხდალი, თავკერძა და უპასუხისმგებლო „ეთიკის“ ჩამოყალიბება, რაც საბჭოური და პოსტ-საბჭოური პატრონ-კლიენტელიზმის საფუძველია! თუმცა, მაინც ღმერთმა დაგვიფარა და ათასწლეულების განმავლობაში ჩამოყალიბებული ქართველთა ენობრივ-კულტურული იდენტობა იმდენად ღონიერი აღმოჩნდა, რომ მიუხედავად კომუნისტური ჯოჯოხეთისა და წყვდიადისა, ეროვნულობა მაინც არ დაგვიკარგავს!

...ბუნებრივია, არც ხიზნებისა და არც ჯაყოების უფლებრივი მდგომარეობა მთელი 70 წლის მანძილზე პრინციპულად არ შეცვლილა, მიუხედავად იმისა, რომ ბოლშევიკი ჯაყოების კომუნისტი შთამომავალნი „განათლებასა და კულტურას ეზიარნენ“. „ჯაყოს ხიზნებში“ არის ერთი ეპიზოდი, როცა მარგოს მეცადინეობით ჯაყო ელემენტარულ ჰიგიენას „ეჩვევა“ და პირველად წვერს გაიპარსავს: „ბანჯგვლიანი დათვი წვერგაპარსულ მაიმუნს დაემსგავსაო“ - ასე ახასიათებს ჯაყოს ამ მეტამორფოზას ავტორი....

...რასაკვირველია, ბოლშევიკების მიერ ჩადენილი არნახული ავაზაკობა და ძალადობა გამოუსწორებელი ბოროტება აღმოჩნდა, მიუხედავად იმისა, რომ სუფთად წვერგაპარსული და ელეგანტურ, უცხოურ კოსტუმ-ჰალსტუკში გამოწყობილი გვიანი ეპოქის კომუნისტები უკვე აღარ გავდნენ მათ მაუზერიან ყაჩაღ წინამორბედებს - ბოლშევიკ კომისრებს; სულიერადაც ჯაყოს შთამომავლობა თითქოს შეიცვალა, ჩუმ-ჩუმად ეკლესიაშიც კი დაიწყო სიარული, მაგრამ საბოლოოდ მაინც თენგიზ აბულაძის „მონანიებაში“ დახატული გამოუვალი მდგომარეობა მივიღეთ: აბელ არავიძის საფლავიდან ამოთხრა და მისი ვაჟის მონანიება უიმედოდ დაგვიანებული იყო და ვერაფერს შეცვლიდა, რადგან აბელ არავიძის, ანუ ჯოჯოხეთის გზა მაინც არსად მიდის....

(პირველი ნაწილის დასასრული)