გამოძიებამ ადეიშვილი და ლაცაბიძე პასუხისგებაში მისცა, ოქრუაშვილი კი, საქმეში არ ფიგურირებს

გამოძიებამ ადეიშვილი და ლაცაბიძე პასუხისგებაში მისცა, ოქრუაშვილი კი, საქმეში არ ფიგურირებს

ტელეკომპანია „იბერიის“ დახურვისა და სამაუწყებლო ლიცენზიის ჩამორთმევის საქმე გახსნილია. სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიეცა, ყოფილი გენერალური პროკურორი ზურაბ ადეიშვილი და მისი პირველი მოადგილე გიორგი ლაცაბიძე. თუმცა, გამოძიების საქმეში არ ფიგურირებს ყოფილი გენერალური პროკურორი ირაკლი ოქრუაშვილი, რომელის პროკურორობის პერიოდში დაიწყო გამოძიება „ომეგა ჯგუფის“ წინააღმდეგ.

სწორედ, ოქრუაშვილი ხელმძღვანელობდა ტელეკომპანიის და „ომეგა ჯგუფის“ კუთვნილ ოფისებში სპეცდანიშნულების რაზმის შეყვანას და შემდგომ მის დაყადაღებას. ითანამშრომლა თუ არა ოქრუაშვილმა გამოძიებასთან, ამასთან დაკავშირებით კომენტარს არ აკეთებს მთავარი პროკურატურა.

ტელეკომპანია „იბერიას“ იურისტი, ხათუნა ფულელიანი for.ge-სთან საუბრისას აცხადებს, რომ მისთვის უცნობია დაკითხა თუ არა პროკურატურამ ირაკლი ოქრუაშვილი.

„არ ვიცი დაკითხულია თუ არა ოქრუაშვილი, მაგრამ ბუნებრივია, რომ საგამოძიებო ორგანო ჩაატარებდა საგამოძიებო მოქმედებას. თქვენ სწორად მიჯნავთ საკითხს, მაგრამ ამ შემთხვევაში ბრალი დადგენილია „იბერიის“ შემთხევაში, ანუ ლიცენზიის გადაფორმების ნაწილში. რაც შეეხება სხვა კომპანიებს, ძიება ისევ მიმდინარეობს“, - აცხადებს ხათუნა ფულელიანი.

„რატომ არ ფიგურირებს ირაკლი ოქრუაშვილი? - ამ კითხვის ადრესატი არის პროკურატურა“, - აღნიშნა for.ge-სთან საუბრისას ტელეკომპანია „იბერიას“ ადვოკატმა, დავით ასათიანმა, რომლის განცხადებით, 2004 წლის თებერვალში ე.წ. გამოძება „ომეგა ჯგუფის“ კომპანიების მიმართ ირაკლი ოქრუაშვილის გენერალური პროკურორობის პერიოდში დაიწყო.

„დიახ, ფაქტია, რომ ამ დროს გენერალური პროკურორი იყო ბატონი ოქრუაშვილი. შესაბამისად, ეს პერიოდი გრძელდებოდა დაახლოებით 7-8 თვის განმავლობაში, ამ პერიოდში პარალიზებული იყო „ომეგა ჯგუფის“ ყველა საწარმო და მათ შორის ტელეკომპანია „იბერია“. ხოლო კონკრეტულად, რაც შეეხება ლიცენზიის გადაფორმებას, ეს უკვე მოხდა შემოდგომაზე, როდესაც გენერალური პროკურორი იყო ზურაბ ადეიშვილი. არ ვიცი გამოძება წინა ეპიზოდებში აგრძელებს თუ არა რაიმე სახით საგამოძიებო მოქმედებას, ან ბრალდების კუთხით რაიმე მტკიცებულების შეგროვებას. გამოძიების პროცესი 2004 წლის თებერვალში დაწიყო, როდესაც გენერალური პროკურორი ირაკლი ოქრუაშვილი იყო“, - განაცხადა დავით ასათიანმა.

რატომ არ დაიწყო გამოძიება და პასუხისმგებლობა უნდა დაეკისროს თუ არა ირაკლი ოქრუაშვილსაც, რომლის დროსაც მოხდა „იბერიაში“ შესვლა, „ომეგა ჯგუფის“ და „იბერიის“ დამფუძნებელი ზაზა ოქუაშვილი ამბობს, რომ ამის შესახებ არაფერი იცის და პროკურატურის კომპეტენციაში ვერ ჩაერევა. თუმცა დასძენს, რომ მთავრობა თავის დანაპირებს ასრულებს და ეს არის სამართლის აღგენა.

„ოქრუაშვილის დროს დაიწყო შემოსვლა, მაგრამ ჩვენ ერთი წელიწადი ვიყავით ამ პროცესში. ერთი წელიწადი იდგა ჯარი „იბერიაში“. ოქრუაშვილი მხოლოდ ამ პროცესის დასაწყისში იყო და შემდეგ ადეიშვილი მოვიდა. ყველასთვის ეს არის დადებითი მოვლენა, იმიტომ რომ ეს არის სამართლის აღდგენა და აგრეთვე, დადებითი მოვლენაა, რომ ეს არ არის პირველი საქმე, რაც მე გამიგია და ასე გაგრძელდება.

რაც ყველაზე დადებითია, მთავრობა თავის დანაპირებს ასრულებს როგორც სამართლის აღდგენაში, ასევე დარწმუნებული ვარ, ყველა დანარჩენში, როგორც მე ვუყურებ და ყველა ხედავს. მივესალმები ამ ფაქტს. იმედია, რომ ბევრ სხვა დაჩაგრულს და არასამართლიან მდგომარეობაში აღმოჩენილ ადამიანს მოუწევს ასეთი დღე და სამართლის აღდგენა“, - აცხადებს ზაზა ოქუაშვილი.

როგორც პროკურატურაში აცხადებენ, გამოძიება გრძელდება „ომეგა ჯგუფის“ კომპანიებში სამართალდამცავების მხრიდან კომპანიის ქონების დაზიანების და ბიზნესმენ ზაზა ოქუაშვილის მიმართ განხორციელებული ზეწოლის ფაქტებთან დაკავშირებით, რომელიც ხორციელდებოდა იმჟამინდელი ხელისუფლების მაღალი თანამდებობის პირების დავალებით, რის შედეგების შესახებაც პროკურატურა საზოგადოებას ინფორმაციას გამოძიების დასრულებისთანავე მიაწვდის.

გამოძიების მასალების მიხედვით, 2004 წლის იანვრის თვეში, ახლადარჩეული ხელისუფლების წარმომადგენლებმა, მათ შორის გენერალურმა პროკურორმა ზურაბ ადეიშვილმა გადაწყვიტეს ხელში ჩაეგდოთ „ომეგა ჯგუფის“ კუთვნილი ტელეკომპანია „იბერიას ტვ“-ს სამაუწყებლო ლიცენზია, რათა ტელევიზია ხელისუფლების მიერ ყოფილიყო კონტროლირებადი. ამ მიზნით, შემუშავებულ იქნა დანაშაულებრივი გეგმა, რომლის განხორციელებაც გენერალურმა პროკურორმა ზურაბ ადეიშვილმა და მისმა მოადგილემ გიორგი ლაცაბიძემ ითავეს.

კერძოდ, გიორგი ლაცაბიძის ხელმძღვანელობით პროკურატურამ დაიწყო გამოძიება და საგადასახადო რევიზია ბიზნესმენ ზაზა ოქუაშვილის კუთვნილი „ომეგა ჯგუფი“-ს მიმართ, რომელიც იმჟამად საქართველოში ახორციელებდა ტელემაუწყებლობას „იბერია ტვ“-ს სახით, საგამომცემლო და სამეწარმეო საქმიანობას. ამასთან, „ომეგა ჯგუფი“-ს ყველა ოფისში, მათ შორის ტელეკომპანია „იბერიაშიც“ განლაგდნენ სპეციალური დანიშნულების რაზმის წევრები, დალუქეს კომპანიის ინვენტარი, პროდუქცია და მომუშავე პერსონალი შენობებიდან გამოყარეს, რამაც შედეგად გამოიწვია ტელეკომპანია „იბერიის“ და გაზეთ „ახალი ეპოქის“ საქმიანობის შეწყვეტა და წარმოების გაჩერება.

2004 წლის შემოდგომაზე, ლაცაბიძემ გენერალურ პროკურატურაში დაიბარა „ომეგა ჯგუფის“ წარმომადგენელი ლევან აღდგომელაშვილი, რომელსაც „ომეგა ჯგუფის“ კომპანიების მიმართ სახელმწიფოს მხრიდან შექმნილი პრობლემების მოგვარების და კომპანიის ტერიტორიიდან სპეციალური დანიშნულების რაზმის გაყვანის სანაცვლოდ „იბერია ტვ“-ს სამაუწყებლო ლიცენზიის დათმობა კატეგორიულად მოსთხოვა.

პარალელურად, ადეიშვილმა თავისთან დაიბარა იმჟამინდელი ტელეკომუნიკაციების მარეგულირებელი კომისიის თავმჯდომარე დიმიტრი ქიტოშვილი და აცნობა, რომ ტელეკომპანია „იბერია ტვ“ ხელისუფლების წინააღმდეგ მოქმედებდა, რის გამოც ტელეკომპანიას მაუწყებლობა უნდა შეწყვეტოდა, ხოლო მაუწყებლობის ლიცენზია ხელისუფლების კონტროლქვეშ მოქცეულიყო, რა მიზნითაც დიმიტრი ქიტოშვილს უნდა უზრუნველეყო წილების დათმობის და გადაფორმების იურიდიული პროცედურები და მოეძებნა სანდო პირი, რომელსაც ლიცენზიას გადასცემდნენ.

2004 წლის 7 დეკემბერს, ლევან აღდგომელაშვილი და „იბერია ტვ“-ს დამფუძნებლები დაიბარეს კოსტავას ქუჩაზე მდებარე სანოტარო ბიუროში ნოტარიუს ნუნუ გინტურთან, სადაც ხელი მოაწერეს დიმიტრი ქიტოშვილის მიერ წინასწარ მომზადებულ დოკუმენტებზე, რომლის თანახმადაც შპს „იბერია ტვ“ გაიყო ორ სუბიექტად და სამართალმემკვიდრეებად გამოცხადდნენ შპს „ტელეკომპანია აისი“ ტელელიცენზიის ნაწილში, რომელსაც გადაეცა №702 საეთერო საერთო ტელერადიომაუწყებლობის ლიცენზია და შპს „იბერია TV“-ი, რომელსაც გადაეცა დანარჩენი ქონება. შესაბამისად, „ტელეკომპანია აისის“ დირექტორი, 100% წილის მფლობელი და ტელერადიომაუწყებლობის ლიცენზიის მესაკუთრე გახდა დიმიტრი ქიტოშვილის მეგობარი დავით კაკაურიძე, ხოლო შემდეგ ბიძინა ნიჟარაძე.

2007 წლის 12 სექტემბერს, ზურაბ ადეიშვილის მითითებით დიმიტრი ქიტოშვილმა ტელეკომპანიის ლიცენზია საკუთარი მეგობრის ბიძინა ნიჟარაძისგან ფიქტიური ხელშეკრულებით ზურაბ ადეიშვილთან დაკავშირებულ პირზე იოსებ მგელაძეზე გადააფორმა, რომელმაც თავის მხრივ 2012 წლის 21 თებერვალს იგი შპს „ჯორჯიან მედია პროდაქშენ გრუპ“-ს გადასცა და ლიცენზია და იგი კვლავ, ხელისუფლებასთან დაახლოებული პირის გიორგი არველაძის ხელში აღმოჩნდა. მხოლოდ მას შემდეგ, მთავრობის დადგენილებით მოხდა „ომეგა ჯგუფის“ გადასახადების რესტრუქტურიზაცია და სპეციალური დანიშნულების რაზმის წარმომადგენლებმაც დატოვეს „ომეგა ჯგუფის“ ტერიტორია.

წაყენებულ ბრალს არ აღიარებს ზურაბ ადეიშვილი. როგორც მისი ადვოკატი, გიორგი ჩივიაშვილი აცხადებს, „იბერიის“ დახურვის საქმეზე ადეიშვილის წინააღმდეგ დევნის დაწყება მასკარადს დაემსგავსა.

„აღნიშნულ საქმეზე გამოძიება დაიწყო ტელეკომპანია „იბერიის“ და „ომეგა ჯგუფის“ წინააღმდეგ 2004 წლის იანვარში, რა პერიოდშიც ზურაბ ადეიშვილი მთავარ პროკურატურაში არ მუშაობდა. თუ არ მუშაობდა ამ პერიოდში, როგორ განახორციელებდა ის სისხლის სამართლის საქმეზე მოქმედებების და მითითებების გაცემას“, - აცხადებს გიორგი ჩივიაშვილი.

ბრალს არ აღიარებს გიორგი ლაცაბიძე, რომელსაც მთავარ პროკურატურაში ბრალდების დადგენილება გააცნეს, თუმცა არ დაუკავებიათ. პროკურატურა სასამართლოს ლაცაბიძისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით სავარაუდოდ, გირაოს შეფარდებას მოითხოვს. თავად ლაცაბიძემ პროკურატურიდან გამოსვლის შემდეგ კომენტარი არ გააკეთა, თუმცა კითხვაზე - ეთანხმება თუ არა ბრალდებას, აღნიშნა - „არა“.